„ვეძებ გამოსავალს“ - ლუდომანის აღსარება - კვირის პალიტრა

„ვეძებ გამოსავალს“ - ლუდომანის აღსარება

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო უამრავ ადამიანს ექმნება პრობლემა. თამაშდამოკიდებული ადამიანები ხშირად ოჯახის წევრებს უმალავენ ამ ამბავს, მძიმეა მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რაც კონფლიქტებს იწვევს. ოჯახი ზოგჯერ პრობლემას მაშინ იგებს, როცა მდგომარეობა უკვე კრიტიკულ ზღვარზეა, როცა მოთამაშე კარგავს სამსახურს, აქვს უამრავი ვალი და ყველა ახლობლისგან ფულს ითხოვს. მოთამაშე ხშირად ტყუის, რადგან დათქმულ დროს ვალს ვერ აბრუნებს და ამის გამო კარგავს მეგობრებსაც. ზოგჯერ ერთადერთ საცხოვრებელსაც კი კარგავენ და ოჯახს ქუჩაში ტოვებენ. ფსიქოლოგების აზრით, თამაშდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა და აუცილებელია სპეციალისტების დროული და სწორი ჩართულობა. ისიც ფაქტია, ბევრი ცდილობს ამ ვითარებიდან თავის დაღწევას, მაგრამ ნებისყოფა არ ჰყოფნით. სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ეს ბიზნესი ყვავის საქართველოში. ჯერ არ გამოქვეყნებულა 2023 წლის მონაცემები, მაგრამ ცნობილია, რომ 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52.647 მლრდ ლარი შეადგინა, ეს კი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 4.709 მლრდ ლარით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 20.556 მლრდ ლარით მეტია. მართალია, 2 წლის წინ კანონი გამკაცრდა და თამაშებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ 25 წლამდე ახალგაზრდებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს,­ პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდება ამ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით, მაგრამ, როგორც ჩანს, სათამაშო ბიზნესმა და სიაში შეყვანილმა პირებმა მაინც მოახერხეს გზების გამონახვა და ისევ თამაშობენ. ჩვენი 38 წლის რესპონდენტი წლებია თამაშდამოკიდებულებას ებრძვის. როცა კანონი ამოქმედდა, თავისი სურვილით მიმართა შემოსავლების სამსახურს და განრიდების ბაზაშიც შეიყვანეს, მაგრამ არც იმას მალავს, რომ ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო და ისევ ითამაშა.

ზაზა ნ: - წლებია ვთამაშობ. თავიდან ვიგებდი და ძალიან მიხაროდა, მერე ისე გამიტაცა, 20 ლარიც რომ მქონოდა, სათამაშოდ გავრბოდი. ჯერ ტოტალიზატორით დავიწყე, მერე სლოტკლუბებში, კაზინოში შევდიოდი. ზოგჯერ ვიგებდი, ზოგჯერ ვაგებდი, მაგრამ იმ იმედით, რომ ისევ მოვი­გებდი, ვბრუნდებოდი. იქ კარგად იციან ადამიანის ფსიქოლოგია, აქვთ ერთიანი ბაზა და უყურებენ შენს ისტორიას, იციან, რამდენად ხშირად შედიხარ და ზოგჯერ საგანგებოდ გაგებინებენ ფულს. მოგწონს, რომ მოიგე და უფრო შედიხარ აზარტში, მერე უკვე ისე ეჩვევი, როგორც კი ფული ჩაგივარდება ხელში, სათამაშოდ გარბიხარ. როცა აგებ ფულს, არ გინდა იქიდან ცარიელი გამოხვიდე, ვალს იღებ იმ იმედით, რომ გაგიმართლებს. თუ გაგიმართლა და მოიგე, უფრო მეტის მოგების სურვილი გაქვს. Mმერე ყველა ახლობელს სთხოვ ფულს. ვერ ვიტყვი, რომ უკან არ ვაბრუნებდი, მაგრამ ისევ მივდიოდი და უფრო მეტს ვითხოვდი. როცა მოთამაშე ხარ, საბოლოოდ მაინც აგებ ყველაფერს. ერთი მევალე ქუჩაში გხვდება, მეორე გირეკავს და ფულის დაბრუნებას გთხოვს, შენ კი გამოსავალს ვერ პოულობ. იცი, ხელფასით ვალს ვერ გადაიხდი და ისევ იმ იმედით, რომ მოიგებ, სათამაშოდ მიდიხარ. ძალიან მეცოდება ის ოჯახები, რომლებსაც სახლში ნარკოდამოკიდებული და თამაშდამოკიდებული შვილები ან ქმრები ჰყავთ. თუმცა ბევრი ქალიც მინახავს კაზინოში მოთამაშე.

