„ბარდო, დენევი და ფონდა - მსოფლიოს ულამაზესი ქალები, რომლებიც როჟე ვადიმმა შექმნა“ - კვირის პალიტრა

„ბარდო, დენევი და ფონდა - მსოფლიოს ულამაზესი ქალები, რომლებიც როჟე ვადიმმა შექმნა“

მსახიობებს ბრიჟიტ ბარდოს, კატრინ დენევსა და ჯეინ ფონდას ერთი რამ ჰქონდათ საერთო - ეს იყო ქმარი. სხვადასხვა დროს სამივე ლეგენდარული ფრანგი რეჟისორის, როჟე ვადიმის ცოლი იყო. 1986 წელს როჟე ვადიმმა გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით "ბარდო, დენევი და ფონდა - ჩემი ცხოვრება სამ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალთან ერთად", მედიას კი განუცხადა: "თუ ეს წიგნი ცოტა ფულს მაშოვნინებს, ეს იქნება ძალიან მცირედი კომპენსაცია იმასთან შედარებით, რაც მე ამ სამ ქალს ვაშოვნინე ჩემი ფილმებით". ვადიმი არ ცდებოდა, მან შექმნა ლეგენდარული ქალები: ბარდო, დენევი და ფონდა. როჟე ვადიმი, იგივე როჟე ვადიმ პლემიანიკოვი, ემიგრანტი რუსი ოფიცრისა და ფრანგი მსახიობის ოჯახში დაიბადა. ვადიმი პარიზის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა არ დაუმთავრებია. 19 წლის ასაკში ის რეჟისორ მარკ ალეგრეს ასისტენტი გახდა, სწორედ აქედან იწყება მისი დაინტერესება კინემატოგრაფიით.

"...და ღმერთმა შექმნა ქალი"

ფრანგული ტალღის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ფრანსუა ტრიუფომ როჟე ვადიმის პირველ ფილმზე თქვა: "მგრძნობიარე და ინტელიგენტური ფილმია, რომელიც მის თაობას ეკუთვნის". ფილმის სარეკლამო სლოგანი კი ასეთი იყო "და ღმერთმა შექმნა ქალი, ეშმაკმა კი შექმნა ბარდო" - ბრიჟიტ ბარდოს დებიუტი სწორედ ვადიმის პირველ სარეჟისორო ფილმში შედგა. ბრიჟიტი და ვადიმი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ბარდო სულ რაღაც 15 წლის იყო, 1952 წელს კი 18 წლისა 24 წლის ვადიმს გაჰყვა ცოლად. 1956 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "და ღმერთმა შექმნა ქალი", რომელმაც სწრაფი პოპულარობა მოუტანა როგორც რეჟისორს, ასევე ბარდოს. "მე მინდოდა ამ ფილმით მეჩვენებინა ნორმალური ახალგაზრდა ქალი, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება სხვა ქალებისგან, რომ ბიჭივით იქცევა სინდისის ქენჯნის გარეშე, როგორც იქცევიან ხშირად მამაკაცები ქალებთან". ბარდოს პირველმა ფილმმა მას უდიდესი წარმატება მოუტანა, კინემატოგრაფიაში გამოჩნდა ლამაზი ქერა, მომხიბლავი ქალი, სახელად ბრიჟიტ ბარდო. ვადიმი კი მის სამსახიობო ოსტატობას ასე ხსნიდა: "რასაც ბარდო აკეთებს, არაფერია ამაში შოკის მომგვრელი, ის ასეთია, ბუნებითაა ასეთი". ორივესთვის წარმატებული ფილმი მოულოდნელად მათი ქორწინების დასასრულის დასაწყისად იქცა, რადგან ახალგაზრდა ბარდოს თავდავიწყებით შეუყვარდა მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი ჟან-ლუი ტრენტინიანი. ვადიმსა და ბარდოს საერთო შვილი არ ჰყოლიათ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე დარჩნენ მეგობრებად.

