ბულინგი და მობინგი როგორ ყალიბდებიან ბულერებად - კვირის პალიტრა

ბულინგი და მობინგი როგორ ყალიბდებიან ბულერებად

სოციალური ქსელების ეპოქაში სიტყვა "ბულინგი" ძალიან აქტუალური გახდა და ამა თუ იმ ცნობილი თუ უცნობი ადამიანის ფოტოსა თუ ვიდეოს კომენტარებში, სამწუხაროდ, ხშირად შეხვდებით ნეგატიურ გამოხმაურებებს, ზოგჯერ შეურაცხმყოფელსაც კი, რაზეც ზოგს რეაქცია არ აქვს, ზოგი კი პირიქით - მწვავედ აღიქვამს, განიცდის, ეპასუხება, უხამსადაც კი მიმართავს და შესაძლოა ერთი ფრაზა რეალურ ცხოვრებაში დაპირისპირების საბაბიც გახდეს. მათგან ხშირად გვესმის სიტყვა "დამაბულინგეს"... თავად ბულერები კი შესაძლოა ყალბ პროფილებს ამოფარებული პირები იყვნენ, რომლებიც გაღიზიანებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. რა არის ბულინგი და მობინგი, როგორია მათი გავლენა ადამიანებზე, როგორი მიდგომაა საჭირო? ბავშვობისას განცდილი ბულინგი, დაცინვა, გადაჭარბებული კრიტიკა ზრდასრულ ასაკში რა ფორმით ვლინდება და უშლის თუ არა ხელს ადამიანს წარმატების მიღწევაში? თუ უფრო აძლიერებს, რომ ყველას, ვინც ჩაგრავდა, "სამაგიერო გადაუხადოს" და საკუთარი უპირატესობა დაანახვოს? - ამ თემებზე ფსიქოლოგი თორნიკე ზავრაშვილი გვესაუბრება:

- თორნიკე, თავდაპირველად განვმარტოთ, რა არის ბულინგი და მობინგი?

- ბულინგი და მობინგი ყოველთვის აქტუალური თემაა ყველა სახელმწიფოში, ყველა საზოგადოებაში, ყველა დროში, პიროვნებისთვის კი ნებისმიერ ასაკში დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მისი მენტალური ჯანმრთელობისთვის, რამაც შემდგომში შესაძლოა ბევრი დაბრკოლება შეუქმნას ჯანსაღ და წარმატებულ ცხოვრებაში, საქმიანობაში. აქედან გამომდინარე,­ მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ გვეცოდინება, რა შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს მათი გამომწვევი და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი.

პირველ რიგში ავხსნათ, რას ნიშნავს ეს ორი ტერმინი. მათ შორის არის როგორც მსგავსებები, ასევე, ბევრი განსხვავებაც. ბულინგი არის, როდესაც ერთი ადამიანი ჩაგრავს, ამცირებს, დასცინის, ავიწროებს მეორეს. მობინგის შემთხვევაში ამგვარ ზეწოლას პიროვნებაზე შესაძლოა ახდენდეს რამდენიმე ადამიანი ერთად. ეს შეიძლება ხდებოდეს სკოლაში, სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოჯახშიც კი და ა.შ. ალბათ, ოჯახში განცდილი ბულინგი და მით უმეტეს, მობინგი, დიდი ზიანის მომტანია, რადგან ადამიანის მთავარი საყრდენი სწორედ ოჯახია, ვისგანაც ველით გვერდში დგომას და ყველაზე დიდი დროის გატარებაც მათთან გვიწევს. ბულინგისა და მობინგის მიზეზების გასაგებად საჭიროა ჩავუღრმავდეთ პიროვნების ფსიქოლოგიას და მასზე მოქმედ მნიშვნელოვან ფაქტორებს.

პიროვნების ფსიქოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გენეტიკას, აღზრდის­ სტილსა და გარემოს. გენეტიკის მიხედვით, შესაძლებელია ადამიანის ბუნების შესახებ ბევრი რამის გაგება, თუნდაც მის აგრესიულობაზე, მაგრამ რადგან ჩვენ გენეტიკაზე გავლენა არა გვაქვს, ყურადღებას აღზრდის სტილსა და გარემოზე შევაჩერებ.

