"მე სიდედრებზე ძვირს ვერ მათქმევინებთ: 7 სიდედრი მყავდა და ყველას ვუყვარდი. სიდედრებში უფრო მიმართლებდა, ვიდრე - ცოლებში" - კვირის პალიტრა

"მე სიდედრებზე ძვირს ვერ მათქმევინებთ: 7 სიდედრი მყავდა და ყველას ვუყვარდი. სიდედრებში უფრო მიმართლებდა, ვიდრე - ცოლებში"

"ქორწინებამდე ერთად ცხოვრება, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება არ არის. იმის მიხვედრას, რომ ადამიანი გიყვარს, წლები ნამდვილად არ სჭირდება - რადგან ცოლად მოიყვანე, ესე იგი, გიყვარდა და ამიტომ მოიყვანე - ამას დიდი ფიქრი და განსჯა რად უნდა?!"

"თელავის კოლორიტი" - ამ ეპითეტით იცნობს მთელი საქართველო გეგე სულხანიშვილს, რომელიც განსაკუთრებული, ხალასი იუმორით გამოირჩევა. უნდა ითქვას, რომ ოჯახზე საუბრისას, ბატონი გეგე, უზომოდ თავშეკავებული და სერიოზულია.

ამჯერად ის ოჯახურ ურთიერთობებზე გვესაუბრება:

- ჩემთვის ბევრს უკითხავს, ძირითადად, რა მიზეზით ინგრევა ოჯახი და მის შესანარჩუნებლად რა არის საჭირო. ჩემი გამოცდილების მიხედვით გეტყვით, რომ ადამიანები სიყვარულს სათანადოდ არ აფასებენ, ჰგონიათ, რომ ეს გრძნობა არ განელდება, არ ჩაქრება, რაც უდიდესი შეცდომაა. თუ ოჯახის შენარჩუნებაზე ორივე მხარე არ ზრუნავს, თუ ორივე არ ცდილობს, რომ სიყვარულის კოცონი არ ჩაქრეს, ურთიერთობა ხანგრძლივი ვერ იქნება. წყვილმა ამ გრძნობას სული უნდა უბეროს, სხვაგვარად არაფერი გამოდის. რაც უნდა მოინდომოს ერთმა მხარემ, თუ მეორეც მხარს არ აუბამს, "ნაკვერცხალი" ვერ გაღვივდება და ჩაქრება. თუ ყველაფერს გააკეთებ, რომ სიყვარული შეინარჩუნო, ესე იგი, შეინარჩუნებ.

- ორი ადამიანის ურთიერთობაში ხშირად მათი ახლობლებიც ერევიან და ძალიან ცუდ როლს ასრულებენ, განსაკუთრებით, სიდედრები. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

- მე სიდედრებზე ძვირს ვერ მათქმევინებთ: 7 სიდედრი მყავდა, ყველას ვუყვარდი და ყველა მაფასებდა. თამამად ვიტყოდი, რომ სიდედრებში უფრო მიმართლებდა, ვიდრე - ცოლებში. ყველა სიდედრთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მგონია, რომ სიდედრს თავისუფლად შეუძლია დედობა გაგიწიოს.

- თელაველების და გურჯაანელების პაექრობაზე ხშირად ხუმრობენ. როგორც თელაველი, გურჯაანელ სიდედრებზე რას ფიქრობთ?

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არც თელაველი სიდედრი მყოლია და არც - გურჯაანელი. რაჭველიც მყავდა, ლეჩხუმელიც, იმერელიც და ქართლელიც, მაგრამ ყველასთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა. ამიტომაც მგონია, რომ ავი სიდედრების თემა ისევე გაზვიადებულია, როგორც თელაველებს და გურჯაანელებს შორის დაპირისპირება.

იმის საჩვენებლად თუ როგორ ვექცეოდი ჩემს სიდედრებს და ისინი როგორ მექცეოდნენ, ერთ ნაღდ, ნამდვილ ამბავს მოვიშველიებ, რომელიც დაახლოებით, 10 წლის წინ მოხდა: ჩემი მეშვიდე სიდედრი ქალაქის ცენტრში, ყოფილ პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა. ულამაზესი ქალი იყო, მაგრამ 75 წლის ასაკში, სკლეროზი დაეწყო და ეს დაავადება მოერია. ჩემმა მეუღლემ მთხოვა, ქალაქში ძალიან ცხელა და დედაჩემი ჩვენთან, ოქროყანაში ამოვიყვანოთო. რასაკვირველია, უარი არ მითქვამს, რა პრობლემაა, მაგას ვენაცვალე-მეთქი, - ვუპასუხე. ერთხელ, ის ზის, მე კი, გავდივარ, გამოვდივარ და საოჯახო საქმეებში ვარ ჩართული. კარგა ხანს სიყვარულის თვალით მიყურებდა, არ გამკვირვებია, რადგან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მერე შევამჩნიე, რომ რაღაც საეჭვო გამომეტყველება მიიღო. ცოტა ხანში გამაჩერა და საყვედურით სავსე ხმით მითხრა: რა კარგი ბიჭი ხარ, შვილო, გეგე, და ცოლი რად არ მოგყავსო?! ალბათ, წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია: ჯერ მაგრად გამეცინა, მერე მივედი, ვაკოცე და ვუთხარი, შენნაირი სიდედრი მე ჯერ არ მყოლია-მეთქი. სამწუხაროდ, ის უკვე ცოცხალი აღარ არის.

