"ჩვენი ამბავი ზღაპარს ჰგავს... ქართულ სამზარეულოზე გავგიჟდი, ტრადიციებიც მომწონს - სასაფლაოზე რომ გადიან და სუფრას შლიან, ამით მიცვალებულებს პატივს სცემენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ამბავი ზღაპარს ჰგავს... ქართულ სამზარეულოზე გავგიჟდი, ტრადიციებიც მომწონს - სასაფლაოზე რომ გადიან და სუფრას შლიან, ამით მიცვალებულებს პატივს სცემენ"

იმერეთის ულამაზეს ქალაქ წყალტუბოში ქართულ ტრადიციებზე აღზრდილმა ალექსანდრე კიკვიძემ თავისი შესაძლებლობების გამოცდა ესპანეთში, ბარსელონაში სცადა. ალექსანდრესა და მისი მეუღლის ვიდეოებმა სოციალური ქსელი მოიცვა. როგორც თავად ამბობს, იმისთვის დაიბადა, რომ იცხოვროს და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ჭამოს. დიდი იმედებით ჩამოსულმა ალექსანდრემ ბარსელონაში თავი დაიმკვიდრა, როგორც კარგმა მუსიკოსმა და დღეს მის მოსასმენად ქართველები და უცხოელები სტუმრობენ ადგილს, სადაც თავის გერმანელ მეუღლესთან, სტელა კოხ-კიკვიძესთან ერთად უკრავს.

- ალექსანდრე, რამდენი წელია, რაც ემიგრაციაში ხართ?

- ბარსელონაში პირველად 2017 წელს ჩამოვედი. უვიზო რეჟიმის თანახმად, აქ დარჩენა სამი თვით შემეძლო, მოვდიოდი და მერე ისევ უკან ვბრუნდებოდი. 2020 წლის შემდეგ კი წელს პირველად ჩავედი საქართველოში.

- რა გახდა თქვენი ემიგრაციის მიზეზი, საქართველოში ვერ დაიმკვიდრეთ თავი, როგორც მუსიკოსმა?

- კი, როგორ არა, თუმცა მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტი ადამიანის წინაშე წარმედგინა. მხოლოდ საქართველოში დაკვრა არ მაკმაყოფილებდა, მინდოდა უცხოელ მუსიკოსებთან ერთად მეცადა ბედი; მსურდა საქართველო ბევრი ადამიანისთვის გამეცნო და ჩემი წამოსვლის მიზეზიც ეს გახდა.

- აქ ჩამოსულს რა წინააღმდეგობები დაგხვდათ?

- ისევე, როგორც ყველა ახალჩამოსულს, მეც მქონდა პრობლემები. ბევრი ვიშრომე, რომ დღევანდელ მდგომარეობამდე მოვსულიყავი. დღეში მხოლოდ ოც ევრომდე ვაგროვებდი და იმასაც შვილებს ვუგზავნიდი საქართველოში.

- მაინც, რა იყო ყველაზე რთული?

- რთული იყო მუსიკოსის ლიცენზიამდე მისვლა, მეტროს გადასასვლელებში ვუკრავდი, ლიცენზიის გარეშე და სხვა მუსიკოსები მეხმარებოდნენ. ჩვენ, მუსიკოსები, ერთი დიდი ოჯახი ვართ, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ.

- როგორ ახერხებდით უცხო ქვეყანაში დღეში მხოლოდ ოც ევროდ ცხოვრებას, აქ ხომ დიდი გადასახადებია?

- წარმოიდგინეთ, ჩემთვის არც ამ ოც ევროს ვხარჯავდი. როგორც გითხარით, ვაგროვებდი და შვილებთან ვგზავნიდი. ქართველების ერთი ძალიან კარგი ოჯახი დამეხმარა, მათ შემიფარეს და ქირას არ ვიხდიდი. მათვე მიყიდეს პირველი მიკროფონი და დინამიკი...

ახლა უკვე მაქვს ლიცენზია, ვუკრავ ქუჩაში, ბარებში, რესტორანსა და კლუბებში - მოკლედ, ყველგან, სადაც მუსიკა უყვართ. ვაცნობ ადამიანებს ჩემს ქვეყანას და ვფიქრობ, მის განვითარებაში პატარა წვლილი მეც შემაქვს. ჩემი გაცნობის შემდეგ ბევრი ადამიანი ჩავიდა საქართველოში, ბევრმა გადაწყვიტა იქაურ კულტურას გასცნობოდა. მეუბნებიან, შენ საქართველოდან გაიქეცი, მოღალატე ხარო. თუმცა, სამშობლოდან წამოსვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა არ მიყვარს. მე აქედან ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს.

358686884-6733079240077680-1142882490505148563-n-1708673333.jpg

- ძალიან განსხვავებული სტილი გაქვთ, როგორ იღებს ამას საზოგადოება?

- სიმართლე გითხრა, ევროპაში პრობლემა არ მქონია. აქ ყველა ადამიანი თავისუფალია და იმას იცვამს, რაც მოსწონს. აი, ქართველები კი ხშირად უსვამენ ხაზს ჩემს სტილს. ბევრს არ მოსწონს, ბევრს გეიც ვგონივარ, მაგრამ მსგავსი არაფერია, ამით მხოლოდ ჩემს ხასიათს გამოვხატავ.

- როგორც ვიცი ფეხსაცმლის ბრენდის შექმნას ფიქრობთ.

- დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ და მგონია, ბევრს მოეწონება. ალბათ მალე დავასრულებთ სხვადასხვა პროცედურას და მე და ჩემი მეუღლე საზოგადოების წინაშე წარვდგებით, როგორც დიზაინერები. ძალიან მალე გამოვა ჩვენი ლოგოებით შექმნილი წინდები, მაისურები, ჩანთები და ჩვენი პროდუქცია როგორც საქართველოში, ისე ესპანეთშიც გაიყიდება.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

- ჩვენი ამბავი ზღაპარს ჰგავს. მე მას "ჩემს ჩიტს" ვეძახი, მუსიკის ხმაზე მოფრინდა ჩემთან და დარჩა. მოკლედ, მაიორკაზე ვუკრავდი მეგობართან ერთად, სტელაც იქ იყო ჩამოსული დასასვენებლად. მუსიკის ხმა რომ გაუგონია, ამ ხმას გამოჰყვა, მოვიდა და წინ დამიჯდა. ძალიან ნიჭიერი გოგოა, მუსიკოსია, ასევე, ფოტოგრაფიც. ამჟამად კინოკომპანიისთვის ფილმებს ახმოვანებს და სუბტიტრებს აკეთებს ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე. პირველად რომ დავინახე, ძალიან მომეწონა. ცოტა ხანში მუსიკის დაკვრა შევწყვიტე და ღვინის საყიდლად წავედი. რომ მოვბრუნდი, იქ აღარ დამხვდა. მეგობარმა მითხრა, რომ ისიც ღვინის შესაძენად გასულა და მანაც იგივე ღვინო მოიტანა, რაც მე. ასე გავიცანით ერთმანეთი. მერე ბარსელონაში, ჩემთან დავპატიჟე და ათ დღეში ჩამოვიდა. ასე მოდიოდა და ისევ ბრუნდებოდა გერმანიაში. შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება, მან საბუთები ბარსელონის უნივერსიტეტში გადმოიტანა...

- რთული არ იყო ორ სხვადასხვა ტრადიციაზე აღზრდილი ადამიანებისთვის თანაცხოვრება?

- სხვათა შორის, არა. სტელამ გაიცნო და შეიყვარა ქართული ტრადიციები ისევე, როგორც მე - გერმანული. ჩვენ ერთმანეთის სურვილებსა და წეს-ჩვეულებებს ვითვალისწინებთ. თუ რამე არ მოგვწონს, ამას ვამბობთ და მეორედ აღარ ვიმეორებთ.

414455635-122095173068168303-683820642894694257-n-1708673333.jpg

- როგორ მიგიღოთ მისმა ოჯახმა?

- ძალიან კარგად. დედამისი, ანუ ჩემი სიდედრი შვილს მეძახის. მამა, როგორც გერმანელი, ცოტა მკაცრია და ისე თბილად არ მექცევა, როგორც დედა. მეც მათი ტრადიციები მივიღე, ოჯახი გავიცანი და თავს ერთად ძალიან კარგად ვგრძნობთ. სადაც დიდი სიყვარულია, იქ შეუძლებელი არაფერია.

- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც გერმანელების სიძე გახდით?

- ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დათმობა ვისწავლე. მივხვდი, კაცი კი ვარ, მაგრამ კაიკაცობა ის კი არ არის, ქალზე წინ იარო, მაშინ ხარ კარგი კაცი, როდესაც გზას ქალს დაუთმობ და ჯერ მას გაატარებ. ჰოდა, ახლა ასე მოვიქეცი, დავივიწყე ის ქართული სიხისტე, "მე კაცი ვარ ოჯახში და ჩემი სიტყვა კანონია!". ახლა ვარ კაცი ოჯახში, მაგრამ ქალს დავუთმე გზა და მას მცველად მივყვები. თუ გიყვარს, არ შეიძლება რქებით აწვებოდე, ზოგჯერ აუცილებელია ბოდიშიც მოვიხადოთ.

- გერმანულ ტრადიციებში რა მოგწონთ ყველაზე მეტად და რა - არა?

- მომწონს, რომ ოჯახის მთლიანობას დიდ პატივს სცემენ. როგორც ჩვენ გვიყვარს ერთად შეკრება და ვახშამი, ასე არიან ესენიც. ოჯახის ნათესავები იკრიბებიან, იშლება დიდი სუფრა, სადაც გერმანულ ლუდსა და სოსისებს აგემოვნებენ. ამ დროს სიამოვნების მიღება შეგიძლია მათი ცქერით... რა არ მომწონს და, ჩვენთვის ნათესაობა, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილობა ძალიან მჭიდრო ნათესაური კავშირია, მათთან ასე არ არის. თუმცა, სტელას ოჯახი განსხვავებულია, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ნათესავებს ერთმანეთთან.

საუბარში სტელაც ჩაერთო, რომელმაც თავის გვართან ერთად, ქმრის გვარიც ჩაიწერა ქორწინების მოწმობაში. ქართული ენის, ცეკვისა და მუსიკის შესწავლასაც მალევე შეუდგა.

- თავდაპირველად ალექსანდრეს პროფესიონალიზმი მომეწონა, მისმა მუსიკამ მომხიბლა, მაგრამ როდესაც გავიცანი, ამ ადამიანის გულმაც მიმიზიდა. ის ძალიან კეთილია, ოქროს გული აქვს, უყვარს ადამიანები და ყველას ეხმარება. რაც არ მომწონს - მოთმინების უნარი არ აქვს, მალე "ფეთქდება".

- თქვენმა ოჯახმა როგორ მიიღო ალექსანდრე?

- ჩემს ოჯახს ის ძალიან უყვარს და მოსწონს. მათ ჯერ არ იციან, რომ ოფიციალურად დავქორწინდით. გერმანიაში ასე არ ხდება: ჯერ ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთს კარგად გაიცნობენ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა დაქორწინება. ასეთ ნაადრევ ქორწინებას ვერ გამიგებდნენ. როდესაც ბეჭდებზე გვკითხეს, ვუპასუხეთ, რომ უბრალოდ, ამით უფრო ვამყარებთ ჩვენს ურთიერთობას.

- თქვენ როგორ მიგიღოთ ალექსის ოჯახმა, მას ხომ ორი შვილი ჰყავს საქართველოში...

- ძალიან თბილად, უფროს დად მიმიღეს და შემიყვარეს. მათ საქართველოში ჩასვლამდეც ვიცნობდი, ტელეფონით გვქონდა ურთიერთობა.

- როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით საქართველოდან?

- მომწონს და მიყვარს საქართველო, თავისი კულტურით. ქართულ სამზარეულოზე გავგიჟდი, განსაკუთრებით ისპანახზე, ნიგვზიან ბადრიჯანზე, ლობიანზე. ყველაფერი, რაც დავაგემოვნე, უგემრიელესი იყო. ვეგეტარიანელი ვარ და ამიტომ, ხინკალი და მწვადი ვერ დავაგემოვნე, თუმცა სურნელი კი ძალიან მადის აღმძვრელი ჰქონდა. ქართული ტრადიციებიც მომწონს. ყველაზე მეტად გამოვყოფ, სასაფლაოზე რომ გადიან ქართველები და სუფრას შლიან, ამით მიცვალებულებს პატივს სცემენ. გერმანიაში ასე არ არის, მიცვალებულებისთვის ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. რაც არ მომწონს, ესაა ადამიანების დამოკიდებულება სიყვარულის გამოხატვის მიმართ. ერთხელ მარკეტში ალექსანდრეს ვაკოცე და ჩავეხუტე. წამოვიდა არასასიამოვნო კომენტარები, - რას აკეთებს, აქ მაგის ადგილია? სახლი არ აქვთო? მოკლედ, ეს არ მომეწონა. ადამიანებმა უნდა შეცვალონ დამოკიდებულება სიყვარულის გამოხატვის მიმართ.

- წარმატებებს გისურვებთ!

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან