"შეიძლება, მე არ მომწონს შენი ფოტოგალერეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩემი მეგობარი აღარ იყო. ჩვენ სულ სხვა, უფრო დიდი ღირებულებები გვაერთიანებს!" - რას ჰყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი პეტრე კოლხზე? - კვირის პალიტრა

"შეიძლება, მე არ მომწონს შენი ფოტოგალერეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩემი მეგობარი აღარ იყო. ჩვენ სულ სხვა, უფრო დიდი ღირებულებები გვაერთიანებს!" - რას ჰყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი პეტრე კოლხზე?

"პატრიარქმა მამა პეტრეს რეაბილიტირებული პაოლო იაშვილისთვის წესის აგება დაავალა და მან ეს შეასრულა"

რამდენიმე დღის წინ, სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საპატრიარქო განმარტავს, რომ კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო რამდენჯერმე იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ დეკანოზი არ გამოცხადდა, მისი არგუმენტები კი კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია - უცხოეთში ყოფნაზე მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პატრიარქი, ჯერჯერობით უცნობია, თავად პეტრე კვარაცხელია კი, მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ბრიტანეთში იმყოფება და სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად გამოთქვამს მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე, კომენტარი გააკეთა მათ შორის, საპატრიარქოს განცხადებაზეც და ამბობს, რომ არსად გაქცევას არ აპირებს, სამშობლოში დაბრუნებას თვის ბოლოს გეგმავს და მზადაა, ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

პეტრე კოლხის დიდი ხნის მეგობარს, მღვდელმსახურს - დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს სამების საკათედრო ტაძარში კვირადღეს შევხვდი, გადავწყვიტე, მასთან მივსულიყავი და ამ თემაზე გავსაუბრებოდი, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა.

- მამა თეიმურაზ, როგორც ვიცი, თქვენ პეტრე კვარაცხელიას დიდი ხნის მეგობარი ხართ, რა ინფორმაცია გაქვთ საპატრიარქოში მის „დაბარებასთან“ დაკავშირებით? ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ამბავმა. მასზე გავრცელებული განცხადების შემდეგ, საპატრიარქოში თუ გქონიათ კონტაქტი ვინმესთან, რეალურად რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისთვის მღვდლობის შეჩერების მოთხოვნით პატრიარქისთვის მიემართათ?

- ე.წ. დამბარებლები ჩვენი უფროსები არიან, მაგრამ მე არავისთან კავშირი არ მაქვს, არც მიმოწერა და არც რაიმე შეხება. თუ საპატრიარქოში რაიმე საკითხზე მოვხვდები ხოლმე, ცხადია, სალმის დონეზე ვკონტაქტობთ ჩვეულებრივად, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხზე მე იქ არავისთან მისაუბრია. მოგეხსენებათ, მე იქ ვმუშაობდი რამდენიმე წლის განმავლობაში და არის 6-7 ადამიანი, რომლებთანაც ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა მაქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კი ვერაფერს გეტყვით.

mama-teimurazi-1708441587.jpg

- მამა პეტრესთან ალბათ ხშირი კონტაქტი გაქვთ, როდის გეგმავს აქ ჩამოსვლას?

- მას ვესაუბრე და თვის ბოლოს ჩამოვა.

- როგორ ფიქრობთ, იმ განცხადების საფუძველზე, შეიძლება რაიმე გადაწყვეტილება მის ჩამოსვლამდე იყოს მიღებული?

- იმ აქტში უბრალოდ წერია, რომ მამა პეტრეს უნდა გაესაუბრონ და მის უწმინდესობას მიმართეს ამ თხოვნით. საბოლოო სიტყვა და თავისი სათქმელი ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, თვითონ პატრიარქმა უნდა თქვას. პეტრე არსად იმალება, აპირებს საპატრიარქოში მისვლას და ყველა კითხვას პასუხს გასცემს, რაც მათ აქვთ მის ხედვებთან დაკავშირებით. პირადად ჩემი აზრით, არც ერთ კონკრეტულ განცხადებას არ უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ ალბათ მისი ზოგიერთი ინტერვიუ გახდა ამის საბაბი, ვერ გეტყვით.

