პრეზიდენტის იდეა, „თავდაჯერებული“ ოპოზიცია და მმართველი პარტიის მანევრები - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის იდეა, „თავდაჯერებული“ ოპოზიცია და მმართველი პარტიის მანევრები

პრეზიდენტის პარლამენტში გაცხადებული კონსულტაციები, ფაქტობრივად, რუტინად იქცა, ვერ გახდა ნათელი, რა აქვს პრეზიდენტს ჩაფიქრებული და ეს ყველაფერი რით შეიძლება დასრულდეს. იმავდროულად მმართველმა პარტიამ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია დაიწყო. ეს პარტიებიც მარტივად წამოეგნენ ამ ანკესს და დაიჯერეს, რომ ხელისუფლება მთავარ ოპონენტებად მიიჩნევს და მათი ეშინიათ. ცხადია, ეს მათი გაერთიანების შანსებს სულ უფრო ამცირებს, რაც ხელისუფლებასაც აწყობს და რაც "ნაცმოძრაობას" ეწყინება... ამ პროცესში რაღაც პერსპექტივა მაინც სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრებში ჩანს, რადგან, რაც უნდა რუტინად იყოს ქცეული, მაინც არის დალაპარაკების შანსი. მეორე საკითხია, ამას ვინ როგორ გამოიყენებს, რაზეც ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ, მაგრამ თანხმდებიან, რომ თავად პრეზიდენტის მიზნებია გაურკვეველი და დასკვნის გაკეთებაც ძნელია. მის პერსპექტივებზე ხედვებიც განსხვავებულია.

პრეზიდენტის ევროპული კარიერა?

sayvarelidzee.png

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი კარიერის ევროპაში გაგრძელებას შეიძლება გეგმავდეს, ახალი არ არის და მმართველი პარტიის პირველი პირებისგანაც არაერთხელ გახმაურდა. ამ იდეას ემხრობა პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც, მაგრამ ის იმასაც ამბობს, რომ ამ გეგმების ხორცშესხმისთვის შეიძლება სჭირდებოდეს სწორედ ამ შეხვედრების ორგანიზება.

- მიჭირს რამის თქმა, რადგან ასეთ პროცესებში ხშირად თავად ინიციატორმა არ იცის, რა ფაქტორის გამო მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს. მაგალითად, რა ფაქტორის გამო გახდა ქალბატონი სალომე ასეთი აგრესიული ხელისუფლების მიმართ და ა.შ., მაგრამ ერთადერთი, რაც მგონია, ის არის, რომ ქართული პოლიტიკა არ უნდა იყოს მისთვის მნიშვნელოვანი. ბევრს ჰგონია, საქართველოს პრეზიდენტობა ბევრის ნატვრაა. კი, შესაძლოა ბევრისთვის მართლაც სანატრელია, მაგრამ სალომემ მაინც იცის, რომ პრეზიდენტობა საპარლამენტო რესპუბლიკაში ისეთი რამაა, რომ სავარძელს კი მოგცემენ, მაგრამ იქიდან ადგომის უფლებას არა და არა მგონია, ეს მისთვის მომხიბლავი პერსპექტივა იყოს. ამიტომაც არ გამიკვირდება, რომ მიზნად პრეზიდენტობა არ ჰქონდეს, მაგრამ არც ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა სურდეს. თანაც საკმაოდ პრაგმატული და გონიერია და მგონია, მისი მიზანი შეიძლება უცხოეთში წასვლაა. ჩავა საფრანგეთში და რაიმე სამსახურს მოუძებნიან. საქართველოსთან კავშირი მისთვის რა აუცილებელია?

- თქვა, რომ არ აპირებს წასვლას. თუ ეს მიზანი აქვს, რაში სჭირდება ეს შეხვედრები?

- უცხოეთშიც ხომ სჭირდება პოლიტიკური სახე და, ალბათ, ამისთვის.

- მაშინ უფრო მეტად არ უნდა იყოს შედეგის მიღწევით დაინტერესებული?

- შევხედოთ პოლიტიკურ დასავლეთს, ყოველთვის შედეგზე ზრუნავს? ძალიან ხშირად მათი მიზანია რაღაცას მიაღწიონ. აი, ეს რაღაცის მიღწევა, ანუ ძალისხმევა იმისთვის, რომ ყველაფერს შედეგი ჰქონდეს, ნაკლებად იკითხება და უფრო მეტად ძალისხმევა ძალისხმევისთვის ჩანს. გარდა ამისა, ის არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს დემოკრატიაზე, ევროპულ გზაზე, და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატია, იმ გაგებით, რომ ოპოზიციასთან ახლოს იყოს და არ იყოს მხოლოდ ხელისუფლების მსახური, რასაც აქაური ოპოზიციონერები ხშირად აბრალებდნენ. ეს არ იქნებოდა კარგი დასავლეთში წარდგენისთვის და ამიტომაც ოპოზიციისკენ ასეთი გადახრის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დასავლეთთან პოლიტიკური იმიჯის შექმნაა.

- ოპოზიციას როგორ შეუძლია მისი ამ ინიციატივის გამოყენება?

- ოპოზიციაში ხშირად ამბობენ, გაერთიანებაა საჭიროო, მაგრამ რამდენიც უნდა გაერთიანდნენ საბავშვო ბაღში ბავშვები, ისინი, ალბათ, რაიმე სერიოზულს ვერაფერს შექმნიან. ოპოზიცია კი, ყველაზე კარგი სიტყვებით რომ დავახასიათოთ, ძალიან ხშირად ტოვებს ასეთი ბავშვურად მოქმედი ადამიანების შთაბეჭდილებას.

ვახტანგ ძაბირაძე, ანალიტიკოსი:

dzabiradzeee.png

- ინიციატივა, რომელიც ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან წამოაყენა, პირველი არ ყოფილა. ასეთივე ინიციატივები მას ადრეც ჰქონდა, მაგრამ ყველამ ისე ჩაიარა, შედეგი არ მოჰყოლია. ამ ბოლო განცხადების მიზანიც გაუგებარია, ბუნდოვანია, აქედან რას ელოდება. პროდასავლურ პარტიებს შევკრებო, და "ალტინფოს" გარდა, ყველა პარტია ამბობს, პროდასავლური ვარო და ვინ უნდა შეკრიბოს, გაუგებარია. თავად გაერთიანების იდეა გაუგებარია, რადგან ელექტორატში ნელა, მაგრამ მაინც მიდის დიფერენცირება - ანუ "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარდა, სხვა პარტიების მხარდამჭერები ნელ-ნელა იკვეთება და ახლა მათი ისევ ერთ მაგიდასთან შეკრება "ოცნების" გამარჯვება იქნება. ამიტომაც ჩემთვის გაუგებარი ინიციატივაა. თუ რაღაც დოკუმენტი უნდა შეიქმნას, მაშინ ასე ხშირი შეკრებები რაში სჭირდება? თუ რაღაც ერთობა უნდა ჩამოყალიბდეს, მაშინ ეს ცოტა გაუგებარია.

- ეს ვის რას შეიძლება აძლევდეს?

- პრობლემა სხვა რამეა. ოპოზიციის გაერთიანება შეიძლება ზედა რგოლებში მოხდეს, მაგრამ ეს ხომ ამომრჩეველს არ გააერთიანებს? "ქართული ოცნება" ერთ თამაშს თამაშობს, ძველებურად გაიძახის ყველა "ნაცმოძრაობააო", და როდესაც საკითხი დგება, "ქართული ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა", გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ყოველთვის "ქართულ ოცნებას" ირჩევს. ამიტომ ოპოზიციის ამოცანა გაერთიანება კი არ უნდა იყოს, არამედ ის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი მთლიანად აითვისოს. ეს დიდი გაერთიანება კი ოპოზიციურ ამომრჩეველს დააკარგვინებს და მიუმატებს "ქართულ ოცნებას". ამიტომაც ცდილობს "ოცნება", რომ მთელი ოპოზიცია "ნაცმოძრაობად" მონათლოს. როგორც იქნა, დაიწყო ოპოზიციამ დიფერენცირება და ამიტომაც "ოცნებამ" "ლელო" და გახარია ამოიღო მიზანში, რადგან ამომრჩევლისთვის ეს ორი ძალა "ნაცმოძრაობის" გარეთ მყოფია და როდესაც მათ ერთ მაგიდასთან დასხამ, რიგითი ამომრჩევლისთვის ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთად არიან. ამას ემატება მმართველი ძალის პროპაგანდაც, რომ ყველა "ნაცმოძრაობაა", და შედეგად არჩევანი კეთდება ისევ "ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" შორის. ამიტომ გაუგებარია ასეთი იდეები, რომ გინდა ყველა ისევ ერთ წრეში მოაქციო. "ნაცმოძრაობა" უნდა დარჩეს ცალკე, თავისი განაყოფებით. დანარჩენი, ყველაზე მეტი, შეიძლება გაერთიანდეს "ლელოსა" და გახარიას გარშემო, ცალ-ცალკე და არავითარ შემთხვევაში ერთად. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი თავისი ოპოზიცია-ხელისუფლებიანად რეიტინგგამოცლილია და სასწაულებს ვერ მოახდენენ, მაგრამ ამოცანა ერთპარტიულობის დამარცხება უნდა იყოს.

