რატომ იწვევს საზოგადოებაში ქანდაკებების დადგმა დიდ ვნებათაღელვას? - კვირის პალიტრა

რატომ იწვევს საზოგადოებაში ქანდაკებების დადგმა დიდ ვნებათაღელვას?

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე მხატვარ გიორგი ხანიაშვილის ქანდაკების, "დროის ნაწნავების" დადგმა საზოგადოებისათვის რეზონანსული აღმოჩნდა: ძეგლის შეფასების პოლემიკაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაება როგორც მოწონების, ასევე დაწუნების კომენტარებით. შეიძლება ითქვას, ძეგლებთან დაკავშირებული მსგავსი რეაქცია ჩვენში პირველი არ არის.

"დროის ნაწნავები" დაახლოებით სამმეტრიანი მოყვითალო ქვით დამზადებული ქანდაკებაა, რომელსაც ნაწნავებად შეკრული­ თმა ტანზე აქვს შემოხვეული. მოედანზე გვიან ღამით დადგმული ქანდაკების ფოტოები სოციალურ ქსელში დილითვე ვირუსულად გავრცელდა შემდეგი კომენტარებით: "მშრალ ხიდზე მდგარი მაკლერების და ვაჭრების მფარველი­ ქალღმერთი"; "სრულიად შეუსაბამოა მაგ ადგილისთვის. 21-ე საუკუნეში საკუთარი ნაწნავებით შებოჭილი ქალი... საიდან მოიტანეს საერთოდ?" "ყველის ჩეჩილი ქანდაკება მეგონა. ჰა ჰა დაწნული სულგუნის!" "ძეგლი მომეწონა, ექსპრესიული და საინტერესოა, ერთადერთი, სივრცეს არ შეესაბამება, მაგრამ ეს, ალბათ, მოგვარდება"; "მშვენიერი ნამუშევარია, თავდაპირველად პიკასოს "გერნიკაზეც" საძაგლობები ილაპარაკეს, მაგრამ… ხელოვნება მოძრავია და მრავალმხრივი"...

საბოლოოდ გაირკვა, რომ ქანდაკება ზაარბრიუკენის მოედნის დროებითი ბინადარია და სხვაგან გადაინაცვლებს, თუმცა საზოგადოების განწყობა არ შეცვლილა. რატომ იწვევს ქანდაკებები მსგავს რეაქციებს და ზოგადად, როგორია ქანდაკებების განთავსების პოლიტიკა. ამის შესახებ სპეციალისტებს ვესაუბრეთ. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ქანდაკებები გამოხატავენ ეპოქის სულს, ისინი, როგორც ცოცხალი ადამიანები, ცვლიან გარემოს, ახალ შინაარსს სძენენ და ამიტომაც არიან საზოგადოებისათვის ამდენად მნიშვნელოვანი.

როგორც ხელოვნებათმცოდნე ქეთევან­ ეფაძემ გვითხრა: "საზოგადოებაში რეზონანსს იწვევს ის მოვლენები, რომლებიც ამ საზოგადოებისთვის ღირებულებას წარმოადგენს. სკულპტურების თემაც სწორედ იმდენად არის აქტუალური, თუ როგორ წარმოადგენენ ისინი საზოგადოების ღირებულებებს თუ ესთეტიკას. თუ ფიგურა ეწინააღმდეგება ცნობიერებას, ესთეტიკას ან იდენტობას, ცხადია, საზოგადოება გამოხატავს უარყოფით რეაქციას. მსგავსი შეფასებები საზოგადოების მეხსიერებაზეა დამოკიდებული. არსებობს ზემოდან ანუ პოლიტელიტის შექმნილი მეხსიერება (ცერემონიები, აღნიშვნები და ა.შ) და არსებობს ქვემოდან წამოსული, ანუ საზოგადოების მეხსიერება. ეს უკანასკნელი კი ყოველთვის პასუხს სცემს პოლიტელიტის მეხსიერებას ზოგჯერ უარყოფითად, ზოგჯერ დადებითად, ან ორივე მოცემულობით".

ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანის თქმით კი, "ახალი მხატვრული ფორმის გამოჩენა ქალაქში ყველა საზოგადოებაში რეზონანსულია. თუმცა ჩვენს საზოგადოებას ამ მხრივ განსაკუთრებული სიმძაფრე ახასიათებს: თითქოს ქანდაკებები განტევების ვაცი ხდება, რომ თუ რამე აგრესია არსებობს საზოგადოებაში, სწორედ მისი განთავსების მომენტისათვის გამოუშვას. ყველას აქვს მოწონების და არმოწონების უფლება, თუმცა თანამედროვე ხელოვნება ვერ დარჩება ისტორიულ ხელოვნებაში, რაც განვლილი ეპოქის ნიშანი იყო. ეპოქები იცვლება და ხელოვნებაც იცვლება. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს მსგავსი გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ვეჯახებით უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც გამაღიზიანებელია საზოგადოებისათვის და ცხადია, მას აქვს რეაქცია".

თუ რატომ შეიძლება გამოიწვიოს ქანდაკების დადგმამ მსგავსი ვნებათაღელვა, ამ თემაზე მოქანდაკეს, მოქანდაკეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სალუქვაძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო ლევან, მსგავსი რეაქცია, როდესაც ქანდაკების გამო პოლემიკა მთელ საზოგადოებაში გაჩაღდა, ჩვენთვის უცხო არ არის. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ამხელა­ ვნებათაღელვა ამ თემაზე?

- იმის გამო, რომ ქანდაკება დროსა და სივრცეზე ზემოქმედების ყველაზე მძლავრი საშუალებაა ხელოვნებაში. ამიტომაც იწვევს ქანდაკების დადგმა თუ გადაადგილება ისეთ რეზონანსს, რომ ამაზე მთელი ქალაქი ალაპარაკდება ხოლმე. აქედან დასკვნა ის არის, რომ ქანდაკების დადგმა არ არის ხელწამოსაკრავი მომენტი, ამას არა მარტო პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილება, არამედ გააზრება და შეფასებები სჭირდება. სხვათა შორის, ქანდაკებების დადგმის თაობაზე თბილისის მერიასთან რვაწლიანი კონსულტაციები გვქონდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ამ კონსულტაციებისაგან დამოუკიდებლად იქნა მიღებული.

542617-1708268709.jpg

- ვინ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ვინ მიიღო?

- ზაარბრიუკენის მოედანზე ქანდაკება თბილისის მერიასთან არსებულმა საჯარო ხელოვნების ფონდმა დადგა. ფონდს აქვს კარგი იდეა, რომ ქანდაკებები გაიტანოს საჯარო სივრცეებში და ხალხი ხელოვნებას აზიაროს. ამისთვის მან სხვა ნამუშევრებიც დადგა, თუმცა ყველაზე მძაფრი რეაქცია ზაარბრიუკენის მოედნის პროექტმა გამოიწვია.

- რატომ, რა იყო მიზეზი, ის, რომ ქანდაკება იმ სივრცეში ვერ "ჩაჯდა"?

- ეგ ერთი ფაქტორიც არ არის, რა თქმა უნდა. ქანდაკების ავტორი ნიჭიერი ხელოვანია, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა მისი ეს ქანდაკება ვერ მიიღო. განა იმიტომ, რომ საზოგადოება ქანდაკებაში კომპეტენტურია ან მოქანდაკის პროფესიონალიზმზე საუბრობს, არამედ იმიტომ, რომ იმპულსებით, რაღაც შინაგანი ტესტით გრძნობს, რა სჭირდება და რა არა, რა მოიწონოს და რა არა, რა არის მის ღირებულებებთან თავსებადი.

88-full-1-1708268709.jpg

- ხელოვანის ნიჭიერებაზე თუ ვიმსჯელებთ, ასევე პროფესიონალებისა და ნიჭიერი ავტორების ნამუშევარია გენერალ მაზნიაშვილის სკულპტურა თბილისში და თამარ მეფის სკულპტურა მესტიაში, რომლებიც საზოგადოებამ დღემდე ვერ გაითავისა.

