"ჩემი ქანდაკებების ინსპირაციის წყარო ვილენდორფის ვენერაა..." - ვინ არის მოქანდაკე ქალი, რომელიც სტერეოტიპულ აზროვნებას ამსხვრევს - კვირის პალიტრა

"ჩემი ქანდაკებების ინსპირაციის წყარო ვილენდორფის ვენერაა..." - ვინ არის მოქანდაკე ქალი, რომელიც სტერეოტიპულ აზროვნებას ამსხვრევს

ქანდაკებები, რომელიც სტრესს და უარყოფით განწყობებს ცვლის

პირველი შეხება ხელოვნებასთან ძალიან ღრმა ბავშვობაში ჰქონდა. ქალისთვის მოქანდაკეობა საკმაოდ რთულია, იცის, მაგრამ სირთულეებს ადვილად არ ეგუება. ჩვენი საუბარი იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ შესავალში ბევრს აღარ ვიტყვი მის შესახებ. ეს მოქანდაკე თამარ (თალი) თოიძეა.

- პირველად რომ გამოჩნდით, პირველივე შეფასება ასეთი იყო - ქალი, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ვიზუალურ სტერეოტიპებს ამსხვრევს. შემდეგ, სულ გეკითხებოდნენ - რატომ მსუქანი ქალები. ამასობაში „ფუმფულა“ ქალებში კომპლექსები თუ შეამცირეთ?

- ეს, ჩემი ხელოვნების ერთგვარი ნიშაა - სტერეოტიპულ აზროვნებას ვცვლი. თავიდანვე ასე შევეჭიდე ქანდაკების ხელოვნებას. უპირველესად, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ქანდაკებაში მრგვალი ფორმები „მისაღებ“ ფიგურად არ ითვლება. ჩემს მოცემულობაში, ჩემს ქანდაკებებში ქალებს აქვთ გაზვიადებული ფორმები, რომელიც დადგენილ, სტანდარტულ ფორმებში არ ჯდება...

პირველ რიგში გეტყვით, - ესეც ერთგვარი სტერეოტიპია, რომ ქალებს არ შეუძლიათ რთული პროფესიის დაუფლება. ქანდაკებაში იშვიათია ქალი ხელოვანი. ესეც ერთგვარი სტერეოტიპის მსხვრევა იყო ჩემგან. თითქოს საჯაროდ რაღაცებს განვიხილავთ, მაგრამ მაინც გვიწევს ხოლმე გარკვეულ სტერეოტიპებთან შეჯახება.

როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, შერეულ გამოფენებში ვმონაწილეობდი, არ ვამჟღავნებდი საკუთარ თავს, არ ვაწერდი ნამუშევრებს ავტორს და ვაკვირდებოდი ჩემს დამთვალიერებლებს. დიდხანს იდგნენ ჩემი ქანდაკებების წინ და ბჭობდნენ: "ძლიერი შემოქმედებაა... ეს აშკარად კაცის ხედვა და ნამუშევარია"... საზოგადოებისგან თურმე ეს ქებად უნდა მიმეღო (ეღიმება). მაგრამ აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ქალსაც ჰქონდეს „ძლიერი“ ხედვა...

namushevari-2-1708804399.jpg

ქალები კი, თავს აიგივებდნენ ამ ფორმებთან, რომელიც მე მქონდა წარმოდგენილი. არა მხოლოდ ფორმებთან, არამედ ემოციებთან, ქცევასთან, მოძრაობასთან. გაიგივებასთან ერთად, ის კომპლექსები, რაც რეალურად მასიური ფორმების მქონე პიროვნებებს აქვთ, პოზიტიურად აღიქვამდნენ და კომპლექსები ეხსნებოდათ გარკვეული სახით…

მსგავსი ემოციების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვანისთვის.

- მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ ერთხელ თქვით, რომ "მაქვს რეალური ფიგურებიც"... რატომ თქვით?

- თავიდან მეც დაწესებულ ნორმებს ვითვალისწინებდი. ასეთები სულაც არ იყვნენ ჩემი ქალბატონები, დღეს როგორებიც არიან. ჩემი ემოციური განწყობა მუდმივად მკარნახობდა, რომ ჩემს ნამუშევრებს უფრო მასიური ფორმები მოუხდებოდა. თაბაშირისგან გავაკეთე. შორიდან ვაკვირდებოდი და ძალიან პოზიტიური განწყობა მოდიოდა. შინაგანი „მეც“ მკარნახობდა, რომ ეს უფრო ჩემეული იყო.

- დიდი ფრანგი ფერმწერი ეჟენ დელაკრუა ჩიოდა: "ჩემი სურათების წინაშე, მუდამ შინაარსზე საუბრობენ და რაც კი მთავარია - ფერწერა, გვერდზე რჩებათო.“ შესაძლებელია, მხოლოდ გარეგნული ფორმა დაინახო და ვერ შეამჩნიო ის ხასიათი და ფიქრები, რომელიც თუნდაც თქვენს „ქალბატონებს“ აქვთ? ამის გამო ხომ არ არის, რომ მუდმივად ჭარბ წონაზე გეკითხებიან და არა შინაარსზე?

