"დღემდე ვინახავ "ფეისბუკში" გოჩას გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებას, სიკვდილს უყურებდა თვალებში და აქეთ მამშვიდებდა" - კვირის პალიტრა

"დღემდე ვინახავ "ფეისბუკში" გოჩას გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებას, სიკვდილს უყურებდა თვალებში და აქეთ მამშვიდებდა"

გასულ კვირას უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ზურა წიკლაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში საგვარეულო სასაფლაოზე, გოჩა ჟვანია კი სენაკის სოფელ თეკლათში მიაბარეს­ მიწას. ორივე "ქართული ლეგიონის­" მებრძოლი იყო და აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი­ დავალების შესრულებისას, აფეთქებას ემსხვერპლნენ. როგორც მათი მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, ისინი "ქართული ლეგიონის" საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდნენ. "ათი წელი იყვნენ ჩემ გვერდით... აღარ გვყავს საუკეთესო მებრძოლები, ერთგულები, უღალატონი. აუცილებლად ვიძიებთ შურს!" - ამბობს მამულაშვილი. ზურა და გოჩა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მონაწილეები იყვნენ. უკრაინაში "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. მანამდე მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთაშორისო მისიებში. ზურა წიკლაურს დარჩა მეუღლე და ერთი შვილი, გოჩა ჟვანია კი დაოჯახებული არ ყოფილა. უფრო მეტს მებრძოლების შესახებ მათი თანამებრძოლი ლაშა რუხაია გვიამბობს.

- მე და ზურა წიკლაური ქართულ არმიაში ერთად ვმსახურობდით, პირველი ბრიგადის მე-11 ბატალიონში ვიყავით. 2008 წლის აგვისტოს ომშიც ერთად ვიბრძოდით. უძლიერესი მებრძოლი იყო, ისევე როგორც გოჩა ჟვანია. სხვათა შორის, გოჩას პირველი ხარისხის მედალი აქვს მიღებული 2008 წლის ომში მამაცობისთვის. უკრაინაშიც დააჯილდოეს მამაცობისა და თავდადებისათვის. თუ რაიმე საერთაშორისო მისია არსებობდა, ერაყითა და კოსოვოთი დაწყებული და ავღანეთით დამთავრებული, ყველა მოვლილი ჰქონდათ. მე უკრაინაში 2022 წლის თებერვალში წავედი, ზუსტად მაშინ, რუსეთი კიევს რომ უტევდა. ორივე იქ დამხვდა და მას შემდეგ ერთად ვიყავით.

ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელთა უმრავლესობის მშობლები 90-იან წლებში აფხაზეთში იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ. ჩვენთვის რუსეთი ყველგან მტერია - საქართველოშიც, უკრაინაშიც და რუსეთშიც. სადაც შესაძლებლობა მოგვეცემოდა, ყველგან მზად ვიყავით და ვართ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

უკრაინაში ჩვენს წასვლას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველ რიგში, გვინდოდა­ მტერი უკრაინაში ისე დაგვესუსტებინა, რომ საქართველოსთვის ვეღარასოდეს მოიცალოს. ამას გარდა, ყველას გვინდოდა შურისძიება აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს გამო. გარდა იმისა, რომ ზურა და გოჩა ძალიან კარგი მეომრები იყვნენ, საუკეთესო მეგობრებიც იყვნენ. მათ მოღუშულ სახეს ვერ ნახავდით, განსაკუთრებით, გოჩას, სულ მხიარულ განწყობაზე იყო. სოციალურ ქსელშიც ბევრი ვიდეოა გავრცელებული - ხან ცეკვავს, ხან მღერის. ერთი ვიდეო განსაკუთრებით მომწონს, ავტომატს ეცეკვება. წინადღეს რომ საშინელებას გადაიტანდნენ და სიკვდილს ჩახედავდნენ თვალებში, მეორე დღეს ღმერთს მადლობას სწირავდნენ.

- დავაზუსტებ, თქვენი, ასევე გოჩასა და ზურას მამები აფხაზეთში იბრძოდნენ?

- მამაჩემი გაგრის ბატალიონში იბრძოდა. ბიჭების მამები სად იბრძოდნენ, დაზუსტებით არ ვიცი. ჩვენ, ყველანი, ვიზრდებოდით მოტივაციით, რომ როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემოდა, შური გვეძია უსამართლოდ დაღვრილი ქართული სისხლის თითოეული წვეთის გამო. სწორედ ეს მოტივაცია და ჟინი განაპირობებს, რომ ქართველები უკრაინელებისათვის საუკეთესო თანამებრძოლები არიან. "ქართული ლეგიონი" იყო პირველი, ვინც ჰოსტომელის აეროპორტში დახვდა რუსებს და მოიგერია. სხვათა შორის, იქ მამუკა მამულაშვილსა და ლევან ფიფიასთან ერთად იყვნენ გოჩა ჟვანიაც და ზურა წიკლაურიც. ჰოსტომელის აეროპორტის ამბავი ლეგენდად იქცა უკრაინაში.

- თქვენ ახლახან თქვით, რომ "ქართული ლეგიონის" მეთაური და მისი მოადგილე პირადად მონაწილეობდნენ კონკრეტულ ოპერაციაში, თუმცა სოციალურ ქსელში, ასევე სხვადასხვა წყაროებით ხშირად ვრცელდება ვერსიები, რომ მამულაშვილი და მისი ახლო გარემოცვა კიევში ზის და არ გადის ფრონტის ხაზზე.

- არიან ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ბიჭების გაშავებით არიან დაკავებული. "ქართული ლეგიონის" მებრძოლები რომ წინა ხაზზე იბრძვიან და ძალიან საპასუხისმგებლო ოპერაციებში მონაწილეობენ, ამას ადასტურებს ვიდეოჩანაწერები. უკრაინელები ჯილდოებს ოთახში ჯდომისთვის არავის არ ურიგებენ. აღარ არსებობს ჯილდოები, რომლებიც "ქართული ლეგიონის" მეთაურს და მის მოადგილეს არ ჰქონდეს მიღებული. მამულაშვილი და ფიფია 24 საათის განმავლობაში ბიჭების გვერდით არიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ცხელი ხაზიდან ჩვენი დაღუპული ბიჭები, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი გამოიყვანონ. აქ კი, მათ სამშობლოში, ვიღაცები მათი დისკრედიტაციით არიან დაკავებული. ისეთიც ბევრია, გმირულად დაღუპულ ბიჭებს რომ ლანძღავს. წარმოიდგინეთ, რა ნაძირალები არიან - მკვდრებს ლანძღავენ. იმის შნოც არა აქვთ, მოვიდნენ და პირისპირ გვითხრან რამე, სოციალურ ქსელში, ფეიკგვერდებს ამოფარებულები, ზურგს უკან ილანძღებიან. რამდენიმე ხნის წინ ნიკოლოზ გელენიძის (უკრაინაში დაღუპული მებრძოლი) დედა მოვინახულეთ. ქალი ტიროდა, მკვდარ შვილს მილანძღავენო. როგორც ჩანს, დავალებას ასრულებენ, ასეთი დავალება კი ვისგან შეიძლება მიიღოს ადამიანმა, თუ არა რუსეთისგან, სხვას ვის უნდა აწყობდეს ქართველი მეომრის დისკრედიტაცია, ქართველ კაცში მებრძოლი სულის ჩაკვლა?! ჯერ ერთი, რომ გაიძახიან, უკრაინაში საომრად ფულის გამო მიდიანო, ერთი თავად აიღონ ხელში იარაღი და წავიდნენ ომში, იქნებ მათაც მისცენ­ ფული, თუ ასე რიგდება... ჯარსა და პოლიციაში რომ მიდიან ბიჭები, ფულის გულისთვის მიდიან?! ექიმი რომ ხდება­ ადამიანი, მხოლოდ ფული აინტერესებს? მათი ლოგიკით, ყველა ფულის გამო აკეთებს რაღაცას, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ამ სამყაროში არიან ადამიანები­, რომლებიც იდეალებისთვის ცხოვრობენ, რომლებსაც გაცილებით დიდი მიზნები და ამოცანები აქვთ, ვიდრე სმა-ჭამაა. მე მინახავს ბიჭები, რომლებიც დაუფიქრებლად მოკვდებიან იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ. ფოთში საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ვიყავი, დავტოვე ყველაფერი და წავედი, რომ ჩემი ძმების გვერდით დავმდგარიყავი. წავედი იმისთვის, რომ 2008 წელს ჩემი ძმების დაღვრილი სისხლი ამეღო, შური მეძია. დიახ, ეს გავაკეთე და მომავალშიც გავაკეთებ, როდესაც ჩემს ძმებს საფრთხე შეექმნებათ.

- თქვენი ძმები ისევ არიან საფრთხეში, ომიც ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა თქვენ საქართველოში დაბრუნდით.

- რაც შემეძლო, გავაკეთე. 2008 წელს დაღუპულ ჩემს ძმებს რაც შევფიცე, ის შევასრულე. კიდევ მაქვს შესასრულებელი... ღმერთმა ნუ ქმნას, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის დასჭირდება ჩემს ქვეყანას დაცვა. ეს დრო თუ მოვა, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ქვეყნის სადარაჯოზე დადგება.

დღემდე ვინახავ ფეისბუკში გოჩას გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებას. ფრონტის ხაზიდან აქეთ მამხნევებდა, ჩვენ აქ მივხედავთ ყველაფერს, შენ ნუ გეშინია, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნებაო. სიკვდილს უყურებდა თვალებში და მამშვიდებდა.

ხათუნა ბახტურიძე