- მისი ინტერვიუები, განცხადებები თქვენთვის რამდენად მისაღებია, როგორც მოქმედი სასულიერო პირისთვის? თქვენ თუ ხედავთ რაიმეს ისეთს, რაც შეიძლება „გადაცდომად“ ჩაითვალოს მღვდელმსახურისთვის?

- ზოგადად, ვფიქრობ, რომ მხილებაც, საუბარიც, შენიშვნის მიცემაც სხვაგვარად უნდა მოხდეს, თბილ გარემოში, ეკლესია ხომ საერო ინსტიტუციებისაგან განსხვავებული უნდა იყოს, მადლიერებით უნდა გამოირჩეოდეს. კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი დაფასება ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც წერა-კითხვა იცის. შეიძლება არ აღაზევო, მაგრამ ქვებს მაინც ნუ დავუშენთ, ნუ დავემუქრებით და განცხადებებში მაინც ნუ გამოვაქვეყნებთ. ესაა ჩემი მოწოდება. დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება, მაგრამ კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი მაინც შეჩერდეს.

საერთოდ, არ მესმის, რატომ ახსენდებათ მღვდლები მაშინ, როცა რაიმე არ მოსწონთ? იქნებ “დაშავებამდე” რაიმე უჭირს იმ ადამიანს და ამაზე ჰკითხო? რატომ არ ესაუბრებიან? რა უჭირთ, რა ულხინთ, რა სევდას ატარებენ?

აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე ამბობდა, ჩვენში ყველაფერს გაპატიებენ, მაგრამ ნიჭს არასოდეს. ნიჭიერ ადამიანს ბევრი მტერი ჰყავს და ჩვენ ეს ყველაზე კარგად ვიცით. ეს ჩვენი ეროვნული ხასიათია და ამის მსხვერპლი ბევრი ადამიანი ყოფილა, სხვადასხვა დოზითა და გაგებით. ნიჭიერ ადამიანს ყოველთვის რთულად უწევდა თვითდამკვიდრება. ძნელია, როდესაც მსოფლიოში ცნობილ კლასიკოსებს, გენიალურ ნაწარმობებს კითხულობ და მერე, შეიძლება შენს კოლეგას ვერ დაელაპარაკო არათუ ამ თემებზე, ელემენტარულზეც კი, დედამიწა წრიულია თუ ოთხკუთხედი, - აი, ამ დონეზე იყოს ის. საზრდოს მოძებნა რთულია... ამით შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ, უბრალოდ, ყველა ადამიანს სჭირდება მეორე ადამიანი საურთიერთოდ, რომელთანაც ის დაიხარჯება და მისგან აგრეთვე საზრდოს მიიღებს. ჰომეროსი ამბობდა - მსგავსი მსგავსს ეძებს და ხალისით უკავშირდებაო.

- თქვენ და პეტრე კოლხი რამ დაგაკავშირათ?

- პირველი, რამაც ჩვენ დაგვაკავშირა, იყო წიგნი. მე თვითონ დეფიციტი მქონდა, კურსელებს ნაკლებად ველაპარაკებოდი, 24 წლის ასაკში უკვე ვიყავი სასულიერო პირი და ძალიან მჭირდებოდა თანამოაზრე, უცებ ვიპოვე ადამიანი, რომელთანაც ბევრი საერთო აღმომაჩნდა. ბევრი ისეთი უცნობი თხზულება გვქონდა წაკითხული, რაც სხვებმა არ იცოდნენ, საათობით ვისხედით ბუკინისტურ ცენტრებში პლეხანოვზე, ზოგ წიგნს ის ყიდულობდა, ზოგს მე, ნახეთ, მისი წიგნის თაროები. სხვათა შორის, ამასწინადაც ვაჩუქე წიგნი და საერო სახელი წავუწერე - პაატას თემოსგან. როგორც ეს შეიძლებოდა ადრე გაგვეკეთებინა. ამ ყველაფერმა დაგვაკავშირა, გესმით?

petre-kolxi-1708441467.jpg

ასეთი ადამიანი, რომელიც ჩემგან განსხვავებით, ცოტა უფრო აქტიურია სოციალურ ქსელებში, აუცილებლად შეეჯახებოდა გარკვეული ტიპის წინააღმდეგობებს. საზოგადოებამ არ იცის და ის თვითონ ამაზე არ ისაუბრებს, თუ რამდენი განსაცდელი გადაიტანა, თუნდაც ეკლესიაში ყოფნისას, თავისი ინტელექტის გამო.

