საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი "ქიმერას" ისტორია ბევრმა არ იცის. ორი მეგობრობის მუსიკის მიმართ განსაკუთრებულმა სიყვარულმა და საერთო ინტერესებმა საკუთარი ბენდის შექმნის იდეა გააჩინა და მითური სახელის დარქმევასაც აქვს თავისებური ახსნა. ჩვენ ახლა შევიხედავთ "ქიმერას" კულისებში და მისი თითოეული წევრი გვიამბობს, თუ როგორ გახდნენ განსხვავებული ასაკის, პროფესიისა თუ მუსიკალური გემოვნების ადამიანებისთვის სასურველი, პოპულარული ბენდი, რომელიც მათი დაუვიწყარი დღეების, საღამოების, წვეულებების შემადგენელი ნაწილია. დავით ძიძიგური, გიტარისტი: - როდის გაჩნდა „ქიმერას“ შექმნის იდეა? - ბენდის შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მე და ირინა გავიზარდეთ ერთად, ვუკრავდით რობერტ ბარძიმაშვილის სახელობის სტუდიაში. მისი დაშლის შემდეგ გვქონდა სურვილი, ისევ დაგვეკრა. ბენდის შექმნის მერე კი შემოვიკრიბეთ დანარჩენი 2 წევრი. თავიდან მე, ირინა და გიგა ვიყავით. გიგა „ახალი ხმიდან“ გავიცანი, უჩა კი 2015 წელს შემოგვიერთდა. დაახლოებით 8 წელია, ეს შემადგენლობა ვართ. - როგორ გახდით პოპულარულები? - სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო რთულია ბენდის გაკეთება, ვიდრე მაშინ, 2013 წელს, როცა „ქიმერა“ შეიქმნა, ბევრი ბენდი არც იყო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პოპულარულები ვართ, ქავერ-ბენდი რომ ვართ და „ივენთებზე“ აქტიურად ვუკრავთ, ეს იციან, თუ ჩვენ პოპულარულები ვართ, ალბათ იმიტომ, რომ ხალხს მუსიკის მიღმაც ვუყვარვართ, როგორც ადამიანები, პუნქტუალურები ვართ, სცენაზევე გვეტყობა, როგორი დამოკიდებულება გვაქვს აუდიტორიის მიმართ. არაერთხელ უთქვამთ, გიყვართ ის, რასაც აკეთებთ და ეს ყველაფერი გეტყობათო. მსმენელის პულსი გვიჭირავს, მათი განწყობა ხშირად გვკარნახობს, რა დავუკრათ და შეიძლება უცებ შევცვალოთ რეპერტუარიც. ძალიან ბევრი ბენდი, სანამ "ივენთი" დაიწყება წინასწარ ადგენს სიას, რა უნდა შეასრულოს, ჩვენ ასე არ ვართ, სიტუაციურად ვმოქმედებთ, რადგან ყველა "ივენთი" ერთმანეთს არ ჰგავს, თუ ვატყობთ, რომ რაც გვაქვს მოფიქრებული, ის კონკრეტულ შემთხვევაში არ ერგება მსმენელს, იქვე ვცვლით, ერთი თვალების და თავის მოძრაობით ვხდებით, რის მერე რა უნდა დავუკრათ. სხვა ბენდებისგან ისიც გამოგვარჩევს, რომ თუ ჩვენი შესრულებისთვის განკუთვნილი დრო დასრულდა და ვხედავთ, რომ ხალხი არ ჩერდება, დაკვრას ვაგრძელებთ. არ მინდა, მიკერძოებულად ჩამეთვალოს, ისე ვიტყვი, ჩვენ რეპერტუარი კი არა, მსმენელის მიმართ დამოკიდებულება და ერთიანობა განგვასხვავებს სხვებისგან. - რატომ „ქიმერა“? - როცა 2013 წელს შევიკრიბეთ, რამდენიმე სახელის დარქმევა მოვსინჯეთ, მერე გავიცანით ერთი ქალბატონი, პროდიუსერი, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი იყო და ქიმერა სწორედ იმ გაზეთის ლოგო იყო. ქიმერა ხომ მითოლოგიური არსებაა და როგორც კი