"სპეციალისტებისთვის ცნობილია ადგილები, რომელიც ყველაზე სარისკო და საშიშია"
7 თებერვალს მთელმა საქართველომ სამწუხარო ამბავი შეიტყო: ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი დაანგრია. სტიქიურ უბედურებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ! წინადღეს, ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავისა და მეწყრის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონში. ეს ნამდვილი შოკი იყო ქვეყნისთვის, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ტრაგედია გადაიტანა: 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების გამო 32 ადამიანი დაიღუპა.
როგორ დავიცვათ მოსახლეობა მსგავსი ტრაგედიებისგან? - ამის თაობაზე ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორს, თეა გოდოლაძეს ვესაუბრეთ:
- ის, რაც ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში დატრიალდა, მართლაც ძნელი გადასატანი იყო, რადგან შოვის ტრაგედიისგან მიყენებული ტრავმა ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ არ გადაუტანია! შოვის და ნერგეეთის ტრაგედიები გეოლოგიურად სხვადასხვა წარმოშობისაა. თავისი გენეზისით, ეს განსხვავებული მოვლენები იყო: შოვში მყინვარული ღვარცოფი მოვარდა - იქ წვიმა არაფერ შუაში იყო, მთავარი მიზეზი მყინვარების დადნობა გახლდათ, ხოლო ნერგეეთში, გლობალური დათბობის გამო, უხვი ნალექი მოვიდა, ამას დაემატა გეოლოგიურად, ტექტონიკურად რთული ნიადაგი და წამოვიდა მეწყერი, რომელმაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
- რამდენად დიდი იყო ნერგეეთის მეწყერი?
- ეს დიდი მეწყერი არ ყოფილა. მართალია, ხალხი იქაც დაიღუპა, სახლები დაინგრა და დიდი ტრაგედიის მოწმენი გავხდით, მაგრამ ამ სოფელში დაახლოებით 200 კუბმეტრი მიწა მოწყდა, რაც ბევრი არ არის, მაგრამ ხომ ხედავთ, მაინც რა მძიმე შედეგები მოიტანა? - ოთხი ოჯახი დაიმარხა. სამწუხაროდ, სტიქიურ მოვლენებს ადამიანების სიცოცხლე ewireba, ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მსგავსი მოვლენები მომავალში კიდევ იქნება. მთავარია, მილიონობით კუბმეტრი მიწა არ მოწყდეს, რისი ალბათობაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს. მეწყერს წინ ვერაფერი აღუდგება, ამიტომ, სახელმწიფოს მთელი ძალები აქეთკენ უნდა იყოს მიმართული: სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნოს.
- მაინც რაში გამოიხატება ეს ზრუნვა?
- სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მეტეოროლოგებს, სინოპტიკოსებს, გეოლოგებს, სეისმოლოგებს - ისინი გარემოს უნდა სწავლობდნენ და ერთობლივ კვლევებს ატარებდნენ... მან ხელი უნდა შეუწყოს ამ დარგების განვითარებას, მეცნიერებს პროფესიული თავისუფლება უნდა მისცეს და მათ კომპეტენციაში არ უნდა ჩაერიოს. ამ სფეროში ჩვენ ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე, რადგან სახელმწიფომ ისეთი ინფრასტრუქტურაც კი ვერ შექმნა, რომ წერტილოვანი პროგნოზი გაკეთდეს - აი, ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც სასწრაფოდაა მოსაგვარებელი!
- სად, რა ადგილებში ვითარდება ყველაზე ხშირად მეწყერი?
