"ბევრის ცოდნა სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის!" - საშიში ტენდენცია: "ტრაგიკული შემთხვევები" და პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა პუტინის აღზევების ეპოქაში - კვირის პალიტრა

"ბევრის ცოდნა სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის!" - საშიში ტენდენცია: "ტრაგიკული შემთხვევები" და პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა პუტინის აღზევების ეპოქაში

ბადრი პატარკაციშვილის საეჭვო გარდაცვალების შესახებ ვსაუბრობდით, როდესაც 16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების ერთ-ერთ კოლონიაში გარდაიცვალა მთავარი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მისი გარდაცვალების ზუსტი დრო, მიზეზები და სხვა გარემოებები ჯერ ცნობილი არ არის, ამიტომ ვფიქრობ, უპრიანი იქნება ბუნდოვანების ნისლი ოდნავ გაიფანტოს, რათა მყიფე ვარაუდების ნაცვლად, მომავალში უფრო მკაფიო ანალიზი შემოგთავაზოთ.

დღეს კი ერთად გავიხსენოთ ისინი, ვისი ლიკვიდაციის საქმეც ბოლომდე მიიყვანა რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის და "წითელი ტერორის" დამაარსებლის, ფელიქს ძერჟინსკის აჩრდილზე ლოცულობს, 2000 წლიდან "წარმატებით" აღადგინა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ 1920-1990-იან წლებში ფართოდ გამოყენებული პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა. მაშინ დახურულ რეჟიმში იღებდნენ რომელიმე პოლიტიკური მოწინააღმდეგის და გაქცეული "კა-გე-ბეს" ან "გე-ერ-უს" თანამშრომლის ლიკვიდაციის საიდუმლო გადაწყვეტილებას. ასეთი იყო: კონოვალეცის, ტროცკის, კრივიცკის, მიხოელსის, ბანდერას, რებეტის, მარკოვის და სხვა გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობები.

ეს, რაც ცნობილია, ხოლო რამდენი ლიკვიდაცია "უბედური შემთხვევით" ან "თვითმკვლელობითაა" შენიღბული, ამას რა მოთვლის! 40-50 წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი სასიკვდილო განაჩენი (მაგ. საზღვარგარეთ გაქცეული საბჭოთა/რუსეთის მზვერავების: რეზუნ-სუვოროვის, გორდიევსკის, პოტეევის და სხვ. მიმართ) ახლაც „შეუსრულებელია“ და რუსეთის ხელისუფლებისთვის დღესაც ძალაშია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მზადყოფნაში არიან და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებიან, მანამდე კი "შინაური მტრები" ჰყავთ მისახედი. ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მკვლელობები რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კი, "პოლიტიკურმა გენოციდმა" განსაკუთრებით დაუნდობელი სახე მიიღო და თითო-ოროლა, შემორჩენილი საღად მოაზროვნე, ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, რომელიც თავის შეხედულებებს ღიად აფიქსირებდა, ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის საშიში ტენდენცია, რაც 2000 წლიდან რუსეთში შეიმჩნევა, კერძოდ კი, პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით იმატა "ტრაგიკულმა შემთხვევებმა" და პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ან ყველაზე რეალური კონკურენტები, ასევე, „ძალზე ბევრის მცოდნენი“, საეჭვო და ძალზე უცნაურ ვითარებაში იღუპებიან. დღეს ერთ-ერთი, თითქმის მივიწყებული ვლადიმერ პუტინის დაცვის ყოფილი უფროსის საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების ფაქტი მინდა გავიხსენო.

2004 წლის 24 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში, სვერდლოვის სახელობის საავადმყოფოში, გარდაიცვალა კერძო დეტექტიური ფირმა “ბალტიკა-ესკორტის” გენერალური დირექტორი, პეტერბურგის “რუხ კარდანალად” ცნობილი რომან ცეპოვი (მეტსახელად “რომა”). სიკვდილის მიზეზად გაურკვეველი სახის ქიმიური პრეპარატებით მოწამვლა დასახელდა. ექიმების ერთ-ერთი ვარაუდით მის ორგანიზმში შეიყვანეს ლეიკემიის სამკურნალო პრეპარატის - “კოლხიციდის” სასიკვდილო დოზა. ცეპოვი ფრიად საინტერესო წარსულის მქონე პიროვნება გახლდათ.

