ზელენსკის სენსაციური განცხადება: კონტრშეტევა თავიდანვე გაყიდული ყოფილა - ვინ აცნობა კრემლს უკრაინის გენშტაბის საიდუმლო გეგმა?! - კვირის პალიტრა

ზელენსკის სენსაციური განცხადება: კონტრშეტევა თავიდანვე გაყიდული ყოფილა - ვინ აცნობა კრემლს უკრაინის გენშტაბის საიდუმლო გეგმა?!

უკრაინელების, და არა მარტო მათი, მთავარი იმედი - 2023 წლის ზაფხულს დაწყებული გენერალური კონტრშეტევა, თურმე, თავიდანვე ჩასაფუშად ყოფილა განწირული - ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება უკრაინის პრეზიდენტის 25 თებერვლის პრესკონფერენციიდან, სადაც სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრისას ზელენსკიმ სენსაციური და, ამასთანავე, ფაქტობრივად, სკანდალური განცხადებაც გააკეთა...

„...მე თქვენ გულახდილად გეტყვით: გასული წლის ჩვენი კონტრშეტევითი მოქმედებების გეგმა კრემლში მაგიდაზე მანამდე ედოთ, სანამ ამ კონტრშეტევას დავიწყებდით...“, - განუცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს...

საბრძოლო მოქმედების ოპერატიული გეგმა ომის დროს ზესაიდუმლოდ უნდა იყოს შენახული, რაც შეიძლება ბოლო მომენტამდე, რათა მოულოდნელობის ეფექტი შეინარჩუნოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ცნობილი ხდება, რომ მოწინააღმდეგემ გაშიფრა შენი შეტევის ძირითადი მიმართულება და ძალები, მაშინ ეს ოპერატიული გეგმა სანაგვე ყუთშია გადასაგდები და სასწრაფოდ ახალი გეგმის შედგენა ან შეტევის განხორციელების დროებით გადადება მაინც არის საჭირო.

რა გამოდის? - უკრაინელების მთავარი კონტრშეტევა ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო (მათ შორის ისიც, რომ დასავლელმა პარტნიორებმა, შეპირების მიუხედავად, უკრაინის არმიას საჭირო რაოდენობის შეიარაღება არ მიაწოდეს და ოთხი უკრაინული ბრიგადა საბრძოლო ტექნიკის გარეშე დარჩა), მისი წამოწყება მხოლოდ 4 ივნისს გახდა შესაძლებელი.

ამ დროისთვის კი რუსეთის საოკუპაციო ძალებს ზაპოროჟიეს სამხრეთით უკვე დამთავრებული ჰქონდათ „სუროვიკინის თავდაცვის ზღუდის“ მოწყობა, რაც პრინციპში გახდა კიდეც უკრაინის კონტრშეტევის მთავარი შემაჩერებელი ფაქტორი.

იმის გამოთვლას, რომ ყველაზე მოგებიანი მიმართულება სწორედ აზოვის ზღვისკენ გაჭრა და რუსეთის დონის როსტოვიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან შემაერთებელი სახმელეთო დერეფნის გადაჭრა იქნებოდა, ამის გასაგებად კრემლის თანამედროვე „შტირლიცი“ არ სჭირდებოდა, რადგან ამაზე წერდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა (მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორიც), მაგრამ ერთია საერთო ხედვა და მეორე - კონკრეტული ოპერატიული რუკა - დაგეგმილი კონტრშეტევის საიმიტაციო და მთავარი მიმართულებების დატანებით, კონტრშეტევაში მონაწილე დანაყოფების, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა აუცილებელი დეტალების დაკონკრეტებით...

თუკი უკრაინის პრეზიდენტი თავად აღიარებს, რომ გასული წლის კონტრშეტევის გეგმა მისი და პუტინის მაგიდებზე თითქმის ერთდროულად დაიდო, მაშინ ვინ არის ამ ზესაიდუმლო ინფორმაციის კრემლისთვის მიმწოდებელი, რასაც ჩაშლილი კონტრშეტევა და, შესაბამისად, ათასობით უკრაინელის გაუმართლებლად დაღუპვა მოჰყვა?

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი გენერალი ზალუჟნი აღნიშნავდა, რომ დასავლელი პარტნიორი ქვეყნების გენერლებთან ერთად, მათ რვაჯერ ჩაატარეს კომპიუტერული თამაში, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ეს მთავარი კონტრშეტევა ანუ საქმის კურსში არა მარტო უკრაინელი, არამედ - ნატოელი გენერლებიც და მათი ხელქვეითებიც იყვნენ. შესაბამისად, ინფორმაციის გაჟონვა შეიძლება მომხდარიყო როგორც უკრაინის გენშტაბიდან, ისე - რომელიმე დასავლური ქვეყნის სამხედრო უწყებიდანაც, მით უმეტეს, რომ მათ შტაბებში აგენტურული ქსელები კრემლს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აქვს მოქსოვილი.

თავის დროზე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თითქოს პენტაგონში განაწყენებულიც იყვნენ გენერალ ზალუჟნიზე - ამერიკელ გენერლებსაც კი გვიმალავს უკრაინის არმიის შეტევების გეგმებსო, რასაც უკრაინის მხარე საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შიშით ხსნიდა.

მაგრამ სანამ ნატოსა და ამერიკელებს გადავწვდებით, თავად უკრაინის გენშტაბში, თავდაცვის სამინისტროსა და თვით პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვაშიც შეიძლება ისეთი რუსი „შტირლიცები“ გამოვლინდნენ, რასაც ვერავინ წარმოიდგენს, მით უმეტეს, რომ უკვე ომის დაწყების შემდეგ თვით უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობაში აღმოჩნდნენ რუსეთის მიერ ჩანერგილი „თხუნელა“ მაღალჩინოსნები...

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გენერალ ზალუჟნის დათხოვნისთანავე მთლიანად შეცვალა გენშტაბის შემადგენლობა - ისინი, ვინც ზალუჟნის გუნდად მოიაზრებოდნენ და მთელი კარტ-ბლანში გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის გადასცა, რომელმაც გათავისუფლებულ თანამდებობებზე თავისი გუნდის წევრები დანიშნა.

იყო თუ არა ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც, რომ უკრაინის გასული წლის კონტრშეტევის წარუმატებლობაში ზელენსკი ზალუჟნის გუნდს ადანაშაულებს და მათ შორის - კონტრშეტევის ზესაიდუმლო გეგმის კრემლის მაგიდაზე მოხვედრის გამოც?