„ვაჟკაცურად, ღიმილით შეხვდა სიკვდილს - შემომხედა, გამიღიმა და ამით დამემშვიდობა...“
არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამყაროში დიდ კვალს ტოვებენ. არსებობენ ისეთებიც, ვინც საკუთარ სამყაროს ქმნის და მის კარს შენთვისაც აღებს. თენგიზ მირზაშვილი, იგივე ჩუბჩიკა, სწორედ ასეთი ადამიანი იყო. საზოგადოებას თავი მან არა მარტო ნახატებით დაამახსოვრა, არამედ 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორობითაც. მისი გამოფენები ევროპის მრავალ ქვეყანაში იმართებოდა. 10 თებერვალს მას 90 წელი შეუსრულდებოდა... ხატავდა ყველგან და ყოველთვის, თუმცა სახელოსნოში ხატვა ყველაზე მეტად უყვარდა. მაგიდებზე ერთდროულად რამდენიმე ტილოს გაშლიდა. ერთს იწყებდა, მეორეს დაამთავრებდა და მესამეზე ფიქრობდა. ხატავდა სტუმრებთან ერთად და მათ გარეშე. იშვიათია მხატვარი, რომელიც ამდენს ხატავდა და მის ნახატებს თანამედროვე ტექნიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ინფლაცია არ განუცდია, არ გაიაფებულა...
"თენგიზის აღარ ყოფნის შემდეგ სამყარო ჩემთვის გაცარიელდა"
ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი, თენგიზ მირზაშვილის ახლო მეგობარი:
- საერთოდ ქართველებს უჭირს, როცა ცოცხალია ადამიანი, იმისი აღიარება, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ქვეყნისათვის. ეს ჩვეულებრივ ქართული ხასიათია, მით უმეტეს, ჩუბჩიკა. მე არ ვეძახდი ასე, ვერასოდეს ვერ გავბედე. ბატონო თენგიზ-მეთქი, რომ ვეუბნებოდი, ვინაა ბატონი, შენ ხარ თვითონ ქალბატონიო, მეტყოდა ხუმრობით.
ის ჩემზე 22 წლით უფროსი იყო და არასოდეს მაგრძნობინებდა ამას. უბრალოდ, მისი გამოცდილებით, მისი დამოკიდებულებებით, ყველაფრით ხვდებოდი ამას. შენც გაიძულებდა ყოფილიყავი მარტივი, მართალი. ჩემი ბუნებაც მიწყობდა ხელს, რადგან ყველაფერი განმიზიდავს ხელოვნური. ამიტომ სულ ვუგებდით ერთმანეთს. ჯერ თენგიზი შუა გზაშია, რომ შეიგრძნოს ამ ქვეყანამ, რა აქვს გაკეთებული და დატოვებული. სანამ ვიცოცხლებ, სულ მექნება მასთან საუბარი. თენგიზის აღარ ყოფნის შემდეგ სამყარო ჩემთვის გაცარიელდა. განა ბოლომდე, მაგრამ დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი დასრულდა, მაგრამ ვერ სრულდება, ისეთი ძალა აქვს. ხან ბგერა გესმის ყურში, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცას აკეთებ, მისი გაფრთხილება ჩაგესმის, მისი ნახატები სულ ცოცხლად დაგტრიალებენ და როცა ვიქანცები, რამეზე ვდარდობ და შინ ვბრუნდები, ერთიანად დამიამდება ხოლმე ყველა ტკივილი, იმიტომ, რომ შინ, კედლებზე მხვდება... მე განსაკუთრებით მათამამებდა და განა ვერ ვხვდებოდი ამას? არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი, ან როგორი, თუ თენგიზს არ გადავეყრებოდი ჩემი ცხოვრების მანძილზე. იმ დღიდან დაიწყო სხვა