„ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, რომ სააკაშვილი ციხეში იჯდეს“ - კვირის პალიტრა

„ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, რომ სააკაშვილი ციხეში იჯდეს“

ბოლო დღეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობისთვის" ნავალნის მკვლელობა, ფაქტობრივად, ინსპირაციის წყარო გახდა და ლამის უკვე სააკაშვილიც მოკლულად გამოაცხადეს. ნავალნისა და სააკაშვილის შედარება­ იმ დონეზეც კი გააქტიურდა, თითქოს სააკაშვილსაც ისეთივე მძიმე პირობებში უხდებოდეს ყოფნა. სააკაშვილის საკითხი გააქტიურებულია ევროპარლამენტშიც - ისევ გროვდება ხელმოწერები მის გასათავისუფლებლად და "ქართული ოცნება" ამას ისევ ძალიან კარგად იყენებს, რითაც აქამდე ქვეყანაში ორპოლუსიანობას არათუ ინარჩუნებს, არამედ ამძაფრებს კიდეც მაშინ, როცა ოპოზიცია ვერაფრით ახერხებს ორპოლუსიანობის დაძლევას, ცხადია, უფრო პრობლემური ხდება. მეორე მხრივ, გააქტიურებულია დასავლეთიც და ამას ცხადყოფს სააკაშვილის გასათავისუფლებლად ევროპარლამენტარების ხელმოწერების შეგროვება და პირადად სალომე ზურაბიშვილთან გაკეთებული განცხადებებიც. ამიტომაც ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა "ოცნებას" მოუწიოს სააკაშვილის გათავისუფლებამ. თუმცა სხვა საკითხია, მისი გათავისუფ­ლება რას შეცვლის ქვეყანაში, შეამცირებს თუ არა პოლარიზაციას და თამაშის­ წესები როგორ შეიცვლება. რამდენად არის ამაზე წამსვლელი "ქართული ოცნება" და აწყობს თუ არა თავად "ნაცმოძრაობას" სააკაშვილი გარეთ, ამ საკითხებზე­ პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ:

- ნავალნის ფიგურა მსოფლიო საზოგადოების აღშფოთების საგანი სწორედ პუტინის ქმედებების გამო გახდა. თუ პარალელს გავავლებთ ძველ დროსთან, დაახლოებით ისეთი ფიგურა გახდა დასავლეთისთვის, როგორიც თავის დროზე სახაროვი იყო. სხვათა შორის, ნავალნი იდეოლოგიურადაც და მენტალურადაც ძალიან ჰგავდა სახაროვს. "ნაცმოძრაობა" ნავალნის ადარებს სააკაშვილს და ამით ცდილობს მისი ფიგურაც იმ დონეზევე აიყვანოს მსოფლიო საზოგადოების თვალში, რა დონეზეც ნავალნი იყო. ამიტომ შემოიტანეს ნარატივი, რომ მას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება კი არ ებრძვის, არამედ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს პუტინის დავალებას - ანუ სურთ ნავალნის, როგორც რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლის, და სააკაშვილს შორის დასვან ტოლობის ნიშანი. ნავალნი ვაჟკაცურად მოიქცა - როდესაც ეუბნებოდნენ, არ წახვიდე მოსკოვში, დაგაპატიმრებენო, ის ჩაჯდა თვითმფრინავში და ჩავიდა მოსკოვში, განსხვავებით სააკაშვილისგან. მასაც იგივე რომ გაეკეთებინა, დღეს, მინიმუმ, ერთი მუხლი არ ექნებოდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა. ამ მხრივ სააკაშვილის ჩამოსვლა, ალბათ, უფრო ლენინის პეტერბურგში ჩასვლას უნდა შევადაროთ, თუ მაინცდამაინც პარალელის გავლებას მოვინდომებთ.

გასაგებია "ნაცმოძრაობის" სურვილი, რომ ეს თემა იმ დონეზე ასწიოს, რომ სააკაშვილს მსოფლიო მხარდაჭერა ჰქონდეს. "ქართული ოცნების" სურვილიც გასაგებია - ისევე ცდილობს ოპოზიცია ერთ ქვაბში მოხარშოს და მას "ნაციონალური მოძრაობა" დაარქვას. ამიტომ სააკაშვილის გააქტიურება "ქართული ოცნებისთვისაც" მისაღებია, რადგან ხალხი დააჯეროს, სააკაშვილის გამოშვება რევოლუციის მოსაწყობად უნდათო, - ანუ ორივე მხარეს აქვს სააკაშვილთან დაკავშირებული ინტერესები.

- ევროპარლამენტარებიც გააქტიურდნენ­, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწე­რების შეგროვება დაიწყეს. მათ რა ინტერესი აქვთ? მით უმეტეს, სააკაშვილს წაყენებული აქვს კონკრეტული ბრალდებები და საზოგადოების განწყობაც არ არის ერთგვაროვანი?

- მოსახლეობის დაახლოებით 60% სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგია. ასე რომ არ იყოს, "ნაცმოძრაობა" აქამდე დაამარცხებდა "ქართულ ოცნებას". "ქართული ოცნება" თავის ორბიტაზე სწორედ იმ 60%-ის დაკავებას ცდილობს და არ გაუშვას არათუ "ნაცმოძრაობისკენ", არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებისკენ. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელმოწერებს აგროვებენ? ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ცუდად იცნობენ ვითარებას საქართველოში და როგორც ჩანს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც, როცა უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. მაშინ სააკაშვილმა და მთელმა "ნაცმოძრაობამ" ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სულ სხვაგვარად მიაწოდეს დასავლეთს. იქ მუდამ იმაზე იყო ლაპარაკი, თუ რა წარმატებული რეფორმები მიდიოდა საქართველოში. საერთოდ, ბევრი რამ დასავლეთიდან სხვაგვარად ჩანს. 2007 წელს მე "სოლიდარობის" მიწვევით ვიყავი ვარშავის უნივერსიტეტში კონფერენციაზე და საკმაოდ რთულმა საუბარმა მომიწია, რომ მათთვის ამეხსნა, რა ხდებოდა თბილისში. როდესაც ირაკლი ბათიაშვილი იყო დაპატიმრებული, ვცდილობდით შეგვეგროვებინა ხელმოწერები და ზოგიერთმა ჩვენმა უკრაინელმა მეგობარმა ხელმოწერაზე უარი თქვა, უმეტესობამ კი მოაწერა. მიზეზი კი ის იყო, ამბობდნენ, საქართველოში კარგი რეფორმები მიდის და პრობლემები არ იქნებაო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ნდობა აქვთ და ვუხსნიდი, რეალურად აქ რა ხდებოდა, მაინც ვერ დაიჯერეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ იქიდან ცოტა სხვაგვარად ჩანს აქ მიმდინარე პროცესები. ისინი ზოგადად აფასებდნენ სიტუაციას, და ზოგადი სიტუაცია კი ის იყო, რომ ქვეყანას მანამდე არ ჰქონდა ბიუჯეტი და გაუჩნდა, გატარდა პოლიციის რეფორმა და ქუჩაში ქრთამს აღარ იღებდნენ, რაც კარგია, მაგრამ მერე ამან რეპრესიული ხასიათი რომ მიიღო, ამას ვეღარ ხედავდნენ.

ამას ემატება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს, რბილად რომ ვთქვათ, ანუ, არც რუსეთის განაწყენება უნდა და არც დასავლეთის. ამ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში კი ეს პოლიტიკა მათ­თვის­ მთლად მისაღები არ არის და ფიქ­რობენ, რომ სააკაშვილის მმართველობა ჯობდა. მათი ამ დამოკიდებულების გაგრძელება მგონია ახლანდელი ხელმოწერე­ბის შეგროვებაც, თორემ როგორ უნდა შეადარო სააკაშვილი ნავალნის, წარმოუდგენელია.

სააკაშვილის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული "ქართულ ოცნებაზე" - თუ დასჭირდება, გაათავისუფლებს და თუ არ დასჭირდება, იქნება იქ, სადაც არის.

- დღევანდელი გადასახედიდან უახლოეს პერიოდში დასჭირდება "ქართულ ოცნებას" მისი გათავისუფლება და საერთოდ, რა უნდა მოხდეს, რომ გამოუშვას?

- ვფიქრობ, ჯერჯერობით ციხეში დატოვებენ. უფრო სწორად, იქ, სადაც არის, და რამდენი ხელმოწერაც არ უნდა შეაგროვონ ევროპარლამენტარებმა, მას არ უშველის. საპროტესტო აქცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხომ ზღაპარია და, რა თქმა უნდა, უკვე მოხსნილი თემაა. ამიტომ "ქართულ ოცნებას" აქვს კარტ-ბლანში. ჯერ ის სჭირდებათ ზუსტად იქ, სადაც არის, რომ იქიდან იაქტიუროს და "ოცნებამ" ისევ გამოიყენოს "მგელი მოდის" ძახილისთვის. ჩემი აზრით, თუკი სააკაშვილს ქვეყნისთვის რამე კარგი უნდა, უნდა თქვას, რომ პოლიტიკას თავს ანებებს და იყოს ჩუმად. ამან ყველაზე დიდი ეფექტი შეიძლება მოუტანოს ოპოზიციას და ქვეყანასაც, რადგან "ქართული ოცნება" მას პროპაგანდისთვის ვეღარ გამოიყენებს. მაგრამ სააკაშვილის ხასიათიდან და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ის ამაზე არ წავა, პირიქით, იაქტიურებს და "ქართული ოცნება" მუდმივად შეეცდება იძახოს, დესტრუქცია უნდათ, ოპოზიცია რევოლუციას ამზადებსო და ა.შ.

- რა შემთხვევაში გამოუშვებენ?

- ალბათ, უფრო არჩევნების შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პროცესები გართულდება - ანუ თუ არჩევნების ლეგიტიმაცია შეიქნება სათუო, დაიწყება საპროტესტო აქციები და ამ დროს სააკაშვილი თუ იტყვის, არა, არჩევნები ლეგიტიმური იყოო, შეიძლება გაათავისუფლონ, მაგრამ თბილისში არ დატოვებენ, საზღვარგარეთ გაუშვებენ. პრინციპში, რომც გაათავისუფლონ, არც არაფერი იქნება. ორ-სამ კვირაში მისი მოქმედებები შესაძლოა სასაცილოდ იქცეს მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ "ოცნება" ამას არ გააკეთებს, ჯერჯერობით მაინც.

- თავად "ნაცმოძრაობას" ის სად აწყობს?

- მგონი, მათაც ციხეში აწყობთ, გულში მჯიღის ცემით რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ. მაგრამ "ნაცმოძრაობისთვის" და განსაკუთრებით ხაბეიშვილის ფრთისთვის პიარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად სალაპარაკო ჰქონდეთ და ამასთან, მოუწოდონ ამომრჩეველს, ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ერთ მუშტად შევიკრათო. გარდა ამისა, გათავისუფლებულმა სააკაშვილმა შესაძლოა გარეთ ვეღარაფერი გააკეთოს, მაგრამ პარტიაში დაიწყებს უფროსობას და "ნაცმოძრაობაში" ეს ვის უნდა? სააკაშვილი სჭირდებათ როგორც ბელადი, რომელიც სადღაც არის, და მისი სახელით აქ იბრძვიან ხაბეიშვილი, კეზერაშვილი და მთელი მათი "კამანდა".

- სალომე ზურაბიშვილი რას იზამს? არის შანსი, რომ შეიწყალოს?

- არა მგონია. ეს იქნება მისი სრული პოლიტიკური კრახი. რაც მან ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, ამ შეწყალებით უკლებლივ დაკარგავს და აღარავის დასჭირდება არც აქ და არც გარეთ.