დავახლოვდით, გვითხრა, თქვენი ბენდის სახელი ქიმერა უნდა იყოსო. თავიდან ცოტა გვეუცნაურა ეს სახელი. იყო მცდელობა, რომ 2015 წელს შეგვეცვალა, მაგრამ გავიაზრეთ, მივხდით, რომ ასე უკვე გვიცნობს ხალხი და უფრო მარტივად გვიმახსოვრებს. ქიმერას ხომ აქვს სამი თავი და ერთი გველის კუდი, 4 ნაწილისგან შედგება და ჩვენც 4 ვართ, ალბათ ამ ლოგიკით დაგვაკავშირა ამ სახელთან. - გარდა იმისა, რომ თქვენი ბენდი ცნობილია, სათითაოდ გცნობენ ბენდის წევრებსაც... - საქართველოში არსებული ბენდები ძირითადად 5-6 წევრისგან შედგება. ვისაც ჩვენთვის მოუსმენია, გაკვირვებიათ 4 კაციანი ბენდი ასე როგორ აჟღერებთ მუსიკასო, თან 3 ადამიანი მღერის, ხმებშიც ვიშლებით და სოლოპარტიებსაც ვმღერით, ძალიან განსხვავებულები ვართ ხმის ტემბრით და მუსიკალური გემოვნებითაც. ჩვენ როცა გვქირაობენ „ივენთებზე“, ცალკე აღებულ როგორც ბენდს ისე არ გვეძახიან, ოთხივე წევრის გამო უყვართ და მოსწონთ ჩვენი ბენდი. - ძირითადად, ქავერებზე მუშაობთ. თუ ფიქრობთ საკუთარი სიმღერების შექმნაზე? - უკვე 2 საავტორო სიმღერა გვაქვს და 2 კიდევ იქმნება. - 2013 წლიდან დღემდე, ხომ არ მოგიწიათ ისეთ სირთულეებთან გამკლავება, რომელთა გამოც, შეიძლება დროებით დაპაუზება გეფიქრათ? - გაჩერებაზე არასდროს გვიფიქრია, იმდენად გვიყვარს ჩვენი საქმე. 2 დღეც რომ არ ვნახოთ ერთმანეთი, არ შეგვიძლია. ძალიან აქტიური პერიოდი თუ გვაქვს, ზამთრის დღესასწაულებზე ან საზაფხულო სეზონზე, ვფიქრობ, ხომ არ გადავიწვი, მაგრამ ეგ აზრებიც სწრაფად მეფანტება... - დაოჯახებული ხარ. როგორ ეგუება მეუღლე შენს ყოველდღიურ რუტინას? აქტიურ გულშემატკივრებსა და მსმენელებს შორის თუ არიან გოგონები, რომლებიც პირადად გეხმიანებიან? - ჩემი მეორენახევარი მოსიკოსია და მას თავისი ბენდი ჰყავს, ასე რომ, ესმის ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ხდება. სხვათა შორის, ჩვენი საავტორო სიმღერების ტექსტის ავტორია. გიგა არის ჩემი მეჯვარე და ჩემი ბავშვის ნათლია, ხოლო უჩას მეჯვარე და ბავშვის ნათლია მე ვარ, 20 წელია მე და ირინა ვმეგობრობთ, ერთი ოჯახი ვართ, გიგა რომ მოდის ჩვენთან, ჩემი მეუღლე და ის დასხდებიან ხოლმე და უკრავენ. მუსიკას ძირითადად, გიგა წერს, აი, მაგალითად, ჩვენი მეორე სიმღერა - „აღარ გაგიშვებ“ ხუთ წუთში დაიწერა, გიგა სახლში რომ წავიდა, გვანცამ გზაში მიაწია ტექსტი. რაც შეეხება ფანებს და გულშემატკივრებს, პირად შეტყობინებში მოგვსვლია წერილები, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ჩვენს გვერდებს რომ დაათვალიერებენ, ხვდებიან, რომ დაოჯახებულები ვართ. უფრი მეტიც, ვინმე რომ მოგვწერს, არ ვფიქრობ, რომ მაინდაიმაინც როგორც ბიჭს, ისე მწერს, უბრალოდ, თბილ და პოზიტიურ განწყობას გამოხატავენ, სულ ეს არის. სცენიდან ჩვენ ყველასთვის ვმღერით, სცენის იქით კი ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. - სხვადასხვა წვეულებაზე უკრავთ, განსხვავებული ასაკის, პროფესიის და