"ისე გაგშორდი, ვერც კი გიმღერე, ცამ იადონის არ მომცა ენა! ნეტავ, ძვირფასო, სიკვდილის მერე ჩვენ ერთ ყვავილად აღმოგვაცენა" - კვირის პალიტრა

"ისე გაგშორდი, ვერც კი გიმღერე, ცამ იადონის არ მომცა ენა! ნეტავ, ძვირფასო, სიკვდილის მერე ჩვენ ერთ ყვავილად აღმოგვაცენა"

სიღნაღის ბულვარის შესასვლელთან, სოლომონ დოდაშვილის ძეგლის გვერდით, ამ კუთხის კიდევ ერთი სახელოვანი შვილის, რეპრესირებული პოეტის, შალვა მჭედლიშვილის ბიუსტი დგას. პოეტმა რთული ცხოვრება განვლო - პატიმრობა, გადასახლება, წამება... მიუხედავად ამისა, გულში სამშობლოსა და ერთი ქალის სიყვარული არ განელებია. ეს ქალი დიდი პოეტი, ანა კალანდაძე იყო.

ლიანა ხატიაშვილი, სიღნაღის ბიბლიოთეკის მენეჯერი: - სიღნაღში ბატონი შალვას ბიუსტი რამდენიმე წლის წინ დაიდგა. ერთ ლექსში წერდა, დამასაფლავეთ სიღნაღის ბჭესთანო. მისი საფლავი თბილისში, მახათას პანთეონშია, მის მშობლიურ მხარეს კი მისი ბიუსტი ამშვენებს. ბევრი კითხულობს, შალვა მჭედლიშვილი ვინ იყოო. გული მწყდება, რომ ამ დიდ პოეტს სათანადოდ არ იცნობენ. მადლობა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომ ამ ქვეყნის მოჭირნახულე პოეტის ცხოვრებით დაინტერესდა.

ბატონ შალვასთან ოჯახებით ვმეგობრობდით. ანა კალანდაძისა და მისი სიყვარულის ამბავი ვიცოდით, ამიტომ გავბედეთ და ერთხელ მასზე ვკითხეთ. ბატონმა შალვამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გვითხრა, ანა ჩემთვის მიუწვდომელი ვარსკვლავი, ოცნების ქალი იყო და ოცნებადვე დარჩა. ისეთი დიდი იყო, ვერასდროს გაიგებდა, როგორი რთული ცხოვრების გზა მარგუნა ღმერთმა. ის სხვა იყო და მე სხვა ვიყავი. ამიტომაც დავცილდით, მაგრამ ჩემს გულში მისი სიყვარული დღემდე ანთიაო. "სად მე და სად ისო", - ასე ამბობდა ანასთან განშორების შემდეგ. ეს განწყობა ბატონმა შალვამ ლექსშიც გადმოსცა: "ისე გაგშორდი, ვერც კი გიმღერე, ცამ იადონის არ მომცა ენა! ნეტავ, ძვირფასო, სიკვდილის მერე ჩვენ ერთ ყვავილად აღმოგვაცენა".

მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა და სამი შვილი შეეძინა, ანა კი აღარ გათხოვილა.

ანა კალანდაძის ჩანაწერებსა თუ ბიოგრაფიაში დიდხანს ვეძებე ამ წყვილის ურთიერთობის ამბები, მაგრამ მხოლოდ პოლიკარპე კაკაბაძის ქალიშვილის მოკლე ჩანაწერი ვნახე. ანა კალანდაძე მის დასთან მეგობრობდა. მანანა კაკაბაძე პოეტის სიყვარულზე წერდა: ,,ანა არ იყო არც განსაკუთრებით ბედნიერი, არც განსაკუთრებით უბედური. პირადი ცხოვრება ასეთი ნიჭიერი ადამიანებისა იშვიათად ეწყობა კარგად. გათხოვდა ცოტა მოგვიანებით. მისი მეუღლე, შალვა მჭედლიშვილი, არ იყო ცუდი ადამიანი, გადანასახლები გახლდათ და თვითონაც პოეტი იყო. მომავალში მას სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ ანას აღმერთებდა. რაც შეეხება ანას, ის მას არასდროს ახსენებდა".

5db4b129-82a6-4aa0-9602-cd0e421d89ce-1708270941.jpg

როგორც ჩანს, ერთმანეთის სიყვარული გულში დაიმარხეს.

ლელა ბუთლიაშვილი, ექიმი: - ბატონი შალვას ოჯახს ფუძე სოფელ ანაგაში ჰქონდა, მაგრამ დედამისი, ნინა თუშიშვილი, სოფელ ვაქირში კბილის ექიმად მუშაობდა. პატარა სახლი ედგათ. ნინა ბებოს ერთი ოთახი პაციენტების მისაღებად ჰქონდა გამოყოფილი და ბავშვებს ძალიან გვიყვარდა იმ ოთახში ყოფნა. შალვა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, როცა გადაასახლეს. დედა გადასახლებაში სამედიცინო ლიტერატურას უგზავნიდა. ნინა ექიმი ბავშვებს ხშირად გვესაუბრებოდა შვილზე, ამაყობდა, პოეტი რომ იყო და მის ლექსებსაც გვიკითხავდა. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, შალვა მაშინ გავიცანით. მაღალი და ლამაზი მამაკაცი იყო, ხუჭუჭი თმა ძალიან უხდებოდა. შემდეგ ანა კალანდაძე მოიყვანა ცოლად და ორივე ხშირად ჩამოდიოდა სოფლად. ნინა ექიმს ძალიან უყვარდა პოეტი რძალი, ბავშვივით ეფერებოდა ხოლმე. კარგად მახსოვს, ერთხელ ზაფხულში დიდხანს ისვენებდა ანა ვაქირში, ლამაზად მოწყობილ ეზოში გაბმულ ჰამაკში იჯდა ხოლმე. ბავშვები უყვარდა, ჩემს პატარა ძმას აიყვანდა და ათამაშებდა. ნინა ექიმი რომ გარდაიცვალა, ვაქირის სახლი გაყიდეს და ანაგაში გადავიდნენ. ამის შემდეგ, ბატონი შალვა ხან ანაგაში ცხოვრობდა და ხანაც თბილისში.

შალვა მჭედლიშვილმა არაერთი ლექსი უძღვნა სიღნაღსა და თავის სოფელს. გასული საუკუნის 80-იან წლებში ექიმად მუშაობდა, ერთხანს საავადმყოფოს მთავარი ექიმიც იყო.

ლია ხატიაშვილი: - შალვა მჭედლიშვილი ,,მხილებულ იქნა როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის აქტიური წევრი". 1940 წელს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ახალგაზრდა მწერლების ჟურნალში დაწერილი იმდროინდელი რეჟიმისთვის იდეოლოგიურად მიუღებელი ლექსისთვის ხალხის მტრად გამოაცხადეს. ბრალდება დახვრეტას ითვალისწინებდა, მაგრამ პოეტს დამცველები გამოუჩნდნენ და სასიკვდილო მუხლი გადასახლებით შეუცვალეს. თუმცა, გამოხდა ხანი და 1945 წლის 27 მარტს დააპატიმრეს. იმ დროს 27 წლის იყო. 1951 წლის ბოლომდე ბაქოს, როსტოვისა და ვოლოგდის ციხეებში იყო. მერე ქვანახშირის საბადოზე და ქვის სამტეხლოებში მიღებული მძიმე ტრავმის გამო ვორკუტის ციხეში გადაიყვანეს. ამის შემდეგ კიროვის, სვერდლოვსკისა და პეტროპავლოვსკის ციხეებში ბანდიტებთან და რეციდივისტებთან ერთად იხდიდა სასჯელს. ყველა ტკივილი, განცდა და პრობლემა სწორედ მისმა ლექსებმა შემოგვინახა. როგორც თავადაც გვეუბნებოდა, სამშობლოდან შორს მყოფი გამუდმებით წერდა და წერდა. გადასახლების დროს ყაზახეთის სამედიცინო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა და საქართველოში ექიმის დიპლომით დაბრუნდა. დედაქალაქში ცხოვრების უფლება კარგა ხანს არ ჰქონია. სწორედ ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში ექიმად მუშაობდა რაჭაში, ბორჯომში, გაგრაში, წყალტუბოში, გურჯაანში, ახტალაზე და სიღნაღის საავადმყოფოში.

419850-246944642062189-751123816-n-1708270942.jpg

ბატონი შალვას რეპრესიების დროს და შემდგომ წლებში დაწერილ ლექსებს სევდის ელფერი დაჰყვება, რასაც პოეტი მისთვის წართმეულ ახალგაზრდულ წლებს აბრალებს. ,,იმის მიუხედავად, რომ ბუნებით სიცოცხლის მოყვარული და ხალისიანი ვარ, ჩემი ლექსები სევდიანი მოგეჩვენებათ. ნუ გაიკვირვებთ, ამ ლექსებს წერდა კაცი, რომელსაც ახალგაზრდობა წაართვეს და არც სამშობლო ჰქონია, ისიც წაართვეს და კარგა ხნით გადაკარგეს მიუსავლეთში, პოლარული წრის იქით, ვორკუტაში, შემდეგ კი ყაზახეთში, მუდმივ გადასახლებაში გაამწესეს. ამნისტიის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულს ლექსებს არ უბეჭდავდნენ, ცენზურა კრძალავდა მის შემოქმედებას და ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ მოგვიანებით მოახერხა, რომ ,,რეპრესიების" მსხვერპლად ეღიარებინათ! ჩემი ლექსები გლოვაა დაკარგული ახალგაზრდობისა. უფრო მეტად კი ბედკრული, სისხლისგან დაცლილი, მშობლიური ქვეყნის სვე-ბედის გამო! საკატორღო ბანაკებში და შემდეგ, გადასახლებაში, დავრწმუნდი, რომ ყველაფერს თავისი ცრემლი ახლავს. დავრწმუნდი, რომ ადამიანები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და ერთნაირად ტირიან. ყოფილი იმპერია ხომ ყველა ეროვნების ადამიანისთვის განკუთვნილი საპყრობილე გახლდათ".

,,გუგუნებს მიწა, გულშემზარავად გმინავს და ისევ / უფსკრულებიდან იმუქრება მკაცრი ხელები. / ო, ეს ხელები, სისხლიანი შავი ხელები / ლამობს ყოველი არსის აღგვას განახელები, / წინასწარმეტყველ, ყოვლისტყვედქმნილ ფერიის საყვირს / ქუხილად ასდევს იდუმალი ქვესკნელთა ბანი, / დათა სასთუმლებს ძმებისაგან წაბილწულთ, წარყვნილთ, / ციურ კოშკთაგან განგმირავი ელვები ცვივა. / შლეგი დედები ყანწს ავსებენ შვილების სისხლით, / ძველი ცოდვების შესანდობარს სიცილით ცლიან. / დასცხეთ დაფდაფებს და სანთლების სევდიან ალში / ააფრიალეთ ქრისტეს ხატით ნაქარგი დროშა! / დასცხეთ დაფდაფებს, მიაჩუმეთ სიკვდილის მარში, / მეორედ მოსვლა მოახლოვდა, მეორედ მოსვლა".

პოეზიისთვის წამებული პოეტი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავის მშობლიურ ანაგაში დაკრძალეს.

ნელი ვარდიაშვილი