photo-1708365883.jpg

რომან ცეპოვი

რომან ბელინსონი, რომელიც 1962 წელს დაიბადა, ცოლის გვარზე გადავიდა და ცეპოვი გახდა. მსახურობდა სსრკ-ის შინაგან ჯარში და კაპიტნის სამხედრო წოდებაც დაიმსახურა. 1992 წელს პეტერბურგში გახსნა ერთ-ერთი პირველი კერძო დეტექტიური ფირმა. ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში მისი დეტექტიური ფირმები ახორციელებდნენ სანქტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობის, მათ შორის, ქალაქის მერის, ანატოლი სობჩაკის და მისი მოადგილის, ვლადიმერ პუტინის, ასევე, მათი ოჯახის წევრების დაცვას. ყველა ქვეყანაში და ყველა დროს პირადი დაცვა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ცალკეული პიროვნებების სიცოცხლის და ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. რეალური დაცვა დასაცავი პირის ოჯახის წევრი და ამიტომაც მათი ყველა საიდუმლოების მცოდნეც ხდება. განსაკუთრებით დაფარული ოჯახური და ფინანსური საქმეები არა მარტო “დაცვის” თვალწინ ხდება, არამედ, ხშირად ამასაც სწორედ “დაცვის ბიჭები” აკვარახჭინებენ. რუსეთის მასმედიის ინფორმაციით, ცეპოვი ძალზე ახლოს იყო ვლადიმერ პუტინთან და “ლენინგრადის დაჯგუფების” სხვა წევრებთან, იცოდა მათი ბევრი საიდუმლო. იმ პერიოდში ის მეგობრობდა რუსეთის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის უფროს ვიქტორ ზოლოტოვთან (რომელიც თავის დროზე სობჩაკის პირადი მცველი იყო) და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იგორ სეჩინთან.

photo-1708365925.jpg

„თბილად ჩახუტებულები“: თურქმენეთის პრეზიდენტი ნიაზოვი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

მარჯვნიდან პირველი: ვიქტორ ზოლოტოვი. აშხაბადი. 2000 წელი.

უფრო მეტიც: 1996-1999 წლებში ვიქტორ ზოლოტოვი რომან ცეპოვის პირად მცველად მუშაობდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სწორედ ცეპოვი აკონტროლებდა სანქტ-პეტერბურგის კაზინოებიდან ფულის “შეწერას”, რომელიც შემდგომ მოსკოვში, "ეფ-ეს-ბეს" რომელიღაც მაღალჩინოსანთან ჩაჰქონდა. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ იმ პერიოდში რუსეთის ამ სპეცსამსახურის ხელმძღვანელი - ვლადიმერ პუტინი, ხოლო მისი პირველი მოადგილე - სერგეი ივანოვი იყვნენ.

photo-1708367095.jpg

ერთ დროს მეგობრები: ცეპოვი და პუტინი

ორ წელიწადში ეს დაჯგუფება უკვე მთელ რუსეთს აკონტროლებდა. სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გადაბარგებულმა “პუტინის კლანმა” ცეპოვს ბიზნესზე თვალყურის დევნება დაავალა. 1998-2004 წლებში “რომას” უფრო მეტი ფაქტიური ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე სანქტ-პეტერბურგის ოლქის გუბერნატორებს: იაკოვლევსა და მატვიენკოს, იმიტომ, რომ ის პუტინისა და მისი გარემოცვის "დელიკატური ბრძანებების" შემსრულებელი იყო. თუმცა თანდათანობით მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა, რაც ცეპოვს ძვირად დაუჯდა.

ცეპოვს ჭკუა უნდა ეხმარა და მოსკოვში დაწინაურებულ ძველ ძმაკაცებთან ურთიერთობაში დისტანცია დაეჭირა. თუმცა ხშირად ადამიანს საკუთარი „გრძელი ენა“ ღუპავს. 1999 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ცეპოვმა დაუფიქრებლად განაცხადა: “პუტინს ფაქტობრივად, მუქთად ვიცავდით, ორ პირად მცველს ის სულ რაღაც 400 დოლარს უხდიდაო”. ეს რაც საჯაროდ თქვა, აბა, ისე რამდენს ილაყბებდა? დააჭირე, რა, ენას კბილი!

2004 წლის ზაფხულში “რომა” ცდილობდა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ - სოჭში, სადაც პუტინი ისვენებდა. რუსეთის პრეზიდენტმა არ ისურვა ცეპოვის მიღება. ეს უკვე განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო. შემდეგ თვეებში “რომამ”, სავარაუდოდ, დააპირა საიდუმლო ინფორმაციის ცოდნის ძალზე საშიში “იარაღის” „პუტინის კლანის“ შანტაჟისთვის გამოყენება და შედეგმაც არ დააყოვნა...

2004 წლის 11 სექტემბერს ცეპოვს დილიდანვე “საქმიანი” შეხვედრები ჰქონდა. 10-საათზე სანქტ-პეტერბურგის "ეფ-ეს-ბეს" სამმართველოში ჩაი მიირთვა (!!!), ორი საათის შემდეგ კი ქალაქის მილიციის სამმართველოში გაუმასპინძლდნენ ნაყინით (!!!). საღამოს კი... “რომამ” გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ექიმები კი უძლურნი იყვნენ. 24 სექტემბერს ცეპოვი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმე ცეპოვის გარდაცვალებისთანავე აღიძრა, თუმცა დღემდე გაუხსნელია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ცეპოვის გაკვეთის შედეგები არასოდეს გახმაურებულა. ასე რომ, ყველას უნდა ახსოვდეს: ბევრის ცოდნა სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის!