„მოჩხუბარაძიდან“ „ცუკერას გლადიატორამდე“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილის მასწავლებელი - კვირის პალიტრა

„მოჩხუბარაძიდან“ „ცუკერას გლადიატორამდე“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილის მასწავლებელი

ამერიკაში, UFC-ის მთავარ ქარდზე მერაბ დვალიშვილის გამარჯვებამ საქართველოში ფაქტობრივად, შოკი გამოიწვია, ოღონდ სიხარულის. ერთია, რომ პატარა საქართველოს წარმომადგენელმა გიგანტური ამერიკის უძლიერესი სპორტსმენი დაამარცხა, და მეორე - რინგზე გამართული შოუ, როდესაც დვალიშვილმა ზურგზე მოკიდებული მეტოქე ასევე გიგანტური სოციალური ქსელის შემქმნელთან, მარკ ცუკერბერგთან მიიყვანა და "დადო". მოგვიანებით მან ეს ამბავი დაახლოებით ასე ახსნა: ცუკერბერგი მანიშნებდა, დამთავრებამდე 30 წამი დაგრჩა, ანუ ჩემდამი კეთილგანწყობილი იყო, და აბა, რა უნდა მექნაო. ამასობაში სწორედ ამ ჟესტმა გამოიწვია ასოციაციები, როდესაც ზოგიერთმა დვალიშვილი იმპერატორის გლადიატორსაც კი შეადარა. ამ დროს მერაბ დვალიშვილი ისევ გულღია ვანელი ბიჭია, რომელსაც დიდმა ურბანიზაციამ და მომქანცველმა შრომამ სილაღე ვერ დააკარგვინა და ხუმრობაზეც ზუსტად სხვა ვანელებივით გიჟდება. ხუმრობასთან ერთად კი თავის სოფელ სულორზე და, რა თქმა უნდა, სამშობლოზეც, რაც არაერთხელ დაამტკიცა. სამაგიეროდ, დედამიწაზეც არ მოიძებნება ადგილი, სადაც მერაბ დვალიშვილის წარმატება ისე უხაროდეთ, ისე გულშემატკივრობდნენ, როგორც სულორში, სადაც ყოველი შემხვედრი მერაბის გამარჯვებით ხარობს; სადაც მერაბის მშობლიური სახლია; მამამისი ისევ ძველებურად სხლავს ხეხილს და სანთელს სოფლის ეკლესიაში ანთებს. აი, მერაბზე მთელი სოფელი სიხარულით დაგელაპარაკებათ, გარდა თავად მერაბის მოკრძალებული მშობლებისა, რომელთაც არაამბიციურობით შვილი ნამდვილად ჰგავთ. სამაგიეროდ, სოფელში ერთი უსაყვარლესი ადამიანი ცხოვრობს, რომელმაც მთელი სოფლის და, რა თქმა უნდა, თავისი მოსწავლის ავანჩავანიც იცის და რომელმაც მას 7 წლის ასაკში შეარქვა უზუსტესი სახელი - "მოჩხუბარიძე". ეს მერაბ დვალიშვილის მასწავლებელი მარგალიტა ტანატაძეა.

- შვილი მშობლის სარკეა. მერაბიც, როგორი მშობლებიც ჰყავს, ისეთივეა­ თავად, ალალი, მშრომელი, თავმდაბალი­, უპატიოსნესი და ღვთისმოშიში. მისი ძმებიც­ ასეთი არიან. მითხრეს, მერაბი რომ იბრძოდა, მის ძმას ერთხელაც არ შეუხე­დავს ბრძოლისთვის, ხელში ჩაბღუჯულ ხატს უყურებდაო. თავად მერაბიც ძალიან ღვთისმოშიშია. მგონი, ჩხუბის დროს ჯვრის ჩამოკიდება დაუშალეს, ამიტომაც დაიხატა გულზე საქართველო თავისი დროშით, რომელზეც ჯვარიც არის და მამულიც.

- რატომ შეარქვით მოჩხუბარიძე?

- მგონი, არ ყოფილა შესვენება, ნაჩხუბარი და გაოფლიანებული რომ არ შემოვარდნილიყო საკლასო ოთახში. გამუდმებით ებრძოდა დიდ ბიჭებს და თანაც ამარცხებდა. ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ ვინმე არ უყვარდა, უნდოდა ყველას მორეოდა. არადა, ცარიელი გული იყო, როცა რაიმე ჰქონდა, კლასელებს თვალებგაბრწყინებული უნაწილებდა. ნაბრძოლსა­ და გაოფლიანებულს რომ დავინახავდი, სულ ვტუქსავდი, ისევ იჩხუბე-მეთქი?! მერაბი კი პასუხს არ მეტყოდა, მხოლოდ თავს დახრიდა, იატაკს დააცქერდებოდა. ჰოდა, ერთ დღეს ვუთხარი, შენ ხარ მოჩხუბარიძე-მეთქი და ეგ სახელი ბოლომდე შერჩა. ახლა მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ ეს ენერგია სასახელოდ გამოიყენა,­ თავისი სოფელი და ქვეყანა მსოფლიოს გააცნო. იმ დღეს სოფელს სიხარულით არ ეძინა.

