"რეჟისორებს კასტინგების "გახსნილად" ჩატარებაც კი ეზარებათ - ფაქტობრივად, მთელი კინო კასტინგ-მენეჯერების კეთილგანწყობაზე დგას" - კვირის პალიტრა

"რეჟისორებს კასტინგების "გახსნილად" ჩატარებაც კი ეზარებათ - ფაქტობრივად, მთელი კინო კასტინგ-მენეჯერების კეთილგანწყობაზე დგას"

"ყველა სახის ურთიერთობა მომწონს და მაინტერესებს. ფლირტი ხელოვნებაა. ბევრს არ გამოსდის. ზოგი ისე სულელურად ფლირტაობს, ძალიან მეცინება..."

ანა ამილახვრის თავისუფლება

ასაკი: 32 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის მსახიობის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ასევე - ტელეწამყვანი.

ჰობი: ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, რელიგია, თხილამურებზე სრიალი, მოტოციკლის მართვა...

- ანა, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ზოგჯერ ვერაფერს, ზოგჯერ კი ძალზე საინტერესო, ლამაზ ქალს. სარკეში ჩახედვისას, საკუთარი თავი ხან არ მომწონს და მინდა თვალი ავარიდო... მოკლედ, ხასიათს, განწყობას, წინა პირობას გააჩნია. ყველას ცხოვრებაში ასე ხდება: თუკი საკუთარ თავს აკვირდები და გაინტერესებს, გამორიცხულია, სტანდარტულად, ერთსა და იმავე განწყობაზე იყო. საკუთარ თავზე დაკვირვების საფუძველზე დავასკვენი, რომ მებრძოლი, ძლიერი ადამიანი ვარ, რომელსაც ურთულესი სიტუაციების გაძლება, გამოსავლის პოვნა შეუძლია. საერთოდ, ნებისმიერი ადამიანით თუ მოვლენით სიღრმისეულად ვინტერესდები და არა - ზედაპირულად, გარეგნული იერით...

- რამ შეიძლება, ისეთი განწყობა შეგიქმნათ, რომ სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს თვალი აარიდოთ?

- როცა კარგ ფორმაში არ ვარ, საკუთარი თავის ყურება სულაც არ მსიამოვნებს...

- რა არის თქვენი ცხოვრების მოტივატორი?

- თავად ცხოვრება. კარგად ვგრძნობ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, დრო უსწრაფესად გადის. რაც უფრო მეტი ადამიანის ბიოგრაფიას გაეცნობი, მეტ ხალხს გაიცნობ, უფრო მეტად ხვდები, რომ ცხოვრება მოსასწრებია. ბევრი ოცნება, ჩანაფიქრი მაქვს. ამიტომ საკუთარ თავს უფლებას ვერ ვაძლევ, რომ 1 დღე მაინც არაფრის კეთებაში დავკარგო. ყველაზე მეტად ასეთი დღეები მეზიზღება, როცა გაორებული, გაასებულიც კი ვარ და არ ვიცი, რას მივედ-მოვედო, რა გავაკეთო, რა წავიკითხო, რა ვნახო (იცინის)... ყოველდღე, ძილის წინ, საკუთარ თავს ვეკითხები, - აბა, რა გავაცნობიერე, რა გაკვეთილი მივიღე, რა გამოვასწორო, საით წავიდე, ჩვენთვის უკეთესი რა არის-მეთქი? საკუთარ ფიქრებში ქექვის, ჭიდილის, გაცნობიერების, სირთულეების დაძლევის, საკუთარ თავზე გამარჯვების პროცესი მიყვარს. ასეთი გამარჯვებების შემდეგ, ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, - გოგონა, თავში ხომ არ აგივარდა-მეთქი (იცინის)?..

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- საერთოდ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მსახიობობა ურთულესი და უმძიმესი პროფესიაა, რადგან არანაირი საყრდენი არ გაქვს: შეიძლება, დღეს მთავარი როლი ითამაშო, შემდეგ კი გარკვეული პერიოდი ისე გავიდეს, როლი არ მოგცენ. ასეთ დროს, როგორც უნდა კაშკაშებდე, როგორი ბრწყინვალეც უნდა იყო, შენი თვითშეფასება ძალიან ეცემა, საშინელ სიტუაციაში ვარდები... კი, იბრძვი, თვითგანვითარებაზე ფიქრობ, მაგრამ შეკითხვა გიჩნდება: ამხელა პაუზა როგორ მაქვს, ე.ი. არავის ვჭირდებიო? დამოკიდებული პროფესია საშინელებაა. მსახიობი მუდმივად რეჟისორზე და არა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული: რეჟისორის, დრამატურგის, ფინანსური დირექტორის მთელი "ალქიმია" უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, წრე რომ შეიკრას და იმ სივრცეში რაღაც ჭეშმარიტის დაბადება შეძლო, ოღონდ - ისიც არავინ იცის, ამას შეძლებ თუ ვერა. ეს მართლა ღვთიური პროცესია. ჩემი აზრით, სულისკვეთების გარეშე, ხელოვნების არც ერთი მიმართულება არ არსებობს, რადგან მართლა ჯადოქრობა ხდება...

