„ახალგორში ისეა დაბეჩავებული ხალხი, თვალწინ შვილი რომ მოუკლან, შეიძლება ხმაც ვერ ამოიღონ“
არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის საქმეში წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევი ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საოლქო პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. როგორც ახალგორში ამბობენ, გურწიევი განსაკუთრებული სისასტიკითაა ცნობილი, სძულს ქართველები და ცხინვალის რეჟიმს ის ივნისში დაგეგმილი ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველების დასატერორებლად სჭირდება.
ტატუნაშვილის მკვლელობის გარდა, გურწიევის სახელთანაა დაკავშირებული ახალგორში 19 წლის დავით ბაშარულის მკვლელობაც.
პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: "დავით გურწიევი ახალგორელია, ახალგორში სახლი აქვს, მისი მშობლებიც იქ ცხოვრობენ. ცნობილია ქართველთმოძულეობით. ახალგორში მოსახლეობის უმეტესობა ყოველთვის ქართველი იყო, იქ მცხოვრები ოსები რიგ შემთხვევაში გაქართველებული იყვნენ და ქართველებიც უყვარდათ. ისტორიულად ასე იყო. თუმცა გურწიევი და მთელი მის ოჯახი გამონაკლისია ქართველების სიძულვილით და ეს ტატუნაშვილის საქმეშიც გამოჩნდა. როდესაც ასეთ უღირს ადამიანს აბრუნებენ რაიონში, ეს გარკვეულწილად შეტყობინებაა ახალგორის ქართველი მოსახლეობისთვის, რომ ცხინვალი არ აპირებს რაღაც შემსუბუქებებს და ქართველების მიმართ კვლავაც სიმკაცრე იქნება. ივნისში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებია და ჩემი აზრით, გურწიევი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ინიშნება. იმედი აქვთ, შიშის დანერგვით მოახერხებს ხმების გაყალბებას. მოსახლეობა ხმას ვერ ამოიღებს და მმართველი ძალა ახალგორიდან მაქსიმალურ ხმებს მიიღებს".
როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, დე ფაქტო არჩევნებში ახალგორიდან კენჭს იყრის ამჟამინდელი ე.წ. სახელისუფლებო დეპუტატი ზაზა დრიაევიც და სწორედ მისი ხელახლა გამარჯვება აქვს დავალებული გურწიევს ყველანაირი ხერხით - დაშინება იქნება, შანტაჟი თუ მოქრთამვა.
"ახალგორის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია. მთელ რაიონში დაახლოებით 1500 კაცი იქნება. ბავშვები გამოსული არიან, რადგან იქ სკოლები არ არის. ძირითადად, მოხუცები არიან. აი, ამ ხალხის დაშანტაჟება აქვს დავალებული გურწიევს. ზაზა დრიაევი ახალგორიდან არჩეული ე.წ. დეპუტატია და ძალიან აქტიურობს ცხინვალის "პარლამენტში". მგონი, ისევ დეპუტატობა უნდა. დრიაევი და გურწიევი მეგობრები არიან და გურწიევი პროკურორის რანგში შეეცდება დრიაევისთვის მოაგროვოს ხმები. გურწიევი ყველაფერს მოაწერს ხელს შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით. კორუფციული ურთიერთობებიც აქვს. ის რაიონის კარგი მცოდნეა და იცის, ვინ რითი სუნთქავს. ვიღაცას ფულს მისცემენ, ვიღაცას დააშანტაჟებენ. დარწმუნებული ვარ, ახალგორში გურწიევს სუფრებსაც გაუშლიან და იქნება ტაშ-ფანდურიც და სადღეგრძელოებიც. მან ყველაზე ყველაფერი იცის, ყველასთან მიესვლება, ზოგთან მეგობრულად, ზოგთან შანტაჟით, ზოგთან მინიშნებებით. მოთაფვლასა და ფულის დარიგებასაც დაიწყებს".

"ახალგორში დაიწყება დაშინება და შანტაჟი“
დავით გურწიევის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გაავრცელა. მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსა და ე.წ. გენერალურ პროკურორ გრიგორი სობაევს რუსულ ენაზე მიმართა, რომ გურწიევი ამ "თანამდებობაზე" არ დაენიშნათ და პროტესტის ნიშნად 12 თებერვალს რამდენიმედღიანი შიმშილობა დაიწყო.
- თავიდან თქვეს, რომ ახალგორის "საოლქო პროკურორად" ნიშნავდნენ, ახლა მითხრეს, რომ "პროკურორის" მოვალეობის შემსრულებლად უკვე დანიშნულია, თუმცა ამას ჯერ არ ასაჯაროებენ. ამ დანიშვნას იმიტომ კი არ ვაპროტესტებ, რომ პირადად მე არ მომწონს, რადგან ჩემს წინააღმდეგ საქმეები აღძრა, არამედ იმიტომ, რომ გურწიევი ყაჩაღია და მისი ყველა საქმე ამას ადასტურებს. მისი დანიშვნა დაკავშირებულია "არჩევნებთან" და ნიშნავს, რომ ახალგორში დაიწყება დაშინება და შანტაჟი
- როგორ იცნობენ გურწიევს ახალგორში, რა დამოკიდებულება აქვს ქართველებთან?
