კიბოსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა - კვირის პალიტრა

კიბოსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა

ონკოლოგიური დაავადებები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს კლავს. შემაშფოთებელია სპეციალისტების დასკვნები. 2024 წლის მონაცემებით, აღნიშნული ორი, არაგადამდები დაავადება მსხვერპლის რაოდენობით ერთმანეთს გაუთანაბრდება. ამასთან, საქართველო კიბოს ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებლით ერთ-ერთი­ ლიდერია, ყოველწლიურად,­ ონკოლოგიური დაავადებები თითქმის 10 000 ადამიანს უდასტურდება. საბედნიეროდ, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა განკურნების და, რაღა თქმა უნდა, გადარჩენის გარანტიას იძლევა. თუმცა საქართველოში­ უმეტეს შემთხვევაში კიბოს გამოვლენა გვიან სტადიებზე ხდება. საკმარისია, ელემენტარული გამოკითხვა სცადოთ, აღმოაჩენთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ბევრი არაფერი, ან საერთოდ არაფერი იცის ონკოლოგიური დაავადებების, მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობის და მკურნალობის მეთოდების შესახებ. თურმე სიტყვა კიბოც იმდენად აშინებთ, რომ ადრეული გამოკვლევის მნიშვნელობაზე მიწოდებულ ინფორმაციას აიგნორებენ. მეტიც, გამოკვლევებზე მაშინაც არ მიდიან, როდესაც არასასურველი დიაგნოზი ხელით ან თვალითაც კი იგრძნობა.

შიში კლავს!

რამდენიმე თვის წინ უახლოესმა ნათესავმა ახალგაზრდა ქალმა დაიჩივლა, რომ სარძევე ჯირკვალში სიმაგრეს გრძნობდა, მაგრამ ექიმთან მისვლის ეშინოდა, ვაითუ ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვანო. ყველაფერი ვიღონე, რომ დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა სამედიცინო გამოკვლევა, მოლოდინი გამართლდა - ძუძუს კიბოს მეორე სტადია დაუდასტურდა. პაციენტი მკურნალობს და ნანობს, რომ გაუმართლებელი­ შიშის გამო დრო დაკარგა და არა მარტო დაავადების ნიშნების გაჩენისთანავე­ არ მიმართა ექიმს, არაერთხელ უარყო სკრინინგის უფასო პროგრამით სარგებლობაც, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და უფრო მარტივად განკურნება. მას არ უფიქრია, რომ კიბოს დიაგნოზი ყოველთვის სასიკვდილო განაჩენს არ ნიშნავს და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა განკურნებისა და გადარჩენის გარანტიას იძლევა. აღსანიშნავია, რომ კიბოს ახალი შემთხვევების გამოვლენის სტატისტიკაში მეტი წილი ქალებზე მოდის, რასაც სპეციალისტები სკრინინპროგრამების ამოქმედებითაც ხსნიან. თუმცა სკრინინგზე მიმართვიანობა ძალიან დაბალია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილის 70% დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ძირითადად, მიზეზი დაგვიანებული ან არასწორი დიაგნოსტიკაა. განვითარებულ ქვეყნებში პაციენტებისთვის მკურნალობის სერვისების 90% ხელმისაწვდომია, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში კი მკურნალობა მხოლოდ 30%-ს შეუძლია. საქართველო სწრაფად აუმჯობესებს კიბოს სერვისებზე ხელმისაწვდომობას - მოსახლეობას სკრინინგის პროგრამებით სრულიად უფასოდ შეუძლია ჩაიტაროს აუცილებელი გამოკვლევები და იმკურნალოს თანამედროვე და ინოვაციური მედიკამენტებით, რომელთა ხარჯებს სახელმწიფო ფარავს.

"დაავადების დადასტურების შემთხვევაში არავინ მარტო არ რჩება თავისი პრობლემის წინაშე. საფიქრალი არა აქვს, სად იშოვოს გამოკვლევებისთვის საჭირო ფინანსები და როგორ იმკურნალოს"

ეკა ადამია, დაავადებათა კონტროლისა­ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე: "სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების, კერძოდ, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, იმავე წინამდებარე ჯირკვლისა და კოლორექტუმის, მსხვილი ნაწლავის კიბოს კვლევებს. პროგრამაში ყოველწლიურად რაღაც იცვლება, ემატება, ვითარდება. ბოლო წლების სტატისტიკით, სკრინინგის პროგრამით სარგებლობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ მთლიანობაში მაინც ძალიან დაბალია. სკრინინგი არ ნიშნავს დიაგნოზის დადასტურებას. მისი საშუალებით ვლინდება საეჭვო მდგომარეობა და იწყება კვლევის­ ახალი ეტაპი, რასაც ასევე აფინანსებს სახელმწიფო. ძუძუს კიბოს სკრინინგში თუ პირველი ეტაპი მამოლოგიაა, საეჭვო შემთხვევებში ღრმა კვლევისთვის სახელმწიფოსგან ფინანსდება ულტრასონოგრაფია, ბიოფსია, ციტოლოგია.

ძალიან ვცდილობთ ერთ-ერთი ყველაზე საშიში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში მომართვიანობა გავაუმჯობესოთ. სიახლე შემოგვაქვს: პაპტესტი, რომლის აღების პროცესი დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ჩანაცვლდება HPV-დნმ ტესტით, რომელიც უფრო მარტივი პროცედურაა. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევები ამ შემთხვევაშიც ფინანსდება.