- როცა გეფლირტავებიან, როგორი რეაქცია გაქვთ?

- ძალიან კარგი, რადგან ყველა სახის ურთიერთობა მომწონს და მაინტერესებს. ფლირტი ხელოვნებაა. ბევრს არ გამოსდის. ზოგი ისე სულელურად ფლირტაობს, ძალიან მეცინება...

- როცა თქვენთან ფლირტის წამოწყებას არასასურველი ადამიანი ცდილობს, როგორ იქცევით?

- (იცინის) ახლა განსაკუთრებულად უნიჭოდ მოფლირტავე ადამიანები გამახსენდა, რომლებმაც ჩემ წინაშე საკუთარი თავი ისე გამოხატეს, რომ ზუსტად 3 წინადადებაში, ალბათ, მათ თავი სამუდამოდ დავამახსოვრე... როცა არასასურველი ადამიანი მეფლირტავება, არც ეგ არის პრობლემა: თუ არ მინდა, ვინმე რამეს როგორ დამტყუებს?! "ჩაჭრის" შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მე კი ამ "ჩაჭრის" არასოდეს მერიდება, არც მეშინია და არც მაფრთხობს - საერთოდ არ მაინტერესებს. თავისუფალი ადამიანები მიყვარს. თავისუფლების მოპოვება ძალიან რთულია. ზოგს თავისუფლება ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება ჰგონია, ზოგს - აღვირახსნილობა, ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა (რაც სწორად არ მიმაჩნია) და ა.შ. თავისუფლება საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებლობაა.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?

- კი, როგორ არა?!. არის სიტუაციები, როცა იბნევი და სისულელეების ლაპარაკს იწყებ. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ეპიზოდების ძალზე მრცხვენია, რადგან ვერ გამოასწორებ. უნებურად, სხვას წარმოდგენას უქმნი, რომ სულელი ხარ, ამ დროს კი ასეთი არ ხარ... ეს მომაკვდინებელია!..

- რამ შეიძლება ასე დაგაბნიოთ?

- ამას წინათ თეატრში შევედი - ლამაზი, მშვენიერ ფორმაში მყოფი, ყურადღების ცენტრში გახლდით. გადავკოცნე ერთი ადამიანი, მეორე, მესამე... უცბად, ჩემი საყვარელი რეჟისორი დავინახე. უფროსი ასაკის კაცი გახლავთ, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მისკენ გავეშურე, რომ გადამეკოცნა. ისიც გამოეშურა, უცბად კი გაახსენდა, რომ გაცივებული იყო, - უი, არ გადამკოცნოო. - ვაიმე, არ მომეკაროთ-მეთქი! - შევკივლე. არადა, ვირუსების არ მეშინია, არ ვუფრთხი. რაღაც როლი ვითამაშე, რომელიც ტუტუცურად, იმ წუთში დაიბადა. ასეთი საერთოდ არ ვარ, ემოციებს ასე არ გამოვხატავ... შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, - ნეტავ ეს სერიოზული კაცი ჩემ შესახებ რას ფიქრობს, ეს ქალი ასე დადის და კივისო (იცინის)?! იმედი მაქვს, მას უფრო ახლოს გავიცნობ და ჩემი განცდების შესახებ პირადად მოვუყვები. ყველაზე მტკივნეულია, როცა ადამიანი შენს რეალურ "მეს" ვერ წარმოაჩენ: მოკლე დრო გაქვს, გარშემო აფექტური სიტუაციაა და რაღაცნაირად, საკუთარ თავს ვერ აფიქსირებ. ჩემ შესახებ სხვებისგან ბევრჯერ გამიგონია, - შენთან მოსვლა, გაცნობა მოგვრიდებია, რადგან ცხვირაწეული დადიხარო. არადა, ჩემთვის ადამიანების გაცნობა ძვირფასი და უმნიშვნელოვანესია - საინტერესო პიროვნებებს თავად ვეძებ. უბრალოდ, ასეთი "პოზა" მაქვს: მხრებში გამართული, თავაწეული დავდივარ... ყველაფრის პირდაპირ გამოხატვა მიყვარს: წყენის, ბრაზის, სიხარულის... ამ გამოხატვით ყველაფერს ადგილზევე ვაგვარებ, რადგან "ჩაგუბებული" ადამიანების მეშინია, ვინც ეტიკეტის გამო, საკუთარ თავში ემოციებს მალავს. ამის შესახებ ბევრი მაგარი სპექტაკლი დაუდგამთ, თუ როგორი დამანგრეველია ჩაგუბებული ემოციების ამოხეთქვა - ყველაფერს თან გაიყოლებს. ამიტომ საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევ, წყენა გულში დავიტოვო, ოღონდ - ეს ურთულესი პროცესია...

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარით, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსები სჭირდება?

- კი. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ჩემი აზრით, თავს საერთოდ არ ვუვლი.Uუბრალოდ, "გენეტიკური დაზღვევა" მაქვს: მაგალითად, ფორმაში ყოფნისთვის განსაკუთრებული ვარჯიში არ მჭირდება. სახის კანის მოვლის საშუალებებში დიდად ვერ ვერკვევი, უფრო მეტიც - "ჰიალურონის მჟავა" და მსგავსი ტერმინები რომ მესმის, "ვიკარგები". ამას წინათ, ჩემი რესპონდენტი დილით კანის მოვლის საათნახევრიანი რუტინის შესახებ მიყვებოდა, შემდეგ ღამის რუტინაზეც მესაუბრა... ისეთი რეჟიმი მაქვს, ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია, მხოლოდ სახის კანზე ზრუნვას ამდენი დრო დავუთმო, თუმცა როგორი გამხდარიც უნდა იყო, ადამიანს მასაჟი გჭირდება, რადგან არასწორად ვიკვებებით, მასაჟის თითოეული კურსი კი არც ისე იაფია... ასევე, ჩემი აზრით, აუცილებელია მეზოთერაპია - 3 თვეში ერთხელ მაინც სახის კანში ვიტამინები უნდა შეიყვანო. იაფი ესეც არ ღირს. ბოტოქსის, ფილერის მცირე ინიექციებსაც მივესალმები, რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ - ეს პროგრესია, მაგრამ რაკი მსახიობი ვარ, ჩემი ნაოჭები მჭირდება. ამიტომ ბოტოქსის ინიექციის გაკეთების უფლებას თავს ვერ ვაძლევ. რაც უფრო გემატება წლები, თავის მოვლის "რაციონიც" იზრდება: ნორმალურ სპორტდარბაზში ვარჯიშის ან ცურვაზე სიარულის ღირებულება 300 ლარზე ნაკლები არ ჯდება, მასაჟის 1 კურსის საფასური 500 ლარია... მოკლედ, თავის მოვლის საფასური ქვეყანაში საშუალო ხელფასის რაოდენობას აჭარბებს.

- ბოლოს კინოთეატრში რომელი ფილმი ნახეთ?

- Poor Things. საერთოდ, კინოთეატრზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! ხშირად ვსტუმრობ. კინოთეატრში მომდევნო სტუმრობისას "პეპლების მიგრაციას" ვნახავ. ამ ფილმში ჩემი მეგობრები თამაშობენ. ძალიან ვგულშემატკივრობ და ზუსტად ვიცი, ამ ფილმის ნახვით წინ დიდი სიამოვნება გველის. Poor Things-ს რაც შეეხება, მასში ძალიან მაგარი არტისტები თამაშობენ: ემა სტოუნი, მარკ ბუფალო, უილიამ დეფო... მასში თამაში მეც ძალიან მომინდა!

- ამ ფილმში სიამოვნებით რომელ პერსონაჟს განასახიერებდით?

- ემა სტოუნის პერსონაჟი მსახიობს საშუალებას გაძლევს, "ფრთები გაშალო"... Poor Things არაჩვეულებრივი ნამუშევარია. დასანანია, რომ საქართველოში, კინემატოგრაფში ამხელა რესურსი და შესაძლებლობები არ გვაქვს. შემოქმედებისთვის საკმარისი ფული არასოდეს გაგვაჩნია. პატარა ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, მცირე რესურსით და დიდი გულით, მსახიობები კი საკმაოდ დავიჩაგრეთ - ნამდვილი ენთუზიასტები ვართ. რასაც ვაკეთებთ, ნამდვილად დასაფასებელია. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გვაქვს ამდენი თეატრი, გვყავს ამდენი მსახიობი, როცა ფაქტობრივად, ხელფასი არ გვაქვს. არადა, საქართველოში მსახიობის შრომის შესახებ რომ მოგიყვეთ, ამაზე ცალკე სტატიის მომზადება მოგვიწევს... ჩემი აზრით, ახალი თაობის წარმომადგენლებს მსახიობობის სურვილი ჰოლივუდური ფილმების ნახვისას უჩნდებათ, საბოლოოდ კი ხელთ ჩვენი ქართული სერიალები რჩებათ... ცხადია, ზოგადად ვსაუბრობ და არა - "სამ კაცზე". ასე რომ, ნუ მიწყენენ... რეჟისორებს კასტინგების "გახსნილად" ჩატარებაც კი ეზარებათ - ფაქტობრივად, მთელი კინო კასტინგ-მენეჯერების კეთილგანწყობაზე დგას... რა თქმა უნდა, ყველა ქართულ ნამუშევარს წარმატებას ვუსურვებ.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ის, რომ სხვა და საკუთარი თავი არ დავაზიანო. ამის შანსი ყოველ ნაბიჯზეა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"