წარსულის გაიდეალება  ხელს უშლის ერის განახლებას ანუ რუსი "მუჟიკის" უმეცრება, ჩინოვნიკების თვითნებობა და თვითმპყრობელობის ძლიერება - კვირის პალიტრა

წარსულის გაიდეალება  ხელს უშლის ერის განახლებას ანუ რუსი "მუჟიკის" უმეცრება, ჩინოვნიკების თვითნებობა და თვითმპყრობელობის ძლიერება

როდესაც პოლიტიკოსებს ვუსმენ, აღარც კი ვფიქრობ, ვინ მართალს ამბობს და ვინ - ტყუილს. უკვე ყველაფერი უღიმღამოა, როცა ყურს მჭრის დრომოჭმული საკომუნიკაციო ენა, ურთიერთდამოკიდებულება... ვფიქრობ, ეს ცალკე საკვლევი თემაა, რატომ ვერ გამოვდივართ მტრის ტერმინებიდან. მუდმივად გამარჯვება, ბრძოლა, დამარცხება რატომ გველანდება. უცვლელია ჩვენი დამოკიდებულებები მთელი რიგი საგნების, ტრადიციების, განვითარების მიმართ. ოღონდ “მაგრები“ ვიყოთ, სხვა „დავამარცხოთ“, მაგრამ ვერ შევქმნათ ცხოვრების ახალი ფორმები, რომელიც თანამედროვეობას პასუხობს.

ამიტომაც, ხან დასავლეთში ვეძებთ მტრებს, ხან ერთმანეთში, ხან... და გვავიწყდება, რომ ეროვნულ თვითმყოფადობაზე ზრუნვა არ უნდა გამოიხატებოდეს ტრადიციების აბსოლუტური უცვლელობის სიყვარულში და მათი ურყევი შენარჩუნების მცდელობაში, როგორც, მაგალითად, ამას ადგილი ჰქონდა მეცხრამეტე საუკუნის რუსეთში.

ათეული წლების მანძილზე აქ დასავლეთევროპული ტიპის რეფორმებს წინააღმდეგობას უწევდა საზოგადოებრივი აზრის ზოგიერთი წარმომადგენელი. რუსი „მუჟიკის“ უმეცრება, ჩინოვნიკების თვითნებობა და თვითმპყრობელობის ძლიერება, შეერთებული მართლმადიდებლურ ცრურწმენებთან, წარმოდგენილი იყო, როგორც სლავური ეროვნული თვითმყოფობა, რომლის დაცვა დასავლეთის გავლენისაგან აუცილებლად მიაჩნდათ. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს მიმდინარეობდა ბრძოლა მედასავლეთეებსა და სხვადასხვა ჯურის სლავოფილებს შორის, რომელმაც თავის გამოხატულება ჰპოვა ფილოსოფიაში, ლიტერატურასა და თვითმპყრობელობის პოლიტიკაში.

მოკლედ, ვფიქრობდი ამ თემაზე და აღმოვაჩინე საკმაოდ საინტერესო წერილი: „განვითარების ზეგავლენა ტრადიციებზე“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ნოდარ ნათაძის რედაქტორობით გამოიცა.

„ტრადიციონალიზმი - ეროვნული ღირებულებებისა და ცხოვრების ისტორიული ფორმების გაზვიადება ზიანს აყენებს ეროვნული კულტურის განვითარებას, ხელს უშლის ერის შესაძლებლობების გაშლას და ახალი ღირებულებების შექმნას.

ჭეშმარიტი ეროვნული მოღვაწეობა, მიმართული ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნებისაკენ, იმას კი არ უნდა ისახავდეს მიზნად, რომ მომდევნო თაობა წინა თაობას ჰგავდეს სტერეოტიპულად, არამედ მხოლოდ იმას, რომ ხასიათის ერთობის საფუძველზე აღორძინდეს ეროვნული კულტურა, შეიქმნას ახალი ღირებულებები და ცხოვრების ახალი ფორმები.

თქვენ თუ ფიქრობთ, რომ უარი უნდა ვთქვათ წარსულზე - ნამდვილად არა. ბუნებრივია, სწორად უნდა ჩაითვალოს ის მოსაზრება, რომ ერმა არ უნდა გაწყვიტოს კავშირი წარსულთან, მაშინაც კი, როცა იგი ახალ გზას ირჩევს. მაგრამ, აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია - ერის ცხოვრება უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე მისი წარსულის სიყვარულია, მეტიც, გაიდეალებაა.

ეროვნული კულტურა წარმოადგენს შედარებით ერთიან სტრუქტურულ უწყვეტ ერთობლიობას, რომელსაც წარმართავს ერი, როგორც სუბიექტი. კულტურული მემკვიდრეობა არის ამ ერთიანობის მკაცრი მატარებელი. ტრადიცია, ეს არის ერის აუცილებელი კულტურული მემკვიდრეობა.

მაგრამ ტრადიცია არ უნდა გავიგოთ, როგორც მუდმივი დაბრუნება ერთი და იგივე მდგომარეობისკენ, ერთი და იგივე ღირებულებების მარტივი კვლავ წარმოქმნა. ეს იქნებოდა ერის ისტორიის, მისი რეალური დროის უარყოფა, რადგან იმას, რაც მარადიულად მეორდება, არ აქვს არც წარსული, არც აწმყო, არც მომავალი. ტრადიცია უნდა გავიგოთ, როგორც დინამიკური მემკვიდრეობა და უწყვეტი ორგანული განვითარება...

ღირებულებათა „გაცვლა“ სახელმწიფოებრივი და ეროვნული პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი გახდა. ტექნიკის, მეცნიერების, ხელოვნების, მოდის, ზნე-ჩვეულებების უნივერსალიზაცია მოითხოვს ერის გამუდმებული ადაპტირების პროცესს ახალი ღირებულებებისა და ახალი ქმნილებებისადმი. მეორე მხრივ, ძლიერდება წარსულის კულტურული ღირებულებებისადმი ინტერესი. ეს მიმართულება წარსულის მემკვიდრეობისადმი არის თანამედროვე კულტურის განვითარების ერთ-ერთი ფუნქცია.

განვითარებულ ქვეყნებთან ინტეგრაცია მოითხოვს განუწყვეტელ პროცესს, რომელიც მდგომარეობს შენარჩუნებაში ძირითადი კულტურული ღირებულებებისა, როგორიცაა: ენა, ლიტერატურა, ხელოვნება, ერის ისტორია, საყოველთაო ღირებულებებთან იდენტიფიცირება...“

ამ მხრივ გამახსენდა ინდოეთის მაგალითი. ნერუ ამბობს, რომ თანამედროვე ინდოეთის პრაქტიკული მოღვაწენი იძულებულნი არიან, საქმე იქონიონ საუკუნეობრივი ისტორიის მქონე პრაქტიკასთან, აზროვნებასა და მოქმედების წესთან. ერის პროგრესის კრიტერიუმად ნერუს მიაჩნია ის, თუ რამდენად წინ წავიდა იგი თანამედროვე ტექნიკის გამოყენებაში. თანამედროვე ტექნიკა არ ნიშნავს იმას, რომ ავიღოთ, ვთქვათ, დაზგა და გამოვიყენოთ იგი; შეუძლებელია დავეუფლოთ ახალ ტექნიკას ჩამორჩენილი აზრთა წყობის ბაზაზე. ასეთ პირობებში, მისი აზრით, ტექნიკა ვერ იმუშავებს.

ისმის საკითხი: როგორია ეროვნულ კულტურათა ურთიერთობა ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში? როცა განახლებაზე ვსაუბრობთ, ეს იქნება ეროვნული თუ პოლიტიკური კულტურა, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ახალი თანაარსებობს ძველის გვერდით. მართალია, ინერცია მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოებრივი ცხოვრებისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერი არაფერზე ამბობს უარს, რომ იგი უმატებს იმას, რაც არის და რაც აქვს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ყოველგვარი განვითარება ამ ქვეყნად, მოხსნა-შენახვის კანონს ექვემდებარება.

მით უფრო, ახალი პოლიტიკური კულტურა უნდა აისახოს ერის ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურის რადიკალურ ცვლილებებში! ეს, ძირითადად, ნიშნავს თანამედროვე ტექნიკური ცივილიზაციის განვითარებას, რაც მოითხოვს რაციონალიზმის შეტანას ადამიანის ცხოვრების მრავალ სფეროში, ამასთანავე, იმ ელემენტების მოცილებას, რომლებიც ცრურწმენებს და ლოგიკის საწინააღმდეგო არგუმენტაციას ეყრდნობა, პოლიტიკაში კი მოძველებულ მიდგომებს ეყრდნობა... მეთანხმებით?

მე თუ მკითხავთ, სწორად უნდა ჩაითვალოს ის მოსაზრება, რომ ერმა არ უნდა გაწყვიტოს კავშირი წარსულთან, მაშინაც კი, როცა ის ახალ გზას ირჩევს. საკუთარი განვლილი ცხოვრების გაცნობიერება და კრიტიკული მიდგომა, იქნება ეს ტრადიციებისადმი თუ პოლიტიკური მოვლენებისადმი, თავისთავად არ ეწინააღმდეგება მოდერნიზაციის იდეალებს. უნდა ვიცოდეთ, რას ვაძლევთ და რას ვიღებთ განვითარებული ქვეყნებისგან, მაგრამ, უპირველესად, ჩვენ აქ უნდა გადავხედოთ იმ მიდგომებს, რომლებიც მოქალაქეებს ერთობ მოგვყირჭდა.