- იმიტომ, რომ ვერ იგრძნო მათი თავსებადობა საკუთარ ღირებულებებთან. გენერალი მაზნიაშვილი ერის საბრძოლო სულის სიმბოლოა, დიდი მხედართმთავარი, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ისეთი სასწაულები ჩაიდინა, შესაძლოა ახალგაზრდა ოფიცერს მასთან შეყვარებულის მიყვანაც კი მოუნდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ მიიყვანს, რადგან სკულპტურაში კუბიზმის სიმბოლოები მოდის წინა პლანზე. რაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ძალიანაც დიდი ხელოვნება აღმოჩენილიყო. სვანეთში თამარ მეფის ქანდაკებაც დაახლოებით ასეა. მის ავტორს ორიგინალში ბრწყინვალე პატარა სკულპტურა ჰქონდა, მაგრამ ერთხელაც ეს სკულპტურა ერთ პოლიტიკოსს მოეწონა და გადიდება გადაწყვიტა. ასე მივიღეთ თამარ მეფის ქანდაკება, რომელიც, როგორც სულ მესმის, სათანადო ემოციებს­ ვერ აღძრავს. ხალხისთვის მნიშვნელოვანია, თუ რას გრძნობს, რა შთაბეჭდილებებს­ იღებს ხელოვნებისაგან და არა ის, რას გადაწყვეტენ სადღაც ზევით.

თბილისის მერიასთან არსებული საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორს ელენე ჭკუასელს ზაარბრიუკენის მოედანზე ქანდაკების განთავსებაზე სულ სხვა აზრი აქვს:

- ქალბატონო ელენე, მზად იყავით, რომ საზოგადოების ნაწილი ასე კრიტიკულად შეხვდებოდა თქვენს პროექტს?

- ამაში არაბუნებრივი არაფერია. ზოგი უარყოფით განწყობას გამოხატავს, ზოგი კი დადებითს. უამრავ ადამიანს პროექტი მოსწონს და ამას გვწერს კიდეც. შესაძლოა ემოციები იმანაც გამოიწვია, რომ ხალხმა ქალაქის ცენტრში მოულოდნელად იხილა ასეთი მასშტაბური პროექტი, თანაც, არ იცოდნენ, რომ ეს დროებითი ადგილია. ქანდაკება ზაარბრიუკენის მოედანზე დიდხანს არ დარჩება, ჩვენ მას სათანადო ადგილზე გადავიტანთ.

- ვინ იღებს ქანდაკებების განთავსების გადაწყვეტილებას? თუ მიმდინარეობას მსჯელობა იმის შესახებ, რომ აზრი პროფესიონალებსაც ჰკითხოთ, ან საზოგადოება იყოს ინფორმირებული მსგავს მოულოდნელობაზე?

- საზოგადოების ინფორმირებულობა ასე მარტივი არ არის, თუმცა ამაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიმღებებს, ჯერ ფონდი ატარებს კონკურსებს­, შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენისა და სკულპტურის დადგმის გადაწყვეტილებასაც ფონდი იღებს, 6 კაცი, რომელთა შორის პროფესიონალები არიან. მთავარია, პროექტი სახელმწიფომ დააფინანსოს, რაც უმნიშვნელოვანესი და პროგრესის მომტანია.

- მაგრამ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი სხვა პროექტებიც.

- რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს არის პროექტი, რომელიც ემსახურება ხელოვნების ხალხში გატანას, რათა საჯარო სივრცეები საგამოფენო დარბაზებად იქცეს. რით არის ეს ცუდი? მით უფრო, რომ მსგავსი პროექტებით ქალაქს სხვადასხვა ადგილზე მოვევლინებით. შემდეგ კი ძეგლებს გადავიტანთ სკულპტურების პარკში, რომლის აშენებასაც ვფიქრობთ...