"ჩვენც კაბინაში რომ მოგვისროლეს, ქვევით ყურება დავიწყე, სადაც მშობლები იდგნენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენც კაბინაში რომ მოგვისროლეს, ქვევით ყურება დავიწყე, სადაც მშობლები იდგნენ"

3 ვაჟის დედაა: ანდრია 8 წლისაა, ნიკოლოზი 6-ის, ხოლო დავითი 1 წლის და 4 თვის, ამიტომ ინტერვიუ გვიან ღამით დავნიშნეთ, როცა მის სამივე ლაშხიას ეძინა.

ეკატერინე ქარჩავა პირველადი სპეციალობით ტანსაცმლის დიზაინერია. როგორც აღნიშნა, პირველი ჩვენება 16 წლის ასაკში ჰქონდა, რომელზეც საბავშვო ხაზი წარმოადგინა. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა და წიგნის ილუსტრაცია-დიზაინის სპეციალობას ეუფლებოდა. აქტიური სტუდენტობის წლები ჰქონია, პრეზიდენტის სტიპენდიის მფლობელი გახლდათ და მონაწილეობდა კონფერენციებში, კონკურსებში, გამოფენებში და ა.შ.

ის დღეს შემოქმედებითად აქტიური ქალბატონია. მხატვარ-გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და ბავშვთა პოეტი გახლავთ. თითოეულ სფეროში არაერთი ჯილდოს, პრემიისა და დიპლომის მფლობელია. არჩეულია მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის „გულანი“ ნამდვილ წევრად. მისი დებიუტი ჟურნალში „დილა“ შედგა. თანამშრომლობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი და საბავშვო პოეტი. 2022 წელს გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებული „პატარების დიდი სამყარო“ და ახლა მეორესაც ამზადებს. ეკატერინე ქარჩავა სოხუმიდანაა და ბუნებრივია, ჩვენს დიალოგში სწორედ ამ კუთხეზე საუბარს დაეთმო დიდი დრო.

- როგორც ყველა ბავშვი, მეც ვხატავდი. ძალიან უჭმელი ვიყავი და ბაღის მერე მე და დედა დავსხდებოდით, ერთად ვხატავდით და საკვებს ამ თამაშ-თამაშში ვიღებდი. ეს სოხუმში ხდებოდა, სადაც დავიბადე და 5 წლამდე ვიზრდებოდი. ხატვის მიმართ სერიოზული ინტერესი უკვე სკოლის ასაკში გამიჩნდა... ვსწავლობდი სამხატვრო სკოლის ოთხწლედში, შემდეგ ათწლედი და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ხელოვნების სფეროს თითქმის ყველა წრეზე დავდიოდი: ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა იყო ეს თუ ბალეტი. რაც შეეხება ხატვასა და ჩემს პროფესიულ არჩევანს, ამას ფესვები ჯერ კიდევ აფხაზეთში ჩაეყარა. ომი რომ დაიწყო, იმ ზაფხულს 5 წელი შემისრულდა. სოხუმში ჩამბას ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდით, ჩვენ გვერდით კი აფხაზი ცოლ-ქმარი იყო, რომლებსაც შვილი არ ჰყავდათ. 4 წლით პატარა და მყავს და როცა დედა მას უვლიდა, ჩვენმა მეზობელმა ქალბატონმა დედაჩემს დახმარება შესთავაზა, - შენ პატარას მიხედე და უფროსი შვილის აღზრდაში მე მოგეხმარებიო. მოდიოდა და მპატრონობდა: მასწავლიდა ლექსებს, სიმღერებს, ვსეირნობდით სოხუმის ქუჩებში, ზღვის პირას კენჭებს ვაგროვებდით. ეს ყველაფერი არა სხვების მონაყოლით, არამედ თავად დეტალურად მახსოვს. 1-ლ ივლისს, 5 წელი რომ შემისრულდა, დედამ ვიწრო წრეში წვეულება მოაწყო. რასაკვირველია, ჩემი მეზობელიც მოვიდა. ეზოს დიდი ჭიშკარი შემოაღო, ჩემ წინაშე ჩაიმუხლა და გულში ჩამიკრა. ხელისგულზე ხის გულსაკიდი ედო, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის - „მადონა ყრმით“ მიხედვით შესრულებული. მომილოცა, საჩუქარი გადმომცა და მითხრა, - უკვე გაიზარდე, დიდი გოგო ხარ. შემპირდი, რომ ყოველთვის დახატავ და სულ მხატვრობაში იქნებიო. 5 წლის ბავშვმა სიტყვა „მხატვრობა“ ვერ გავიგე, მაგრამ ის მახსოვს, რომ ვუთხარი, - აუცილებლად, ხატვა სულ მეყვარება-მეთქი. მომხდარი მოგვიანებით გავიაზრე. როგორც აღმოჩნდა, საყვარელ საქმეზე არჩევანი ჯერ კიდევ აფხაზეთში გამიკეთებია.

- მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დატოვეთ, თქვენს აფხაზ მეზობელ ქალბატონზე რა ინფორმაცია გაქვთ?

- ომი როგორც კი დაიწყო, ჩვენი ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები დაიკარგა. სამწუხაროდ არ ვიცი, გადარჩნენ, დღეს ცოცხლები არიან თუ არა. ფაქტია, რომ იმ ქალმა რაღაცნაირად, ჩემი მომავალი, ბედი დალოცა და ერთგვარი მიმართულება მომცა. მგონია, ეს მხოლოდ დამთხვევა არ არის და რომც იყოს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მოგონებაა. 31-ე წელი დაიწყო, რაც ის ხის ნივთი ჩემი რელიკვია და პატარა თილისმაა. დროდადრო ვატარებ კიდეც, ძალიან ვუფრთხილდები.

ჩვენ ქალაქიდან მაშინ წამოვედით, როცა პირველი ევაკუაცია გამოცხადდა, სოხუმი ქალებსა და ბავშვებს უნდა დაგვეტოვებინა. სწრაფად მოვემზადეთ. არანაირი გათვლა არ გვქონია, თან რა უნდა წამოგვეღო, რადგან საამისოდ არავის ეცალა. რაც ხელში პირველი მოგვხვდა და ტანზე რაც გვეცვა, მხოლოდ იმით გამოვხურეთ სახლის კარი. ბებო, დედა, მე და ჩემი და ვერტმფრენს მივადექით. კადრებად მახსოვს, როგორ სწრაფად ტყორცნიდნენ ვერტმფრენში ნივთებს და ბავშვებს. მამა გვაცილებდა. თვითონ სოხუმში რჩებოდა, რათა ომში მონაწილეობა მიეღო. თან კავშირგაბმულობაში მუშაობდა. სხვა ბავშვებივით, ჩვენც კაბინაში რომ მოგვისროლეს, ქვევით ყურება დავიწყე, სადაც მშობლები იდგნენ. როცა დედა და წლინახევრის და ამოიყვანეს, ისინი ახლოს დავიგულე, ცოტა დავმშვიდდი. ისეთი სივიწროვე იყო, ერთმანეთზე მჭიდროდ, ასანთის ღერებივით ვიყავით მიწყობილი. სულ ბოლოს ბებოც ამოიყვანეს, მაგრამ ის კიდეში იდგა. მამა თავისი ხელით ეცადა ღრმად შემოეგდო და ზუსტად მაშინ ვერტმფრენი დაიძრა. იმ დროს „კუდი“ ჯერ კიდევ არ იყო დაკეტილი, ბებო წაბორძიკდა და ზურგით უკან გადაეშვა. იმ დროს მამაჩემმა მოასწრო, დაიჭირა და ისევ წინ რომ შემოეგდო, ხელი ჰკრა. სწორედ მაშინ ხდება სასწაული და დღესაც მაკანკალებს, ამას რომ ვიხსენებ: ვერტმფრენი იკეტება და ბებიას დამხმარე მამაჩემი შიგნით მოყვა. არადა, ბორტზე მამაკაცის ჭაჭანება არ იყო, ეს დაუშვებელი გახლდათ. ხალხმა მამები, ქმრები, ბიძები დატოვა და წარმოიდგინეთ ამ ამბავს რა შეხლა-შემოხლა მოჰყვებოდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ვფიქრობდი, ბებო კიდევ არ წაიქცეს-მეთქი და მზრუნველობით სავსე თვალს არ ვაშორებდი. ჩემგან კი შორს იყო, მაგრამ თითქოს ასე მინდოდა „დამეჭირა“. მერე მოულოდნელად დედაჩემის უცნაურმა ღიმილმა სახე გამიშეშა. მისი ეს რეაქცია იმან გამოიწვია, რომ დედ-მამამ ერთმანეთი დაინახა. მზერა გაცვალეს, ერთმანეთი ახლოს დაიგულეს და სულ ეს იყო. ჩემს მშობლებს შორის უსიტყვო დიალოგის შემდეგ, მამას იქ ყოფნის გამო სიხარულით მინდოდა მეყვირა. გვერდით მაღალი, სუსტი ქალი მედგა. მიხვდა, რასაც ვაპირებდი, სიტუაცია სწორად, სწრაფად შეაფასა და ჩამაყუჩა: "ჩჩჩ!" მთელი გზა არაფერი შევიმჩნიე, ხმა არც იმ ქალს ამოუღია და არც მე. ღვთის ნება და ეს სასწაული რომ არ მომხდარიყო, არ ვიცი, მამას რა ბედი ეწეოდა. მადლობა ღმერთს, მშობლები ცოცხლები არიან და ამავდროულად, უსაზღვროდ მეუხერხულება იმ ადამიანების, ვინც დედ-მამა, ბებია-ბაბუა, დედმამიშვილი და შვილები დაკარგა. და საერთოდ, რაზე ვწუწუნებთ ადამიანები იმის ფონზე, როცა ხალხმა გარშემო ყველა დაკარგა?! ხმა არ გვაქვს ამოსაღები მათ, ვინც ცოცხალი გადარჩა. წარმოუდგენელია რამეზე საყვედური ვთქვათ ან გულისწყვეტა გვქონდეს.

