„სიზმრებში ახლაც ვხედავ, ვითომ სცენაზე ვდგავარ ან თეატრში შესვლა მინდა და არ მიშვებენ, მიჭერენ“
"თეატრი უფრო საყვარელია, თუმცა მსახიობისთვის პოპულარობა მაინც კინოს მოაქვს, სცენაზე რაც უნდა ითამაშო, მხოლოდ თეატრის მაყურებელი გიცნობს", - ამბობს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, რომელმაც მარჯანიშვილის თეატრი წლების წინ საკუთარი პრინციპების გამო დატოვა და ამას არც ნანობს - ჩუმად ყოფნა და დამონება არ შემეძლო, ამიტომ არაფერს ვნანობ, სხვაგვარად ვერ ვიქნებოდიო.
- ქალბატონო ასმათ, გარდა იმისა, რომ მაყურებელი ძალიან კარგად გიცნობთ თქვენი როლებით, ასევე აქტიური ხართ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ თემებზე საუბრისას და ხშირად ჩანხართ ამა თუ იმ გადაცემაში, პრესაში. გვიამბეთ, რას საქმიანობთ ამჟამად?
- მე უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, სულ რაღაცას ვაკეთებ, აქტიური ვარ. ორი ობიექტი მაქვს - კაფე-ბარი, რომელიც 26 წელია არსებობს, და ბარ-რესტორანი - 16 წლის, სადაც საინტერესო სალონურ საღამოებსაც ვმართავთ. ამაში ჩემი დიდი შრომა და ენერგიაა ჩადებული. ჩემი ქალიშვილი ახლა უკვე არქიტექტორია და თავის დროზე ორივემ საკუთარი დიზაინით მოვაწყვეთ აქაურობა. ყველაფერში ვმონაწილეობ, თანამშრომლებს ვეხმარები, ჩართული ვარ, რას როგორ აკეთებენ. არ შემიძლია დავჯდე და ვუყურო.
თუმცა მთელი ჩემი ცხოვრება მაინც ჩემს პროფესიას უკავშირდება. ოჯახი მყავს, შვილი, შვილიშვილი, მათაც ხელშეწყობა სჭირდებათ. ყველაზე დიდი სიხარულია სწორედ დედობა და მთლად გადასარევია ბებიობა! ფეთიანი დედა ვარ, თანაც მისი მოზარდობისას უფრო მეტი დრო მქონდა და ყველგან თან დავყვებოდი. როცა მეკითხებიან, რაში ჩადე ინვესტიციაო, ჩემი შვილის სწავლა-განათლებაში-მეთქი, ვპასუხობ და შედეგიც მივიღე. ოთხი უცხო ენა შევასწავლე, სკოლაშიც კარგად სწავლობდა და ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია. შვილიშვილი კიდევ სხვა სითბო და სიხარულია, სხვა იდუმალება, თითქოს გცვლის, ხვდები, რომ შენ უკვე იქით მიდიხარ, ის კი აქეთ მოდის, ახლა იწყებს ცხოვრებას. ჩემი შვილი მეტყვის ხოლმე, შვილიშვილი უფრო გიყვარსო, მაგრამ არა, ის იმიტომ მიყვარს, რომ შენია და შენ მიყვარხარ-მეთქი. ყველას ვუსურვებ ჰყავდეთ შვილიც და შვილიშვილიც, დიდი ბედნიერებაა.
- ბედნიერი ადამიანი ხართ იმითაც, რომ ძალიან კარგი სამეგობრო გყავდათ და გყავთ, მათ შორის საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობები, განსაკუთრებით კი სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი... როგორ დაუახლოვდით მათ?