მშობლებს უდიდესი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილებზე. მათ მხარდაჭერას, ზრუნვას, სითბოს, სიყვარულს, ყურადღებასა და მიმღებლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის. განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში­, როდესაც ყველაზე მოწყვლადები არიან, ხოლო მშობლები უპირობო ავტორიტეტები. მნიშვნელოვანია, დედაც და მამაც თანაბრად იყვნენ ჩართული შვილის აღზრდისა და განვითარების პროცესში, რადგან მათგან ბევრს სწავლობენ და ცდილობენ დაემსგავსონ კიდეც. შესაბამისად, მათ შეუძლიათ სწორი მიმართულება მისცენ ბავშვს, რათა მომავალში ან თვითონ არ გახდეს ბულინგისა და მობინგის მსხვერპლი, ან ეს მისგან არ იყოს ინიცირებული.

- რა არის მთავარი აღზრდისას პიროვნების სწორად, ჯანსაღად ჩამოყალიბებისთვის და არა ბულერად ან არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანად? რა მეთოდები შეიძლება გამოვყოთ?

- რადგან ბავშვის აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ჩამოყალიბებაში, კარგი იქნება, თუ გვეცოდინება­ აღზრდის ოთხი სტილის შესახებ. ესენია:­ ავტორიტეტული, ავტორიტარული, რბილი­ და ჩაურევლობითი. შევეხოთ თითოეულს.

ითვლება, რომ ავტორიტეტული სტილი ყველაზე შედეგიანია, რადგან ამ შემთხვევაში მშობლები ჩართული არიან აღზრდაში, აქვთ მაღალი მიმღებლობა, სწორად შერჩეული კონტროლის მეთოდი და ბავშვს შესაფერის ავტონომიას აძლევენ. მშობლები ბავშვთან ურთიერთობაში არიან თბილები და ყურადღებიანები, ზომიერად გამოხატავენ სიყვარულს, ყოველთვის ინტერესდებიან მისი პრობლემებით, რეალურად აფასებენ ბავშვის განვითარების ეტაპებსა და დონეს, ადეკვატურ მოთხოვნებს უყენებენ და ყოველთვის ცდილობენ მისი თვითგანვითარების წახალისებას. ასევე, ცდილობენ ყველაფერი აუხსნან მისთვის გასაგები სიტყვებით. შვილს აძლევენ საშუალებას, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ რამდენად მზადაა მოცემული სიტუაციისათვის. ცდილობენ გაიგონ, რას განიცდის და რას ფიქრობს.

ავტორიტარული სტილის შემთხვევაში­ კი მშობელი ცივი და გულგრილია, ის ხშირად ამცირებს შვილს. მაქსიმალურად აკონტროლებს, სიყვარულს არ აგრძნობინებს, ხშირად სჯის, შესაძლოა ძალის გამოყენებითაც; ძალიან ბევრ მოთხოვნას უყენებს, უმეტესწილად არ უსმენს და გადაწყვეტილებას მის მაგივრად იღებს. ამ სტილს ძლიერი დესტრუქციული გავლენა აქვს ბავშვზე, მოზარდზე, რაზე საუბარსაც აუცილებლად დავუბრუნდებით.

რბილი, დამთმობი მშობლები თბილები­ არიან, მაგრამ შვილს სათანადო ყურადღებას­ არ აქცევენ და ზედმეტად ანებივრებენ, მოთხოვნას საერთოდ არ უყენებენ და ნებას აძლევენ ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს. მაშინაც კი თავად ბავშვი იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ამისთვის მზად არ არის.

ჩაურეველი აღზრდის სტილის მქონე მშობლები ყველაფრისადმი ინდიფერენტულები და გულგრილები არიან. ასეთი მშობლების შვილები ვერ მოახერხებენ სწორ განვითარებასა და წინსვლას.

- როგორ ყალიბდებიან ბულერებად, როგორ ამოვიცნოთ ასეთი ადამიანები და ე.წ. მსხვერპლმა როგორ დაიცვას თავი მათგან?

- ბულინგის წყარო შესაძლებელია ძალიან კარგად აიხსნას ალფრედ ადლერის თეორიის მიხედვით. ის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებზე აკეთებს აქცენტს ბავშვის განვითარების პროცესში. მაგალითად, არასრულფასოვნების გრძნობა, სოციალური გრძნობა, ბავშვის დაბადების რიგითობა, სქესთა შორის დამოკიდებულება და ა.შ.

