„ახალი მსოფლიოს ერთი პოლუსი იქნება ვაშინგტონი, მეორე - პეკინი“
„ამერიკის სახელისუფლებო ისტებლიშმენტს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გააზრებაში სერიოზული პრობლემები აქვს. ვერ გაიგეს ერთი რამ - მოკავშირეებთან ურთიერთობა არ უნდა იყოს მათ მიგრაციულ პრობლემებთან მიბმული“
2024 წლის 24 თებერვალს ზუსტად ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და ომის გამოცხადების გარეშე გააგრძელეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ამ ორი წლის განმავლობაში ფრონტის ხაზზე ბევრი რამ მოხდა, თუმცა რუსეთმა ვერც ერთი წინასწარ გამოცხადებული მიზნის მიღწევა დღემდე ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, ომის დასრულების ნიშნები კვლავ არ ჩანს. როგორ შეცვალა მსოფლიო ომის ორმა წელიწადმა, ამ საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან:
- უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ომმა მთლიანად შეცვალა არა მარტო რეგიონული ან აღმოსავლეთევროპული, ან საზოგადოდ, ევროპული უსაფრთხოების გარემო, არამედ უდიდესი გავლენა იქონია თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების დღის წესრიგზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ყველაზე დიდი სამხედრო კრიზისი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეიქმნა ევროპის კონტინენტზე.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კონფლიქტები აქამდეც იყო, მაგრამ უკრაინაში ომი უნიკალურია იმით, რომ ეს მოხდა იმ სივრცეში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ზონად მიიჩნეოდა, მით უფრო, რუსებსა და უკრაინელებს შორის ასეთი სისხლისმღვრელი კონფლიქტი წარმოუდგენელი იყო გამომდინარე იმ ისტორიულ-კულტურული კავშირებიდან, რაც ამ ორ ერს შორის არსებობდა. კი, დღეს ამას აღარავინ ამბობს, მაგრამ ომამდე მსოფლიოში რუსებსა და უკრაინელებს შორის ეთნოკულტურულ განსხვავებას ბევრი დიდად ვერ ხედავდა. გარდა ამისა, ეს არის ომი პირდაპირ ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან. უკრაინა არის მეზობელი ამ ორი საერთაშორისო სივრცის და ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა.
გლობალური მასშტაბით, ჩემი აზრით, პრაქტიკულად, უკვე გამოიკვეთა კონტურები ახალი ბიპოლარული მსოფლიოსი, სადაც კვლავ იქნება ორი პოლუსი, მათგან ერთ პოლუსად კვლავ იქნება ვაშინგტონი, მეორე პოლუსი კი ვეღარაფრით ვეღარ იქნება მოსკოვი, რომელმაც ამ ომის დაწყებით დაკარგა თავისი საგარეო პოლიტიკური ფუნქცია. უკრაინაში შეჭრით მოსკოვმა დაუშვა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა. სანქციებმა, რაც დაუწესეს, იმ დიდმა დაძაბულობამ, რაც გაჩნდა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთი გაიყვანა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგის წამყვანი სახელმწიფოების რიგიდან და აქცია მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ. ომის შემდგომი მსოფლიოს მეორე პოლუსად კი აშკარად გამოიკვეთა ჩინეთი. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, ახალი მსოფლიოს ერთი პოლუსი იქნება ვაშინგტონი, მეორე კი - პეკინი.