- სანამ პირადად გავიცნობდი, ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება ვერიკოზე. მე დუშეთში დავიბადე და გავიზარდე, იქ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების დასები ჩამოდიოდნენ და მათ სპექტაკლებს ვესწრებოდი ხოლმე. სწორედ იქ ვნახე პირველად ვერიკო ანჯაფარიძე, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ის განსაკუთრებული და გამორჩეული მსახიობი იყო. შინ რომ დავბრუნდი, დედას ვუთხარი, მეც მინდა მისნაირი ვიყო-მეთქი. ისეთი არავინ გამხდარა, მაგრამ მსახიობობა კი მძაფრად მომინდა.
- მაშინ რას წარმოიდგენდით, რომ ამ უდიდესი მსახიობისა და მისი ქალიშვილის მეგობარი გახდებოდით, არა?
- არა, ამას რას წარმოვიდგენდი, მისი ხელით მომზადებულ კერძებს თუ მივირთმევდი და მის გაშლილ სუფრას მივუჯდებოდი. მერიდებოდა კიდეც, ამხელა მსახიობი ქალი ჩემ გამო რომ წუხდებოდა, უხერხულად ვგრძნობდი თავს და მიხმარება მინდოდა, მაგრამ ხუმრობით მეტყოდა ხოლმე, დაჯექი, ასმათ, დაიმახსოვრე, ვინ გემსახურებაო.
- პირველად როდის შეხვდით ქალბატონ ვერიკოს?
- თეატრში, სპექტაკლში როლებს ანაწილებდა - "ურიელ აკოსტა" აღადგინეს და მეც დამაკავა. სოფიკოც იქვე გავიცანი და ოჯახში დამპატიჟა და იმ დღიდან უდიდესი მეგობრები გავხდით. თეატრში ცოტა რთულია მეგობრობა, ყველას თავისი თავი ჰგონია სხვაზე უკეთესი და მსგავსი მომენტი მე არასდროს მქონია, სოფიკომ კარგად დაინახა, რომ შურიანი და ბოღმიანი არ ვიყავი და სწორედ ეს მოსწონდა ჩემში, ამიტომ იყო ის ჩემი უდიდესი მეგობარი. რაღაცნაირად ვგავდით კიდეც ხასიათით, ტანადაც - ფეხსაცმელიც ერთი ზომის გვეცვა, ტანსაცმელიც და როგორც მანეკენს, დამაყენებდა ხოლმე და ზომას ჩემზე იღებდა. სოფიკო კარგი დიასახლისი იყო, კარგად ქსოვდა, სხვათა შორის, ჩემი შეკერილი კაბა მას ერთ-ერთ ფოტოში აცვია.
სოფიკო სადმე რომ მიდიოდა, სულ თან დამატარებდა. ის უკვე ცნობილი მსახიობი იყო, საბჭოთა კავშირის დეპუტატი, გავლენა ჰქონდა და ბევრგან მიესვლებოდა. კრემლში ბანკეტზეც კი წამიყვანა, სადაც მთავრობა ქეიფობდა და მე იქ შესვლა არ მეკუთვნოდა, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, რომ წავეყვანე. მაშინდელი საბჭოთა კინოს ყველა უდიდესი მსახიობი იქ გავიცანი. ერთ ქალს მეც ცნობილი მსახიობი ვეგონე - უი, მე თქვენ ფილმში მინახავხართო. გამეცინა, რადგან ჯერ არსად ვიყავი გადაღებული, მაგრამ სოფიკომ მოატყუა, რაღაც სახელწოდება მოიგონა, კი, იმ ფილმში მონაწილეობსო.
ერთ კინოფესტივალზე სოფიკო ჟიურის წევრი იყო, დამირეკა, მოსაწვევი გაგიკეთე, მოჰკიდე ბავშვს ხელი და წამოდითო! გესმით, როგორი იყო? მე რომ კარგად ვარ, მინდა შენც კარგად იყოო. ეს იშვიათია. ჩემზე ამბობდა, ძალიან ერთგული მეგობარია, განსაკუთრებული თვისებები აქვსო.