- გახარიასა და "ლელოს" გაერთიანება მიზანშეწონილად არ მიგაჩნიათ და გაერთიანე- ბით რა გაფუჭდება? ამით არ გაჩნდება შანსი, რომ ძლიერი მესამე ძალა ჩამოყალიბდეს?

- თუკი ეს მოხდება "ნაცმოძრაობის" დანაყოფების გარეშე, მაშინ საუკეთესო ვარიანტი იქნება. მე გამოვრიცხე მათი გაერთიანება ამ ძალებთან ერთად, რათა ელექტორატი არ დაიკარგოს. მათ გარეშე კი, ვიმეორებ, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომელსაც ექნებოდა პრეტენზია, არჩევნებზე პირველი ადგილი დაეკავებინა, არათუ მესამე ან მხოლოდ ბარიერის გადალახვაზე ყოფილიყო ორიენტირებული. დღევანდელი მოცემულობით, პირველ ადგილს დაიკავებს "ქართული ოცნება", მეორეს "ნაცმოძრაობა", მესამე იქნება გახარია, მეოთხე შეიძლება იყოს "ლელო", თუ ბარიერს გადალახავს. მაგრამ ეს ორი თუ გაერთიანდება, მაშინ, შეიძლება პირველი ადგილზე ჰქონდეთ პრეტენზია.

- იქნებ ზურაბიშვილს სწორედ ამ კატეგორიის გაერთიანება აქვს ჩაფიქრებული?

- მაშინ ასეთი შეთავაზება არ უნდა გაეკეთებინა, ყველა მოდითო, და კონსულტაციები მათთან უნდა დაეწყო და მაშინ ეს საფუძველი მართლაც რეალური იქნებოდა. სხვათა შორის, თუკი ეს დიდი გაერთიანება შედგა, მისი ლიდერი შეიძლება სალომე ზურაბიშვილიც კი გახდეს. თუმცა ეს ის შემთხვევაა, რომ ძალიან ნაკლებად უნდა გაინტერესებდეს საკუთარი პოლიტიკური კარიერა და მართლაც ქვეყნის ინტერესებს აყენებდე პირველ ადგილზე, მაგრამ ამას რომელი გააკეთებს, ხაზარაძე თუ გახარია? სამწუხაროდ, ვერც ერთში საიმისო პოტენციალს ვერ ვხედავ, რომ ქვეყნის ინტერესები წინ დააყენონ.

ერთ-ერთმაც რომ გადადგას ეს ნაბიჯი, ვთქვათ, "ლელომ" და თუნდაც ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილთან კოალიცია შექმნას, ამან შეიძლება გახარია საერთოდ ჩაძიროს. გახარიას ამომრჩეველი უფრო "ოცნებაზე" იმედგაცრუებული ამომრჩეველია და თუკი ნახავენ ძლიერ ცენტრს, იქით გადაიხრებიან, მით უმეტეს, რომ ჯერ ისევ გაურკვეველია მელიას პარტიის ბედი და ისიც კი არ ვიცით, გვარამია იქნება მასთან თუ არა. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია მათი ამომრჩევლის საკითხიც. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ძლიერი მესამე ძალის შექმნის შემთხვევაში, ისინიც იქით გადაიხარონ. თუმცა ვიმეორებ, მე არა მაქვს იმედი, რომ გახარიამ და "ლელომ" მოახერხონ გაერთიანება, ან "ლელომ" შეძლოს ხალხის შემოკრება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში გახარიაც და "ლელოც" ძალიან გააქტიურდნენ. საპასუხოდ იწყება ხელისუფლების ძალიან აგრესიული კამპანია მათ წინააღმდეგ და არჩევნებზე ცალ-ცალკე რას შეძლებენ, ძნელი სათქმელია.

დამალული დოკუმენტების სკანდალი

ბოლო დღეებში ძალიან საინტერესო იყო პრემიერ-მინისტრის რანგში კობახიძის მიერ ერთი ბრძანების გამოქვეყნება, რადგან ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ყველა ბრძანება დახურული იყო, არ გამოქვეყნებულა და მოთხოვნის შემდეგაც კი არავის აძლევდნენ, და ამან ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა თავად ღარიბაშვილის საქმიანობის შესახებ. თუმცა ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ ბრძანებების დამალვა გახარიას პრემიერობის მეორე ნახევარში დაიწყო. მართალია, ეს ტექნიკურ პრობლემებს დაბრალდა, თითქოს საიტი იყო გაუმართავი და ამიტომ ვერ აქვეყნებდნენ, რაც ძალიან სასაცილოა, რადგან მთავრობა 4 წლის განმავლობაში ერთ საიტს თუ ვერ გამართავს, ხელისუფლებაში ყოფნაზე რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ სხვაგანაც შეიძლებოდა გამოქვეყნება. თუმცა მთავარი მაინც ამ თემის ახლა გააქტიურება და ხელის გახარიასკენ გაშვერაა, რაც აჩენს განცდას, ხომ არ გახდება საფუძველი მის წინააღმდეგ თუნდაც გამოძიების დასაწყებად და მაშინ ღარიბაშვილს რაღას უპირებენ. საინტერესო ის არის, რომ ანალიტიკოსები არაფერს გამორიცხავენ, არც იმას, რომ ეს გახარიას წინააღმდეგ ნიადაგის მოსინჯვა იყოს და თუ დასჭირდათ, ღარიბაშვილსაც გაწირავენ.

რამაზ საყვარელიძე: - ოპოზიციას ბავშვურ ქცევაში დავდე ბრალი და არც "ოცნებას" უყვარს რთული თამაშები. რომ უყვარდეს, მაშინ შეიძლება თავად ყოფილიყო ამ ტიპის პროცესების ინიციატორი. თუმცა ეს ამბები რომ სკდება, არც ის ვიცით, "ქართულ ოცნებას" ამაში ხელი აქვს თუ არა. სავარაუდოდ, შიგნით სურთ როგორც გახარიაზე, ასევე ღარიბაშვილზე ჩრდილის დაცემა და ამისთვის ვინ როგორ ითამაშებს, მათ გაბედულებაზეც და სვლების სირთულეზეც არის დამოკიდებული. თუმცა ასეთი რთული საჭადრაკო სვლები ქართულ პოლიტიკაში იშვიათად გვინახავს, უფრო "შაშკის" დონეზე მიდის პროცესები. ამიტომ ვერ გეტყვით, შესაძლებელია თუ არა ეს პროცესი უფრო მრავალასპექტიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ამ ეტაპზე ჩანს.

ვახტანგ ძაბირაძე: - ჩემი აზრით, "ოცნება" ნიადაგს ამზადებს და ამის ნაწილია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაც. შემდეგ შეხედავენ და, თუკი საჭირო გახდა, ღარიბაშვილსაც გაწირავენ. "ქართულ ოცნებას" კი ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ იცის, რომ ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველს ვეღარ წაიყვანს და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ ის დაქსაქსოს, მათი ხმები დაიკარგოს, რაც ნიშნავს, რომ ამ ხმებს რეალურად ის წაიღებს. ამ პროცესში თუ დასჭირდება, "ლელოსა" და გახარიას ჩაძირავს, ამისთვის ამზადებს ნიადაგს. ამის ნაწილი მგონია დოკუმენტებთან დაკავშირებული კამპანიაც. თუკი ეს სცენარი ღარიბაშვილის გაწირვასაც მოითხოვს, უპრობლემოდ გაწირავენ. ჩემი აზრით, ჯერ არ იციან, რა ჯობს, ორივემ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, ამაში ხელი არ შეუშალონ და ორივესთან ივაჭრონ, კარგი გაგებით, თუ ერთ-ერთი ჩაიძიროს და მეორეს ისე გაუხდეს საქმე, სავაჭროც კი არაფერი ჰქონდეს. ამ პროცესს აკვირდებიან, ამზადებენ ნიადაგს და ამომრჩევლის ზომბირებას აკეთებენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამაში თავად ოპოზიცია უწყობს ხელს.

რუსა მაჩაიძე