- აფხაზეთს ხატავთ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, რომლებზეც ვერ ვსაუბრობთ, მასზე ვერც ვწერთ და ვერც ვხატავთ... თქვენთან როგორ ხდება?

- განწყობას გააჩნია. ზოგჯერ არის კონკურსები თუ გამოფენები, რომელსაც კონკრეტული თემა აქვს, მაგრამ ნებისმიერ დროს ვცდილობ, აღვიდგინო ის ფერადი კადრები, რომელიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, ამით მსურს ნახატები ხალისიანი გავხადო. ისედაც გადაღლილები ვართ ნერვიულობით, ტირილით, მონატრებით და უარყოფითი ენერგიისგან უნდა დავიცალოთ, ამიტომ ნაკლებად ვცდილობ ნეგატივი ნახატებშიც ავსახო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს ნამუშევრებს ლაიტმოტივად ყოველთვის გასდევს აფხაზეთის თემის ირგვლივ ტრიალი.

- თქვენ რას უყვებით შვილებს აფხაზეთზე და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია მომავალ თაობას ვესაუბროთ ამ კუთხეზე?

- შესანიშნავი კითხვაა... რა თქმა უნდა, მესამე შვილი პატარაა და როცა დრო მოვა, მოვუყვები, მაგრამ უფროსებს სოხუმზე ხშირად ვესაუბრები. მათ იციან, როგორ გაიხლიჩა ქვეყანა, როგორ დავკარგეთ აფხაზეთი, რომ რუსეთი ოკუპანტია. ბიჭები რუკაზე გაჩვენებენ, თუ სად არის მათი მშობლების ფესვები და მეტსაც გეტყვით, ამბობენ, რომ სოხუმელები არიან. ასე რომ, ყველაფერი იციან და ზედმიწევნით აქვთ გათავისებული. ჩემი მეუღლეც აფხაზეთიდანაა. ხშირად ვეუბნები ღიმილით, ჩვენ იმდენი საერთო გვაქვს და ისეთი ბედი გვქონია, ალბათ ერთმანეთს სოხუმშიც გავიცნობდით-მეთქი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ზევით წყდება. საერთო ჰარმონიამ შეგვახვედრა, შეგვკრა და უკვე მრავალშვილიანი მშობლებიც გავხდით. ჩემს მეუღლესა და მის მთელ სანათესავოს არავითარი კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან, მაგრამ ეს არ არის მთავარი. საჭიროა გაგება, პატივისცემა და ის, რომ შენი შესაძლებლობების სჯეროდეს. სპორტით არის დაკავებული და მისი ინტერესის სფეროც ეს არის, მაგრამ სულ მხარში მიდგას როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად, ეს უკანასკნელი კი ხელოვანი ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სხვაგვარად მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება გამობრწყინდე და მერე მალევე ჩაქრე.

- ახლა რა ეტაპზე ხართ, უფრო ხშირად ხატავთ თუ წერთ?

- ორივე ერთად. ილუსტრაციებზე მაქვს შეკვეთები და პარალელურად ვწერ. ახლა მეორე წიგნზე ვმუშაობ. ვინაიდან საზოგადოებამ ჩემი საბავშვო პოეზია კეთილად მიიღო, მუშაობას ამ ხაზით ვაგრძელებ. ვერ ვჩერდები და ამის უფლებაც არ მაქვს. ჯერ როგორი რთულია სახელის მოხვეჭა და საკუთარი „მეს“ დამკვიდრება და როცა ადამიანების ინტერესს იწვევ, არც უნდა იზარმაცო, სულ უნდა იშრომო.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"