- სოფელში არ იყო რაიმე კლუბი, რომ მერაბს ბავშვობაში ევარჯიშა?

- არა, თორემ იქნებ მხოლოდ მერაბი კი არა, მისი ძმებიც და სხვა ბავშვებიც ასეთი წარმატებული ყოფილიყვნენ. გული დამწყდა, როცა მერაბი თბილისში გადავიდა სასწავლებლად. თუმცა, მგონი, არც იქ ჰქონია ვარჯიშის საშუალება. თავად ამბობს, სპორტის მასწავლებელმა თბილისში­ დედაჩემს უთხრა, ბავშვი ცოდოა, სპორტზე ატარეო, მაგრამ როგორ უნდა ვეტარებინე, როცა ფული არ გვქონდა, მართალია, 15 ლარი ღირდა, მაგრამ ისიც არ გვქონდაო. მამამისი დღე-ღამეს ასწორებდა შრომით, არც ახლაა ადვილი პატიოსანი შრომით შვილების შენახვა და 90-იან წლებში, მით უმეტეს.

dvalishvili-merab-1679299962.jpg

- როგორც ვიცი, მერაბის დედას თბილისში გადასვლა ექიმებმა ჯანმრთელობის გამო ურჩიეს. ამის მიუხედავად, შვილების გამო იტალიაში წავიდა სამუშაოდ, საიდანაც მერაბმა დააბრუნა.

- ის შვილებზე გადაგებული დედაა, შვილების გამო ყველაფერი შეძლო...

- ბევრი მოუხერხებია: რთულ მატერიალურ პირობებში სამი ვაჟის შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ადამიანებად ჩამოყალიბება. შეუძლია იამაყოს!

- გულში იამაყებს კიდეც, მაგრამ ამაზე­ ბევრს არ ილაპარაკებს და მართალიც არის. რაც ხდება, ღვთის წყალობაა და სწორედ მაგიტომ მისცა ღმერთმა, რომ ასეთი უბრალოები არიან.

429122103-758913225822351-7140337177568696392-n-1708871981.jpg

- თქვენს მოსწავლეს ამერიკის ხმაურმა, შრომამ და ურბანიზაციის ქაოსმა ვერც სილაღე დააკარგვინა და ვერც ხუმრობისა და შოუების გამართვის ნიჭი.

- იმდენად სუფთა გული აქვს, ცუდი ვერაფერი მიეკარება. სუფთა გულით რომ აკეთებს ყველაფერს, იმიტომ უყვარს ყველას.

- იცით, რომ სოციალური ქსელის მაგნატს, მარკ ცუკერბერგსაც მოსწონს?

- ვიცი, მაგრამ მაგაზე მეტად ის მახარებს, რომ მას საქართველო უყვარს, სამშობლო პირდაპირ გულზე აქვს დახატული. ეგ არის მისი სიმაგრე, ამიტომ არის ძლიერი. სოფელშიც ყოველთვის ჩამოდის, როცა შეუძლია. ამ ზაფხულსაც იყო. უნდა გენახათ, რა ზეიმი გამართა, გაშალა სუფრა და მთელი სოფელი დაპატიჟა. როგორც მითხრეს, სტუმრები ჰყოლია ჩამოყვანილი ამერიკიდან და გაგიჟდა ის ხალხი, სულორი ისე მოეწონათო. მოეწონებოდათ, აბა, რა იქნებოდა, აქ ნაღდი ხალხი ცხოვრობს, ნამდვილი სიყვარული ვიცით, განა მოგონილი.

- ჰოდა, გაგიმარჯოთ. მოდი, ერთად ვუსურვოთ ამ კარგ კაცს კიდევ ბევრი გამარჯვება.

- ჩემგან და თავისი სოფლისგან გზა ისედაც დალოცვილი აქვს. არ მეგულება სოფელში თუნდაც ერთი კაცი, ბრძოლის დღეს უფალს არ შევედრებოდა, მერაბს გაამარჯვებინეო. მეც ცას ვარ სიხარულით. დაე, ყოველი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოსულიყოს. კიდევ ერთი რამ მინდა ვუთხრა: შვილო, ეგ უბრალოება შენი ხალხის, შენი სოფლის სიყვარული არასოდეს გაგნელებოდეს, სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყოს, გახსოვდეს, რომ ეგ სიყვარული აუცილებლად გაგაძლიერებს.