ორი წელი რუსეთ-უკრაინის დიდ ომში... - კვირის პალიტრა

ორი წელი რუსეთ-უკრაინის დიდ ომში...

2024 წლის 24 თებერვალს შესრულდება ზუსტად ორი წელი მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და ომის გამოცხადების გარეშე გააგრძელეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. მანამდე კი 2014-2015 წლებში პრორუსი სეპარატისტების ხელით დაპყრობილი ჰქონდათ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული, ასევე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ნაწილი.

რუსეთ-უკრაინის ორწლიანი სრულფასოვანი ომის გაანალიზებისას შეიძლება პირობითად გამოიყოს საბრძოლო მოქმედებების ოთხი ძირითადი ფაზა, რომლებიც ძირფესვიანად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

ომის პირველი ფაზა

რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ შეიცვალა საბრძოლო მოქმედებების სტრატეგია, ტაქტიკა და საერთოდ, მისი არსი - თუკი 2014-2015 წლებში კრემლი ყირიმისა და დონბასის დაპყრობას ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ხელითა და მათ ზურგს ამოფარებული ცდილობდა, თან კატეგორიულად უარყოფდა სეპარატისტების დახმარებას რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებითა და საბრძოლო ტექნიკით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაზე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევები ღიად დაიწყო.

ეს იყო ომის პირველი ფაზა, დაფუძნებული ბლიცკრიგზე, სწრაფი შეტევის ტაქტიკაზე, რომლის უმთავრესი ამოცანა გახლდათ საშვეულმფრენო ტაქტიკური დესანტის გამოყენებით (რომელსაც უნდა უზრუნველეყო კიევთან მდებარე ჰოსტომელის აეროდრომის დაპყრობა და რუსეთიდან მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება დესანტითა და მედესანტეთა საბრძოლო მანქანებით) სწრაფი იერიში უკრაინის დედაქალაქის ცენტრალურ რაიონზე, იქ მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის სახლზე, სამინისტროებზე, ტელევიზიებზე, უკრაინის კანონიერი ხელისუფლების ძალით დამხობა და პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსების დაყენება.

ბლიცკრიგის ეს გეგმა რომ წარმატებით შესრულებულიყო, მაშინ ომი პირველ ფაზაშივე, ფაქტობრივად, დამთავრდებოდა და რუსეთი უკრაინის ჯერ სრულ ოკუპაციას, შემდეგ კი ანექსიას მოახდენდა. მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჩაეშალათ ბლიცკრიგი, ვერ შეძლეს კიევში შეჭრა და საბრძოლო მოქმედებებმა პოზიციური ხასიათი მიიღო, რისთვისაც იმ მომენტში რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ ჰყოფნიდათ რესურსები, რათა ორი ათას კმ-ზე უფრო მეტ სიგრძის ფრონტის ხაზზე შეტევითი ოპერაციები გაეგრძელებინათ, მით უმეტეს, უკრაინის დამცველებმა დახვეწეს პარტიზანული მოქმედებების ტაქტიკა ჩრდილოეთ რაიონების ტყეებში.

შესაბამისად, რუსეთმა გაიყვანა საოკუპაციო ძალების შენაერთები უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, რაც კრემლისთვის პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი ჩანდა, მაგრამ გამართლებული იყო სამხედრო თვალსაზრისით - ძალების გაბნევის სანაცვლოდ, მოხსნილი დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს ფრონტის აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე.

თუკი რუსეთის შეტევა ჩრდილოეთიდან უკრაინაზე მარცხით დამთავრდა, სამხრეთ ფრონტზე უკრაინამ განიცადა დიდი მარცხი, მას შემდეგ, რაც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან შეჭრილმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამი მიმართულებით (დასავლეთით ხერსონისკენ, ჩრდილოეთით მელიტოპოლისა და ენერგოდარისკენ, აღმოსავლეთით ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ) დიდი ბრძოლების გარეშე დაიკავეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მოახერხეს მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დესანტირებაც და გარკვეული დროის შემდეგ შეძლეს პირდაპირი სახმელეთო გზის გახსნა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვიდან ყირიმის ნახევარკუნძულისკენ ოკუპირებული მარიუპოლისა და მელიტოპოლის გავლით.