იცით, რომ 2013 წელს, უშუალოდ პატრიარქმა, როგორც პოეტს, დაავალა თვითმკვლელი და რეაბილიტირებული პაოლო იაშვილისთვის წესის აგება და მან ეს შეასრულა. მერე კი ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩააბარა - მას უნდა ეხელმძღვანელა გარკვეული სიმპოზიუმები, პოეტებთან და ინტელექტუალებთან შეხვედრა. ხელფასიც დაუნიშნა, რომელიც მას არ გადაუხადეს, მაგრამ პეტრე ის ადამიანი არ არის, პატრიარქთან შესულიყო და ეს ეთქვა. ის პროექტი საბოლოოდ, ჩაიშალა. რატომ? ნუთუ იმის საშუალება არ გამოიძებნა, რომ მრავალშვილიანი მამისთვის 400 ლარი მიეცათ? რამდენი კარგი რამის გაკეთება შეეძლო? მოისმინეთ მისი გადაცემები, რა საინტერესო თემებზე საუბრობს და რა ხალხი მიჰყავს სტუმრად.

ამის პარალელურად, მამა პეტრე ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობდა. დოქტორანტურაშიც ჩააბარა, ფილოლოგიის განხრით, რადგან იცოდა, რომ მისი კარიერისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო და მე ეს წლებიც მახსოვს, სულ საჯარო ბიბლიოთეკაში იჯდა, სიცივეშიც კი, რადგან მაშინ იქ რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. მისი დისერტაციის დაცვის ჩაშლას ცდილობდა ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ. რექტორს აიძულებდა, რომ პეტრე გაეგდო იქიდან. მეც იგივე კაცის თაოსნობით დამატოვებინეს ლექტორობა, ხელშეკრულება არ გამიგრძელეს, რადგან მას არ მოსწონდა, რომ მე ვასწავლიდი ანალიტიკური აზროვნების შესავალს, ბავშვებს თავისუფალ აზროვნებას ვასწავლიდი. იქ წლებია აღარ ვმუშაობ.

ამით მე პეტრეს კი არ ვაქებ, მინდა მისი გზა დაგანახვოთ, მისი დევნის ისტორია, განსაცდელები, რომელიც საზოგადოებამ არ იცის, ბევრჯერ დაურეკავს და უთქვამს, ცუდად ვარო. მართალია, შემართებითაცაა, მაგრამ ამავდროულად, ამ ყველაფრისგან ძალიან დაღლილი და დათრგუნულია. არ იცის, რა ჯობია. ხშირად განვიხილავთ ამ საკითხებს. გეკითხებით, რატომ? რა დააშავა? თუნდაც რამე დააშავოს ადამიანმა, მეგობრულად დაელაპარაკე, პროკურატურა ხომ არაა?

- რას ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ ზოგჯერ გარკვეული ტიპის დაპირისპირებები, გაუგებრობებია მღვდელმსახურებს შორის?

- სამწუხაროდ, დაძაბულობა, არეულობა, შინაგანი შფოთი და სკანდალების სერია, ბოლო წლებში დაიწყო, განსაკუთრებით. მანამდე ნაკლებად იყო. მიფიქრია ამაზე, ალბათ რაღაც მოხდა, ჩვენთვის უცნობი... ბოლო ათწლეულში ყველაფერი შეიცვალა... სასულიერო პირები ერთმანეთთან ძველ დროს ვიხსენებთ ხოლმე, იმ სტაბილურობას, სიმშვიდეს, რომელიც გვქონდა და რომელიც ახლა შორეულ მოგონებად გადაიქცა. ამას არ ვმალავ. იცით, როგორი დაძაბულები არიან მღვდლები, სტუმრად მოსულმა შეიძლება მკითხოს, გარეთ რომ მანქანა დგას, ვისიაო, ანუ ეჭვობს, ხომ არ გვითვალთვალებს. სასაუბროდაც ისეთ ქსელებს ირჩევენ, რომ არ ისმინებოდეს... საყოველთაო პრობლემაა.