სოფიკო 2008 წლის 2 მარტს გარდაიცვალა. ეს ბარ-რესტორანი მერე გავხსენი და პირველად სწორედ სოფიკოს ხსოვნის საღამო გავმართე, მისი ყველა ახლობელი და მეგობარი დავპატიჟე: გიგა ლორთქიფანიძე, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. კარგი საღამო გამოვიდა, გავიხსენეთ სოფიკო ისე, როგორც იმსახურებდა.
ვიცოდი, სოფიკოს ჯანმრთელობის რა პრობლემაც ჰქონდა და სულ ვუჩიჩინებდი, ოპერაცია გაიკეთე-მეთქი, მაგრამ უარზე იყო - რას ჩამაცივდი, ჩემი სიკვდილი გინდაო, მეხუმრებოდა. მერე კი ინანა, როგორ არ დაგიჯერეო... დროზე რომ მიეხედა, შეიძლება დღესაც ცოცხალი ყოფილიყო...
რაც შეეხება სესილიას, გარდა კოლეგიალობისა, მეზობლად, ერთ ეზოში ვცხოვრობდით და იქიდან დავმეგობრდით. იმდენად ვახლობლობდით, რომ ის ჩემს სახლში ისვენებდა ხოლმე დუშეთში და მე თავის ოჯახთან ერთად მიშვებდა გაგრაში, ლიკანში და ა.შ. მაშინ სამთავრობო აგარაკები იყო და იქ ხომ ყველას არ ჰქონდა დასვენების უფლება, სპეციალური საგზურები იყო... სესილია შვილიშვილს რამეზე რომ გაებუტებოდა ხოლმე, წავედი მეო, ეტყოდა და ჩემთან რჩებოდა. მეორე დღეს მეუბნებოდა, დაურეკე და უთხარი, ბოდიში მომიხადოსო, და მერე შევარიგებდი ხოლმე.
- როგორ გაგონდებათ მაშინდელი თბილისი, ურთიერთობები და ახლა როგორია?
- მაშინ ულამაზესი იყო! ახლანდელი თბილისი ჩემი დარდია, რა საშინელებებს აშენებენ. გული მტკივა, ასეთ თბილისს რომ ვხედავ. რამდენი ზედმეტი სართულიცაა, იმდენი ზედმეტი მილიონია და ამ სიხარბის გამო ქალაქს ამახინჯებენ. ამაში ყველა მთავრობაა დამნაშავე. კომუნისტების დროს კორპუსებს შორის დაშორება, სკვერები, გამწვანება - ყველაფერი გათვლილი იყო. ყიფშიძეზე ვცხოვრობ, მაშინ 12 კორპუსი იყო და ახლა რა ხდება, კი იცით... ვინ მაღირსებდა, მაგრამ ვამბობდი, მე მინდა თბილისის მერობა-მეთქი. ფული და ბინა მე არ მჭირდებოდა, ისედაც მქონდა და საქმეს კი გავაკეთებდი! ტრამვაის აღდგენა მინდოდა, მაღალი კორპუსების მშენებლობის აკრძალვა, გეგმის წარდგენა - შეეფერება თუ არა ქალაქის იერს, კანონების შესრულება, სკვერების გაშენება და ა.შ.
- თქვენი დროის თეატრალური ინსტიტუტი როგორი იყო?
- არაჩვეულებრივი. სხვათა შორის, სტიპენდიატი ვიყავი - 100 მანეთი იყო და წითელ დიპლომზე დავამთავრე, მერე კი პირდაპირ მარჯანიშვილის თეატრში გამანაწილეს. ჩემი ჯგუფელები და კურსელები იყვნენ გია ფერაძე, ნანული სარაჯიშვილი, დავით დვალიშვილი, ავთანდილ მიქაძე, ამირან ბუაძე, თემურ ყურაშვილი, ზაალ გამყრელიძე, ელისო გუდიაშვილი და ა.შ. პედაგოგი - ალექსანდრე მიქელაძე, პარალელურს კი მედეა კუჭუხიძე ასწავლიდა და ის ყოველთვის მაკავებდა სპექტაკლებში, მისი მადლიერი ვარ.