ადლერის აზრით, არასრულფასოვნების­ შეგრძნება ყველა ადამიანს აქვს და ეს ინდივიდს უჩნდება ბავშვობიდანვე, რადგან მშობლების და ზრდასრული ადამიანების გარეშე, მას ბევრი რამის გადალახვა არ შეუძლია. სწორედ ეს უბიძგებს თვითგანვითარებისკენ, თუმცა არასრულფასოვნების ძლიერი გრძნობა იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს, რაც ადამიანს მაშინ უჩნდება, როდესაც ეჯახება პრობლემებს და ვერ ახერხებს მათ გადაჭრას. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდია ბავშვის სკოლაში შესვლა, როდესაც ის ხვდება სრულიად ახალ გარემოში და იწყება სოციალიზაციის ეტაპი. უპირატესობის კომპლექსი კი გამომდინარეობს არასრულფასოვნების კომპლექსიდან, რაც ბულინგისა და მობინგის ერთ-ერთი მიზეზია. იმისათვის, რომ ადამიანს არ გაუჩნდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც პრობლემების გამომწვევია, უნდა დავეხმაროთ საკუთარი პიროვნების გაძლიერებაში, უნარ-ჩვევების შეძენაში, რაც დაეხმარება ბარიერების გადალახვაში. ასევე, საჭიროა გამბედაობისა და სოციალური გრძნობის გაღვივება, რადგან სწორედ სოციალური გრძნობაა ბულინგისა და მობინგის საწინააღმდეგო და პიროვნებაში მისი განვითარება შესაძლებელია, რადგან ის მოიაზრებს სხვა ადამიანებთან თანამშრომლობასა და ჯანსაღ ურთიერთობებს. ამ ყველაფრის გამო აქვს დიდი დატვირთვა ბავშვის აღზრდასა და მშობლების ჩართულობას მის განვითარებაში.

- როგორია ბულერის ფსიქიკა? რა არის მისი აგრესიული ქცევის მიზეზი?

- როგორც უკვე ვთქვით, ბულინგი­ ნიშნავს ერთი ადამიანის მიერ მეორის დაჩაგვრას, დამცირებას, დაცინვასა და შევიწროებას. ნებისმიერ ქმედებას აქვს მიზეზი. როდესაც ადამიანი ცუდად ეპყრობა სხვას, გამოხატავს აგრესიას, ძალადობს ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად, ეს პირველ რიგში ბევრს ამბობს თვითონ მასზე. რა თქმა უნდა, ასეთ ქმედებებს ჯანსაღ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ მიმართავს. თუ ის სხვას ამცირებს და ავიწროებს, ამით თავისი უპირატესობის ჩვენება სურს. მას აქვს დანაკლისი, რის კომპენსირებასაც ამ გზით ცდილობს. ძლიერი პიროვნება, რომელიც თავდაჯერებულია, რომელსაც აქვს ადეკვატური თვითშეფასება, ძლიერი შინაგანი საყრდენი და ჯანსაღი ღირებულებები, სხვას ზიანს არ მიაყენებს.

მათ, ვინც ბულინგს განიცდიან, კარგი იქნება, თუ ემახსოვრებათ, რომ ადამიანები,­ რომლებიც მათზე ზეწოლას ახდენენ, დიდი ალბათობით, მათზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში არიან და დახმარებას საჭიროებენ. მაგალითად, შესაძლოა ოჯახში მშობლების ძლიერი კრიტიკისა და დამცირების ატანა უწევთ.

სწორედ ამიტომ აღზრდის ავტორიტარული სტილი არის ერთ-ერთი ყველაზე არასწორი და გაუმართლებელი, რომლის დროსაც ბავშვს აუცილებლად განუვითარდება ფსიქოლოგიური დარღვევები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის დამცირება და დაცინვა. განსაკუთრებით მიუღებელია ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი დასჯა. ბავშვისთვის დაცინვა და გადაჭარბებულად ისეთი მოთხოვნების წაყენება, რომელთა შესრულებასაც ვერ მოახერხებს, უარყოფითად იმოქმედებს მის თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე;­ დიდი ალბათობით, განუვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი. განსაკუთრებით მაშინ, თუ მასზე მშობელი ძალადობს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ბავშვი ამ აგრესიას სხვა ადამიანებზე გადაიტანს და მათ მიაყენებს ზიანს, ან ავტოაგრესიის ფონზე შესაძლოა სუიციდიც კი ჩაიდინოს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბულინგისა და მობინგის წინა პირობაა.

- თქვენი მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, აღზრდის ავტორიტეტული სტილი უფრო მისაღებია და დადებითად აისახება პიროვნების განვითარებაზე.