- ნებისმიერ მთაგორიან ადგილს, სადაც დახრილობა ძალიან დიდია, აქვს იმის პოტენციალი, რომ იქ მეწყრული პროცესები დაიწყოს. სად და როდის დაიწყება ეს პროცესი წინასწარ არავინ იცის. ხშირად, ამ პროცესში ადამიანიც ერევა: რაღაცას აშენებს, რაღაცას აკეთებს, რითაც გარემოს აზიანებს. სწორედ ამიტომ, ამ საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. ყველა, ვინც მეწყრული მთის ძირში ცხოვრობს, პოტენციური საფრთხის ქვეშაა. ასეთ ადგილებში ცხოვრება არ შეიძლება: ეს ადრეც ბევრჯერ მითქვამს. მე და ჩემი კოლეგები ხშირად ვიმეორებთ, რომ არასტაბილურ ფერდობზე ან მდინარის კალაპოტში ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს - ეს არის რეალობა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. აბა, მე რატომ ვჩხუბობ, როცა მსგავს დარღვევებს ვხედავ? ჩხუბი და კამათი კი არ მიხარია! ბევრს არ მოსწონს, სიმართლეს რომ ვამბობ, მაგრამ რეგიონებში კი არა, აქვე, თბილისში რომ შეესივნენ ამ ფერდობებს და კორპუსებს აშენებენ, ვინმეს ეს კარგი ჰგონია? თბილისი ამ თვალსაზრისით პრობლემური ქალაქია, რადგან აქაც მძიმე ტექტონიკაა. როდის რა მოხდება, არავინ იცის, მაგრამ სპეციალისტებისთვის ცნობილია ადგილები, რომელიც სარისკო და საშიშია და სწორედ ამ ადგილებს უნდა მიექცეს ყურადღება.
- ნუთუ არ ფიქრობენ, რომ ასეთ ადგილებში სახლი არ უნდა აიშენონ და ბინა არ შეიძინონ?
- ხალხი ამ დროს არაფერ შუაშია, რადგან მან კარგად არ იცის გეოლოგია და იმ ადგილის სპეციფიკა, სადაც ცხოვრობს ან ბინას ყიდულობს. სამაგიეროდ, ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და სახლებს მთის ფერდობებზე აშენებდნენ - მდინარე რომ ადიდდებოდა, მათ სახლებს ვეღარ წაიღებდა. ახლა ეს ცოდნა დაიკარგა და ხალხი აღარ ფრთხილობს. არადა, საცხოვრებელი ადგილის შერჩევას ცოდნა უნდა. ამიტომ, ყველგან უნდა იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც ყველაფერს მონიტორინგს გაუწევენ, მაგრამ აღარავინ დარჩა და ვინ გაუწევს? ჩვენს სფეროში პროფესიონალები საკმაო რაოდენობით აღარ არიან, რაც სერიოზული პრობლემაა. ვინც ვართ, იმათაც გვავიწროებენ: საქართველოში თუ სიმართლეს იტყვი, მაშინვე ოპოზიციონერად მოგნათლავენ და ყველანაირი მეთოდებით ცდილობენ, გაგაჩუმონ, მაგრამ ეს ისეთი დარგია, რომელზეც ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. ეს დარგი ყველაზე ერთგული, ჭკვიანი და კარგი ახალგაზრდებით უნდა შევავსოთ, მაგრამ თუ ნორმალურ ხელფასს არ მისცემ, თუ მის პირად ცხოვრებას გამოჩხრეკ და გარეთ გამოფენ, რომელი ახალგაზრდა გაგიჩერდება ან ხმას რატომ ამოიღებს?! დიახ, არსებობს ინფორმაცია სახიფათო ზონებზე, არსებობს წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელსაც მოწინავე ქვეყნებში აქტიურად იყენებენ, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით, ამ დონემდე ვერ მივედით.
- ამ დღეებში ერთ-ერთ სიუჟეტში აჩვენეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები, სადაც სახლები დაბზარულია. რა უნდა ქნას ამ ხალხმა?