- ბატონო გეგე, თანამედროვე, ახალგაზრდულ ოჯახებში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

- მე არ მესმის, როცა ამტკიცებენ, რომ შეყვარებულებმა რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთად უნდა იცხოვრონ, სექსუალური ურთიერთობაც უნდა ჰქონდეთ, რომ ერთმანეთი კარგად გაიცნონ და ოჯახი ამის მერე შექმნან. ალბათ, ზოგს გაუკვირდება და იკითხავს, რატომო? - საქმე ის არის, რომ მამაკაცების 70-80 პროცენტი იმიტომ ქორწინდება, რომ საცოლისადმი ლტოლვა აქვს და ერთი სული აქვს, როდის ექნება მასთან ფიზიკური სიახლოვე. თუ ახალგაზრდა კაცმა შეყვარებულთან 6-7 თვე იცხოვრა, კარგად გაიცნო და მისდამი ლტოლვა გაუნელდა, შეიძლება ოჯახის შექმნა აღარც მოუნდეს. ის ეჩვევა თავისუფალ ურთიერთობას, რომელიც არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს. ამიტომ, მე მაგალითად, ამგვარ გადაწყვეტილებას ჩემს ახლობელს ვერ მოვუწონებ. ადამიანი ცოლად რომ მომყავს, ესე იგი, მასთან ოჯახის შექმნა მინდა და სერიოზული გრძნობები მაკავშირებს. აბა, 2-3 წლის განმავლობაში ერთად რომ არიან, ვინ იცის, ამ სამ წელიწადში რა მოხდება და ერთ ან მეორე მხარეს აზრი როგორ შეეცვლება.

როგორც გითხარით, ოჯახის შექმნის მთავარი მიზეზი ერთმანეთისადმი ფიზიკური ლტოლვაა, დროთა განმავლობაში ეს ლტოლვა ნელდება და სულ სხვა გრძნობები იღვიძებს, როგორიცაა: შეჩვევა, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა, ნდობა, პატივისცემა და ა.შ. ოჯახიც სწორედ ამ გრძნობებს ეფუძნება. ამიტომ ქორწინებამდე ერთად ცხოვრება, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება არ არის. იმის მიხვედრას, რომ ადამიანი გიყვარს, წლები ნამდვილად არ სჭირდება - რადგან ცოლად მოიყვანე, ესე იგი, გიყვარდა და ამიტომ მოიყვანე - ამას დიდი ფიქრი და განსჯა რად უნდა?!

- რა მნიშვნელობა აქვს ურთიერთობებში ვიზუალს და გარეგნულ მონაცემებს?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე, თუმცა ე.წ. შეუფერებელი წყვილებიც გვხვდებიან, რომელზეც ამბობენ: ამ კაცმა რა ნახა ამ ქალში, ან - პირიქით, ამ გოგოს რა მოეწონა ამ კაცისაო... საქართველოში ამბობენ, ვისაც ვინ უყვარს, მისი ლამაზიც ის არისო, მაგრამ გარეგნულ მომხიბვლელობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ადამიანის ხასიათს გაიცნობ და შეეჩვევი.

- ზოგჯერ, ოჯახი ინგრევა და ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს მტრულად შორდებიან, თქვენ თუ შეძელით ყოფილ მეუღლეებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება?

- აბსოლუტურად ყველასთან. როგორ შეიძლება იმ ადამიანის შეძულება, რომელსაც აფასებდი, ოჯახი გქონდა და წლების განმავლობაში მის გვერდით ცხოვრობდი? შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო დაშორდი, მაგრამ მასთან მტრობა ან დაკარგვა როგორ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საერთო შვილი გყავთ? თუ ის ადამიანი ერთ დროს გიყვარდა და პატივს სცემდი, როგორ შეიძლება ახლა გეზიზღებოდეს?! წყვილმა ადამიანური ურთიერთობა და მეგობრობა ოჯახის დანგრევის შემდეგაც უნდა შეინარჩუნოს. სხვათა შორის, მერე უფრო აკვირდები და ხვდები, რომ შენც რაღაც შეგეშალა, რომ ისე არ უნდა მოქცეულიყავი, როგორც მოიქეცი და ყველაფერში დამნაშავე მეორე მხარე არ ყოფილა.

- როგორ ფიქრობთ, რომელი ასაკია ქორწინებისთვის ყველაზე სასურველი?

- მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია: გააჩნია, ადამიანის ასაკს, ხასიათს, ინდივიდუალურ თავისებურებებს. 18 წლის ასაკში ადამიანების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება გაქვს და სხვა კრიტერიუმებით აფასებ. 40 ან 45 წლის ასაკში - სულ სხვა, მაგრამ ხომ არსებობენ ინფანტილური ზრდასრულებიც? წლები გადის და ადამიანი იცვლება, შეხედულებებიც ეცვლება და გემოვნებაც. ამიტომ, რაღაც ეტაპზე კრიზისი ყველა ოჯახს აქვს. თუ წყვილი ამ კრიზისს მოერევა და გადალახავს, მერე ყველაფერი კარგად იქნება. ცუდია, რომ ამას ბევრი ვერ ახერხებს...

სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა - ეს ყველაზე მთავარია, რომ ადამიანმა კარგი ოჯახი შექმნას და ბოლომდე შეინარჩუნოს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)