ომის მეორე ფაზა

2022 წლის ზაფხულისთვის ნათელი შეიქნა, რომ რუსეთმა მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია მიზანს - ვერ დაიპყრო კიევი და ვერ მოახერხა ოდესა-ოჩაკოვში საზღვაო დესანტის გადასხმა, რათა უკრაინისთვის გადაეკეტა შავ ზღვაზე გასასვლელი და ამასთან გაეჭრა სახმელეთო დერეფანი მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთამდე. სამაგიეროდ, დაიპყრო ხერსონისა და ზაპოროჟიეს მთელი სამხრეთი ნაწილი და გადაუკეტა უკრაინას გასასვლელი აზოვის ზღვაზე. ამასთან, ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე ლუგანსკის ოლქის თითქმის მთლიანად დაპყრობის შემდეგ ხარკოვსაც მიადგა.

2022 წლის სექტემბრიდან იწყება ომის მეორე ფაზა - უკრაინის არმიის სწრაფი კონტრშეტევები ფრონტის ორ მნიშვნელოვან უბანზე - ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ხარკოვიდან ლუგანსკის მიმართულებით, და ფრონტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში - რუსი ოკუპანტების ჯერ ხერსონიდან და შემდეგ მდინარე დნეპრის მთელი მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე განდევნის სახით.

სექტემბრის ათიოდე დღეში უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში 3 ათასი კვადრატული კმ და 30 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა რუსი ოკუპანტებისგან და ისინი მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე "გადაყარა".

ამის პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალები იძულებული შეიქნენ დაეტოვებინათ მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო, რადგან დნეპრთან მომწყვდევისა და ალყაში აღმოჩენის დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.

ომის მესამე ფაზა

მესამე ფაზა ამ გახანგრძლივებულ ომში, პირობითად, უკავშირდება უკრაინის მთავარი კონტრიერიშის მომზადებასა და მისი დაწყების პერიოდს - 2023 წლის გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

საერთო განწყობა არა მარტო უკრაინაში, არამედ მსოფლიოს იმ ნაწილშიც, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას, ისეთი იყო 2023 წლის გაზაფხულისთვის, რომ უკრაინის არმია ხარკოვისა და ხერსონის კონტრშეტევითი ოპერაციების შემდეგ აუცილებლად შეძლებდა რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყრას უკრაინის სამხრეთ ნაწილიდან აზოვის ზღვის სანაპირომდე და შეიძლება თვით ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლებაც დაეწყო.

გახანგრძლივებული მომზადების (რაშიც ბრალი დასავლეთსაც მიუძღვის, რომელიც აჭიანურებდა უკრაინის არმიის მომარაგებას საჭირო რაოდენობის სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო საჭურვლით) შემდეგ, 2023 წლის 4 ივნისს, უკრაინელები მთავარ კონტრშეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ თავიდანვე როგორღაც უნიათოდ - არ შერჩეულა კონტრშეტევის უმთავრესი, ერთი მიმართულება, რომელზეც უნდა მომხდარიყო მთელი ძალების კონცენტრაცია.

ლოგიკურად, უკრაინული გენერალური კონტრშეტევის მიმართულება უნდა ყოფილიყო ზაპოროჟიედან სამხრეთით, მელიტოპოლისკენ, ტოკმაკისკენ, ბერდიანსკისკენ, აზოვის ზღვის ნაპირზე გასასვლელად და შესაბამისად, რუსეთიდან ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფნის გადასაჭრელად.

ამის პარალელურად უნდა დაწყებულიყო კონტრშეტევები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდანაც სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, არმიანსკის დასაპყრობად, და ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ყელთან გასასვლელად.

თუმცა კონტრშეტევაზე გადასულ უკრაინის არმიას დიდი პრობლემები პირველივე დღეებში წინ დახვდა - რუსმა ოკუპანტებმა 6 ივნისს ააფეთქეს წინასწარ დანაღმული კახოვკის ელექტროსადგურის კაშხალი მდინარე დნეპრზე, რითაც გარდა იმისა, რომ გამოიწვიეს მსოფლიო მასშტაბის ეკოკატასტროფა, ჩაშალეს უკრაინელების დესანტირება დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

ზაპოროჟიედან სამხრეთით დაწყებული უკრაინელთა კონტრშეტევა კი რობოტინოსთან წააწყდა რუსი ოკუპანტების თავდაცვით ზღუდეებს, რომელთა წინ იყო დანაღმული ველები და განაღმვამ (რაც რუსული არტილერიისა და შვეულმფრენების თავდასხმების პარალელურად მიმდინარეობდა) დაამუხრუჭა უკრაინელთა ჯავშანჯგუფების წინსვლა.

გასაოცარია, მაგრამ იმის ნაცვლად, უკრაინის გენშტაბს მთელი ძალების კონცენტრაცია მოეხდინა ამ მიმართულებაზე რუსული თავდაცვითი ზღუდეების გადასალახავად, უკრაინის არმიის საუკეთესო დანაყოფებს აღმოსავლეთ ფრონტზე, ბახმუტის დასაბრუნებლად აბრძოლებდნენ, იმ ბახმუტის, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული და უკვე აღარავითარ არათუ სტრატეგიულ, არამედ ტაქტიკურ მნიშვნელობასაც აღარ წარმოადგენდა.

ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ოთხი თვის განმავლობაში, უკრაინული კონტრშეტევების მუხტი თანდათან მიილია. სამხრეთით უკრაინის არმიამ ოციოდე კმ-ითაც ვერ წაიწია წინ - 2023 წლისთვის დაგეგმილი და იმედისმომცემი უკრაინელთა მთავარი კონტრშეტევა, ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა.

ომის მეოთხე ფაზა

2023 წლის ოქტომბრიდან, პირობითად, დაიწყო ამ ომის მეოთხე ფაზა - ჩაშლილი კონტრშეტევების შედეგად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, ასევე მოსახლეობასა და, რაც უფრო უარესია, უკრაინის მხარდამჭერ დასავლეთში, იმედგაცრუების ხანა დადგა. ნათელი შეიქნა, რომ კიდევ უფრო გაჭიანურებულ ომში "გამოფიტვა" უკრაინის გარდა დაემუქრა თავად დასავლეთსაც, რომელიც პოლიტიკური სიბეცის გამო ვერ ხედავდა ან არ სურდა დაენახა, რომ მიუხედავად უამრავი საერთაშორისო სანქციისა (რომლებიც თითქმის არ მუშაობენ), პუტინის რუსეთმა შეძლო მრეწველობის "სამხედრო ლიანდაგებზე" თანდათან გადაყვანა და გაზარდა როგორც საბრძოლო საჭურვლის, ისე სამხედრო ტექნიკის გარემონტება-წარმოება. ამასთან, კრემლმა ირანსა და ჩრდილო კორეასთან დადო ხელშეკრულებები კამიკაძე-დრონების, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების დიდი პარტიების შეძენაზეც.

"ჭურვების შიმშილი" უკრაინის არმიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა, რამაც არათუ შეტევაზე, არამედ თავდაცვით ბრძოლებშიც უკრაინელი მეომრები წამგებიან პოზიციაში დააყენა - ევროკავშირმა შეპირებული მილიონი ჭურვი ვერ მიაწოდა უკრაინას, ხოლო აშშ-ის კონგრესში ტრამპის მომხრე რესპუბლიკელი კონგრესმენები გასული წლის ნოემბრიდან სპეციალურად ბლოკავენ 60 მლრდ დოლარიან სამხედრო დახმარების გამოყოფას უკრაინის არმიისთვის.

ყოველივე ამან პუტინს შეტევების წამოწყებისკენ უბიძგა ფრონტის სამ მონაკვეთზე - ჩრდილოეთით კუპიანსკისკენ და აღმოსავლეთ ფრონტზე - ბახმუტსა და ავდეევკასთან, იმ გათვლით, რომ რუსეთში 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინმა თავის მოსახლეობასთან თავი მოიწონოს ახალდაპყრობილი უკრაინული მიწებით.

ომის მომავალი, მეხუთე ფაზა

2024 წლის გაზაფხულის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც წვიმების სეზონი ჩაივლის და ნიადაგი გამოშრება, რუსეთი აუცილებლად გადავა ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციებზე აღმოსავლეთ ფრონტზე კრამატორსკისა და სლოვიანსკის დასაპყრობად, რათა დონეცკის ოლქი მთლიანად ოკუპირებული ჰქონდეს. ამასთან, გააგრძელებს შეტევებს ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებით, კუპიანსკის ასაღებად, და ხარკოვისკენ გასაწევად, რასაც დაემატება შეტევები უშუალოდ რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან სამხრეთი მიმართულებითაც, ხარკოვისკენ.

ომის დაწყებიდან მეორე წლისთავს უკრაინა მორიგი ტკივილით ხვდება - რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს ავდეევკაც, რომელიც მტერს ათი წელი, 2014 წლიდან არ ნებდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ომი გრძელდება - უკრაინას დასავლეთის ბევრად მეტი სამხედრო-პოლიტიკური დახმარების შემთხვევაში შესწევს იმის ძალა, რომ აგრესორ რუსეთს კიდევ ბევრი ძლიერი და მწარე დარტყმა მიაყენოს.