ცხოვრება ჩემთვის. ვახუშტი კოტეტიშვილი ხშირად ამბობდა, თენგიზი ყოვლისმცოდნეაო. ამას მართლა ამბობდა, განა ხუმრობით? ღრმად იცოდა ყველაფერი. ყველა ჩემი ლექსი, რაც კი მის სიცოცხლეში დამიწერია, სულ ზეპირად იცოდა და ერთხელაც პატარა იაღლიში მოხდა, როცა ახალი შატილი გაიხსნა: ვახუშტი, ჩუბჩიკა, ამირანი, მე და გიგლა ფირცხალავა წავედით მანქანით შატილში. როგორც კი ჩავედით, ძველ შატილში ერთი ჩვენი ახლობლის, ხამურზა ჭინჭარაულის ოჯახში შევედით. ვიცოდით, რომ ბებო ჰყავდა ასაკოვანი ძალიან და ამ ბებოს ჩავუსხედით და ვიწერთ რაღაცებს. რაღაცა დრო რომ გავიდა, სულ გადაგვავიწყდა, რისთვის ვიყავით წასულები. ამ დროს მოდიოდა თურმე მთელი მთავრობა, ედუარდ შევარდნაძე და ყველა ის ადამიანი, იმ დროს ვინც მთავრობაში იყო. ბებოსთან საუბარი გაგვიგრძელდა და ამასობაში ჩამობინდდა. უცებ კარზე ძლიერი კაკუნი გაისმა, ვიღაც ხვნეშით შემოვიდა და ხმამაღლა კითხულობს: "ეთერ თათარაიძე აქ არის?" კიო, უპასუხა ჩვენმა მასპინძელმა. ახლავე უნდა წავიყვანოთ, კოცონთან ელოდებიანო. მე ვიფიქრე, რა კოცონი, სად უნდა წავიდე? ამასობაში შემოვარდა ოთახში ის ახალგაზრდა, - ქალბატონო ეთერ, უნდა წამოხვიდეთ ახლავეო. მე ამ დროს სულ ახალგაზრდა ვარ, რა ქალბატონი? თან ჩუბჩიკას ძმაკაცი ვარ (იცინის). მოკლედ, წავედით. შუაგულ მინდორში დიდი კოცონი ანთია და გარშემო სხედან ედუარდი, გვერდზე ჯანსუღი და ასე შემდეგ. უკან დგანან ვახუშტი და ჩუბჩიკა. ამ დროს ხმამაღლა გამოაცხადეს, ეთერო წაიკითხავს თავის ლექსსო. ვაი შენ ეთეროს! ზეპირად არც ერთი არ მახსოვს, არც რვეული მაქვს წამოღებული. ჩავიბურტყუნე ჩემთვის, არ ვიცი ზეპირად ლექსები-მეთქი და, ორ წამში გაჩნდა თენგიზი ჩემ გვერდით. მეუბნება, მე გიკარნახებ ჩუმად და შენ ხმამაღლა თქვიო. დაიწყო და პირველ სტრიქონს რომ მეუბნება, მეორე მახსენდება. ასე მივდივართ, მივდივართ და, მივადექით ბოლო სტროფს და უცებ ამოიხვნეშა, უხ, დამავიწყდაო, და ეს მეც ხმამაღლა გავიმეორე, დამავიწყდა-მეთქი... რა სიჩუმე ჩამოვარდა, ვერ წარმოიდგენთ. და ამ დროს ისე მაგრად გადაიხარხარა, ყველამ გახედა და სხვებიც აჰყვნენ. თან ხო მიხვდნენ, რომ ჩუბჩიკა მკარნახობდა. ამ დროს ჯანსუღ ჩარკვიანმა დაიძახა, მგონი, ამ ლექსებს ჩუბჩიკა წერს და ეთეროს აბრალებსო.
ბოლოს, უკვე როცა ძალიან ცუდად იყო, მე აღარ შემეძლო მისი ნახვა. დღეები, წუთები ჰქონდა დათვლილი. ასეთის ნახვა მე არ შემეძლო, თუმცა პირველ სიკვდილს ჩემს სიცოცხლეში თენგიზისას დავესწარი. არასდროს სიკვდილისას ადამიანი არ მენახა. ბოლოს საავადმყოფოში ვნახე. მე და ამირანი მივედით, კედლისკენ იყო გადაბრუნებული. მაკანკალებდა, ძაან ცუდად ვიყავი. რომ შევედი, იგრძნო, ოდნავ გადმობრუნდა და ხელი ოდნავ მომიჭირა, მერე მე გამოვედი და ამირანმა დაუხუჭა თვალები. ძალიან მაკლია და მენატრება.