427821982-1396194884369703-3863935755828583304-n-1708275031.jpg

სულ სხვა კატრინ დენევი

1959 წელს როჟე ვადიმმა გადაიღო ფილმი "სახიფათო კავშირები", სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ ჟანა მორო, ჟერარ ფილიპი და დანიელი მოდელი ანეტ სტროიბერგი. ვადიმის შემდეგი სამიზნე და 1958-61 წლებში მისი მეუღლე ანეტი გახდა. რეჟისორის პოპულარობა იზრდებოდა და იზრდებოდა მისი წარმატება ქალებშიც. მათი შეხვედრის მომენტში დენევს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მსახიობი გახდებოდა, ვადიმი კი უკვე ცნობილი რეჟისორი იყო. ერთმანეთს პარიზში, მონპარნასზე, ღამის კლუბში შეხვდნენ. კატრინი მისი უფროსი დის, უკვე ცნობილი მსახიობის ჩრდილქვეშ იყო, თუმცა ვადიმი ზუსტად მისით მოიხიბლა. მიუხედავად დენევის ოჯახის წინააღმდეგობისა, ის მაინც გადავიდა ვადიმთან საცხოვრებლად, რომელსაც იმ დროს ანეტ სტროიბერგი ჰყავდა ცოლად. სიყვარულით დაბრმავებული დენევი მალე გახდა ვადიმის მუზა, რეჟისორმა გადაწყვიტა კიდევ ერთი ცოლი გაეხადა ვარსკვლავი. მალე ეკრანზე გამოჩნდა ქერა, დახვეწილი ჩაცმულობის, რომანტიკული და იდუმალი გარეგნობის კატრინ დენევი. წყვილს არასდროს უქორწინია. ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც ანეტ სტროიბერგმა შეიტყო, რომ წყვილი ოფიციალურად დაქორწინებას გეგმავდა, ვადიმს დაურეკა და შვილის წართმევით დაემუქრა. ანეტისა და ვადიმის შვილი იმხანად ვადიმთან ცხოვრობდა, გოგონას რეჟისორი და კატრინ დენევი ზრდიდნენ. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რამაც რეჟისორს კატრინზე ოფიციალურად დაქორწინება გადააფიქრებინა. ვადიმის მიერ კინოსცენაზე გამოყვანილი დენევი მალე ფილმ "შერბურის ქოლგებში" მთავარ როლზე დაამტკიცეს, ვადიმთან ქორწინება კი თანდათან გაფუჭდა, თითქოს მან საკუთარი მისია "დენევის ვარსკვლავად გადაქცევისა" შეასრულა. მოგვიანებით ინტერვიუში დენევი კარიერის დასაწყისს ასე გაიხსენებს: "ჩემი წარსული 16-დან 21 წლამდე როჟე ვადიმია". მათი საერთო შვილი კი, კრისტიან ვადიმი, 1963 წელს დაიბადა. მოგვიანებით ვადიმმა დენევის შესახებ თქვა: "დენევის ქორწინება ბრიტანელ ფოტოგრაფზე მხოლოდ ჩემზე გამიზნული შურისძიება იყო". ამ ქორწინებით დენევმა სამუდამოდ დახურა მისი ცხოვრების ერთი ნაწილი, სახელად ვადიმი.

როჟე ვადიმის მოგზაურობა სამოთხეში

1964 წელს ვადიმმა გადაიღო ფილმი Circle of Love, სადაც ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად მაშინ დამწყები მსახიობი ჯეინ ფონდაც თამაშობდა. ფილმმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ჯეინ ფონდას შიშველი სცენის გამო, თუმცა რეჟისორი იმდენად კმაყოფილი იყო, რომ მორიგ სასიყვარულო თავგადასავალში გადაეშვა. 1965 წლის 14 აგვისტოს ჯეინ ფონდამ და როჟე ვადიმმა ლას-ვეგასში იქორწინეს, ორი წლის შემდეგ კი ქალიშვილი გაუჩნდათ რომელსაც ვანესა დაარქვეს. ჯეინ ფონდამ ვადიმის რეჟისორობით კიდევ ორ ფილმში მიიღო მთავარი როლი The Game Is Over და "Barbarella". 1973 წელს, 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილი განქორწინდა. 2002 წელს ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ჯეინ ფონდამ ვადიმი ასე გაიხსენა: "ვადიმმა გააღვიძა ჩემში სექსუალურობა. ეჭვგარეშეა, მიზიდულობას ვადიმის ცხოვრების სტილი იწვევდა, რადგან ის ძალიან განსხვავდებოდა იმ გარემოსგან, სადაც მე გავიზარდე". როგორც ფონდას ბიოგრაფი იუწყება, ვადიმი არ მიიჩნევდა ღალატად სხვა ქალებთან დროის გატარებას. თავდაპირველად ფონდა "გაგებით" მოეკიდა ქმრის ასეთ მიდგომას, თუმცა მოგვიანებით მოჰბეზრდა ქმრის თავისუფალი ცხოვრება და განქორწინება მოითხოვა.

1975 წელს როჟე ვადიმმა კიდევ ერთი ქორწინების შემდეგ თქვა: "შეცდომა, რომელიც მე დავუშვი, შემდეგში მდგომარეობს - ისევ ის ქალები გავხადე პოპულარული, რომლებზეც ვიქორწინე, მანამდე კი მათ არავინ იცნობდა".

ამჯერად რეჟისორის რჩეული მსახიობი კატრინ შნაიდერი იყო, "შეცდომა" კი ვადიმმა 1990 წელს გამოასწორა, როდესაც შეხვდა მარი კრისტინ ბაროს, რომელიც უკვე პოპულარული მსახიობი იყო, კვლავ იქორწინა და მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე, 2000 წლამდე იცხოვრა.

427891737-906510974296578-1790615678705910519-n-1708275031.jpg

"ასე მაქვს ჩემი სიკვდილი წარმოდგენილი: გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამოთხის კარიბჭეს მივადგები, იქ წმინდა პეტრე დამხვდება და მეტყვის, მოხარული ვართ შენი ნახვით, როჟე, შენ კარგი ადამიანი იყავი, ახლავე გაჩვენებ შენს სამუდამო სასუფეველს, მაგრამ მანამდე ერთი რამ მინდა გკითხო: როგორი იყვნენ კატრინ დენევი, ბრიჟიტ ბარდო და ჯეინ ფონდა ახალგაზრდობაში? როდესაც მე მათ ვიხილავ, უკვე მოხუცები იქნებიან, ვერასდროს ვნახავ მათ ახალგაზრდებს, ამიტომ გთხოვ მომიყევი, როგორი იყვნენ ისინი?" - ასე აღწერა ვადიმმა თავისი მოგზაურობა სამოთხეში 1984 წელს მედიასთან მიცემულ ინტერვიუში. რეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება ბარდოს, დენევისა და ფონდას გარდა, მისი სხვა ცოლების წარმატება, ცნობილი იყო სკანდალური ფილმებითა და მექალთანე ბიჭის სახელით. "თქვენ არ ჰკითხავთ ოგიუსტ როდენს, თუ შეუძლია მახინჯი ქანდაკების შექმნა, ასევე ვარ მეც, წარმოუდგენელია ჩემი ფილმები ლამაზი ქალების გარეშე, ეს ჩემი სტილი, ჩემი ბუნებაა", - ამბობდა ვადიმი. როჟე ვადიმი 72 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა, დასაფლავებულია სენ-ტროპეში, ზუსტად იქ, სადაც მისი და ბრიჟიტ ბარდოს პირველი ფილმი "და ღმერთმა შექმნა ქალი" გადაიღო. რეჟისორის დაკრძალვას ყველა მისი ცოლი ესწრებოდა - ასე გააცილეს ცხოვრების ბოლო გზაზე მსოფლიოს ულამაზესმა ქალებმა, რომლებიც ერთ დროს როჟე ვადიმმა შექმნა.