- ოჯახმა იცოდა, რომ თამაშობდით?

- იმხელა ვალში ვარდები, რაც არ უნდა სცადო დამალვა, მაინც გაცხადდება.­ ცოლი რომ შევირთე, მაშინ ასე ძალიან დამოკიდებული არ ვიყავი. მანამდე ტოტალიზატორში დავდიოდი და ზოგჯერ ონლაინაც ვთამაშობდი. მშობლებს დავპირდი, თავს დავანებებ-მეთქი და მართლაც ვცდილობდი. მამაჩემმა ოროთახიანი გარემონტებული ბინის გასაღები ჩამაბარა იმ იმედით,­ რომ თამაშისკენ არასოდეს გავიხედავდი. მეც მუშაობა დავიწყე, მართლა კარგა ხანს არ მითამაშია, მაგრამ მერე ისევ დავიწყე. ჩემმა ცოლმა რამდენჯერმე გამისტუმრა ვალი, დედაჩემი კი ბანკიდან აღებულ ჩემს კრედიტებს იხდიდა. სულ ვპირდებოდი, გამოვსწორდები-მეთქი, მაგრამ ისევ სათამაშოდ ვბრუნდებოდი.

უკვე 5 წელზე მეტია ვცდილობ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. ვეძებ გამოსავალს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შევძელი. რაც ყველაზე მეტად მტკენს გულს, ყველას ნდობა დავკარგე, რადგან ყველას ვატყუებდი. ჩემს სიტყვას არავინ ენდობა. იმდენად მინდოდა თამაშისთვის თავის დანებება, რომ შემოსავლების სამსახურში ჩემი ფეხით მივედი და გაშავების სიაში ჩაწერა მოვითხოვე. იქნებ ასე მაინც დამეღწია თავი. რამდენი დანაშაული მაქვს ჩადენილი ოჯახის წინაშე, რომ ვაანალიზებ, ბრაზი მახრჩობს... ბინა ჩავდე ბანკში, ჯერ კრედიტი ავიღე და ის ფული სულ კაზინოში დავტოვე.­ ოჯახს ამ ამბავს კარგა ხანს ვუმალავდი, ბინის შენარჩუნებას ვცდილობდი და უფრო დიდი შეცდომა დავუშვი, მერე მევახშისგან ავიღე უფრო დიდ პროცენტში მეტი თანხა, ბანკი კი გავისტუმრე, მაგრამ მევახშეს ვერ დავუბრუნე ფული. მან ისეთი ხელშეკრულება გამაფორმებინა ნოტარიუსთან, დათქმულ დროს ფული რომ ვერ მივუტანე, ბინა ავტომატურად მის სახელზე გადავიდა. დამენგრა ოჯახიც, მეუღლემ ჩემს ამდენ ტყუილს ვერ გაუძლო და როცა ბინის დატოვებამ მოგვიწია, ბავშვს ხელი მოჰკიდა და მშობლებთან დაბრუნდა. მე დედასთან გადავედი საცხოვრებლად, პატარა ერთოთახიან ბინაში. სინდისი მაწუხებს, რამდენჯერ ვცადე იმ ბინის ჩადებაც, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ მოვახერხე, რადგან დედაჩემის სახელზეა და არ მომცა ამის უფლება. ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზეც ისეთ დღეში ჩავვარდნილვარ, მაგრამ მიზერული თანხა რომ ჩამივარდებოდა ხელში, მაინც იქ გავრბოდი. ბევრჯერ წამოვედი სხვადასხვა სამსახურიდან, რადგან იქაც ტყუილებში გავიხლართე. მერე ჩემმა ბიძაშვილმა თავის სამშენებლო კომპანიაში წამიყვანა, იქ ხელობაც ვისწავლე და საკმაო თანხაც გამოვიმუშავე. თავიდან ფულს ხელზე არ მაძლევდა, თვითონ ფარავდა ჩემს ვალებს, ჩემს ცოლს აძლევდა გარკვეულ თანხას, მე მხოლოდ ტრანსპორტის და სიგარეტის ფულს მიტოვებდნენ, ასე ვიყავი კარგა ხანს, მაგრამ მერე მოვთხოვე ფული, დავპირდი, რომ აღარ ვითამაშებდი. ისიც მენდო და წარმოიდგინეთ, იმავე დღეს წავაგე მთლიანად მისი მოცემული თანხა. მერე იქიდანაც წამოვედი და დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა, ვარემონტებდი ბინებს, წინასწარ ვართმევდი მეპატრონეს ფულს და სახლში არაფერი მიმქონდა. იმ მდგომარეობამდეც მივსულვარ თამაშის გამო, სახლიდან გამომიტანია ნივთებიც, ჩამიბარებია ტელეფონი. როცა აქამდე მიხვალ ადამიანი, უკვე ფსკერზე ხარ.

- შავ სიაში შეტანამ რატომ ვერ გიშველათ?

- მაინც იგებ შენნაირებისგან, სად შეგიძლია თამაში. არადა, რომ შევამოწმე,­ ყველგან დაბლოკილი იყო ჩემი მონაცემები. ამის შემდეგ კარგა ხანს არ მითამაშია, მაგრამ რომ ვცადე შესვლა, უპრობლემოდ შემიშვეს. სხვისი სახელი და გვარი, დაბადების თვე და რიცხვი ვუთხარი, სხვისი პირადობის ნომერი, ჩემი დამრჩა-მეთქი, და შემიშვეს სლოტკლუბში. მართლა არ მინდა ჩემს მდგომარეობაში ვინმე ჩავარდეს, ამიტომ როგორც კი დარღვევას ვაწყდები, ან ვიგებ რაიმე შავი ხვრელია, პირდაპირ ვრეკავ ცხელ ხაზზე და ვეუბნები, აქ არის ეს პრობლემა-მეთქი. შემოსავლების სამსახური დამადასტურებელი­ ფაქტების გამოტანას­ ითხოვს და ამაზე ბევრი მოთამაშე არ წავა, არც დაცვა მოგცემს ამ დარღვევის გადაღების საშუალებას. აკონტ­როლებენ ყველაფერს, რადგან იციან, ბევრი სხვისი პირადობით რომ შედის. როგორც ვიცი, ბევრი ყიდის თავის მონაცემებს­ იმ ხალხზე, ვინც გაშავებულია. ეს განსაკუთრებით ონლაინთამაშების დროს ხდება. წესით, ეს დასჯადი უნდა იყოს. ვთქვათ მომინდა ტოტალიზატორში ბილეთის დადება, შევავსებ, მივალ ნებისმიერ ტოტალიზატორში და ვინც შედის, იმას ვთხოვ, დამიდე-მეთქი და გამომიტანს. ესეც შეუძლებელი უნდა იყოს. მოკლედ, ბევრი გზა გამოინახა და ამის აღმოფხვრაა საჭირო. დამრღვევებს აჯარიმებენ, მაგრამ ეს სათამაშო ბიზნესისთვის ზღვაში წვეთია. იმწუთასვე გადაიხდის, 10.000 და თუნდაც 20.000 ლარს და მერე ერთი კაცისგან ამოიღებს ამ თანხას.

- ონლაინკაზინოებში თამაშსაც ახერხებენ განრიდების სიაში შეტანილი პირები?

- უფრო თავისუფლად ახერხებენ იქ, ვიდრე სლოტკლუბებში. კაზინოებში უფროა კონტროლი და როგორც ვიცი, ასე თავისუფლად იქ ვერ შედიან. ბავშვებიც კი თამაშობენ იქ სხვისი მონაცემებით, ამიტომ ონლაინკაზინოები აუცილებლად უნდა გაუქმდეს. თუმცა ეს არ მოხდება, რადგან ყველაზე დიდი ფული იქიდან­ შედის ამ ბიზნესში. ვინც კაზინოში ვერ შედის, ტელეფონით თამაშობს. იმხელა თანხა უნდა ღირდეს კაზინოში, სლოტკლუბში შესვლა, რომ იქ პატარა შემოსავლის მქონემ შესვლა ვეღარ მოახერხოს. ბევრი ვიცი, ვინც იქ დიდი ფულით შედის და ცარიელი გამოდის. ბევრი ცნობილი პირიც მინახავს კაზინოში. აზერბაიჯანიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ფულით სავსე ჩემოდნებით ჩამოდიან სათამაშოდ. აზერბაიჯანში აკრძალულია თამაში, ჩვენთანაც რომ აიკრძალოს, კარგი იქნება. ზოგმა ჩემმა ნაცნობმა ამას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, როცა ვალი გაქვს დასაბრუნებელი და ფულს ვერ შოულობ, მაშინ თავის მოკვლაზეც ფიქრობ ადამიანი.

- ფსიქოლოგის დახმარება არ გიცდიათ?

- როგორ არა, ფსიქოლოგებთანაც დავდიოდი და სხვადასხვა პროგრამაშიც ვიყავი ჩართული, აზრზე ოდნავ იმათ მომიყვანეს. ახლა აღარ ვთამაშობ, ვმუშაობ, მაგრამ იმხელა ვალი მაქვს, არ ვიცი, რომელ მევალეს დავუბრუნო. რეაბილიტაციას ისევ გავდივარ, პროგრამაში ვარ ჩართული, მაგრამ არის მომენტები, რომ მაინც მიჭირს. ახლა ისიც მაჩერებს, რომ სიაში შეყვანის შემდეგ ჩალიჩი გჭირდება, რომ ითამაშო. ამიტომ ბევრს ვურჩიე მისულიყვნენ შემოსავლების სამსახურში და გაეშავებინათ თავი, მაინც კარგია, ასე თავისუფლად ვეღარ შედიხარ, მაგრამ ზოგი უარს ამბობს,­ რადგან გამოსავალი თამაში ჰგონია... ბოლომდე მაინც ვერ გამოვედი, ეკლესიაშიც დავიწყე სიარული და მოძღვარიც ძალიან მეხმარება. სხვებსაც ვურჩევ ტაძარში დაიწყონ სიარული და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავენ...

"კანონის ამოქმედების შემდეგ თავისი სურვილით "შავ სიაში" 10.000 მოქალაქეზე მეტია დარეგისტრირებული"

როგორ უნდა დააღწიონ თავი ადამიანებმა ამ პრობლემას და რა გზით შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი განრიდების სიაში, ამ და სხვა საკითხებზე "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე გვესაუბრება, რომელიც წლებია ამ პრობლემას ებრძვის.

- სათამაშო დაწესებულებებს სახელმწიფომ აუკრძალა იმ პირების დაშვება­ სათამაშო ობიექტებში, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, საჯარო მოხე­ლეები, პოლიტიკოსები, მათთან გათანა­ბ­რებული­ პირები, შსს-ს და ძალოვანი უწყების თანამშრომლები, საჯა­რისო ნაწილებში, სასაზღვრო სამსახურებში მომუშავე პირები, საჯარო მოხელეები­ და ასევე აკრძალული აქვთ 25 წლამდე­ ასაკის ახალგაზრდებს. კანონის ამოქმედებისთანა­ვე ავტომატურად მილიონ 400 000 პირს შეეხო ეს რეგულაცია.­ არის სხვა რეგულაციებიც, რომლებიც ფინანსური საკითხების რეგულირებას ითვალისწინებს. წესით, უნდა აქვეყნებდნენ იმ მოქალაქეების მონაცემებს­, რომლებსაც ამ დაწესებულებაში შესვლის უფლება აქვთ, რამდენი­ დებს ფსონს და ა.შ. ალბათ, ეს მონაცემები შემოსავლების სამსახურს აქვს და კარგი იქნება, ყოველკვარტალურად ასაჯაროებდეს სათამაშო ბიზნესის შემოსავალს, მოგებას, რამდენია მოქალქეების წაგებული თანხა და რა თანხა აქვს ამ ბიზნესს გაცემული...

კანონში წერია, თუ ადამიანს არ ეხება რეგულაციები, მაგრამ არის აქტიური მოთამაშე, ის დაიღალა თამაშისგან და სურვილი აქვს აღარ ითამაშოს, ებრძვის თამაშდამოკიდებულებას, მას უფლება აქვს თავისი პირადობით შემოსავლების სამსახურში ან ადგილობრივ მუნიციპალურ საგადასახადო სამსახურში მივიდეს, დაწეროს განცხადება და მოთხოვოს ერთიან ბაზაში მისი მონაცემების შეტანა, რათა იყოს განრიდებულ პირთა სიაში, რომელსაც "შავ სიას" ეძახიან. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ თავისი სურვილით განრიდების სიაში 10.000 მოქალაქეზე მეტია დარეგისტრირებული. როცა პირი ითხოვს განრიდების სიაში შეტანას, მას ეძლევა ამონაწერი, დოკუმენტი, რომ ის განრიდების სიაშია და ეკრძალება 5 წლით როგორც სახმელეთო, ისე ონლაინთამაშები. როცა პირი შედის სათამაშო დაწესებულებაში, ოპერატორი ვალდებულია, მას მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეამოწმოს, პირადობა ეკუთვნის თუ არა მას, არის თუ არა განრიდების სიაში. თუ არის სიაში, მყისიერად ეუბნება უარს, არ უშვებს ობიექტზე და აეკრძალება სათამაშო დაწესებულებაში შესვლა. კანონში გაწერილია, 100-ჯერ რომ შეხვიდე, ყველა შესვლაზე უნდა მოგთხოვონ პირადობის მოწმობა, მაგრამ ასე არ ხდება. როცა იგებს ოჯახის წევრი, რომ განრიდების სიაში მყოფი პირი მაინც შეუშვეს, მას შეუძლია უჩივლოს ასეთ დაწესებულებას, შეიძლება­ იჩივლოს განრიდებულმა პირმაც. იყო ასეთი­ შემთხვევა, როცა განრიდების სიაში მყოფი ადამიანი შეუშვეს, მან ერთ საათში წააგო 9.000 ლარი და ამის შემდეგ ეს ფაქტი თვითონ მოთამაშემ გააპროტესტა, გამოიძახა პატრული. ვინც ვეღარ უძლებს ცდუნებას და მაინც შედის, მას შეუძლია ასეთი ფორმითაც გააპროტესტოს ეს ფაქტი, გამოიძახოს პატრული და პატრული მოითხოვს კამერების გადახვევას, გადამოწმდება ამ პირის ყოფნა იქ დადასტურდება, დარღვევა ეცნობება შემოსავლების სამსახურს და ობიექტი დაჯარიმდება პირველ ჯერზე 10.000 ლარით, მეორე ჯერზე კი 20.000 ლარით... თუ თავად მოთამაშე არ ითხოვს განრიდებას, მისი ოჯახის წევრს შეუძლია ამის გაკეთება - საჩივარი უნდა შეიტანოს ადგილობრივ სასამართლოში და ამ საკითხს განიხილავს მაგისტრი მოსამართლე. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ამ პირის მონაცემები გაიგზავნება შემოსავლების სამსახურში და პირს განრიდების სიაში შეიტანენ. ჩვენ გამოვითხოვეთ ეს მონაცემები სასამართლოდან და სამწუხაროდ, მესამე პირის მეშვეობით სასამართლოს წესით 50 კაცზე მეტია შეყვანილი განრიდების სიაში, ეს კი ზღვაში წვეთია.

- როგორ ამტკიცებს მესამე პირი, რომ მისი ოჯახის წევრი მოთამაშეა?

- თუ წვდომა აქვს მოთამაშის ბანკის მონაცემებთან და აქვს ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი, უნდა დაურთოს განცხადებას, ან სხვა რაიმე სამხილი, თუ ოჯახმა მიიღო ფინანსური ზარალი... სასამართლო გაეცნობა საქმის მასალებს და 5 დღის ვადაში გამოიტანს გადაწყვეტილებას. შეიძლება მოთამაშემ ეს გააპროტესტოს კიდეც, მაგრამ თუ იქნება რაიმე ხელჩასაჭიდი, მოსამართლე მაინც მოახვედრებს განრიდების სიაში. ჩვენ გამოვითხოვეთ სასამართლოდან საქმეები და 5 პირს უთხრა უარი სასამართლომ არასაკმარისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამო. სხვათა შორის, ოჯახის წევრს საჩივრის შესატანად ბაჟის გადახდა არ უწევს, მაგრამ თუ მოთამაშეს მოახვედრებენ განრიდების სიაში და ის ამას გააპროტესტებს, მოუწევს ბაჟის გადახდა. თუ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ოჯახის წევრის მოთხოვნა, ოჯახის წევრს შეუძლია გასაჩივრება და მოსამართლე რა გარემოებებსაც მიუთითებს­ დაუკმაყოფილებლის მიზეზად, ის უნდა გამოასწოროს და თავიდან წარადგინოს მოთხოვნა. პრობლემა ის არის, რომ ოჯახის წევრის ვალებზე­ ინფორმაციას ბანკები მეორე პირს არ აძლევენ. ამონაწერის გაკეთება პრობლემაა და ამის გამო შეიძლება ვერაფერი დაამტკიცო. ამიტომ ვამბობთ, რომ კანონი ბოლომდე დახვეწილი არ არის, ეს ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. უფრო უნდა გაადვილდეს ოჯახის წევრებისთვის მოთამაშის დარეგისტრირება. თამაშდამოკიდებულების გამო არა მარტო ფინანსური პრობლემები ექმნებათ ადამიანებს, არამედ არის სოციალური საფრთხეც, რადგან მოთამაშეები ხშირად სჩადიან საშინელ დანაშაულებს. შესაძლებელია პირმა სასამართლოს ვერ წარუდგინოს ბანკიდან ამონაწერი, მაგრამ შეიძლება წარადგინოს დოკუმენტი, რომ ეს ადამიანი იყო, ვთქვათ, ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან... ლუდომანები არიან დაავადებული ადამიანები, ამისთვის არც უნდა დავტუქსოთ, არც გავლანძღოთ, პირიქით, უნდა დავეხმაროთ, რათა როგორმე გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. კანონი მივიღეთ, კარგი პრეცედენტია, მაგრამ მის აღსრულებაში ჩართული უნდა იყოს ნებისმიერი უწყება. საჭიროა ძლიერი კონტროლი, რათა სათამაშო ბიზნესმა მოქალაქეებს არ შეუქმნას საფრთხე­. ფინანსთა სამინისტრომ უდიდესი შრომა გასწია და ახლა მნიშვნელოვანია აღსრულების მექანიზმის გაკონტროლება. უამისოდ ეს ყველაფერი კანონს მიღმა დარჩება. უფრო უნდა გააქტიურდნენ საგადასახადო სამსახური და მარეგულიერებელიც. სათამაშო ბიზნესის მოგება ყოველწლიურად იზრდება. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ასოცირდება სოციალური პრობლემების წარმოქმნასთან, სახელმწიფომ რეგულირების ჩარჩოში უნდა მოაქციოს. ხელისუფლება ხომ ხედავს, რომ ყველა ასეთ დაწესებულებაში ამ რეგულაციის ყველა მუხლი დარღვეულია. ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ მონიტორინგი. პირადად დავდივარ, ვამოწმებ, ვინიშნავ დარღვევებს...­ ყველა სათამაშო დაწესებულებას თავზე რომ აწერია, გასართობი ცენტრიო, ამის აკრძა­ლვა მაინც რა პრობლემაა? სათამაშო ბიზნესი არღვევს რეგულაციების წესებს, განრიდების სიაში მყოფ პირებს ისევ უკონტროლოდ უშვებს კლუბებში. მათ ისევ მიუწვდებათ ხელი ექაუნთების გახსნაზე სხვისი პირადობით, ამავე ხერხს მიმართავენ მოზარდებიც. ექაუნთებს 50 ლარად ყიდულობენ. სამოქალაქო სექტორს ამ ყველაფრის მონიტორინგის უფლება უნდა მიეცეს. წლებია ვითხოვთ ყოველ ნაბიჯზე გადასარიცხი აპარატების აღებას, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ამ ბიზნესს რომ არ ჰყავდეს ძლიერი ლობი, მერწმუნეთ, რეგულაციები აღსრულდებოდა. არ ვკარგავთ იმედს და ისევ ველოდებით ქმედით ნაბიჯებს.