- ყველაზე მთავარი ის არის, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საქმეების მონაწილეა. ბაშარულის საქმის გამომძიებელი იყო და ყველაფერი გააკეთა ამ მკვლელობის ჩასაფარცხად. გარდა ამისა, გურწიევი 15 წლის განმავლობაში ატერორებდა, არეკეტებდა ახალგორის ქართველ მოსახლეობას. ვისაც რამე ცხოველი და ფრინველი ჰყავდა, ზოგს ხორცს ართმევდა, ზოგს რძეს. ვინმეს თუ პატარა ბიზნესი ჰქონდა, ხილს ან ბოსტნეულს ყიდდა, ან პატარა მაღაზია ჰქონდა, ყველას არეკეტებდა. ახალგორში ქართული სკოლას, რომელიც ომამდე ქართველებმა გაარემონტეს, ყველა ჩარჩო დახსნეს მან და მამამისმა. სანამ ახალგორის მილიციაში მუშაობდა, მუდმივად ავიწროებდა ხალხს, უკანონოდ იჭერდა, დევნიდა.
თამარ ბალხამიშვილს სახლი წაართვა. ოჯახი საბერძნეთში იყო წასული, ფული შეაგროვეს და 3-ოთახიანი ბინა იყიდეს. ამ ბინის მეპატრონე ადრე გვარად გურწიევი იყო, თუმცა მას შემდეგ ის ბინა რამდენჯერმე იყო გაყიდული. დავით გურწიევთან მათ ნათესაობა არც აკავშირებდათ, უბრალოდ, მოგვარეები იყვნენ, თუმცა გურწიევმა ომის შემდეგ ბალხამიშვილებს ბინა წაართვა და ოჯახი ახალგორიდანაც გააძევა. ბალხამიშვილები ახლა წეროვანში ცხოვრობენ და მათ საშვებსაც არ აძლევენ, რომ ახალგორში ჩამოსვლა შეძლონ. ბინა გურწიევის ოჯახს აქვს ხელში ჩაგდებული.
იყო შემთხვევები, ღამით შევარდებოდა ვიღაცის სახლში და აწიოკებდა. გურწიევი ჩემს გაძევებასაც ცდილობდა. იმიტომ გადამეკიდა, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ახალგორში არსებულ დარღვევებზე, დანაშაულებსა და გადაცდომებზე ვლაპარაკობდი. "გენერალურ პროკურატურაში" მითხრეს, გურწიევმა დაგვარწმუნა, რომ მეარაყიშვილი ჯაშუშია და მომეცით სანქცია, დავიჭიროო.
2017 წელს სამი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემზე, მათ შორის მედავებოდნენ ადგილობრივი მმართველი პარტია "ედინაია ოსეტიას" ცილისწამებას, თითქოს ხელმოწერა გავაყალბე და აქაური პასპორტი უკანონოდ მივიღე. 5-წლიანი დავის შემდეგ, 2022 წელს, სამივე საქმეზე გამამართლეს. ყველა ამ ბრალდების უკან გურწიევი იდგა. მან დამაპატიმრა, დამკითხა და ჩაატარა ჩემს სახლში ჩხრეკა. გურწიევი მემუქრებოდა, სიცოცხლეს ციხეში დაამთავრებო.

- რატომ გადაიყვანეს გურწიევი ცხინვალში?
- 2018 წელს, ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ გადაიყვანეს, როდესაც ქართველი საზოგადოების აქტიურობა, აღშფოთება, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა და ასევე საქართველოს ხელისუფლების პროტესტი იყო. მაშინდელმა "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა დაინახა, რომ ახალგორში გურწიევი ზედმეტ პრობლემას ქმნიდა და გადაიყვანა. ცხინვალში პროკურატურის წარმომადგენელი იყო ციხეებში და იქაც ამხილეს, რომ პატიმრების ცემას ხელმძღვანელობდა ხოლმე. ახლა აწინაურებენ და ახალგორის ოლქის პროკურორად ნიშნავენ.
- ახლა რატომ აბრუნებენ, ეს დანიშვნა დე ფაქტო არჩევნებს უკავშირდება?
- არც მალავენ, რომ გურწიევი ახალგორში საარჩევნოდ სჭირდებათ, რათა ქართველები დააშინონ. ზაზა დრიაევი, ახალგორის "დეპუტატი", ლობირებს გურწიევს. დრიაევი ყველა დამნაშავისა და კონტრაბანდისტის მფარველია. მას ამ არჩევნებზე ისევ გამარჯვება უნდა და ამაში გურწიევი უნდა დაეხმაროს. გურწიევს ყოველ მეორე ადამიანზე შეუძლია კომპრომატი მოძებნოს და უთხრას, რომ პრობლემებს შეუქმნის, თუკი ხმას არ მისცემს დრიაევს. თავზე ხელაღებული ადამიანია, შეუძლია ხალხის დაშინება, შანტაჟი. ჩემთან 30 კაცი მოიყვანა მოწმედ, 30-ვეზე კომპრომატი ჰქონდა. საავადმყოფოს მთავარმა ექთანმა ჩარაევამ მითხრა, გამოჭერილი ვყავარ წამლების გამო და შენს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მაიძულაო.
- რას ამბობენ ახალგორში მცხოვრები ქართველები, არის მოლოდინი, რომ წნეხი გაძლიერდება?
- ბევრს ახსოვს, რასაც სჩადიოდა ეს კაცი და ყველა დაძაბულია. ამბობენ, რომ ომის შემდეგაც კი არ იყო ასეთი შიში, როგორიც ახლაა. აქაურებს აწუხებთ, რომ თვეში მხოლოდ 10 დღეა დაშვებული დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა. აქ ისეა დაბეჩავებული ხალხი, თვალწინ შვილი რომ მოუკლან, შეიძლება ხმაც ვერ ამოიღონ.
ორი მოკლული ქართველის საქმე და „პროკურორის თანაშემწე“ გურწიევი
დავით გურწიევი 2008 წლის ომის შემდეგ წლების განმავლობაში აწიოკებდა ახალგორის ქართველ მოსახლეობას, თუმცა მისი სახელი არაოკუპირებულ საქართველოში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დროს გახდა ყველასთვის ცნობილი. 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის გამშვები პუნქტიდან ორიოდე კილომეტრში დააკავეს ყოფილი სამხედრო, 33 წლის არჩილ ტატუნაშვილი და მისი თანმხლები ორი ქართველი. დაკავებულები ჯერ ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში წაიყვანეს, შემდეგ ცხინვალში, სადაც დაკავებიდან მეორე დღეს ტატუნაშვილი, როგორც 2008 წლის ომის მონაწილე, წამებით მოკლეს. დე ფაქტო რეჟიმი და რუსეთის ექსპერტიზის ბიურო ამტკიცებდნენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ მისცეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა. გურწიევი მაშინ ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა და სწორედ ის ხელმძღვანელობდა ტატუნაშვილის დაკავებას.
2020 წელს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დავით გურწიევი და ახალგორის ე.წ. კა-გე-ბეს სამსახურის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში და უვადო პატიმრობა შეუფარდა. ამჟამად ორივე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილია.
დავით გურწიევის სახელთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი ქართველის, 19 წლის დავით ბაშარულის მკვლელობაც. 2014 წლის 4 ივნისს დავით ბაშარული ოსურმა მილიციამ დასაკითხად წაიყვანა. ამის შემდეგ ახალგაზრდა გაუჩინარდა. დაკარგულის პოვნას ოჯახის წევრები და თანასოფლელები 6 თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიციაში ბაშარულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა ახალგორის მილიცია ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო მიმალული. გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ, 2015 წლის თებერვალში, ნახევრად გახრწნილი ცხედარი ახალგორის მახლობლად ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. საქმე დავით გურწიევმა "გამოიძია" და დაადგინა, რომ ბაშარულმა თავი მოიკლა. არაოკუპირებულ საქართველოში ცხედრის გადმოსვენების შემდეგ ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბაშარული დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, გვამი მიწიდან ამოუღიათ და, დიდი ალბათობით, ხეზე თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ჩამოკიდეს.
საგულისხმოა, რომ გურწიევი არც ცხინვალში სარგებლობს კარგი რეპუტაციით. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მან "თავი ისახელა" 2019 წლის 4 ოქტომბერს ცხინვალის ციხეში პატიმართა ცემით. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, პატიმრებმა დაინახეს, გურწიევი ნიღბის გარეშე როგორ დადიოდა ბოლო სართულზე, სადაც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, და ნიღბიან უშიშროების ძალებს ბრძანებას აძლევდა, რომელი პატიმრები უნდა ეცემათ.
ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად" შესაძლო დანიშვნა 13 თებერვალს ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააპროტესტა."ქართველი მოსახლეობა ახალგორში შეშინებულია. ამან გამოიწვია გარკვეული რეაქციები საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობაშიც. დავით გურწიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავეა, რომელიც მსჯავრდადებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს სერიოზული რისკია უსაფრთხოების გარემოსთვის. იმედია, გამოიჩენენ კეთილგონიერებას და მკვიდრ ქართველ მოსახლეობას არ შეექმნება არანაირი საფრთხე", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთიძემ.
ეკატერინე ბასილაია