"მამა-შვილივით ვიყავით, არადა, მე ხომ ერთი რიგითი ჟურნალისტი ვიყავი"
ლიკა გიორგაძე, ჟურნალისტი: - მაშინ პირველ არხზე ვმუშაობდი. თენგიზი სულ უარზე იყო, როცა გვინდოდა მისი ჩაწერა. ერთხელაც ვთქვი, რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა ჩავწერო-მეთქი. დავურეკე, უბრალოდ შევხვდეთ და გავისაუბროთ. გადაღებას არ დავნიშნავ, მხოლოდ გავისაუბროთ-მეთქი. სახელოსნოში დამიბარა. ძალიან თბილად ვისაუბრეთ. დრო ისე გავიდა, ვერ ვიგრძენი. დამშვიდობებისას ვუთხარი, ამდენი ხანია ვსაუბრობთ და სულ ორწუთიანი ინტერვიუ მინდა ჩავწეროთ-მეთქი. გამომხედა თავისი კეთილი თვალებით, გაიცინა და კარგი, კარგიო, მიპასუხა. "მოამბისთვის" ჩავწერე პატარა ინტერვიუ. მერე დიდი გადაცემაც გავაკეთე და დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო. მამაჩემის მერე ჩუბჩიკა იყო ჩემთვის ყველაფერი, ყველაზე დასაყრდენი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. როცა გამიჭირდებოდა, ვურეკავდი, რჩევას ვეკითხებოდი... მამა-შვილივით ვიყავით, არადა, მე ხომ ერთი რიგითი ჟურნალისტი ვიყავი მისთვის.
საოცრად ყურადღებიანი და დაკვირვებული იყო. მახსოვს, 90-იანი წლებია. მე და ჩემი შვილი "მარშრუტკაში" ვსხედვართ და სადღაც მივდივართ. პეკინზე ვართ. ტრანსპორტი ვიღაცამ გააჩერა და ჩავიდა. ამ დროს გაჩერებაზე ჩუბჩიკა დავინახე. გამოიხედა. დავუქნიეთ ხელი, კოცნა გავუგზავნეთ. ამასობაში "მარშრუტკა" დაიძრა და უცებ დავინახე, რომ ამოვიდა. ბავშვს მოეფერა, გამესაუბრა. ორი გაჩერების მერე დააპირა ჩასვლა და მგზავრობის ფული გადაგვიხადა. უი, ჩადიხართ უკვე-მეთქი. მე აქ თქვენ გამო ამოვედიო, და ჩავიდა. ეს შეიძლება სხვისთვის არაფერია და ჩემთვის და ჩემი შვილისათვის კი ყველაფერი იყო. ეს იყო რენესანსული ადამიანი. ერთნაირად ერკვეოდა მხატვრობაში, ლიტერატურაში, მუსიკაში... ფანტასტიკურად იცოდა მათემატიკა, ფიზიკა. "ვეფხისტყაოსნის" ნებისმიერ გამოცემაში რა სად და როგორ იყო, ყველაფერი ზეპირად იცოდა. ფენომენური მეხსიერება ჰქონდა. რაღაც დიდი მოვლენა იყო, რომელიც არ განმეორდება.

"ყოველთვის ვაფასებდი წამს მასთან ურთიერთობის"
გია მირზაშვილი, მხატვარი, თენგიზ მირზაშვილის შვილი: - ძალიან მკაცრი შემფასებელი იყო, მაგრამ რამე თუ მოეწონებოდა, მთელი გულით შემიქებდა. მკაცრი მამა იყო. მე გავაგიჟე ჩემი სმით, ნამეტანს ვშვრებოდი და არ მოსწონდა. უღვთოდ ვსვამდი და იმიტომ.
ბავშვობიდანვე ხელს მიწყობდა. მოჰქონდა მასალები, ოღონდაც მემუშავა. სულ მეუბნებოდა, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა შენ გხედავ შენს ფუნჯებთან ერთადო.