- სწორად შენიშნეთ, მე ემოციური ადამიანი ვარ და ჩემს შემოქმედებაში ქანდაკების ემოცია პირველი გამომსახველია იმ ვიზუალის, რომელიც „ჩემს ქალბატონებს“ აქვთ. ამ ნამუშევრებში სხვადასხვა წყაროები მაქვს გამოყენებული და ინსპირირებული. ვისაც მეტის მოძიება უნდა, ის მეტს დაინახავს ამ ფორმაში. აქვე გეტყვით, რომ ჩემი ქანდაკებების ინსპირაციის წყარო ვილენდორფის ვენერაა. ავსტრიაში გათხრების დროს ნაპოვნი ეს 11 სანტიმეტრის სიმაღლის ფიგურა დაახლოებით 25-29 ათასი წლისაა. მისი ფორმები იმდენად სავსე და მთლიანია, რომ მონუსხულივით ვუყურებდი.

ნაყოფიერების ქალღმერთ ვენერასგან არაცნობიერადაც პოზიტიური მუხტი მოდის. ის, რაც ნაყოფიერების ქალღმერთი იყო, თანამედროვე სამყაროში სტერეოტიპების მმსხვრეველი ქალი გახდა...

პრინციპში თქვენი შეკითხვის ორივე მონაკვეთს ვეთანხმები.

- გასაგებია, მაგრამ ისიც უთქვამთ, რომ ხელოვნება მხოლოდ ხელოვანებს გაეგებათო. მაინც, თუ არის ისეთი რამ, რომელიც ჩემნაირებისთვის, დამთვალიერებლებისთვის დაფარულია, მაგრამ თქვენი ხელოვნებით მეტს გვეუბნებით?

- პოზიტიურ ფორმას ნეგატიური შინაარსი აქვს და სევდიანი ხასიათი, რაც თქვენ ზოგიერთ ნამუშევრებში შეიგრძენით, ერთგვარი ორი კონტრასტია და ასეთი ექსპერიმენტები მხიბლავს. ან, ნეგატიური ემოცია პოზიტიურ ფორმაში. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ისეთ ფერს ვუკეთებ დომინირებას ქანდაკებაში, რომელიც მისთვის საერთოდ არ არის შესაფერისი. შეიძლება ჰაეროვანი ფერი ან ფორმა შევიტანო მძიმე ფორმებში.

namushevari-3-1708804444.jpg

- როგორც ჩანს, მაინც ოჯახი გახდა ინსპირაცია, რომ მოქანდაკე გამხდარიყავით?

- ჩემს ოჯახში ყველა ხელოვანია, დედის გარდა. მამა ხეზე კვეთაში უფრო მუშაობდა, ვიდრე ქანდაკებაში. მაგრამ, დედა გახდა ბავშვობაში ხელოვნებით ჩემი დაინტერესების მიზეზი. მან მე და ჩემს და-ძმას ხატვა და ძერწვა ბავშვობიდან შეგვაყვარა. სკოლის პერიოდშიც დედამ იაქტიურა და ხელოვნების ათწლედში შეგვიყვანა. ხელოვნება ჩვენს ოჯახში ყოველთვის უყვარდათ და აინტერესებდათ, მაგრამ ამ ფაქტმა ჩვენზე კიდევ უფრო იმოქმედა.

შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. ყველა მიმართულებით ვცადე ბედი, ფერწერა, გრაფიკა, გობელენსაც კი ვაკეთებდი... სრულიად შემთხვევით ჩავირიცხე ქანდაკების ფაკულტეტზე. სახელოსნოს მტვერთან ერთად, ჩემს ცხოვრებაში თბილი ურთიერთობები გაჩნდა. ამ ყველაფერმა ძალიან შემცვალა. უკვე დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და ძალიან მომწონს. მაგრამ, კვლავ მუდმივ ძიებაში ვარ.

- ვფიქრობ, თქვენი სკულპტურები იმდენად საინტერესო და ამავე დროს, კეთილგანწყობილნი არიან, რომ ნებისმიერი ქალაქის ქუჩას დაამშვენებდა.

- ჩემი ნამუშევრები კერძო კოლექციებშია დაცული. ძველი თბილისის ეზოებშია გამოფენილი. შარშან კი იყო საუბარი თბილისის ქუჩებშიც გამოფენილიყო, მაგრამ ხომ გესმით, ამას სხვა ჩართულობა სჭირდება. წელს ისევ დაიწყო ამაზე საუბარი და ვნახოთ. ხომ იცით, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ზურა შევარდნაძის „გარდენიას“ ულამაზეს ღია სივრცეში გაიმართა. ახლო მომავალშიც ვგეგმავ. მაქვს ჩემი სახელოსნო...

- დღეს, ყველა ვწუხვართ უარყოფით გარემოზე, ნეგატიურ ამბებზე, ნეგატიურ განწყობებზე. თქვენს ემოციებზე თუ მოქმედებს ასეთი რამ?

- წლების წინ ასტროფიგურა შევქმენი. ფიგურა იყო გულის და გონების გარეშე. ამ ორგანოების ნაცვლად იყო სივრცე. ანუ, თუკი ადამიანი გულის და გონების გარეშე არსებობს, ის მართლა არსებობს, არ ცხოვრობს.

დღევანდელი პრობლემაც ეს არის - ადამიანთა უმრავლესობა ამ კავშირს კარგავს! აზრი ადამიანთა ცხოვრებაში გულის და გონების სინთეზით გაკეთებულ საქმეს აქვს.

რასაც გულის და გონების სინთეზში ქმნი, ის არის ყველაზე გულწრფელი. მე რასაც ვაკეთებ, გულწრფელად ვაკეთებ. ერთ გამოფენაზე ისიც გავიგე, რომ ჩემი ქანდაკებები სტრესს და უარყოფით განწყობებს აშორებს. ჩემი ხელოვნება ბევრად უფრო მეტის გამომხატველია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მე, დღეს, ჩემი პროფესიით ბედნიერი ვარ.

ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი