"ყველას ჰიპებივით რომ ეცხოვრა, მსოფლიოში მშვიდობა იქნებოდა!" - ვინ არის პირველი თაობის ჰიპი - ნიკო სფუგარასი - კვირის პალიტრა

"ყველას ჰიპებივით რომ ეცხოვრა, მსოფლიოში მშვიდობა იქნებოდა!" - ვინ არის პირველი თაობის ჰიპი - ნიკო სფუგარასი

იცოდით, ჰიპების პირველი თაობის წარმომადგენელი, მუსიკოსი, ტელერადიოპროდიუსერი და ცნობილი დიჯეი, 52-წლიანი სტაჟით - ნიკო სფუგარასი ქართველების სიძე რომ არის და ამჟამად თბილისში ცხოვრობს? ნიკო ჩემი თბილისელი ახლობლის - ქეთის მეუღლე აღმოჩნდა, მალევე ინტერნეტით გავიცანი და სოციალურ ქსელშიც დავმეგობრდით. იმხანად ნიკო და ქეთი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ნიკოს პირადადაც შევხვდი, ამჯერად - თბილისში. ახლახან მის ახალ ფოტოებს გადავაწყდი და ქეთის შევეხმიანე. ძალიან გავიხარე, თბილისში რომ აღმოჩნდნენ. თურმე, ის და ნიკო ნახევარ წელს თბილისში ატარებენ, ნახევარს - კრეტაზე. იქ ყოველწლიურად ჩადიან, ნიკოს ოჯახის სანახავად - ნიკოს შვილები და შვილიშვილი კრეტაზე ცხოვრობენ. იქ ყოფნისას ნიკო თავის ძველ რადიოშიც უკრავს, კლუბებშიც იწვევენ, წლის მეორე ნახევარს კი წყვილი საქართველოში ატარებს.

ნიკო მოვიკითხე და ქეთიმ მითხრა, სახლში პატარა სტუდია მოაწყო, აქედან მუშაობსო, დასტურად კი იმწამს ფოტოც გადაუღო და გამომიგზავნა. ნიკოსთან საუბარი ამჯერადაც დისტანციურად მომიხდა.

niko-8-1708971099.jpg

ნიკო - პირველი თაობის ჰიპი

ნიკო 73 წლის არის, 1950 წლის მაისში დაიბადა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე. მამა სტამბოლელი ბერძენი ჰყავდა, დედა - იზმირელი (სმირნი). 1922 წელს მცირე აზიაში ტრაგედია რომ დატრიალებულა, ნიკოს მშობლები ბავშვები ყოფილან. მათი ოჯახები თურქეთიდან გამოქცეულან და კრეტაზე დასახლებულან. ნიკო 15 წლის იყო, 1965 წელს სამ მეგობართან ერთად ჯგუფი რომ შექმნა. ბიჭებს მუსიკალური განათლება არ ჰქონდათ, მაგრამ კარგი ანსამბლი კი გამოუვიდათ. თავდაპირველად THE ROCKS დაარქვეს, შემდეგ - WHEELS, BOOKS ON THE HOOKS. ისინი უკრავდნენ როკს და, ძირითადად, ასრულებდნენ საკუთარ სიმღერებს, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე.

niko-9-1708971163.jpg

ნიკო:

- პირველი ჰიპები საბერძნეთში 1967 წელს ჩავიდნენ ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან და მეც გადავწყვიტე, შევერთებოდი მათ. ამიტომაც გავემგზავრე სოფელ მატალაში, სადაც ისინი დასახლდნენ. მაშინ მატალა პატარა სოფელი იყო, მხოლოდ ერთი საცხობი და ორი ტავერნა მუშაობდა, სანაპიროსთან კი პატარა სახლები იდგა. ელექტრობაც არ ჰქონდათ. მოსახლეობა მეთევზეობით, აგრარული საქმიანობით ირჩენდა თავს. ჰიპები ძალიან უბრალო ადამიანები იყვნენ, ეცვათ თავისუფალი სტილის, კომფორტული ფერადი ტანსაცმელი, გოგონებს კი თავზე მინდვრის ყვავილების გვირგვინები ეკეთათ. მათთან საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია. ეს გახლდათ გულღია საზოგადოება და ნებისმიერ ახალ ადამიანს სიამოვნებით ღებულობდნენ. მათთვის ყველაფერი პირადი, იმავდროულად, საერთოც იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან თბილად და მეგობრულად გვექცეოდა. დღისით ზღვაში ვბანაობდით, ვირუჯებოდით, მერე მინდვრებშიც ვმუშაობდით, ციტრუსს ვკრეფდით, მეთევზეებს ვეხმარებოდით, და არა მარტო ფულის გამო, დახმარება გვინდოდა და - იმიტომ. ყველანი განათლებული ადამიანები ვიყავით, უბრალოდ, ყველას და ყველაფერს გვინდოდა, გავრიდებოდით. დევიზად გვქონდა: "სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება". თავს "ყვავილის ბავშვებს" ვუწოდებდით ანუ ვიყავით ბუნების შვილები და სიმშვიდე გვიყვარდა. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ვიკვებებოდით. კაცებიცა და ქალებიც საღამოობით სანაპიროზე, დიდ კოცონთან ვიკრიბებოდით და ვუკრავდით, ვმღეროდით. მატალას ზღვაში შეჭრილია კლდე, ბუნებრივი გამოქვაბულებით და ჩვენც იქ ვცხოვრობდით. ერთადერთი, ვინც 1971 წელს ჩავიდა მატალაში და სასტუმროში დასახლდა, ჯონი მიტჩელი იყო. ჰიპებთან ერთად 8 თვეს ვიცხოვრე და ის დღეები უთბილეს მოგონებად დამრჩა, ჩემი საცხოვრებელი გამოქვაბულიდან ფოტოც კი გადავუღე ზღვის სანაპიროს. სხვათა შორის, სწორედ ჰიპების წყალობით, ნელ-ნელა მატალაში ინფრასტრუქტურაც განვითარდა: გაჩნდა პატარა ბარები, ჯიხურები. ჰიპებისა და ჩვენი გამოქვაბულების სანახავად ტურისტები ჩამოდიოდნენ, ასე რომ, ჰიპების იქ ყოფნამ პატარა სოფელი მსოფლიოს გააცნო.

nikoo-1708971131.jpg

რატომ დატოვეს ჰიპებმა მატალა და ვინ რა გზას ეწია?!

ნიკო: - 1970-იანი წლების დასაწყისში საბერძნეთს მართავდა ხუნტა, რომელმაც შემოიღო სამხედრო რეჟიმი, გაამკაცრა კონტროლი და, რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრისა და ქცევის ხალხი არ მოსწონდა. ასე რომ, ჰიპებმა ნელ-ნელა დავტოვეთ მატალა. ვინ რა გზას დაადგა? მაგალითად, ერთ-ერთი, მეორე თაობის ჰიპი ვაგელ ნეონაკისი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელია, ჩემი მეგობრებიდან ბაბისს უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტო აქვს და ანსამბლიც ჰყავს, ის და სტრატოსი დიჯეებიც არიან. გერმანელი ჰიპი არნ სტურმაიერი ცნობილი ჟურნალისტი გახდა, 3 წიგნი დაწერა მატალაზე, იქაურ ცხოვრებაზე. პირველი იყო "ლეგენდა მატალაზე", რომელიც გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა. მისი მეოთხე წიგნი უკვე მატალას ჰიპების ფოტოებით იყო დასურათებული. მე მუსიკას ვერ ვუღალატე, 52 წელიწადია, კრეტაზე ძალიან ცნობილი ტელერადიოდიჯეი გავხდი, "კრეტა ტვ"-ზეც მქონდა საკუთარი პროგრამა.