- კომუნისტური წყობის დიდი მოტრფიალე არა ვარ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: იმ დროში ჩვენს დარგს ყურადღებას აქცევდნენ და ნამდვილი პროფესიონალების ფასიც იცოდნენ. ისიც კარგად იცოდნენ, რომ მეწყრული ადგილებიდან ხალხის გადასახლება საუკეთესო გამოსავალი იყო. ამის კარგი მაგალითია ქართული ფილმი "რაიკომის მდივანი". ცხადია, ამ ფილმის მხატვრულ ღირებულებას მე ვერ შევაფასებ, მაგრამ იქ ისტორიული ფაქტებია აღწერილი: როგორ ჩაასახლეს ეკომიგრანტები სვანეთიდან ქვემო ქართლში, აჭარიდან კი სამცხე-ჯავახეთში. დიახ, ეს ისტორიული ფაქტებია და ყველაზე გონივრული გამოსავალი, როდესაც შენს ხალხს სახიფათო, მეწყრულ ადგილებში უწევს ცხოვრება. მეწყერი საქართველოში ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს ისეთი პროცესია, რომელსაც ჩვენ ვერ შევაჩერებთ, მაგრამ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს.
- ესე იგი მეწყრის შეკავება შეუძლებელია?
- რა თქმა უნდა, მეწყერს ვინ შეაჩერებს? აი, ჩაყარეს მილიონები ვაშლიჯვრის მეწყერში, ვითომ ბეტონით გაამაგრეს, მაგრამ ეს დროებითი ეფექტია. ეს არის მწარე სიმართლე და დაგიმალოთ? ადრე თუ გვიან, როცა დიდი წვიმა წამოვა, ლოგიკურ შედეგს მივიღებთ, რადგან გრავიტაციის კანონს ვერ შევეწინააღმდეგებით. ამიტომ, მეწყრული ზონებიდან ხალხის გასახლება ყველაზე სწორი, რაციონალური გადაწყვეტილებაა.
- თქვენი აზრით, რა აქვს საერთო ორ ტრაგედიას, რომელიც ჯერ შოვში, მერე კი - ბაღდათში დატრიალდა?
- ალბათ, უცოდინaრობა. ცოტა მეტი დაკვირვება და სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, შოვის ტრაგედია არ დატრიალდებოდა. სპეციალისტები ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ამბობდნენ, ასეთ ადგილზე რა კურორტს აშენებენ, სულელები ხომ არ არიანო?! სამწუხაროდ, მათი პროგნოზი წლების შემდეგ ახდა. ჩვენს ეპოქაში მეწყრული ადგილები ორმაგ ყურადღებას მოითხოვს, რადგან გლობალური დათბობაა, რაც მყინვარების დნობას იწვევს. ერთ მაგალითს მოვიყვან: 2023 წლის ივნისში ტემპერატურა მთელ მსოფლიოში ერთი გრადუსით მეტი იყო, რაც ისტორიული მაქსიმუმია. არავინ იცის, 2024 წლის ივნისში რა იქნება... ამ პრობლემებთან გამკლავებას თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალგაზრდა კადრების გაზრდა სჭირდება. სტუდენტებს ხშირად ვეუბნები, თქვენი დრო მოდის-მეთქი. თაობების ცვლა ამ სფეროში აუცილებელია და მათ ნორმალური პირობები და განცდა უნდა ჰქონდეთ, რომ ეკონომიკურად დაცულები და უზრუნველყოფილები არიან?! როცა დარგში ახალგაზრდები არ ჩერდებიან, ე.ი. იქ სერიოზული პრობლემებია. კარგი მეცნიერები ერთ დღეში არ იზრდებიან, ამას წლები და პირობების შექმნა სჭირდება. ცოდნა გამოცდილებაზე და ისტორიულ მასალაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, ჩვენს სფეროში კი ძველსა და ახალს შორის ჯაჭვი გაწყვეტილია და კადრების სერიოზული დეფიციტია.
- ალბათ სკოლებსა და სასწავლებლებშიც უნდა ისწავლებოდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სტიქიური მოვლენის დროს...