მუსიკალური გემოვნების ადამიანებისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ არის თქვენი შესრულება თანაბრად მისაღები, ვინც გისმენთ მათთვის? - რაც უნდა იყოს, ვერც ერთი ბენდის პროგრამა ვერ მოერგება ყველა ადამიანს. თუმცა ჩვენგან ისეთი მუხტი მიდის მსმენელამდე, რომ ამას ყველა გრძნობს. ჩვენთვის მთავარი ფაქტორი არის განწყობა. როცა დარბაზი უყურებს შესანიშნავ განწყობაზე მყოფ 4 ადამიანს, რომელიც მათთვის უკრავს და მღერის, ეს ავტომატურად გადაიზრდება დადებით უკუკავშირში. - ხელოვანმა ადამიანმა შენს მომავალ მეუღლეს როგორ აუხსენი სიყვარული? რამე განსაკუთერებულ ხერხს მიმართე თუ მარტივად აეწყო ყველაფერი? - ეგ ისტორია ისეთია, რომ მოვყვე ბრაზილიური სერიალი გამოვა (იცინის). მე და ჩემმა მომავალმა ცოლმა ერთმანეთი გავიცანით "ქიმერას" ლაივზე, 2014 წელს. ერთ-ერთ რესტორანში ვუკრავდით. არავის დანახვაზე არ დამმართნია ასეთი რაღაც, რაც გვანცას დანახვაზე დამემართა. უცებ სუნთქვა შემეკრა და დავიბენი... გიგა მელქაძე, ვოკალისტი, პიანისტი: - გიგა, რატომ გადაწყვიტე ბენდში გემღერა და დაგეკრა? მომღერლის სოლო კარიერაზე არ ფიქრობდი? - ბავშვობიდანვე მინდოდა ბენდის წევრი ვყოფილიყავი, ბენდში დამეკრა. დათოს შემოთავაზებაზე დაუფიქრებლად დავთანხმდი. მას შემდეგ კი 10 წელი გავიდა. - ამბობ, ბავშვობიდან მინდოდა ბენდში ყოფნაო. საერთოდ, როდის გაგიჩნდა მუსიკის მიმართ ინტერესი? - მუსიკის მიმართ გრძნობები პატარაობიდან გამიჩნდა, მევიოლინე ვარ. შვიდწლედი დავამთავრე ვიოლინოს განხრით, მერე ათწლედში გავაგრძელე საგუნდო-სადირიჟოროს მიმართულებით. გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ თეატრალურთან ჩემი ურთიერთობა არ გამოვიდა. - რა განაპირობებს იმას, რომ ბენდის თითოეული წევრის მიმართ არსებობს მსმენელის განსაკუთრებული დამოკიდებულება? - თოთოეული ჩვენგანი ჩვენს ძლიერ მხარეებს წარმოვაჩენთ, ცოტას გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ადამიანური თვალსაზრისით ვუყვარვართ, უშუალოები ვართ, ვთვლით, რომ ცუდი ადამიანები არ ვართ (იცინის). პირადად მე, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს საზოგადოებასთან ურთიერთობა. პანდემიამ ფსიქოლოგიურად და მორალურად ცოტა დაგვხია უკან, მაგრამ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი უკან დარჩა და ახალი ძალებით ვართ მომართული, ორ საავტორო სიმღერაზე ერთდროულად ვმუშაობთ. მალე გვექნება, დაახლოებით ერთ თვეში. - საქართველოში ძალიან აქტიურობთ, საზღვარგარეთ გასვლაზე თუ ფიქრობთ? - უკრაინაში ვიყავით 2-ჯერ. სამწუხაროდ, ახლა იქ ისეთი ამბავია... იმედია, მალე მორჩება ყველაფერი და სიამოვნებით ვესტუმრებით კვლავ. - შენი მეუღლისთვის რთული არ არის, ყურადღების ცენტრში და ბევრი ადამიანის გარემოცვაში რომ ხარ? - ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ადეკვატურად და სწორად იგებს ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს ჩვენი სამსახურია და ჩვენი ცხოვრების ნაწილია. თუ მსმენელს მოსწონხარ და მისგან ყურადღება მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად აკეთებ. მე და ჩემს რჩეულს იდეალურად გვაქვს გააზრებული ყველაფერი და ჩვენ შორის ყველაზე მთავარი ნდობის ფაქტორია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი კომფორტია ჩემთვის. - ალბათ კურიოზებიც გადაგხდენიათ და რაიმე სახალისო ამბავს ჩვენთანაც ხომ არ გაიხსენებდი კონცერტიდან? - ძალიან ბევრი ყოფილა ეგეთი შემთხვევა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვერ ვიხსენებ. არ ვიცი, ინტერვიუსთვის რამდენად გამოდგება, მოვყვები... ჩაქვში გვაქვს საღამოს კორპორატიული წვეულება, ყველა ერთობა და ერთი მოხუცი კაცია, რომელიც ალბათ შვილიშვილმა მოიყვანა. ისეთი შეთანხმება გავქვს, რომ 40 წუთი უნდა დავუკრათ გაუჩერებლად, მოდის ეს ბატონი, ზუსტად ჩემ წინ დგება და შუა თითს მაჩვენებს, აღარ ჩერდება, ვერავინ ვერ ჩამოაწევინა ხელი, თავიდან ჩამეცინა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რატომ აკეთებს-მეთქი და ვკითხე, - ბაბუ, რა გინდა-მეთქი?, - ის კი მპასუხობს, - ერთი "აჭარული" რა გახდაო. - ამ ოთხეულს შორის ვინ ურევს ხოლმე? - სიმართლე გითხრათ, თანაბრად შეიძლება ავურიოთ ყველამ. არევის მხრივაც სრული იდილია გვაქვს (იცინის). - როგორია სამომავლო გეგმები? - ახლა ჩვენი ინტერესის სფეროა საავტორო სიმღერები და მერე უკვე სოლო კონცერტის ჩატარებაც გვინდა. ირინა ქორქია, დრამერი: - ბენდში შექმნის დღიდან ხარ. დრამერი გოგო იშვიათობაა და როდის გადაწყვიტე დრამერობა? - ბოლო რამდენიმე წელიწადია გააქტიურდნენ დრამერობის მსურველი გოგონები, თუმცა პროფესიულ დონეზე ძალიან ცოტა აგრძელებს დაკვრას. მე 11 წლის ასაკში გამიჩნდა სურვილი, მაშინ სტუდიაში სადაც დავდიოდი, შესაძლებლობა მქონდა, რომ ჩემით ამომერჩია ინსტრუმენტი, დრამი ყველაზე მეტად მომეწონა, ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული იყო. - როგორ შეხვდნენ შენს არჩევანს მშობლები, სხვა ალტერნატიულ პროფესიაზე არ გიფიქრია? - ჯერ სიმღერით დავიწყე, გიტარაზეც ვუკრავდი, შემდეგ იყო დრამი, მერე ფორტეპიანოზე შემიყვანეს, ბებიაჩემმა დამაძალა, უნდა იცოდეო. ასე მოვხდი შვიდწლედში. სულ მუსიკის ირგვლივ ტრიალებდა ჩემი ფიქრები და სურვილები, სპორტიც მიყვარდა, მაგრამ პროფესიულ დონეზე მუსიკის სფეროს გარეთ არ გამიხედავს. არ მიღალატია მუსიკისთვის. კლასიკური განათლება მივიღე ათწლედში, შემდეგი ეტაპი იყო კონსერვატორია, ცოტა ხანს ოპერაშიც ვმუშაობდი, ორი საქმე ერთად არ გამოდის, ძალიან მიყვარს კლასიკაც, მაგრამ ბენდში მეტ თავისუფლებას ვგრძნობ, ჩარჩოების გარეშე ვარ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომ სულ მხარს მიჭერენ. მიუხედავად სირთულეებისა, ყოველთვის მქონდა იმედი, რომ დრამერობა გამომივიდოდა და ბენდშიც ვიქნებოდი. 