"ყველამ თავის გულში ჩაიხედოს! მათი ბრალეულობა დადასტურებულია, სამი წელია, ამას ამბობენ" - რას ამბობს მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე? - კვირის პალიტრა

"ყველამ თავის გულში ჩაიხედოს! მათი ბრალეულობა დადასტურებულია, სამი წელია, ამას ამბობენ" - რას ამბობს მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე?

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობამ მართლა მთელი საქართველო შეძრა. ამ უმძიმესი დანაშაულის დეტალები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ყველამ იცის ისიც, რომ გიორგის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. ისინი მსჯავრდადებულები არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და მათ 16-16 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. არც თავიდან და არც ახლა მსჯავრდადებულები დანაშაულს არ აღიარებენ. უფრო მეტიც, ამდენი წლის შემდეგაც არ იგრძნობა სინანული. ეს გამოჩნდა კიდეც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელსაც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი იხილავს. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს და ნიკოლოზ რევაზიშვილს ამჯერად საქმის მთავარი მოწმისთვის - გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს.

ისინი სხდომაზე აცხადებდნენ, რომ არც მკვლელობა ჩაუდენიათ და არც ამირხანაშვილისთვის აღუკვეთავთ თავისუფლება.

„დაგვიჭირეს ბევრი ადამიანი - პატარები, დიდები. ყველას 109-ე მუხლი წაგვიყენეს, ეგონათ, ერთმანეთისკენ გავიშვერდით ხელს, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, ხუთივეს 16 წელი პატიმრობა მოგვისაჯეს, საქმე გამოძიებული არ აქვთ. 140-კილოიანი კაცი რომ ჩადიოდა იმ დაღმართში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწმე მაინც მომიყვანეთ. იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი, იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? უნდა გამიგოთ პატივცემულო მოსამართლევ, მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში“, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს პროცესზე არჩილ გაგნიძემ. სამივე მათგანი ამბობს, რომ სამართლიანი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ. „იმედი მაქვს, სწრაფი და ეფექტიანი იქნება ეს პროცესები. [გურამ ამირხანაშვილის] 5-ჯერ შეცვლილი ჩვენება როგორ მიიღო სასამართლომ, ამას ვერ ვხვდები. სასამართლოს პატივი რაზე უნდა ვცეთ? ჩვენ არ გვცემენ პატივს, ჩვენს უფლებებს არღვევენ, სულ არ მინდა ადვოკატი მყავდეს, სამართლიანი სასამართლო ჩამიტარეთ და ევროკონვენციაზე რომ წამიკითხეთ, იმ სტანდარტებით გამასამართლეთ და არა იმით, რაც წინაზე გვაქვს ნანახი. ვერ ვხვდები, ჩვენ მიმართ რატომ არის სასამართლო ასეთი არასამართლიანი? მოწმე ამბობს, არ გავუტაცებივართ, ჩემით ჩავჯექი მანქანაშიო და ჩვენ მაინც ციხეში ვართ. მერე პრეტენზია გაქვთ, უპატივცემულოდ რატომ იქცევითო? რით დაიმსახურა მოსამართლემ, ვინც გაგვასამართლა, ან პროკურორმა ჩვენი პატივისცემა? ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ, უკანონო პატიმრობაში რომ ვართ. ეს საქმე ხელახლა უნდა იყოს გამოძიებული, სულ არაა იურიდიული განათლება საჭირო, რომ ვერ მიხვდე, ამ საქმეში რა სისულელე ხდება. ერთი მოწმე არ გყავთ, ვინც ხელს დაგვადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოვკალით. ერთი მტკიცებულება მომიტანეთ? ვერ ვხვდები, 4 წელი რატომ ვიმყოფები ციხეში. ვერ ვხვდები, ასეთი უსამართლოები რატომ უნდა იყოთ? ასე არ უნდა გექცეოდეს სასამართლო, სასამართლო თვითონ ქმნის ადამიანებს დამნაშავეებად, ასე ხალხს არ უნდა ექცეოდეთ. თქვენც, ბატონო მოსამართლევ, შესაძლოა, ჩემი ტოლი შვილიშვილები გყავდეთ და შეიძლება დაიჭირონ უსამართლოდ“, - განაცხადა პროცესზე ვახტანგ ჩიქოვანმა.

ადვოკატის მისამართით ნათქვამ მოსამართლის შენიშვნას გამოეხმაურა კიდევ ერთი ბრალდებული - ნიკოლოზ რევაზიშვილი: "გეწყინათ თუ გულზე მოგხვდათ, არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული მოსამართლეები არ გყავთ?" – თქვა მსჯავრდადებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა. აღნიშნული მსჯავრდადებულმა მოსამართლეს მას შემდეგ უთხრა, რაც მან მის ადვოკატს, შოთა კახიძეს სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა. კერძოდ, ადვოკატმა ვაჟა ფუხაშვილს შესავალ სიტყვაში განუცხადა, რომ მას „მოსამართლისგან მოწოდების სიმაღლეზე ყოფნის მოლოდინი არ ჰქონდა და ის მისი კოლეგებისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა“. ადვოკატმა ფუხაშვილს სანქცირებული მოსამართლეებიც შეახსენა. აღნიშნულის შემდეგ ვაჟა ფუხაშვილმა ადვოკატს შეურაცხყოფის მიყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და იქვე შეახსენა, რომ წარსულში თავად ადვოკატი შოთა კახიძეც პროკურორი იყო და მის მიერ სასამართლოში მიტანილი საქმეებიც არაერთხელ განუხილავს.

აღნიშნულს ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი გამოეხმაურა და მოსამართლეს შეახსენა, რომ თავადაც ყოფილი პროკურორია. „აქ გვედავებით ადამიანის გატაცებას, როგორც ბრალდება ამბობს. მოვა ის ადამიანი [გურამ ამირხანაშვილი] და შესაბამისი კითხვები დაისმება. ადამიანი ამბობს, რომ მასზე ძალადობა არ განუხორციელებიათ, არ დამუქრებიან და მანქანაში ისე ჩაჯდა. რანაირად არის ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა? პატივისცემას ვამჟღავნებ, სადაც ვხედავ, რომ იმსახურებს, სასამართლო იქნება ეს, პროკურატურა, თუ ქვეყნის მართლმსაჯულება. თქვენ გეწყინათ თუ გულზე მოგხვდათ, არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული არ გყავთ მოსამართლეები? დასანქცირებული არაა ყოფილი პროკურორი, ბოტასების ქურდი? თქვენც პროკურორი იყავით. ამ საქმესთან და სხვა საქმეებთან დაკავშირებით მზად ვართ მივეხმაროთ პროკურატურას, მოიტანეთ სიცრუის დეტექტორი ან მტკიცებულება მოიტანეთ და მაჩვენეთ, შენი მოკლულია ან გატაცებულიაო. ძალა თქვენს ხელშია, მაგრამ ყველას მოუწევს პასუხისგება. იმედი არ მაქვს და არც ენთუზიაზმით ვარ განმსჭვალული. მთელი 9 თვე მკვლელები გვეძახეს, წინასწარ, უფლებები რომ განგვიმარტეთ, ცოტა სასაცილოა. ცირკი გვაქვს და მივიდეთ - დღევანდელი სასამართლო არის ცირკი, შაპიტო",- განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ მას მოსამართლემ შენიშვნა მისცა და პატივისცემისკენ მოუწოდა. "მომეცით შენიშვნა, რა გავაკეთო. ცირკი შეურაცხყოფა არ არის",- განაცხადა რევაზიშვილმა მოსამართლის შენიშვნის საპასუხოდ. ამასთან, ბრალდებულებმა მოსამართლეს მოუწოდეს, სხდომები „სწრაფ-სწრაფად ჩაენიშნა“.

"პენსიამდე 2 წელი გაქვთ დარჩენილი და იქნებ იქამდე მოასწროთ ამ საქმის დასრულება“, - მიმართა მოსამართლეს რევაზიშვილმა.საქმის განხილვა გრძელდება და გამოჩნდება, რა ვერდიქტს გამოიტანს გატაცების ეპიზოდზე მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე რომ სამართლიანი ვერდიქტია გამოტანილი, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე. მისთვის არ იყო გასაკვირი მსჯავრდადებულების დღევანდელი განცხადებები.

"რა უნდა ვთქვა მათზე? განსხვავებულს ვერაფერს ვისმენთ, ამას იძახდნენ ისინი მკვლელობის საქმის განხილვის დროსაც და ამას ამბობენ დღესაც. ახალი არაფერია, სამი წელია, ამას ამბობენ. ისინი თვლიან, რომ ტყუილად არიან ციხეში, სამართალი თვლის, რომ დამნაშავეები არიან და გამოტანილია განაჩენი, მათი ბრალეულობა დადასტურებულია, რა კომენტარი გავაკეთო? ამოწურული თემაა. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს", - ამბობს შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე. რომელმაც ამ საქმის დეტალები ძალიან კარგად იცის და დარწმუნებულია მსჯავრდადებულების დანაშაულშიც.

(სპეციალურად საიტისთვის)