შემოვიღეთ წინასწარი ელექტრონული­ დაჯავშნის მეთოდი, რომელიც უკვე მუშაობს. პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, მათ შორის, სოფლად, დაევალა, მათ სამოქმედო არეალში მცხოვრები ბენეფიციარებიდან გამოყონ სამიზნე-ჯგუფები და შესთავაზონ სასურველ კლინიკაში სასურველ დროს სკრინინგის დაგეგმვა. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი ამართლებს. მოქალაქეებს­ დავალებასავით აქვთ შესასრულებელი ექიმთან ვიზიტი. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია, როდესაც ამის შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს სახელმწიფო ჯერ სკრინინგის სახით და შემდეგ სამკურნალო პროგრამების სახით. დაავადების დადასტურების შემთხვევაში არავინ მარტო არ რჩება თავისი პრობლემის წინაშე. საფიქრალი არა აქვს, სად იშოვოს გამოკვლევებისთვის საჭირო ფინანსები და როგორ იმკურნალოს".

"საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობის წლიური ლიმიტი განისაზღვრა 25.000 ლარით"

ირინა ჯავახაძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "ვცდილობთ, პაციენტისთვის ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის თითოეული ეტაპი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, არსებული რესურსები ოპტიმალურად განაწილდეს და ბენეფიციარი ფაქტის წინაშე სასოწარკვეთილი არ აღმოჩნდეს. ამიტომაც სახელმწიფო საწყისი ეტაპიდანვე იწყებს ონკოპაციენტზე ზრუნვას. სკრინინგის პროგრამის შემდეგ მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობისთვის (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია), ასევე მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობის წლიური ლიმიტი განისაზღვრა 25.000 ლარით (იყო 20.000-23.000 ლარი) და მოიხსნა მოსარგებლის თანაგადახდა. წელიწადში 40.000 ლარზე მეტი შემოსავლების მქონე პაციენტებიც სერვისს სრულად იღებენ. წლიური ლიმიტი, 25.000 ლარი, პირობითია, მეტად პროგნოზული დატვირთვა აქვს და საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტის გათვლისას. შესაძლოა ზოგი პაციენტისთვის 5.000 ლარი იყოს საკმარისი, არის შემთხვევები, როდესაც მკურნალობას 25.000 ლარზე მეტი სჭირდება. ასეთ დროს ერთვება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რათა პაციენტმა შეძლოს მკურნალობის დასრულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიწყო სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების პირდაპირი ხაზით, მწარმოებლებისგან შესყიდვა, რაც საშუალებას გვაძლევს ნაკლები დანახარჯით მეტი მედიკამენტი შევიძინოთ.

ფაქტობრივად, შექმნილია ყველა გარემოება, რომ მოქალაქეებმა დროულად დაიდგინონ ჯანმრთელობის სტატუსი და ნუ შეშინდებიან არასასურველი დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე გამოვლინების შემთხვევაში. ონკოპაციენტებთან ძალიან ძვირფასია დრო, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. სწორედ ამ დროის მოგების მიზნით მზადდება ონკოდიაგნოსტიკის პროგრამა, რომლითაც სარგებლობა უახლოეს პერიოდში შეეძლებათ მოაქალაქეებს. შესაძლოა პაციენტმა სკრინინგის საეჭვო მონაცემების შემდეგ ფინანსების უქონლობის გამო სწრაფადვე არ მიმართოს დამატებით კვლევებს. სწორედ ამ დაყოვნების გამოსარიცხავად, მაგალითად, თუ სკრინინგიდან ექიმთან საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემებით მივა, ზუსტი დიაგნოზის დასადგენი ყველა გამოკვლევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური იმიჯური გამოკვლევები, დაუფინანსდება".

კიბოსგან თავდაცვის საშუალებები

სპეციალისტების განმარტებით, კიბოს გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. მიიჩნევა, რომ დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში კიბოს შემთხვევების 25%-ს ისეთი ინფექციები იწვევს, როგორიცაა ჰეპატიტი და პაპილომავირუსი.

სკრინინგი ამ ტიპის პათოლოგიებისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. რაც შეეხება საკუთრივ პაპილომა ვირუსისგან თავის დაცვას, ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება გოგონებში პაპილომავირუსის ვაქცინაციაა. ვაქცინაციით საშვილოსნოს ყელის კიბოს 75%-ის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. კერძოდ, დაძინებამდე ორი საათით ადრე ფიზიკური აქტივობა. ძილის დარღვევის მაპროვოცირებელი ყველა საშუალების, ხმაურის, მკვეთრი განათების, მძაფრი სუნის, კომპიუტერთან მუშაობის ან ტელევიზორის ყურების გამორიცხვა. ალკოჰოლის მიღებაზე და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა. საძილე საშუალებებით თვითმკურნალობის უარყოფა. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით ჩვენ შეგვიძლია არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

განკურნების გასაღები სწორ კვებაშია

ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, რომელშიც ქართველი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ, დადგინდა, რომ ონკოლოგიური დაავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპათოზი, რომლის დროსაც მელატონინის მაჩვენებელი გაცხიმოვნების ხარისხის პირდაპირპროპორციულად მცირდება და შესაბამისად, იმუნური სისტემა ქვეითდება. ალექსანდრე თავართქილაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი: "ღვიძლის გაცხიმოვნება დღესდღეობით საშიშ დაავადებად არ ითვლება. თუმცა აშშ-სა და იაპონიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, რომელიც 2500 ადამიანზე დაკვირვებით განხორციელდა, ხუთი წლის განმავლობაში 7%-ს განუვითარდა ონკოლოგიური დაავადებები. ეს ძალიან დიდი რიცხვია, მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველწლიურად 19 700 000 კაცი ავადდება ონკოლოგიით. ცხიმოვანი ჰეპატოზის მართვა მედიკამენტებით ვერა, მაგრამ კვების რაციონის მოწესრიგებით შესაძლებელია".