ძალიან შეკრული ჯგუფი ვიყავით, ნანული შეგვკრებდა ხოლმე და სულ აქეთ-იქით დავდიოდით. რაც გვქონდა ოჯახში, სუფრაზეც იმას გამოვიტანდით ხოლმე, მთავარი იყო, დავსხდებოდით, ვერთობოდით, ამბებს ვყვებოდით და ვიცინოდით. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვის რა კერძი ჰქონდა? ერთხელ ჟანრი ლოლაშვილი შემოგვესწრო, კარგა ხნის დამთავრებული გვქონდა თეატრალური, და გაგიჟდა, როგორი მეგობრები ხართ, მე ასეთი ჯგუფი არ მინახავსო. ნანული ინსტიტუტში უკვე პოპულარული იყო, მანანა ჰქონდა ნათამაშები. გიაც პიროვნულად ხომ ძალიან პოპულარული იყო, კარგი იუმორი ჰქონდა და შესანიშნავად ცეკვავდა. ნანული და გია თანამედროვე ცეკვებს კარგად ცეკვავდნენ - ტვისტი, როკ-ენ-როლი. სულ რომ არ გცოდნოდა, გია აგაცეკვებდა. უნიჭიერესი ბიჭი იყო, მაგრამ ცუდად დამთავრდა მისი ცხოვრება... ჩვენთვის ეს ძალიან მძიმე იყო.
- მარჯანიშვილის თეატრზე მინდა გკითხოთ, იქიდან თქვენს ხმაურიან წამოსვლაზე... რა გახდა მიზეზი, რის გამოც თქვენთვის უსაყვარლეს სცენას გამოემშვიდობეთ?
- 1996 წელს გადაწყვიტეს მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობები გაეთავისუფლებინათ. ვისაც ვისი ბოღმა ჰქონდა, ამოანთხიეს... აწ განსვენებულმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოინდომა სამხატვრო ხელმძღვანელი გამხდარიყო, თემურ ჩხეიძემ უკარნახა... ღმერთმა აცხონოს ორივე, რა ვქნათ, ასეთი რამ დაემართათ, მერე კი უნანიათ... რეფორმა ჩავატარეთო, მაშინ ამბობდნენ. ხომ გახსოვთ, რა დრო იყო? სცენაზე გაყინულები ვიდექით, 7 ლარი გვქონდა ხელფასი, მაგრამ მაინც ყველაფერს ვაკეთებდით. მათ გამოაცხადეს, მსახიობების ნაწილი უნდა წავიდესო. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ძალიან სამარცხვინო რამ ჩაიდინეს. თეატრი სხვა ორგანიზმია. გაჩერებული მსახიობიც კი კვდება თეატრის გამო, იმდენად უყვარს და როცა ადამიანისთვის მისი პროფესია წამალია, ეს წამალი არ უნდა წაართვა. მათგან ზოგიერთი დარდისგან მალევე გარდაიცვალა... თავდაპირველად, 35 კაცი გაუშვეს, მაგრამ დიდი დავიდარაბის შემდეგ 14 დააბრუნეს. მთელი ამბავი ავტეხე მაშინ, ედუარდ შევარდნაძესაც კი უსაყვედურია, რატომ ამიბუნტეთ ეს ხალხიო, ცნობილი მსახიობები მაინც დააბრუნეთო და, დოდო ჭიჭინაძე, თენგიზ არჩვაძე, მზია მახვილაძე, ნათელა მიქელაძე, გოგი გელოვანი და სხვები დააბრუნეს, მათი ხელის კვრა სამარცხვინო იყო. ზოგიერთი ისეთიც დააბრუნეს, ვინც "ჭკვიანად მოიქცა" და ხმა არ ამოიღო, მე კი ყველაზე ბევრი ვიყვირე.მათ ეკონომიკური დარღვევებიც ჰქონდათ ახალმიღებულ ბიუჯეტში. მსახიობები 6 თვე ხელფასს არ იღებდნენ. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, კონტროლის პალატის დოკუმენტები და დასკვნები არსებობს. მე რამეს რომ ვამბობ, თუ არ ვიცი, რომ სიმართლეა, არ ვიტყვი, რადგან ვიცი, ცილისწამებაზე პასუხს ვაგებ.