- გეთანხმებით: ასეთ დროს თავის დაცვა ყველას უნდა შეეძლოს. ბავშვებს სკოლის ასაკიდან უნდა ასწავლიდნენ, ექსტრემალურ პირობებში როგორ გადარჩნენ. სასწავლებლებში რეფორმა უნდა ჩატარდეს, სპეციალისტების, თუნდაც გეოგრაფიის მასწავლებლების გადამზადებაა საჭირო, რომ თითოეულმა ბავშვმა იცოდეს, როგორ მოიქცეს სტიქიური უბედურების დროს - ეს, უმნიშვნელოვანესი საკითხია!
P.S. დაბოლოს, გთავაზობთ შსს-ს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს (ინფორმაციის წყარო შსს-ს ოფიციალური ვებგვერდია).
როგორ მოვიქცეთ თუ მეწყერი გვემუქრება:
საშიშროების შესახებ სიგნალის მიღებისთანავე გამორთეთ ბუნებრივი აირი, ელექტროხელსაწყოები და წყალსადენი ქსელი;
მოემზადეთ ევაკუაციისათვის; თან უნდა წაიღოთ საბუთები და საჭირო პირველადი მოხმარების საგნები: პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვ...
რა უნდა გავაკეთოთ ღვარცოფის შემთხვევაში:
ღვარცოფის ნაკადის მოახლოების შესახებ სიგნალის მიღების (სირენით, რადიოთი, ტელეფონით) ან სპეციფიკური ხმაურის გაგების შემთხვევაში, (აქაფებული წყლის ხმა, ქვის ნამსხვრევების გრუხუნი და სხვ.), აუცილებელია დაუყოვნებლივ ახვიდეთ დაბლობიდან 50-100 მეტრით მაღლა. გახსოვდეთ, რომ ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:
თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია ადგილზე; უფრო ძლიერი მიწისძვრის დროს, სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან; თუ მეორე სართულზე და უფრო ზემოთ ხართ, შენობის დატოვებას ნუ შეეცდებით;
არ ისარგებლოთ ლიფტით; დადექით შიდა კედელთან - კუთხეში, კარის ჭრილში ან საყრდენ სვეტთან; თუ შენობა ძველია და კედლებიც არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
თუ ქუჩაში ხართ, გადით ღია ადგილზე, შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისგან შორს; არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ.
ზვავსაშიშ ზონაში ყოფნისას:
ყურადღება მიაქციეთ ამინდის ცვლილებას. მთაში წასვლისას უნდა იცოდეთ თქვენი მგზავრობის რაიონში ზვავის შესაძლო ჩამოწოლის ადგილები; ზვავის ჩამოწოლის ყველაზე საშიში პერიოდი გაზაფხულისა და ზაფხულის ნათელი დღეა, მზის ამოსვლიდან - მზის ჩასვლამდე.
თუ ზვავს შენიშნავთ, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სახიფათო ადგილი და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას ან შეეფაროთ კლდის შვერილს; თუ ზვავს ვერ გაექეცით, გათავისუფლდით ბარგისაგან და მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებით. შეეცადეთ მჭიდროდ შეკრული ხელებით მიიკრათ მუხლები მუცელზე და მიიღოთ გუნდის ფორმა. სასუნთქი ორგანოების დაცვის მიზნით, სახეზე აიფარეთ ხელთათმანები, შარფი, საყელო;
ზვავის გაჩერების შემდეგ ეცადეთ სახისა და მკერდის ირგვლივ თავისუფალი სივრცე შექმნათ, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას; შეეცადეთ გაარკვიოთ, თუ სად არის მიწის ზედაპირი და იმოძრავეთ ზევით; გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადს და სითბოს. ეცადეთ არ დაიძინოთ. არ იყვიროთ, თოვლი თქვენს ხმას მთლიანად ახშობს. გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ და შეძლებისამებრ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
ხათუნა ჩიგოგიძე