ბიუჯეტზე, სასულიერო პირების ცხოვრებაზე სიუჟეტები კეთდება, აჯაფსანდალი მივიღეთ და ეს გრძელდება, დუღილის პროცესშია, არ გადაიარა და ამას ემატება ხელოვნურად შექმნილი, გარკვეული ტიპის პრობლემები, თუნდაც, მამა პეტრეს შემთხვევაში, მასთან დაკავშირებული გარკვეული გაუგებრობა.

petre-1667289665.jpg

- როგორ გახსენდებათ, როგორი იყო პეტრე კოლხის პირველი ნაბიჯები სასულიერო სემინარიაში, შემდგომ უკვე, ტაძარში? რამდენად მზად იყო ის ამ რთული გზისთვის? და როგორ ფიქრობთ, მერე შეიცვალა მასში რამე?

- მამა პეტრე ჩემი მართლაც დიდი ხნის მეგობარია, ჯერ კიდევ ერის ადამიანი იყო, როდესაც აბარებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მე დეკანის მოადგილე გახლდით, მაშინ ახალნაკურთხი დიაკვანი ვიყავი და პეტრე გავიცანი როგორც აბიტურიენტი. წარმატებით ჩააბარა. ჩვენ ასაკით ტოლები ვიყავით და გაცნობისთანავე დავმეგობრდით, ფაქტობრივად, მისაღები გამოცდებიდანვე. მას მაშინ ოჯახი, ორი შვილი ჰყავდა, პედაგოგად მუშაობდა და ჩვენ, სემინარიამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეღავათები ჰქონოდა ლექციებზე დასწრების დროს.

იმ პერიოდში, პეტრე ძალიან დაუახლოვდა რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც რუისისა და ურბნისის ეპარქიაში მოღვაწეობდნენ. ბოლოს კი ძალიან შეეჩვია იქაურობას, განსაკუთრებით დაუახლოვდა ამჟამინდელ ბოლნელ ეპისკოპოსს მეუფე ეფრემ გამრეკელიძეს, რომელიც მაშინ ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ და მამა პეტრემ გადაწყვიტა, რომ გარკვეული პერიოდი ამ მონასტერში გაჩერებულიყო - მიდიოდა და ბრუნდებოდა ხოლმე. მის სახლში უკვე იკრიბებოდნენ ხოლმე სასულიერო პირები და მისი კურსელებიც, მეგობრები. გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით და მეუფე იობის სახელზე დავწერე რეკომენდაცია, მან ეს გაითვალისწინა და ფერისცვალების დღესასწაულზე მოხდა პეტრე კვარაცხელიას მღვდლად ხელდასმა. თავდაპირველად, იგი სურამში მსახურობდა, კვირაცხოვლობის ტაძარში და სურამის მთელი ახალგაზრდობა შაბათის ლოცვაზე იქ იყო ხოლმე. რამდენიმეგზის ჩვენც ჩავედით, მსახურებას დავესწარით და გაოცებულები დავრჩით, ხალხი ამ ახალგაზრდა სასულიერო პირთან მოდიოდა არამხოლოდ როგორც მოძღვართან, არამედ, სხვადასხვა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად. მამა პეტრეს თავიდანვე ერთი ძალიან დამახასიათებელი თვისება ჰქონდა - ენა, ყველას მის ენაზე ესაუბრებოდა, იცოდა ახალგაზრდებთან, მოზარდებთან მიდგომა, იცოდა, როგორ უნდა ესაუბრა მათ პრობლემებზე. მამა პეტრემ იმ ყველაფერს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახალგაზრდები იმდენად დააინტერესა, რომ რამდენიმემ სემინარიაშიც ჩააბარა, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

მე მახსენდება პავლე მოციქული, რომელიც ამბობს, რომ ყველას მის ენაზე ველაპარაკეო, წარმართებთან წარმართი ვიყავიო. ეს რას ნიშნავს? მე წარმართი კი არ გავხდი, მაგრამ ვიცოდი, როგორ უნდა წარმართულიყო მისიონერული მოღვაწეობა, ტაძარში მათ შემოსაყვანადო.