4-5 წლის ვარ დაახლოებით. ახალქალაქში რაღაცის რესტავრაციას აკეთებდნენ. ჩემთან ერთად ჩემი დეიდაშვილიც იყო. მახსოვს, კრამიტს ცვლიდნენ. იქვე ახლოს მიყუდებული იყო ძალიან მაღალი კიბე, შუაში ჩაზნექილი. ჩემი დეიდაშვილი ჩემზე უფროსი იყო და მარდად აირბინა კიბეზე. უცებ მამაჩემი მეძახის, მიდი, ადი შენც კიბეზეო. გავხედე გაკვირვებულმა, ისევ დამიძახა, ადი, ადი, დედალი ხომ არ ხარო! მახსოვს, გაჭირვებით, მაგრამ ავედი. თავიდანვე ისეთ რამეებს მაჩვევდა, რაც მერე ცხოვრებაში გამომადგა. დროდადრო კოდივით რაღაცებს მიდებდა ტვინში. ყველაფერი, რასაც კი მასწავლიდა, მერე ძალიან გამომადგა. რაც დრო გადის, ყველაზე მეტად მაკლია მისი არსებობა. ჯერ ერთი, ძალიან დიდი ზურგი იყო. სანამ გარდაიცვლებოდა, 4 წელი ფხიზელს რომ მიყურებდა, ძალიან უხაროდა. ყველა ჩემს გამოფენაზე პირველი დამთვალიერებელი იყო, როგორც გულშემატკივარი, როგორც კრიტიკოსი, თუმცა მხატვრობაში ჩვენი გემოვნება ძალიან ემთხვეოდა. დღეს საშინლად მაკლია როგორც პიროვნება, როგორც მამა და სულ ვფიქრობ, რომ არ შევარცხვინო მისი სახელი. ყოველთვის ვაფასებდი წამს მასთან ურთიერთობის. მაშინვე ვიცოდი მისი ფასი. მამაა და ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამას სულ ვგრძნობდი და სულ ვაფასებდი. ხინჯად არ მქონდა არაფერი ჩარჩენილი, არც ახლა მაქვს. ჩემს გამოფენაზე ან ლექსების კრებულის წარდგენისას სულ ვცდილობ ისე გავაკეთო ყველაფერი, როგორც მას ენდომებოდა. სულ ვგრძნობ, რა მოეწონებოდა და რა არა. იქიდანაც დამხმარებია ბევრჯერ. მაშინ როცა ყველაზე მეტად მიჭირს, საიდანღაც ვიღაც ჰონორარს მიგზავნის, ან სურათი მეყიდება. ჩემი მფარველია მამაჩემი.
ქვა და რკინა იყო. ეძინა ტყეში, ღრეში. უყვარდა სოფელი და სულ ამბობდა, ქალაქელი არა ვარო. თქვენ რომ არ მყავდეთ, იქ გადავსახლდებიო. ყველა გამოფენას იმდენად პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, რომ შეეძლო მუშაობაში დღეები გადაება და არ დაეძინა. როცა მარტო ჩვენ ორნი ვიყავით სახელოსნოში, დამიძახებდა და გახარებული მეტყოდა, აუ, ერთი ამას შეხედე, რა კარგი გამომივიდაო. ამ დროს ძალიან თავმდაბალი კაცი იყო.
უკანასკნელ დღეში იყო უკვე. მოიკრიბა ძალა, მივიდა მაგიდასთან და ხატვა დაიწყო. იცოდა უკვე ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ გვიმხელდა. მერე გაირკვა, ახლობლისათვის უთქვამს, რომ პირველივე წუთიდან იცოდა, რაც სჭირდა. ბოლოს დედას უთხრა, მეტი რა ვქნა, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლოო. თითქოს ებოდიშა. მართლა ვაჟკაცურად, ღიმილით შეხვდა სიკვდილს. ბოლო დღეს, უკვე წუთები რომ იყო დარჩენილი, შემომხედა, გამიღიმა და ამით დამემშვიდობა. გარდაცვალების მეორე დღეს წავედი სახელოსნოში. ფუნჯები და მასალები გაშლილი ელაგა მის სამუშაო მაგიდაზე. დავჯექი და სწორედ იმ ფუნჯებით მეც რაღაც გავაკეთე. იმ დღის მერე ღამე არ გავა, რომ სიზმარში არ ვნახო. რაღაც სურათს ვხატავ და ამ დროს კადრში სულ დგას, ხან რაღაცას მეტყვის, ხან მკითხავს. ზოგჯერ ისე შემოდის კონტაქტში, ცოცხალი მგონია. სიცოცხლეში სულ იცოდა ხოლმე, სახელოსნოში რომ შემოვიდოდა, მხარზე წამომარტყამდა ხელს ძმაკაცურად. ერთ დღესაც, სახელოსნოში მარტო ვზივარ და აშკარად ვიგრძენი, როგორ დამარტყა ზურგზე ხელი და ამ დროს ხმა ჩამესმა ცოცხლად, მომწონს, როგორც შრომობ და ეგ არის მთავარიო. სულ არ გამკვირვებია. რომც შემოსულიყო და ცოცხლად დამენახა, ისიც არ გამიკვირდებოდა.
რუსუდან შაიშმელაშვილი