თავის დროზე რუსეთს შეეძლო ეთამაშა ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური როლი და ყოფილიყო დასავლეთისთვის ჩინეთის დამბალანსებელი ფაქტორი, მაგრამ იმ შეცდომამ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს დაუშვეს, ამის შანსი დაუკარგა. როგორც ჩანს, კრემლში ეგონათ, რომ მიაღწევდნენ მარტივ სტრატეგიულ გამარჯვებას უკრაინაში, ზედმეტი დასუსტებისა და ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდის გარეშე, შედეგად კი მოსკოვი ჩამოყალიბდებოდა ძალის მესამე პოლუსად, მაგრამ კრემლის მოლოდინი არ გამართლდა. ომი კვლავ გრძელდება, რუსეთი სუსტდება და სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. მოკლედ, დღეს ჩვენ შევდივართ ახალი, განსხვავებული გლობალური კონკურენციის ეპოქაში
- მეორე წლისთავზე ომის მიმდინარეობას თუ შევაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ე.წ. სპეცოპერაციის დაწყებისას გამოცხადებული მიზნებისგან ვერაფერს მიაღწია, ბრძოლები ამ ეტაპზე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერაზე ჩნდება კითხვები. ერთი მხრივ, ვხედავთ, როგორი გააქტიურებულია ევროპის ნაწილი, შეიძლება ითქვას, გამალებული შეიარაღება აქვს დაწყებული ზოგიერთ ქვეყანას, მეორე მხრივ, აშშ-ში უცნაური ვითარებაა, ლამის საარჩევნო პროცესის ნაწილად აქციეს უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.
- შეიძლება ითქვას, დღეს ევროპაში მიმდინარე პროცესები უსაფრთხოების გარემოს ტრანსფორმაციის პირდაპირი გამოძახილია, რაზეც უკვე ვილაპარაკე. ევროპამ გაიაზრა, რომ ომი არ არის შორს ევროკავშირის საზღვრებიდან და კომფორტს ნაჩვევი ცხოვრების წესის გადახედვა დაიწყეს, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ყველა სახელმწიფოზე. დიახ, ევროკავშირის ნაწილ ქვეყნებში მზარდია მილიტარიზაცია. გერმანიაში გაახსენდათ, რომ საფრთხეები მათ კომფორტულ ცხოვრებას პირდაპირ ემუქრება.
ამის პარალელურად ევროპის ნაწილმა კარგად მაინც ვერ გაიაზრა, თუ რა ხდება დღეს მათ თავს. ბოლო წლებში მხოლოდ იმაზე ზრუნვამ, როგორ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი უფრო მეტი კომფორტი, კეთილდღეობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, საფრთხეების აღქმის უნარი მათში ცოტა დააჩლუნგა. ახლა ისინი ამ საფრთხეების გაანალიზებას ცდილობენ და გაცილებით მკვეთრად რეაგირებენ ამ ომზე, ვიდრე, მაგალითად, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრისას ვნახეთ. არადა, ეს არანაკლებ დამანგრეველი იყო, რადგან რუსეთის იმჟამინდელმა აგრესიამ დაუდო დასაბამი უკრაინაში ინტერვენციის დაწყებას. სამწუხაროდ, იმჟამად რუსეთი დაუსჯელი დარჩა, რამაც მადა უფრო გაუძლიერა. დღეს კი ევროპა მივიდა იქამდე, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უკვე აქვთ ევროკავშირში გაწევრების სერიოზული შანსი.
ჩვენ კი დიპლომატიურ გამარჯვებად ვაფასებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ რეალურად ეს განპირობებულია იმ შიშით, რაც ევროპამ რუსეთის უკრაინაში შეჭრით განიცადა. ევროპა გამოფხიზლდა, რადგან მათ უშუალოდ იგრძნეს ეს საფრთხე.
რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ შეცდომების კასკადს, რომლებსაც უშვებს ამერიკა მთელი რიგი მიმართულებით. მან და მისმა პარტნიორებმა, ფაქტობრივად, ჩააგდეს უსაფრთხოების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. დღეს შეცდომას უშვებენ უკრაინის საკითხშიც. არ შეიძლებოდა უკრაინის დახმარების თემის შიდა დაპირისპირებისა და მექსიკიდან მიგრანტების თემის ნაწილად გადაქცევა. უკრაინა დღესაც იღებს ამერიკიდან დახმარებას, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რაც სჭირდება წინსვლისთვის.
ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ამერიკის სახელისუფლებო ისტებლიშმენტს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გააზრებაში სერიოზული პრობლემები აქვს. ვერ გაიგეს ერთი რამ - მოკავშირეებთან ურთიერთობა არ უნდა იყოს მათ მიგრაციულ პრობლემებთან მიბმული. მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლებოდა უკრაინის დახმარებასა და მექსიკის საზღვართან მიგრანტთა კრიზისს შორის პარალელური ხაზები გავლებულიყო. ეს წარმოუდგენელი აბსურდია. ამაზე უკრაინის ხელისუფლება არ ლაპარაკობს, მაგრამ დავფიქრდეთ, რა სიგნალი შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-ის მოკავშირეებისთვის ეს ქცევა. რას აღარ იგონებენ, რომ გააჭიანურონ ამ საკითხის განხილვა, აგერ კონგრესი ორკვირიან შვებულებაში გავიდა.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ არა მარტო აშშ-ში, არამედ გლობალურად პოლიტიკური ისტებლიშმენტის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას. რუსეთი ავიღოთ, მან მოახერხა და მტრად გადაეკიდა ქვეყანას, რომელიც, წესით, მისი უპირველესი მოკავშირე უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ამისგან ბევრმა გამოიტანა დასკვნა, ძალიან ბევრი ქვეყანა დაფიქრდა იმაზე, ვის და რას უნდა დაუკავშირონ თავიანთი უსაფრთხოება მომავალში. ვხედავთ, როგორ იცვლება სომხეთისა და ყაზახეთის მოსაზრებები რუსეთთან ურთიერთობის შესახებ და ა.შ. აშშ-ში მიმდინარე პროცესები ისევ და ისევ აჩვენებს, რომ თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურას მწვავე პრობლემები აქვს. გლობალური უსაფრთხოების სისტემაში მასობრივი ჩავარდნაა, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას გაიხანგრძლივოს თავისი დამანგრეველი ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე.თუ რუსეთი უკრაინაში მოიპოვებს წარმატებას, ის გახდება ევროპისთვის განუზომლად დიდი საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად იქცევა ჩინეთს დაქვემდებარებულ სახელმწიფოდ. ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოხდეს, თორემ უდიდესი საფრთხე შეექმნება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არ იქნება საქართველოსკენ მისი უბრალოდ შემობრუნება. ჩვენთან ომი არ იქნება, ჩვენ უომრადაც, ალბათ, ყველაფერს მივცემთ. გარდა ამისა, რუსეთის აგრესიის სამიზნეში აუცილებლად აღმოჩნდებიან ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის პატარა სახელმწიფოები. შემთხვევითი არ იყო გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის გაფრთხილება, 5-დან 8 წლამდე პერიოდში ნატოს ტერიტორიაზე ომისთვის უნდა ვემზადოთო. დიდი იმედი მაქვს, დასავლელი ლიდერები ამ ყველაფერს დროულად გააანალიზებენ და სწრაფად მიიღებენ საჭირო გადაწყვეტილებებს. რომც არ გაიმარჯვოს რუსეთმა უკრაინაში და კონფლიქტის გაყინვა მოახერხოს, ეს ისევ კრემლს აძლევს ხელს და ესეც არ უნდა დაუშვას დასავლეთმა. დღეს ევროპა ბევრად უფრო ადეკვატურად იქცევა, ვიდრე აშშ. დასავლეთი ახლა გადის ბეწვის ხიდზე, რომელსაც იმედია, უდანაკარგოდ გაივლის. ორი წელი გავიდა და კიდევ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, შანსი ისევ 50/50-ზეა... პირველადი ვარაუდი, რომ ომი, პოზიციური კონფლიქტი გახანგრძლივდებოდა, რაც გამოფიტავდა მხარეებს, მართლდება. დასავლეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავს ხეირს, თუ რუსეთს მიიყვანს სტრატეგიულ მარცხამდე და სახელისუფლებო ცვლილებებამდე.
- ორპოლუსიანი მსოფლიო ახსენეთ და, ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, როდესაც მან აშშ-სა და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ერთ კონტექსტში ახსენა და ერთმანეთს შეადარა...
- სანამ ამ თემაზე ვილაპარაკებ, მინდა გითხრათ, რომ არასდროს ვყოფილვარ, არც ვარ და არც ვიქნები რომელიმე პარტიასთან აფილირებული, ვამბობ იმას და ვაფასებ ისე, როგორც სწორად მიმაჩნია. შესაბამისად, არასწორი მგონია, რომ დასავლეთის გამოთქმული ნებისმიერი კრიტიკა ჩვენში რატომღაც ძალიან მძაფრად და მიუღებლად აღიქმება. ასევე არასწორი მგონია შეფასება, რომ თურმე აშშ-ის გვერდით ჩინეთი არ უნდა ვახსენოთ. რატომ არ უნდა ვახსენოთ, თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი?! ჩემთვის გაუგებარია ისტერიკა, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გააქტიურებას მოჰყვა. თანამშრომლობა, ძირითადად, ეკონომიკურ სფეროებშია. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს აქვს უნარი და შესაძლებლობა აზიის ბაზრებიდან დასავლეთისკენ ტვირთების ტრანსპორტირება უზრუნველყოს, თუ არა ჩინეთთან, ვისთან ვაპირებთ ამგვარ ეკონომიკურ-სტრატეგიულ ურთიერთობას?! ლაოსის და კამბოჯის ტვირთების გადატანას ვაპირებთ? აზიაში ჩვენთვის საინტერესოა ჩინეთიც, ინდოეთიც, სამხრეთი კორეაც და იაპონიაც... ამხელა საწარმოო პოტენციალის მქონე სახელმწიფოს, რომელიც მსოფლიო ბაზრების უმნიშვნელოვანეს წილს აკმაყოფილებს, ჩვენ რატომ არ უნდა ვეთანამშრომლოთ? ჩემი აზრით, ჩინეთთან თანამშრომლობა გეოპოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია თუნდაც რუსეთის ფედერაციის დასაბალანსებლად. თუ კავკასიაში გაჩნდა ჩინური სტრატეგიული ინტერესი, ის არ იქნება ისეთი სუსტი, რომ რუსეთი აქ ერთპიროვნულ ჰეგემონად დატოვოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ალტერნატიული მარშრუტები დასავლურ ბაზრებზე წვდომისთვის. ამ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, თუ ჩვენს მტერს ჩვენივე მოკავშირე გადაყლაპავს, განა ეს ჩვენთვის მშვენიერი გამოსავალი არ იქნება?! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჰიპოთეზური ვერსიებია, მაგრამ ვფიქრობ, დიდი საფრთხე და რისკი ჩინეთთან ურთიერთობას არ ახლავს, თუ ჩვენი ინტერესების გატარებას შევძლებთ.
რაც შეეხება აშშ-ს, ის ჩვენი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ გვაქვს ურთიერთვალდებულებები, რომლებიც ორივემ უნდა შევასრულოთ. პარალელურად უნდა ვიმუშაოთ, რომ გაფორმდეს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, დაინიშნოს პირდაპირი ავიაფრენები და ა.შ. აუცილებელია ჩვენი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ინტენსიურად უნდა იმუშაოს.
- დასასრულ, როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირველ უცხოურ ვიზიტს ბრიუსელში?
- ეს ვიზიტი შეუფასებელია. პირველად ვნახე, რომ ერთი და იმავე ვიზიტს ერთი ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი ისტორიულს ეძახდეს, მეორე ნაწილი კი - ფორმალურს. ხუმრობა იქით იყოს და, ჩემი აზრით, მთლად ისტორიულად ვერ შეფასდება, მაგრამ ფორმალურიც არ ყოფილა. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. კარგია, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართა, ამას განსაკუთრებით დასავლურ დიპლომატიაში აქცევენ დიდ ყურადღებას. კობახიძის განცხადებები იყო მოზომილი და გაწონასწორებული, რაც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო ტრიბუნიდან და პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან რასაც ამბობ, იმას ვერ იტყვი მთავრობის მეთაურის პოსტიდან. რაც შეეხება უნგრეთის ინიციატივას, რომ დაჩქარდეს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები, უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ცდილობს იაქტიუროს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ მისი ინიციატივა წელს მართლაც შეისხამს ხორცს.