"ილია თოფურია ქართველია? ესპანელია? ორივეა?" - რას წერს გია ნოდია?
დღეს მთელი საქართველო ზეიმობდა ქართველი სპორტსმენების დიდ წარმატებას. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. სპორტსმენის გამარჯვებასა და წარმომავლობაზე პოლიტოლოგმა გია ნოდიამ პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ილია თოფურია ქართველია? ესპანელია? ორივეა? (ამის უკან იმალება კითხვა: ლეგიტიმურად გვიხარია მისი გამარჯვება?)
მთავარია, რის მიხედვით ვსაზღვრავთ. ნაკლებად მნიშნელოვანია, რომ ქართული გვარი აქვს და ქართველი მშობლები ყავს. ბევრი ვიცით წარმომავლობით ქართველი, ვისაც საქართველოსთან არავითარი კავშირი არა აქვს და არც უნდა, ჰქონდეს. თუ ასეა, ჩვენ რატომ უნდა ჩავთვალოთ ჩვენიანად? ილია თოფურია ამ კატეგორიას აშკარად არ განეკუთვნება.
არის ფორმალური მხარე - რომელი პასპორტი აქვს (თუმცა, შეიძლება ორივე ჰქონდეს, თუ ქვეყნების კანონმდებლობა ამას უშვებს), ან რომელი ქვეყნის სახელით ასპარეზობს. UFC-ის წესებზე წარმოდგენა არ მაქვს და არ ვიცი, რამდენად რელევანტურია ამ ორგანიზაციისთვის ეს საკითხი. რამდენადაც ვიცი, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც სპორტსმენის გამარჯვების შემდეგ მისი ქვეყნის დროშას აღმართავენ და ჰიმნს უკრავენ, როგორც ოლიმპიურ თამაშებზეა. საერთოდ აქვს თოფურიას ასარჩევი, რომელი ქვეყნის სახელით იასპარეზოს? არ ვიცი. რომ ჩავგუგლე, ქართველ-ესპანელი მებრძოლიო, ამომიგდო.
მთავარია, თავად რა იდენტობა აქვს. აშკარაა, რომ ყველანაირად ხაზს უსვამს თავის ქართველობას, მათ შორის ქართული დროშის დემონსტრირებით. მარტივად რომ ვთქვათ, ქართველობს. ესე იგი ქართველია და მორჩა. (ოღონდ ეს არ გამორიცხავს, რაღაცნაირად ესპანელიც იყოს).
ზოგმა ამ კონტექსტში ბულატ ოკუჯავა და ჯორჯ ბალანჩინი გაიხსენა. ცუდი შედარებაა. ბულატ ოკუჯავა იყო რუსი პოეტი, მისი პოეზიაც და სიმღერებიც რუსული კულტურის ნაწილია. მისი ქართული გვარი ან თუნდაც ერთი ან ორი ლექსი ქართულ თემატიკაზე მეორეხარისხოვანი დეტალია: ეს რუსეთიდან დანახული საქართველოა. ჯორჯ ბალანჩინი იყო ამერიკელი ბალეტმაისტერი, რომელსაც რუსული ბალეტის სკოლა ჰქონდა გამოვლილი. მისი ქართული ძირებიც, მოგვწონს თუ არა ამის აღიარება, მეორეხარისხოვანი დეტალია" - წერს სოციალურ ქსელში გია ნოდია.