"მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?! ერთხმად გაისმა: "დიახ, დიახ!" ჰოდა, თქვე დალოცვილებო, რას მერჩოდით ამ ლეგენდა-კაცს?!" - რა უთხრა განაწყენებულმა ფალავანმა დარბაზს დაჯილდოების ცერემონიისას - კვირის პალიტრა

"მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?! ერთხმად გაისმა: "დიახ, დიახ!" ჰოდა, თქვე დალოცვილებო, რას მერჩოდით ამ ლეგენდა-კაცს?!" - რა უთხრა განაწყენებულმა ფალავანმა დარბაზს დაჯილდოების ცერემონიისას

...ერთხელ წლის მიწურულს რჩეულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიისას სცენაზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ლევან თედიაშვილს უხმეს... მიკროფონთან მისული ბეჭდაუდები ფალავანი დარბაზს მიუბრუნდა:

- ხომ გაიგონეთ, ხალხო, ქართული სპორტის ლეგენდა ლევან თედიაშვილიო?!

პაუზა...

- მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?! დარბაზიდან ერთხმად გაისმა: "დიახ, დიახ!"

- ჰოდა, თქვე დალოცვილებო, რას მერჩოდით ამ ლეგენდა-კაცს?! დიღომში ჭიდაობის სასახლე მოვაწყვე, შეჯიბრებებს ვმართავდი, მედალოსნებს ფულადი პრიზებით ვაჯილდოებდი, თქვენ კი აიღეთ და ეს დარბაზი წამართვით, ძიუდოს გადაეცით და ოლიმპიური ჩემპიონის - შოთა ჩოჩიშვილის სახელი მიაკუთვნეთ. რას მერჩოდით, თუკი ლეგენდა ვარ?!

დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

- ახლა მეუბნებიან, ძიუდოისტებს ჩამოვართმევთ, მოჭიდავეებს გადავცემთ და ისევ შენს სახელს მივაკუთვნებთო. ჩოჩიშვილი ჩემი ნათლული იყო, ხალხო, ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძარში მოვნათლე. რამდენიმე წლის წინ ჩემს ნათლულს მიაქარვინეს, ახლა მე უნდა მიმაქარვინოთ?!

დარბაზი უხერხულად შეიშმუშნა, მერე ერთხმად იქუხა ტაშმა...

მთელი ცხოვრება ასე, ბრძოლაში გალია: ხალიჩაზე ვეფხვივით აეტოტებოდა მეტოქეებს, ზოგს მის მიღმა არ უთმობდა გოჯს. ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და მქუხარე ოვაციებსაც იმსახურებდა. ის ლეგენდაა... ქართული სპორტის ლეგენდა.

გთავაზობთ ამონარიდებს "ლელოში" გამოქვეყნებული მასალიდან (სტილი დაცულია):

ქიტესა თედიაშვილი მეორე მსოფლიო ომისას ქერჩში მძიმედ დაიჭრა. ჰოსპიტალში გაიცნო მომვლელი რუსის გოგონა შურა გრიკალოვა, რომელიც ომის შემდეგ საქართველოში მოიწვია და მასზე დაქორწინდა. 1948 წელს ლევანი შეეძინათ. მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობა სოფელში ისწავლა ნახერხმოყრილ სარბიელზე.

14 წლის იყო, საგარეჯოელმა მწვრთნელმა ვალერიან მეკოკიშვილმა რომ მიაქცია ყურადღება და ლევანიც მასთან ჭიდაობის სექციაში ჩაეწერა. კაკაბეთში ერთ-ერთი შეჯიბრებისას არსენ მეკოკიშვილმა ვახტანგ ბალავაძეს უთხრა, ერთი იმ ბალღის ორთაბრძოლებს დააკვირდიო. "ჭიდაობის პროფესორიც" დააკვირდა, მოეწონა და ნიჭიერი ყმაწვილი თბილისში წამოიყვანა, თავისთან დააბინავა და საერთაშორისო სარბიელზე გზის გაკვალვაშიც დაეხმარა.

შეგირდმაც არ დააღალატა ოსტატი - რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო ახალგაზრდებში. და მაინც, პირველი დიდი სერიოზული გამოცდა 1971 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩააბარა - ერთი ამოსუნთქვით სძლია ყველა მეტოქეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

იმავე წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა მე-5 სპარტაკიადის ფინალში სახელოვან მახაჩყალელ ფალავანს, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონ იური შახმურადოვს შეხვდა. მაშინდელი "სოვეტსკი სპორტი" წერდა: მსოფლიოში მოჭიდავე არ მოიძებნება, შახმურადოვს ხალიჩაზე ბეჭი დაადებინოსო.

"შახის" მუდმივი მეტოქე გურამ საღარაძე გახლდათ, ჩვენი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი. დიდი სარბიელიდან მისი წასვლის შემდეგ ჩრდილოკავკასიელმა იფიქრა, მეშველაო, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო: სპარტაკიადის ფინალში მის პირისპირ დადგა 23 წლის საგარეჯოელი ჭაბუკი, რომელიც მეტოქეს თვალებში უყურებდა და იღიმოდა...

მაგ ღიმილმა მოუღო ბოლო შახმურადოვს. საერთოდაც, საერთაშორისო სარბიელზე გამართული 600-ზე მეტი ორთაბრძოლიდან, ლევან თედიაშვილს არც ერთი პაექრობისას სახიდან ღიმილი არ წაშლია.

ხარება და გოგია

1987 წელს სახელოვანმა კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ტყის ძმებზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა და მთავარ როლებში ტიტულოვანი სპორტსმენების მიწვევა გადაწყვიტა. დასაყოლიებლად კაკაბეთში ჩააკითხა ლევან თედიაშვილს - 6.000 მანეთს მოგცემ ჰონორარსო. იმ დროისთვის ეს ურიგო თანხა არ იყო. ბატონი ლევანი მაშინ ამ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ. სეიფიდან 8.000 მანეთი გამოუღია და გიორგი შენგელაიასთვის უთქვამს, - ა, ბატონო, მე უფრო მეტს მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთო.

ომარ ფხაკაძეც არ იყო თანახმა ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ საქმეში ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩაერია და...

ხაშლამა და გაფუჭებული დუბლი

ნუგზარ შატაიძის მონათხრობს მივადევნოთ თვალი: "ფილმში არის ასეთი სცენა - ხარება და გოგია თავისი ბიჭებით ციხეს დაეცემიან და ხარებას ძმას ათავისუფლებენ. ციხის ეზოში მას ტყვია ხვდება. ომარი მხრებში ხელს მავლებს და გალავნისკენ მიმათრევს, მე ვწევარ, მკვდარს ვთამაშობ. ამ დროს კადრში შემორბის მაუზერმომარჯვებული ლევან თედიაშვილი და ყვირის: დროზე, ბიჭო, დროზე, გაცივდა ხაშლამა!.. ის დუბლი გაგვიფუჭდა".

დუბლი კი გაფუჭდა, მაგრამ საბოლოოდ შესანიშნავი ფილმი გამოვიდა. ტაშკენტის მსოფლიო კინოფესტივალზე "მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" ლევან თედიაშვილს "ოქროს არჩა" გადასცეს.

ხალიჩაზე ხომ შეუდარებელი იყო, ახალ ამპლუაშიც დაამახსოვრა თავი მსოფლიოს...

P.S. ჟურნალის - "გზა" რედაქციის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ლევან თედიაშვილს ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს...

ჟურნალი "გზა"