nikk-1708971187.jpg

ტრადიცია - ჰიპების ფესტივალი

ნიკო: - პირველად ჰიპების ფესტივალი 2011 წლის 11, 12 და 13 ივნისს ჩატარდა. არნი სტურმაიერი ყოველ წელს ჩადის მატალაში და ჰიპების ფესტივალის იდეაც სწორედ მას გაუჩნდა, მატალის მაშინდელმა მერმა - მარია პეტრაკოგიორგიმაც აუბა მხარი და ასე დაიბადა ფესტივალი "მატალა 2011", რომელიც ყოველწლიურ ფესტივალად იქცა. მანამდე ცალკეული ჰიპები ჩამოდიოდნენ მატალაში, ფესტივალზე კი 30000-მდე სხვადასხვა თაობის ჰიპი შევიკრიბეთ. ერთ-ერთი, მაგალითად, თავის ყვავილებით მორთულ ძაღლთან, ფივოსთან ერთად ჩამოვიდა. ეს ჰიპი, სახელად იდომენიასი მთელი ცხოვრება ფეხით მოგზაურობს. იტალიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა დაუკრეს და იმღერეს, მეც დავუკარი, დიჯეი სტრაფოსმაც და დიჯეი ბაბისმაც. სამდღიან ფესტივალს გასდევდა მსოფლიოს მოსახლეობისადმი ჰიპების მთავარი მესიჯი: "ყველას ჰიპებივით რომ ეცხოვრა, მსოფლიოში მშვიდობა იქნებოდა!" საბოლოოდ, პირველი და მომდევნო თაობების ჰიპების შეკრებები მატალაში ტრადიციად იქცა და მას ყოველწლიური ფესტივალის სახე მიეცა.

nikkk-1708971287.jpg

ჰიპები და საქართველო

ნიკო:

- სხვათა შორის, 2014-15 წლებში ქართველი ტურისტებიც გამოჩნდნენ მატალაში. ჩემი ქართველი მეუღლის, ქეთის და მისი მეგობრების წყალობით უკვე ქართულიც მესმის. სამწუხაროდ, ადრე დატვირთული გრაფიკი მქონდა და იშვიათად ჩამოვდიოდი საქართველოში. მახსოვს, პირველი სტუმრობისას ქეთის საშუალებით ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი - პირველივე დღეს კომპოზიტორისა და მომღერლის, მიშიკო ზაქარიაშვილის ოჯახში აღმოვჩნდი. მიშიკოს შემოქმედებას ვიცნობდი და მინდოდა, პირადადაც გამეცნო. ეს სტუმრობა არასოდეს დამავიწყდება.

untitled4354-1708971328.jpg

მახსოვს კიდევ, ჩვენმა მეგობარმა ზაზა წურწუმიამ შარდენზე, ერთ-ერთ ბარში დაგვპატიჟა, საკმაოდ გემოვნებიან მუსიკას უკრავდნენ. ძალიან მინდოდა, ოდესმე მეც დამეკრა ქართველი მელომანებისათვის, მაგრამ... თბილისის რამდენიმე კლუბსა და რადიოში მივედით, გავეცანი და ვუთხარი, შიგადაშიგ სიამოვნებით დავუკრავდი თქვენთან-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. თუმცა ერთხანს, კვირაში ერთხელ, კარგი მსმენელებისთვის, მელომანებისთვის, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში მაინც ვუკრავდი.

საბერძნეთში ბევრი ქართველი ემიგრანტია და როცა რადიოჩათში ქართველს ვხვდები, მათთვის ქართულ სიმღერებს ვრთავ — ძირითადად, მიშიკო ზაქარიაშვილის, ასევე, მუსიკალური პროდიუსერის, კომპოზიტორისა და ტექსტების ავტორის - ბიბი კვაჭაძის სიმღერებს. იქაურ მსმენელს (არა მარტო ქართველს) ძალიან მოსწონს ქართული მელოდიები და კონკრეტულად ამ მუსიკოსების შემოქმედება.

(სპეციალურად საიტისთვის)