მერე შემომითვალეს, ოღონდ გაჩუმდი და გთხოვენ, თეატრში დაბრუნდიო. არ დავბრუნდი! სასამართლო გვქონდა და 9 პროცესი მოვიგე. შევრიგდეთო, მეღვინეთუხუცესმა შემომითვალა. მთელი ამბები მქონდა - აქციები, ქუჩების გადაკეტვები, სასამართლოები - ამით უფრო პოპულარული გამხადეს. ხალხს უყვარს მებრძოლი ადამიანები და მე უკან არ ვიხევდი. მე ხომ ჩემთვის არ ვიბრძოდი? თორემ ხომ დავბრუნდებოდი თეატრში?
- თავიდან თქვენ ხომ არ გეხებოდნენ? ისე გამოვიდა, რომ ბოლოს ბრძოლაში მარტო დარჩით?
- ასე გამოვიდა. როდესაც მეღვინეთუხუცესმა გამოაცხადა, სამხატვრო ხელმძღვანელი მე უნდა ვიყოო, ზოგმა ტაში შემოსცხო, მე კი გავგიჟდი... გავჩერდი, არც ტაში დავუკარი, არც ოვაცია გამოვხატე, ეს კი ორივე ცოლ-ქმარმა დაინახა და დამაქვეითეს - ხელფასი დამაკლეს. როცა ვკითხე, ეს რატომ გააკეთეთ-მეთქი, ურჩი ხარ და იმიტომ, ზედმეტებში იცი გადასვლაო. სიმართლეს რომ ვამბობ, ამიტომ ვარ ურჩი-მეთქი? კი, ყოველთვის არ არის საჭირო, შენც მიგაყოლებთო. ვუთხარი, მიმაყოლეთ, მაგრამ ამისგან კარგს არაფერს მიიღებთ-მეთქი! რას იზამო?.. რასაც ვიზამ, მნახავთ-მეთქი, და კიდევაც გავაგებინე მთელ ქვეყანას. მერე განიცდიდა, მითხრა კიდეც, შენ რომ არ ყოფილიყავი, ხმას არავინ ამოიღებდაო. ესე იგი, მთავარი იყო, არავის გაეგო, რა გააფუჭე, თორემ რომ გააფუჭე, ეგ არაფერი.
- ხომ არ გინანიათ, რომ ამ ბრძოლის გამო სცენა დაკარგეთ?
- ოღონდ სცენაზე ვიდგე და ყველაფერზე გავჩუმდე, ამას ვერ ვიზამდი! თეატრი იმ დონეზე მიყვარს, რომ სიზმრებში ვხედავდი და ახლაც ვხედავ, ვითომ სცენაზე ვდგავარ ან თეატრში შესვლა მინდა და არ მიშვებენ, მიჭერენ... მაშინ ბევრი არასწორად მოიქცა, მაგრამ ყველას ვაპატიე. რაც მოხდა, ეგრე ჯობდა, ვიდრე გაჩუმებული ვმჯდარიყავი და მემლიქვნელა. ღმერთმა დამიფაროს, ამას ვერ გავაკეთებდი!
- გამოდის, პრინციპები მაინც საყვარელ თეატრზე მაღლა დადგა.
- კი, პრინციპი და სიმართლე! ბევრი ენერგია დავხარჯე, მაგრამ ამ ყველაფერში ძალიან მეხმარებოდა ჩემი იუმორი. რამე რომ მოხდებოდა, ყოველთვის მოვძებნიდი ხოლმე რამე სახუმაროს. ამ ბრძოლამ მიშველა, თორემ მე რომ სახლში დავმჯდარიყავი და ხმა არ ამომეღო, შეიძლება გული გამხეთქოდა, როგორც სხვებს დაემართათ.
- ამ გადასახედიდან, თუ იყო ისეთი როლი, რომლის თამაშსაც იმ წლებში ისურვებდით, მაგრამ არ მოგეცათ ამის საშუალება?
- რაც ვითამაშე, ისეთი აპლოდისმენტები მიმიღია, კმაყოფილი ვარ. იყო სპექტაკლები, საიდანაც მხოლოდ ტაშით გამოვდიოდი სცენიდან.
- რომელ რეჟისორთან მუშაობა იყო ყველაზე საინტერესო?
- თენგიზ აბულაძესთან, "ნატვრის ხეში" გენიოსები თამაშობდნენ: სოფიკო ჭიაურელი, ეროსი მანჯგალაძე, კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ლიკა ქავჟარაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა კოლელიშვილი, ბორია წიფურია, იქ სცენა რომ არის, ქალები რომ სხედან - ლეილა ძიგრაშვილი, ბერტა ხაფავა, მზია მახვილაძე, ნათელა მახალდიანი - ყველა საუკეთესო, სასწაული ხალხი იყო. მათთან ყოფნა სხვა სიკეთე, სხვა სიხარულია. რა მიხარია, იცით? ამდენი ხანი გავიდა და ჩემი პატარა ეპიზოდი და ფრაზა ყველას ახსოვს: "მეხი კი დაყარე მაგ თავზე".
- გადაღების მიღმა რა ხდებოდა?
- მე და სოფიკო, როგორც ყველგან, მაშინაც ერთ ნომერში ვცხოვრობდით, სიღნაღში. გადაღების მერე, ყველანი ამბებს იხსენებდნენ ხოლმე, მიდიოდა მხიარულება და ხორხოცი. სულ სადღაც გვეპატიჟებოდნენ პურმარილზე. გადაღების დროსაც გვიმასპინძლდებოდნენ, ხან დედას პურები მოჰქონდათ, ხან რა.
რეჟისორებიდან გავიხსენებდი ზაზა ურუშაძეს, შესანიშნავ რეჟისორს. სამ ფილმში გადამიღო: "აქ თენდება", "დარჩი ჩემთან" და "ცხელი ძაღლი"; ძალიან საინტერესო იყო გიორგი ლიფონავასთან მუშაობაც "ჩემი ცოლის დაქალებში".
- ახალმა თაობამ უფრო მეტად ამ სერიალებით გაგიცნოთ.
- გადაღების წინ სულ ვემზადები ჩემებურად და ახალგაზრდა მსახიობები რომ მიყურებდნენ, ამბობდნენ ხოლმე, ეტყობა, სხვა სკოლა გაქვთ გავლილიო.
- ერთხანს პოლიტიკაშიც სცადეთ ბედი...
- პოლიტიკაში, ფაქტობრივად, თეატრის ამბებმა მიმიყვანა. ამას მოჰყვა უშუქობის, გაჭირვების წლები და სახელმწიფო ნულზე დაეცა, ამაზე კიდევ ცალკე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და ასე, ჩემდა უნებურად აღმოვჩნდი. დღეს არც იმისტი რომ არა ვარ და არც ამისტი, ჩემი ქვეყანა რომ უფრო ძალიან მიყვარს, ზოგიერთს ძალიან არ მოსწონს. არა ვარ ის ადამიანი, დავჯდე სტუდიაში და ვიღაც ვლანძღო. მიხარია, რომ აზრის გამოსათქმელად მიწვევენ ხოლმე და მეც ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ.