„მიშა ჩამოდი“-დან „მიშა გამოდი“-მდე - ანუ ერთი ნაბიჯი პოლიტიკურ ანეკდოტამდე - კვირის პალიტრა

„მიშა ჩამოდი“-დან „მიშა გამოდი“-მდე - ანუ ერთი ნაბიჯი პოლიტიკურ ანეკდოტამდე

საქართველოში ამომრჩეველი ორ კატეგორიად იყოფა: ისინი, ვინც ყველა არჩევნებში მონაწილეობენ, და ვინც საარჩევნო დღეს სახლში დასვენებას ამჯობინებს. თუმცა აქტიურ ამომრჩეველში არის კატეგორია, რომელიც "ოქროს ფონდია" პარტიებისთვის - პენსიონერები. დიახ, პენსიონერები ზეაქტიური ამომრჩეველია და ლამის დილის რვა საათზე უკვე საარჩევნო უბანთან დგანან ხოლმე. შესაბამისად, ქართული პოლიტიკური აქტორებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მათი გულის მოგება.

ბრძოლა პენსიონერებისთვის

გვახსოვს დრო, როდესაც ჯერ 8 და შემდეგ 14 ლარი იყო პენსია. ისიც გვახსოვს, თუ როგორ უხსნიდა 90-იან წლებში პირველი ლედი ნანული შევარდნაძე პენსიონერებს, როგორ გაეტანათ თავი თვეში 8 ლარად. მაშინ წინასაარჩევნოდ ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატები წიწიბურას, ზეთსა და რძის ფხვნილს ურიგებდნენ ხოლმე პენსიონერებს და ასე ცდილობდნენ მათ გადაბირებას. დღეს, რა თქმა უნდა, 8-ლარიანი პენსია ცუდი სიზმარია, თუმცა დღევანდელი პენსიითაც გაუჭირდება ადამიანს თავის გატანა, თუ ოჯახში არ ცხოვრობს. კარგია, რომ პენსიონერებს აქვთ შეღავათები, თუმცა ესეც არ კმარა. შესაბამისად, პენსიონერების ხმებისთვის ბრძოლას აზრი არ დაუკარგავს.

მათ ხმებზე „ნადირობის სეზონი“ 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ალეკო ელისაშვილმა და გიორგი ვაშაძემ, ფაქტობრივად, იდენტური ინიციატივებით შეუტიეს ერთ-ერთ ბანკს და პენსიონერების დაკაბალებაში დასდეს ბრალი. მეტ-ნაკლები ინტენსივობით ამ თემით ისინი აქტიურობდნენ. შემდეგ "ლელო"“ გამოვიდა ხმაურიანი ინიციატივით 1000-ლარიანი პენსიის შესახებ, რაც „"ოცნებამ"“ და ოპოზიციის ნაწილმა ლამის სასაცილოდ აიგდეს. პენსიონერების თემა გააქტიურდა მთავრობის 22 თებერვლის სხდომის შემდეგაც, როდესაც პენსიონერებს სესხის პროცენტი შეუმცირდათ. ოპოზიციის ნაწილი, ისევ ვაშაძე-ელისაშვილის ლიდერობით, ითხოვდა, რომ პენსიონერებს პროცენტებში ზედმეტად გადახდილი თანხა უკან დაჰბრუნებოდათ ან სესხები ჩამოსწეროდათ.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც ერთ მხარეს არ გავაკრიტიკებთ. გასაგებია, რომ მიმდინარეობს ბრძოლა პენსიონერების ხმებისთვის და წინა პლანზე პოპულიზმია წამოწეული, თუმცა ამას პენსიონერებისთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს. ეს კარგია და ვისურვებდით, ეს პრეცედენტი ყველა სფეროში გავრცელებულიყოს.

სააკაშვილი „შეტევაზე“

სააკაშვილს აქვს უნიკალური ნიჭი, რომ მუდმივად რჩებოდეს მედიასივრცეში. გარდა ამისა, მას აქვს ხელისუფლებაში ყოფნის დროს კარგად აწყობილი კავშირები დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან, რასაც დღემდე ეფექტურად იყენებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალება სთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარების ნაწილმა ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

საქართველოს სასამართლო და პროკურატურის სისტემა რომ რეფორმირებას მოითხოვს, ორჯერ ორი ოთხია. თუმცა ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის უსამართლოდ გადაწყვეტის თემები ხელისგულზე ჯერ კიდევ მაშინ იდო, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში ბრძანდებოდა (ამ ორ საქმეზე აქვს მისჯილი მიშას პატიმრობა, კიდევ სამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს) - ანუ დასავლეთის პოლიტელიტის ნაწილს მიაჩნია, რომ ქართულმა მხარემ, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ამ ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭოს? საინტერესოა, მათ ქვეყანაში რომ მომხდარიყო მსგავსი ფაქტები, იმავეს იტყოდნენ თუ არა? ყოფილ პრეზიდენტებს ინდულგენცია ეკუთვნით?

საქართველოში სააკაშვილს ბევრი მომხრე ჰყავს და სწორედ ამიტომაც არის ჯერჯერობით „"ნაცმოძრაობა"“ მთავარი ოპოზიციური პარტია. თუმცა მიშას პარტია მუდმივად მთავარ ოპოზიციონერად იმიტომ რჩება, რომ უფრო ბევრია ამომრჩეველი, რომელსაც კოლექტიურ სააკაშვილთან წითელი ხაზი აქვს გავლებული. ჰოდა, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის ზემოხსენებული პოზიცია ამ ამომრჩეველს აფიქრებინებს, რომ ორმაგი სტანდარტები ზოგჯერ არც იქ არის უცხო, საითაც ჩვენ მივისწრაფვით. ეს კი ცუდია, რადგან თითოეულ ეჭვს დასავლეთზე აუცილებლად გამოიყენებს მუხრუჭებიდან აწყვეტილი ოკუპანტი რუსეთი.

სააკაშვილის შეწყალების თემა მასშტაბური კამპანიის ნაწილია. გარედან მოწოდებებს ემატება საქართველოში ხელმოწერების შეგროვება, რათა სალომე ზურაბიშვილმა მიშა გაათავისუფლოს. თქვენი მონა-მორჩილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს სუბიექტურ აზრს, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. თუმცა ქართული პოლიტიკა სავსეა მოულოდნელობებით. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ შეიწყალა თავისი ნების საწინააღმდეგოდ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა ჩვენ სააკაშვილის თემასთან პარალელს მაინც არ გავავლებდით. მაშინ ეს შეწყალება მმართველი გუნდისა და ოპოზიციის 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებაში იდო.

თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მას ტაშს დაუკრავენ "ნაცმოძრაობის"“ მომხრეები (რომლებიც, სხვათა შორის, მაინცდამაინც თავს არ იკლავენ, რომ აქციები გამართონ ან სხვა მწვავე პროტესტის ფორმებს მიმართონ მიშას გათავისუფლების მოთხოვნით), თუმცა უკუქმედებას მიიღებს ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილისგან. ყველას ავიწყდება ერთი მცირე“ დეტალი - პრეზიდენტმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული და პროკურატურის სურვილის შემთხვევაში, მას „"ვივამედის"“ პირმაღიდანვე უკან შეაბრუნებენ.

არ ეწყინოს არც პრეზიდენტს და არც რომელიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირს, მაგრამ ისეთი ფიგურის, როგორიც სააკაშვილია, გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი არ წყდება ვინმეს ნება-სურვილით ან მოწოდებებით. ზეთეორიულად, თუ სააკაშვილს გაათავისუფლებენ, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ კულუარული გარიგებით დასავლური პოლიტელიტის ნაწილსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. დაახლოებით შემდეგი სქემით: მიშა გამოდის ციხიდან, ოღონდ იმ პირობით, რომ არ დარჩება საქართველოში, მიემგზავრება „მშობლიურ“ უკრაინაში და ქართული პოლიტიკისკენ აღარ გამოიხედება. თუმცა არის მეორე ზესუპერფანტასტიკური ვერსიაც მიშას გათავისუფლების შესახებ - "ნაცმოძრაობა"“"იგებს" არჩევნებს, ოღონდ ასეთ შემთხვევაში მიშა „"ვივამედის"“ კლინიკიდან პირდაპირ ავლაბრის სასახლეში გადაბარგდება.

სააკაშვილის გათავისუფლების თემა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოკლეს. სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა განავითარეს ვერსია, რომ სააკაშვილიც პუტინის ისეთი ტყვეა, როგორიც ნავალნი იყო და თუ დროულად არ გაათავისუფლებენ, მასაც დიდი საფრთხე ემუქრება. სააკაშვილსაც ისევ "გაახსენდა", თუ როგორ "მოწამლეს“ და როგორ „გადარჩა". სააკაშვილს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, თუმცა ნავალნისთან პარალელებს მხოლოდ მისი ის ფანატიკოსები დაიჯერებენ, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ მიშამ დაანგრია საბჭოთა კავშირი. ზოგჯერ სერიოზული პოლიტიკოსიდან პოლიტიკურ ანეკდოტამდე ერთი ნაბიჯია და ეს ზღვარი არ უნდა გადალახო. გასაგებია, მიშას ისე უნდა ციხიდან გამოსვლა, რომ ყველასა და ყველაფერთან გაავლებს პარალელს. თუმცა საინტერესოა, ზოგიერთი მისი თანაგუნდელი რატომ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში? რაღა ტრაგიკულ ნავალნის, აგერ ნელსონ მანდელას შეადარონ - იჯდა კაცი 25 წელი ციხეში, შემდეგ გამოვიდა და გახდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი... მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ჩრდილოვანი კაბინეტი

გასულ კვირას "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა ოპოზიციამ მოილაპარაკა ჩრდილოვან კაბინეტზე - ანუ თუ "ოცნება"“ ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხდა, საქართველოს ასეთი მთავრობა ეყოლება: პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნიკა გვარამია, საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მამუკა ხაზარაძე, იუსტიციის მინისტრი ეკა ბესელია, განათლების მინისტრი ნინო ლომჯარია, ხოლო გენერალურ პროკურორად მოიაზრებიან ნონა წოწორია ან ეკა გიგაური, ეკონომიკის მინისტრად პაატა მანჯგალაძე, ფინანსთა მინისტრად პეტრე ცისკარიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად ბექა ლილუაშვილი ან შალვა კერესელიძე, კულტურის მინისტრად ლაშა ბუღაძე, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სოფო ჯაფარიძე, შერიგების მინისტრად კი გრიგოლ გეგელია.

ეს „ფენტეზი ფეხბურთის“ მსგავსი ჩრდილოვანი კაბინეტია. გამოდის, არჩევნებში სააკაშვილ-კეზერაშვილის დუეტს (იგივე "ნაცმოძრაობა") გაუმარჯვია და მინისტრთა დიდი ნაწილი პირდაპირ პარტიის წევრია, ან ყოფილი, ან სულიერად ახლობელი. გამოდის, ოპოზიციური პარტიებიდან "ნაცმოძრაობის"“ შემდეგ ყველაზე მეტი ხმა „"ლელოს"“ აუღია, რადგან სააკაშვილის პარტიის შემდეგ სწორედ ხაზარაძის პარტიას აქვს ყველაზე მეტი პორტფელი ამ "ფენტეზი მინისტრთა კაბინეტში". გამოდის, გახარიას პარტიას ძლივს შეუღწევია პარლამენტში, რადგან მხოლოდ სოფლის მეურნეობის უწყება "უბოძეს". გამოდის, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ისე დაცემულან პოლიტიკურად, რომ „"ნაცმოძრაობისთვის"“ ჩაუბარებიათ შსს, ხოლო სააკაშვილის რუპორ ნიკა გვარამიასთვის - სუს-ი (ფენტეზი კაბინეტში“ თავდაცვის მინისტრად კეზერაშვილი რომ ჩაეწერათ, შს მინისტრად კი მერაბიშვილი, უფრო ეფექტური იქნებოდა), თან ხაზარაძეს მზადყოფნა გამოუთქვამს, რომ ემუშავა გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე. საინტერესოა, გახარიას არ უნდოდა სოფლის მეურნეობის მინისტრობა, იქ რომ ბექა ლილუაშვილი გაუშვა? ნიკა მელიას ვერ ვხედავთ რომელიმე მინისტრად და რა ხდება, აქაც "გადააგდეს"?!

რა ჩრდილოვანი კაბინეტი, ხალხო, როდესაც იმავე გახარიას და ხაზარაძეს პრემიერობის ამბიციები აქვთ და ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ისინი სხვა კომბინაციაზე დათანხმდნენ. გარდა ამისა, თვითონ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები ვერ დალაგებულან ერთმანეთში. კეზერაშვილი ყველანაირად ცდილობს როგორმე გვარამია და მელია არ გაერთიანდნენ და სამაგიეროდ „მედიამენეჯერს“ დაფინანსებას ჰპირდება. როგორც ჩანს, თავად სააკაშვილსაც ვერ აქვს კარგად საქმე ყოფილ თანაგუნდელებში. აგერ მისი ფავორიტი და სპეცწარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე უბოდიშოდ გამოუშვეს „მთავარი არხიდან“ (სამედიცინო გადაცემა დაუხურეს). დიახ, გვარამიამ გამოუშვა და ეს გაუკეთა პირადად მიშას.

ასე რომ, კონსპირაციული თეორიების მოფიქრებას, სააკაშვილს ურჩევნია თავის მოქმედ თუ ყოფილ თანაგუნდელებს მიხედოს.

გიორგი კვიტაშვილი