თამამად ვამბობ, რომ მამა პეტრეს მთავარი იარაღი, რის გამოც ის აინტერესებდათ, ინტელექტი იყო და არის. მაშინ კი ამის დეფიციტი იყო, მოგეხსენებათ, რაც გამოიარა ქართულმა ეკლესიამ საბჭოთა პერიოდსა და 1990-იან წლებში. მერე კი ამ თაობის სახით, უფრო მოაზროვნე და განათლებული სამღვდელოება წამოვიდა.

მამა პეტრემ ლექსების წერა მღვდლობაშიც არ შეწყვიტა, სასულიერო პირობამდე ერთი კრებულის ავტორი იყო, რომელსაც დღემდე რუდუნებით ვინახავ. სხვათა შორის, რუის-ურბნისის საეკლესიო გაზეთშიც იბეჭდებოდა - “მახვილი მისიისა”.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან კიდევ ერთი კარგი საქმე. კერძოდ, პოეზიასთან ერთად, როგორც პროფესიით ისტორიკოსმა, დაიწყო სრულიად მიკარგული ძეგლების კვლევა, რომლებიც რესტავრაციას საჭიროებდნენ და მათ შესახებ პატარ-პატარა ნაშრომებს აქვეყნებდა. პარალელურად, იკვლევდა თავისი კუთხის უდიდესი ქართველი პოეტის - ტერენტი გრანელის ბიოგრაფიას და მიზნად დაისახა ეთქვა ის, რაც გრანელის შესახებ ჯერ არავის ჰქონდა ნათქვამი - მისტიკური ხედვები და მეტაფიზიკური საწყისი გრანელის პოეზიისა. სწორედ მან დაიწყო. სხვათა შორის, 2013 წელს გამოქვეყნდა ჩემი წერილი პეტრე კოლხის პოეზიაზე ამ კუთხით - “მთვარის მისტიკა პეტრე კოლხის პოეზიაში".

მღვდლად ხელდასმის პირველსავე წლებში მამა პეტრემ ლექსების ორი კრებული გამოაქვეყნა. იმ პერიოდში მესამე ვაჟიც შეეძინა და ვიცით, რომ ახლა ის მრავალშვილიანი მამაა.

შემდეგ ის გადავიდა ბოლნისში, რაც სრულიად ახალი ეტაპი იყო მის ცხოვრებაში. ერთხელ, ჩემი სამრევლოთი წავედი იქ მოსალოცად, ორი სამარშრუტო ტაქსით და სამი დღის განმავლობაში აღარ გამოგვიშვა, სასწაული მასპინძლობა და წინამძღვრობა გაგვიწია მომლოცველობაში, ბოლნისის კულტურის განყოფილების მაშინდელი გამგე დაგვეხმარა და არამხოლოდ ღამისგასათევი მისცა ყველას, არამედ, საოცრად გვიმასპინძლეს. კარგი მოგონებებით დავბრუნდით. პეტრეს სულ ვეუბნებოდი, როგორ მინდა, შენნაირი უშუალობა მქონდეს ხალხთან, მე მაინც მკაცრის სახელი მაქვს, ხალხს მაინცდამაინც არ უყვარს ჩემთან მოსვლა. შენნაირი ლაღი რომ ვიყო, ალბათ გაცილებით უფრო კარგად იქნებოდა საქმე-მეთქი, ვეუბნებოდი.

kolxi-1690875620.jpg

- შეიძლება მკითხველმა თქვას, რომ რადგან მისი მეგობარი ხართ, ამიტომ მხოლოდ დადებითად ახასიათებთ, რა იყო ის მინუსები, რის გამოც, ზოგიერთ სასულიერო პირს ნეგატიური განწყობა გაუჩნდა მის მიმართ?