19-20 წლიდან ვმუშაობდი და ამ სფეროში ვიყავი. ჩემთვის ყველაზე რთული პანდემიის პერიოდი იყო, ხელოვან ადამიანებს ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენი მუსიკა არავის სჭირდებოდა, ხალხი გადარჩენისთვის იბრძოდა. - სამ ბიჭთან ერთად ხარ ბენდში, ხომ არ გაქვს რამე იუმორისტული, "სახიფათო" სიტუაციები ბიჭებისთვის შექმნილი? - სხვათა შორის, ბიჭების ბენდში უფრო მარტივია ყოფნა, ვიდრე ქალების ბენდში, ეს ჩემი აზრია. ძალიან მეგობრულები ვართ, ვაბალანსებთ ერთმანეთს. ერთხელ "ბარაბანი" გავხიე შუა ლაივზე, ერთხელ კიდევ გიტარისტს გავარტყი ჯოხი შემთხვევით. - რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა ბენდმა პირველი ჰონორარი აიღო? - ახალი დაწყებული გვქონდა მუშაობა, ერთმა შეძლებულმა ადამიანმა იმდენი ფული გვაჩუქა, რომ გიტარისტმა გიტარა იყიდა. ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა, გაფასებენ, რაღაც სასიამოვნოს აკეთებ და კიდევ უნდათ გიხილონ სცენაზე. ნელ-ნელა მივაღწიეთ იმ საფეხურს, სადაც ვართ. ახლა მოვაწყვე ჩემი ოთახი სტუდიასავით და იქედანაც ჩავწერ "ლაივებს". - ირინა, შენ და დავითმა რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში გაიცანით ერთმანეთი. მასთან გქონდათ ახლო ურთიერთობა? - ჩვენ მასწავლებელი სხვა გვყავდა, მაგრამ მოსწავლეების შერჩევაზე მისი სიტყვა იყო გადამწყვეტი. მასთან უშუალო შეხება ორივეს გვქონდა. - თუ გახსენდება ბატონი რობერტისგან რჩევა ან რამე პროფესიული კომპლიმენტი? - როცა გვარჩევდნენ, ისე ხმამაღლა ვთქვი ჩემი სახელი და გვარი, ასე თქვა, ოჰ, ეს ძლიერი გოგონა იქნება, კარგი დამრტყმელიო. ბატონ რობერტს ძალიან კარგი ალღო ჰქონდა და იცოდა ბავშვისგან, პატარა ადამიანისგან რა გამოვიდოდა, ნიჭს ეგრევე გრძნობდა. დათოსთვისაც ძალიან ბევრი კომპლიმენტი უთქვამს. ბასისტი უჩა თევდორაშვილი: - უჩა, შენ ოთხეულის ბოლო შენაძენი ხარ. როგორ მოხვდი ბენდში? - 10 წელი გავიდა მას მერე, რაც "ქიმერას" წევრი ვარ. ჩემი ვიდეო ნახა დათომ და დამიკავშირდა. ჩემთვის ბენდი მხოლოდ საქმესთან არ ასოცირდება. ჩემი მეორე ოჯახია. რადგან ვაკეთებ იმას, რაც გვიყვარს, წარმატების საწინდარიც ეს არის. - როდიდან დაიწყე მუსიკალური კარიერა? - 16 წლიდან ვუკრავ, თინეიჯერობის ასაკში გამიჩნდა ბასგიტარის მიმარტ ინტერესი,"ქიმერამდე" რაღაცები იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი. ბავშვობაში საერთოდ არ მაინტერესებდა ეს სფერო, იმდენს მივაღწიე, რომ ფორტეპიანოდან გამოვაყვანინე თავი, ახლა კი ვნანობ. - როცა სიმღერის ქავერებს აკეთებთ, როგორ თანხმდებით? - როცა რაღაცას ვირჩევთ შესასრულებლად, ოთხივე ერთმანეთს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს. ძალიან მოწესრიგებულები ვართ, კონცერტამდე მაქსიმალურად გამოვრიცხავთ რაიმე სახის გაურკვევლობას. - როგორი "ქიმერას" მომავლის ხედვა? - ბევრი საავტორო სიმღერა, ალბომი, განვითარება და მუსიკალური რეპერტუარის დახვეწა.