გზა აფხაზეთიდან ისრაელის ცნობილ სცენამდე და ომის შედეგად თავს დამტყდარი ტრაგედია... - კვირის პალიტრა

გზა აფხაზეთიდან ისრაელის ცნობილ სცენამდე და ომის შედეგად თავს დამტყდარი ტრაგედია...

2023 წლის 29 ოქტომბერს ისრაელში დატრიალებულმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. 9 წლის თამარ ჰაია ტორფიაშვილს გული მას შემდეგ გაუჩერდა, რაც საჰაერო განგაში გამოცხადდა და სირენები ჩაირთო. გოგონა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი დალი ხუხაშვილის შვილიშვილი იყო... დალის და, დიანა ხუხაშვილი-ბენიაშვილი ისრაელში ქართულ სიმღერებს ათწლეულებია პოპულარიზაციას უწევს.

- მარტვილის რაიონის სოფელ ბანძიდან ვარ. ჯერ სამეგრელოში, შემდეგ აფხაზეთში ვიზრდებოდი. ჩემი და, დალი, ჩემზე ერთი წლით უმცროსია. ორივე სიმღერის ნიჭით დავიბადეთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული მოვლენა არ იყო. საქართველოში ყველა მღეროდა. მამას ძმა, გიორგი ხუხაშვილი, ცნობილი დრამატურგი გახლდათ. მამა მსახიობი იყო, თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ სასწავლებელში არ უსწავლია. ჩვენს სოფელში განთქმული ლოტბარი და ექიმი ოთარ დიხამინჯია ცხოვრობდა. მას ორი გუნდი ჰყავდა. პირველად სცენაზე მარტვილში გამოვედი (მაშინ მარტვილს გეგეჭკორი ერქვა). 1957 წელი იყო, მე პირველ კლასში ვიყავი, ჩემი და კი ბაღში დადიდა. ოთარ დიხამინჯიას სიმღერა "მერცხალი" სკოლის გუნდთან ერთად იმდენად ლამაზად შევასრულეთ, რომ ყველა აღფრთოვანებული დარჩა.

ათი წლის ვიყავი, მამა ქართულ დრამატულ თეატრში მიიწვიეს და ოჯახი თან წაგვიყვანა. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, შემდეგ მუსიკას ვასწავლიდი. ომი რომ დაიწყო, ჩემი უმცროსი შვილი ექვსი წლის იყო, უფროსი 18 წლის და სასწავლებლად მოსკოვში გავუშვით. სკოლა, სადაც ვასწავლიდი, რუსულ-ქართული იყო, თვითმფრინავში რომ ვსხდებოდით, მოსწავლე ბიჭები სამხედრო ფორმით მოვიდნენ გასაცილებლად, იქ აღარ იყო გარჩევა ვინ ებრაელი იყო, ვინ ქართველი, ყველა ქართულენოვანს დევნიდნენ. გვეგონა, ომი მალე დამთავრდებოდა და მეუღლე აფხაზეთში დარჩა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ყველაფერი დავკარგეთ. იმედს არ ვკარგავ, რომ საქართველო აფხაზეთს დაიბრუნებს და მე და ჩემი მეუღლე თუ ვერა, ჩვენი შვილები მაინც საკუთარ სახლს ნახავენ.

- ომს გამოქცეულებმა თბილისს შეაფარეთ თავი.

- თბილისში წელიწად-ნახევარი ვიყავით... 1993 წელი იყო. ვერასოდეს დავივიწყებ, როგორი სითბოთი გვეპყრობოდნენ.

- ისრაელში წასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- ისრაელში 1993 წლის ოქტომბერში წამოვედით. შევარდნაძის მმართველობის პერიოდი იყო, არეულობა, ქაოსი იწყებოდა. მაშინ ისრაელში ძალიან ბევრი მიდიოდა, ჩვენს მერე ბევრი ახლობელი და ნათესავი ჩამოვიდა. პირველი წლები ძალიან მძიმე იყო, სულ ვტიროდი, არც ენა ვიცოდი. ჩემი მეუღლისთვისაც ურთულესი იყო, მაგრამ ამას არასოდეს გამოხატავდა.

ერთხელ ქალაქში გავედი, სადაც კურსელი, მევიოლინე სუსანა ზლატკინა შემხვდა. რომ დამინახა, სიხარულით გაგიჟდა და გუნდში წამიყვანა. ჩვენი ხელმძღვანელი, მუსიკალური სასწავლებლის ყოფილი დირექტორი მოშე შლიახტმანი არაჩვეულებრივი პიროვნება და მუსიკოსი აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, 45 წლის ასაკში ისევ სცენაზე დავდექი.

ერთხელ საზეიმო სუფრაზე გუნდის ხელმძღვანელმა მითხრა, ქართველი ხარ, და "სულიკო" გვიმღერეო. დავიწყე ამ უკვდავი სიმღერის შესრულება და ყველა აღფრთოვანებული მისმენდა. ზოგი ამყვა კიდეც. ამის შემდეგ გუნდში სოლისტად გამოვდიოდი. შემდეგ სხვა გუნდის ხელმძღვანელმა, ილია ბრავერმანმა, მიმიწვია და იქაც წარმატებული სოლისტი გავხდი. ილია ბრავერმანი კიევიდან იყო, უკრაინის დამსახურებული მოღვაწე. თავიდან მთხოვა, ფილმიდან "ჭრიჭინა" ის ცნობილი სიმღერა მიმღერე, ფილმში ლეგენდარული მედეა ამირანაშვილი რომ ასრულებსო. მალე თეატრშიც აღმოვჩნდი, თან ვმღეროდი, თან სცენაზე ვთამაშობდი, როგორც მოყვარული... რეკლამებშიც მიწვევდნენ.

2009 წელს ანსამბლი "საპოვნელა" დავაარსე. საქართველოდან მომღერლები მოწვევით ჩამოდიოდნენ და დუეტები შევქმენით. აქ ჩემი პარტნიორია არაჩვეულებრივი ბარიტონი თამაზ გედევანიშვილი. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ანსამბლი დროებით დაიშალა, მაგრამ 2016 წელს ჩემმა მეგობარმა, მუსიკოსმა პოლინა აიზენბერგმა შემომთავაზა, რომ ისევ შეგვეკრიბა მუსიკოსები და 2017 წლიდან ანსამბლი აღდგა.

israeleli-bavshvi-w-h-77477-1708281230.jpg

- სამწუხაროდ, თავს დიდი ტრაგედია დაგატყდათ. მსოფლიო პრესა იუწყებოდა, რომ 9 წლის თამარ ჰაია ტორფიაშვილს გული მას შემდეგ გაუჩერდა, რაც საჰაერო განგაში გამოცხადდა და სირენები ჩაირთო. ბავშვი თქვენი დის, დალის შვილიშვილი იყო...

- დიახ, დიდი ტრაგედია მოხდა. ჩემს დას რომ ვესაუბრები, სულ ვტირით. ბავშვი მან გაზარდა, რადგან დედამისი, მანანა სეფი, ისრაელში ცნობილი მოცეკვავეა და ხშირად ძალიან დაკავებული იყო. ამ ტრაგედიის მერე მე ვეღარ ვმღერი.

- საქართველოში თუ ჩამოდიხართ?

- საქართველო ძალიან მენატრება... 2012 წელს რამდენიმე დღით ჩამოვედი, მოვინახულე თბილისი, ქუთაისი, ბათუმი... საქართველოში თუ რამ ხდება, დეტალურად ვიცი, რადგან ყველა საინფორმაციოს თვალს ვადევნებ.