- დიახ, აღზრდის ავტორიტეტული სტილი იმიტომ არის საუკეთესო, რომ ამ დროს ყველაფერი მიმდინარეობს გაწონასწორებულად - ზომიერი სიყვარულის გაცემა ბავშვის მიმართ, მისი შექება ადეკვატურად და იმის შესაბამისად, რასაც იმსახურებს. მშობლებს აქვთ ნამდვილი მეგობრული დამოკიდებულება და არ არიან დიქტატორები, რომლებიც ტოტალურად ყველაფერს აკონტროლებენ. ბავშვს აძლევენ საშუალებას წააწყდეს წინააღმდეგობებს, რათა მოახერხოს თვითგანვითარება და საკუთარი პიროვნების გაძლიერება. მოთხოვნები, რა თქმა უნდა, იმის შესაფერისია, ბავშვს განვითარების რა დონეც აქვს, ხოლო ის, რომ მშობლები ითვალისწინებენ ბავშვის აზრს, სურვილს და სხვადასხვა საკითხზე ერთად მსჯელობენ, აანალიზებენ, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. ამ დროს ბავშვი თავს სრულფასოვან ადამიანად გრძნობს და ცდილობს თვითონაც ისეთივე გამგებიანი იყოს მშობლებთან, როგორიც ისინი არიან მასთან. ბავშვს უვითარდება ჯანსაღი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა. ეს ყველაფერი სწორედ მისი განვითარებისთვის არის აუცილებელი. სწორედ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ბავშვის ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება გამბედაობაც და სოციალური გრძნობაც. პირადად ჩემი მოსაზრებით, ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ემპათიის გრძნობას. ადამიანებმა უნდა ისწავლონ სხვის მდგომარეობაში შესვლა და მათი განცდების დანახვა. ეს დაეხმარებათ ნაკლები არაჯანსაღი ქმედების ჩადენაში, თუნდაც როგორიცაა ბულინგი.

- როგორ უნდა იყოს დაცული ზღვარი კრიტიკასა და ბულინგს შორის?

- ბულინგის სხვადასხვა სახე არსებობს. არის მარტივად შესამჩნევიც და პირიქით, რთულად ამოსაცნობი. ალბათ, შეუმჩნეველს აქვს უფრო დიდი ზიანის მიყენების პოტენციალი, რადგან თუ ადამიანი მას ვერ აცნობიერებს, შესაბამისად, მისგან გაცლაც ნაკლებად მოსალოდნელია. ასეთია არაადეკვატური და მუდმივი კრიტიკა, რომელიც შესაძლოა რეალობას სულაც არ შეესაბამებოდეს, თუმცა ვერ ვაცნობიერებდეთ, რამდენად დამანგრევლად შეიძლება მოქმედებდეს ჩვენს პიროვნებასა და თვითშეფასებაზე, მით უმეტეს, თუ ის მოწოდებულია როგორც თქვენზე ზრუნვად, მაგალითად, ოჯახის წევრებისგან ან მეგობრებისგან. ჯანსაღი კრიტიკა მნიშვნელოვანი და საჭიროა პიროვნების განვითარებისთვის, მაგრამ ზღვარს არც ის უნდა გადასცდეს.­ მნიშვნელოვანია იუმორი და ხუმრობის­ სტილიც. განსაკუთრებით, ადამიანის ნაკლოვანებებზე მიმართულ ხუმრობებს აქვთ ნეგატიური და ზოგ შემთხვევაში, დესტრუქციული გავლენაც კი.

- რა გავლენას ახდენს პიროვნებაზე ბავშვობისას, მოზარდობისას განცდილი ბულინგი?

- ბავშვობაში განცდილ ბულინგს მოზრდილ ასაკშიც ექნება გავლენა ადამიანის ქცევებზე და სხვადასხვა გზით გამოვლინდება. შეიძლება პიროვნება ჩაკეტილი გახდეს და ადამიანების მიმართ უნდობლობით იყოს განწყობილი. შესაძლოა სამყაროს სიძულვილიც კი გაუჩნდეს. როგორი გავლენა ექნება ბულინგს ადამიანზე, ყველას შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალური და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, რამდენად ინტენსიური იყო ბულინგი მის ცხოვრებაში, რამდენად დიდ ტკივილს აყენებდა, ვისგან იყო შევიწროებული, ჰქონდა თუ არა მხარდაჭერა­ ვინმესგან მაინც და ა.შ. ასევე ინდივიდუალურია მომავალში როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან და იქნება თუ არა განცდილი გამოცდილება ხელისშემშლელი ან დესტრუქციული მის ქმედებებში. თუ ადამიანს დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს ბულინგის ან მობინგის დროს, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის ხელისშემშლელია კონკრეტულ მომენტში. თუმცა არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ეს სირთულეები მხოლოდ მოტივაციის წყარო ხდება მომავალში და შესაძლოა იმაზე უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ, ვიდრე ამ გამოცდილების გარეშე მიაღწევდნენ, რომელიც ზიანის მომტანი იყო, მაგრამ, იმავდროულად, პიროვნულ ზრდაში დაეხმარათ. არის შემთხვევები, როდესაც შევიწროებულ ადამიანებს იმდენად დიდი სიძულვილი უვითარდებათ ბულერების მიმართ, რომ თვითონ­ მათზე უარესი მჩაგვრელები ხდებიან.­ სამაგიეროს გადახდა არაა აუცილებელი იმავე გზით, რითაც შეგავიწროეს და ზიანი მოგაყენეს. მაგალითად, დაეხმარო­ სხვა ადამიანებს, რომ არ გამოიარონ იგივე­ და იყვნენ უფრო მდგრადები და დაცულები შევიწროების მიმართ, ესეც სამაგიეროს გადახდაა ბულერებისთვის, რადგან ამით მათ გზას უჭრით მიზნის მიღწევაში და იმავდროულად, ამას ჯანსაღი საშუალებით ახერხებთ.

რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებე­ბიც, რომლებიც დისტანცირებას ახდენენ ბულერის ხატისგან და სიკეთით სავსე ცხოვრებას ეწევიან. მთავარია, მათ აღმოვუჩინოთ ჯანსაღი დახმარება და მხარდაჭერა­. რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრეულ ასაკში­ მიექცევა ამ ყველაფერს ყურადღება, მით უკეთესია, რადგან პრევენცია თავიდანვე უფრო მარტივია, ვიდრე შემდგომ ტრავმის დამუშავება. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა მშობლების ყურადღებიანობასა და ჩართულობას შვილის აღზრდაში. გასათვალისწინებელია, რომ ნათესავები, ბებია და ბაბუა ბავშვებს მშობლებს ვერ შეუცვლიან.

- რა შეიძლება გაითვალისწინონ მშობლებმა, თუ მათ შვილებს სკოლაში აბულინგებს ვინმე - თანატოლი, უფროსკლასელი ან თუნდაც პედაგოგი?

- თავდაპირველად, ყველაზე კარგი გამოსავალია საუბრის გზით კონფლიქტის მოგვარება. თუ ბავშვი, მოზარდი ამ საშუალებით ვერ ახერხებს მდგომარეობის შეცვლას, ჯობს ჩარიონ მშობლები, რადგან სიტუაციის გამძაფრებას ფიზიკური დაპირისპირებით შესაძლოა უფრო არასახარბიელო გართულება მოჰყვეს. თუ მშობლებმაც ვერ მოახერხეს პრობლემის მოგვარება ბულერის აღმზრდელებთან, მაშინ უკეთესი იქნება ჩარიონ სკოლის ადმინისტრაცია და თუ სკოლის ადმინისტრაციაც უძლური აღმოჩნდება, აუცილებლად გადაიყვანონ ბავშვი სხვაგან. მისი მენტალური ჯანმრთელობა­ ყოველთვის პირველადი მნიშვნელობის უნდა იყოს. აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალია ის, რომ ბულერებს ხშირად უყვართ მსხვერპლით მანიპულირება. ისინი მას "ჩამშვების" იარლიყს აკრავენ სხვების ჩარევის გამო და ამცირებენ. ამით მსხვერპლის მხარდაჭერის გარეშე დატოვებას ცდილობენ, რათა მაქსიმალური გავლენა ჰქონდეთ და არ დაკარგონ მართვის სადავეები.

- მობინგის შემთხვევაში რა ხდება?

- მობინგის შემთხვევაში დამატებით რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი მოქმედებს. როდესაც ადამიანი ჯგუფში­ იმყოფება, ხდება მისი დეინდივიდუალიზაცია და თავის გაიგივება გარშემომყოფებთან. ეს ევოლუციური თვითგადარჩენის მექანიზმია, რათა არ გაგვრიყონ. ადამიანი სოციალური ცხოველია და მის გარეშე დაიღუპება.­ სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემომყოფ ადამიანებს, მით უმეტეს, პიროვნებებს, რომლებიც ავტორიტეტები ხდებიან სხვებისთვის. ჯგუფში მყოფ ადამიანს უმცირდება პასუხისმგებლობის გრძნობა და კრიტიკული აზროვნება, რაც, რა თქმა უნდა, ასევე უარყოფით გავლენას ახდენს სწორი და ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე.

ბულინგისა და მობინგისგან თავის დასაცავი ყველაზე კარგი გზაა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და განათლების დონის ამაღლება, გაუმჯობესება. კარგი იქნება, თუ მომავალი მშობლები გარკვეული იქნებიან ბავშვის ფსიქოლოგიაში, ხოლო რაც შეეხება აღმზრდელებს საბავშვო ბაღში და მასწავლებლებს სკოლაში, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მიღებული ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადო ცოდნა, რათა ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა შეძლონ.