- ამ ინტერვიუთი არ მინდა იფიქროს ხალხმა, რომ მე მას ვაიდეალებ, არა, ჩვენ ყველას ჩვენი მინუსები და ნაკლოვანებები გვაქვს, ცხადია. ჩვენც გვქონია ბევრ რამეზე აზრთა სხვადასხვაობა, გვიკამათია კიდეც გარკვეულ საკითხებზე, ეს ბუნებრივია. ფსიქოტიპაჟური კუთხით, ჩვენ სხვადასხვა ტიპის ადამიანები ვართ. მაგალითად, მე არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ფოტოების გადაღება მიყვარს, ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. ჩვენ ვმეგობრობთ, მაგრამ შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე, ქმედებები, განსხვავებული გვაქვს. მაგალითად, მამა პეტრე გაცილებით უფრო გაწონასწორებული და მშვიდია, მე უფრო ნერვიული ვარ. ორივეს ხშირად მოგვისმენია სრულიად უსამართლო ბრალდება და შეურაცხყოფა ვიღაცისგან, თუნდაც კომენტარები სოციალურ ქსელში და მე მითქვამს, ეს რომ ჩემზე დაეწერათ, მე ალბათ მოვკვდებოდი, ინფარქტს მივიღებდი-მეთქი, პეტრეს კი ასეთ რამეებზე ეცინება, თვითონვე მიგზავნის ხოლმე - ნახე, რა დაწერესო.

ჩვენ კიდევ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, ეკლესიის წიაღშიც და საერო პირებიც. სიხარულით, ხუმრობებით აღსავსე ურთიერთობები გვაქვს, ერთმანეთთან დაძაბულები არ ვართ, რაიმეს თქმის არ გვეშინია, ის როგორ გაიგებს ამას. ურთიერთობა, რომელმაც 20 წელიწადს გაუძლო, სახუმარო არ არის. მე მახსენდება მამა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა საყოველთაო იმედგაცრუების პერიოდში - “ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა, მის მპოვნელს განძი უპოვიაo”.

მამა პეტრეს შეცდომა ალბათ ის იყო, რომ ადამიანები თავიდან ფერადი წარმოდგენებით ვიწყებთ მოღვაწეობას ყველა სფეროში, გვგონია, რომ არავის არავისი შურს, ყველა ძალიან კეთილგანწყობილია ერთმანეთთან, მით უმეტეს, ეკლესიის წიაღში; რომ არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, რომ ყველა ხელს უწყობს განათლებული და კარგი ადამიანის აღზევებას და მერე უკვე გარკვეულ დაბრკოლებებს ვაწყდებით. მან ძალიან დიდი სტრესი, შეურაცხყოფა, ზეწოლა განიცადა 2015 წელს, როდესაც თავდასხმების სერია და სეტყვა წამოვიდა მასზე, როცა სოციალურ ქსელში გაჩნდა მისი უფროსი ქალიშვილის ფოტოები, რომელიც მაშინ ჩემი სულიერი შვილი იყო. ბავშვს ეკლესიის დანახვა აღარ უნდოდა, რადგან მისთვის იმ აგრესიულ ჯგუფებთან იყო გაიგივებული, რომლებიც მას ლანძღავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. შეიძლება რაიმე მოსაწონი არ იყო, მაგრამ ქართველ ხალხს არ ესმის, რა ფორმით უნდა გამოხატოს თუნდაც საყვედური და კრიტიკა. ხშირად, ენით უთქმელი აგრესიითაა გაჯერებული ეს ფორმა და არანაირი გამართლება არ აქვს! არავითარი კონტაქტი არ აქვს სახარებისეულ სულისკვეთებასთან!

ასეთი გარემო ხშირად პასუხს ითხოვს არამხოლოდ იმ მღვდლისგან, არამედ, მისი გარემოცვისგანაც. თუნდაც, ჩემგან, მისი მეგობრისგან. გახსოვთ, რას ეუბნება დათა თუთაშხია მუშნი ზარანდიას? შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობიაო. შეიძლება, მე არ მომწონს შენი ფოტოგალერეა, ფოტოსესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე შენ ამის გამო ხაზი გადაგისვა და ჩემი მეგობარი აღარ იყო. ჩვენ სულ სხვა, უფრო დიდი ღირებულებები და სხვა სიყვარული გვაერთიანებს!