"5 წლის თემო ძილის წინ მეუბნება, დედა, ხომ არ მოკვდებიო. ყოველ ღამე ვპირდები, რომ ვიცოცხლებ და ბედნიერებად ვიცხოვრებთ მე, მამიკო და თემო" - 33 წლის ეკას ჩვენი დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"5 წლის თემო ძილის წინ მეუბნება, დედა, ხომ არ მოკვდებიო. ყოველ ღამე ვპირდები, რომ ვიცოცხლებ და ბედნიერებად ვიცხოვრებთ მე, მამიკო და თემო" - 33 წლის ეკას ჩვენი დახმარება სჭირდება

5 წლის თემოს დედიკოს, 33 წლის ეკა მუგასაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ორივე თირკმელი დაზიანებული აქვს, თირკმლის პრობლემა მე-5 სტადიაზეა. დიალიზს დღეში 4-ჯერ იკეთებს. ამჟამად ეკა ქმარ-შვილთან ერთად გერმანიაში იმყოფება, თუმცა ქვეყანაში ცხოვრების უფლებაზე უარი მიიღო და დეპორტაციის მოლოდინშია. ეკას არ ჰყავს დონორი. თირკმლის გადანერგვა შესაძლებელია მინსკში, რისთვისაც 60 ათასი ევროა საჭირო, რაც ოჯახს არ გააჩნია.

ეკა მუგასაშვილი: ყველაფერი 2016 წელს იმით დაიწყო, რომ ბრმანაწლავმა შემაწუხა და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ოპერაციის წინ ანალიზებმა აჩვენა, რომ კრეატინინი (სისხლში ჟანგბადის დონე ისაზღვრება) მქონდა ძალიან მაღალი. ექიმმა მითხრა, ახლა ბრმანაწლავის ოპერაციას კი გაგიკეთებ, მაგრამ თირკმელი აუცილებლად შეიმოწმეო. ასეც მოვიქეცი და ექოსკოპიამ აჩვენა, რომ მარჯვენა თირკმელი შედარებით დაპატარავებული მქონდა. ბიოფსიაც გამიკეთეს, მასალა გერმანიაში გაგზავნეს და იქიდან ჩამოსულ პასუხში ეწერა რომ გლომერულონეფრიტის ერთ-ერთი სახეობა მქონდა. მაშინ მითხრეს: ჩვენ ამ დაავადებას ვერ ვმკურნალობთ, ამ ეტაპზე შენი თირკმელი 40% მუშაობს და გარკვეული დროის შედეგ კიდევ უფრო რომ დაქვეითდება, გადანერგვა დაგჭირდებაო. მართლაც, რამდენიმე წელი რომ დავიდა დამეწყო მაღალი წნევები და კრეატინინის დონე 300-სს ასცდა.

- ნორმა რამდენია?

- 300-დან 400-მდე უკვე დიალიზი სჭირდებათ. გერმანიაში რომ ჩამოვედი, კრეატინინის დონე ძალიან მაღალი მქონდა. რამდენიმე დღე მიმკურნალეს. ნეფროლოგმა გარკვეული მედიკამენტები დამინიშნა. ცოტა ხანში კი მამცნო, - შენი თირკმელი ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს და ამიტომ დიალიზი უნდა დავიწყოთო. დედაჩემსაც იგივე პრობლემა აქვს. როგორც მითხრეს, ეს დაავადება გენეტიკურად მჭირს.

- ეკა, დღეს რა მდგომარეობა გაქვთ?

- დიალიზს დღეში 4-ჯერ ვიკეთებ. ექიმი მიმზადებს ვიტამინების ნაზავს, რაც ჩემს ორგანიზმს სჭირდება. წამლები სახლში მოაქვთ. დღეში 1 ყუთი მჭირდება. თვეში 30 ყუთი მოაქვთ. მთელი ცხოვრება ასე ვერ ვიქნები...

გერმანიაში იმიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში დონორი არ მყავდა. დედაჩემსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც მე, ამიტომ მის თირკმელს მე ვერ გადმომინერგავენ. მამა გარდამეცვალა, ჩემი ძმის თირკმელებში ბევრი კრისტალები იყო და მითხრეს, არ გამოდგებაო, ჩემს დას კი გულზე ისეთი პრობლემა აქვს, ექიმმა თქვა, ასეთ სიტუაციაში ერთი თირკმლით ვერ დავტოვებთო. მოკლედ, არავის თირკმელი არ მესადაგება ამიტომ წამოვედი გერმანიაში. აქ გვამური დონაცია კეთდება. თუმცა აქაც წლობით გიწევს ლოდინი, მაგრამ ამ დიდხნიანი მოლოდინის განმავლობაში მედიკამენტებს გაწვდიან და ყველანაირად ხელს გიწყობენ. ერთი გოგო წევს, იმასაც ჩემსავით გადანერგვა სჭირდება და უკვე 8 წელია, რაც შესაფერის თირკმელს ელოდება ...

- ეგუები რომ წლობით მოლოდინის რეჟიმში უნდა იყო?...

- ახლა ექიმთან გასაუბრება მქონდა და როგორც ამიხსნა, გერმანიამ ცხოვრების უფლება უნდა მოგცეს, რომ გადანერგვის პროგრამაში ჩაჯდეო. თუმცა, გერმანიაში ცხოვრებაზე უარი მოგვივიდა - უკვე მეორედ. არაფერს ითვალისწინებენ. მართალია, საბოლოო განაჩენი არ არის გამოტანილი, მაგრამ მეორე უარში წერია, რომ ქვეყანაში დარჩენის უფლება არ გვაქვს. მითხრეს, წერილი მოგივა და წინასწარ გაგაფრთხილებენ ქვეყნის დატოვების თაობაზეო. ჩემი ექიმი ამბობს, მე საქმის კურსში უნდა ჩავაყენო ქართველი კოლეგები, რომ შენ როცა საქართველოში ჩახვალ, ადგილზე დაგვხვდეს სპეციალური აღჭურვილობა და წამალიო.... ველოდებით როგორ მოაგვარებენ ამ საკითხს, ჩემი ექიმიც ჩართულია ამ პროცესში. სწორედ ამიტომაა, რომ თანხის მოგროვებას ვცდილობთ რათა გადანერგვა გავიკეთო... გვამური დონაცია მინსკშიც კეთდება, 60 ათას ევრომდე ჯდება. კეთილი ადამიანების იმედად ვართ... ველოდებით იქნებ თანხა შეგროვდეს. ამ ეტაპზე 17 ათას ლარამდე მაქვს ჩარიცხვები, ყოველდღიურად ირიცხება მცირე თანხა. ჩვენც ვაგროვებთ....

- მინსკში დაახლოებით, რა პერიოდი გაგრძელდება მოლოდინის რეჟიმი?

- მითხრეს რომ მაქსიმუმ 2 კვირა დამჭირდება.

- რამდენი ხანია რაც გერმანიაში ხართ?

- დაახლოებით წელიწადი და 5 თვე. უკვე 2 თვეა, რაც უარი მივიღეთ დარჩენაზე. ბავშვი, 5 წლის თემო, ჩვენთან ერთად გვყავს. ახლა 33 წლის ვარ. უკვე 8 თვეა რაც ყოველდღიურად დიალიზს ვიკეთებ. ზოგადად თირკმლის პრობლემა 8 წელია მაქვს, 25 წლიდან...

- რამდენი წელია დაოჯახებული ხართ?

- 6 წელია დაოჯახებული ვარ. ბავშვი აქ ბაღში დადის, მოსწონს ძალიან. ვოცნებობ, კარგად ვიყო. ჩემს ქმარ-შვილს დიდხანს ვუყურო... თურმე, ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერებაა. ვერ წარმოიდგენთ, ისეთი ძნელია ყოველდღიურად დიალიზის კეთება. მუცელში ხომ წყალი მაქვს, ამის გამო ქუჩაში ყველას ორსული ვგონივარ...

ჩემი მეუღლე რომ არა, ამდენს ვერ შევძლებდი, ძალიან მაძლიერებს. ბავშვზეც ძირითადად ის ზრუნავს, მე ძილის წინ მივუწვები ხოლმე, სულ მეფერება და ისეთ სიტყვებს მეუბნება, გულს მიხეთქავს, - დედა, ხომ არ მოკვდებიო. საიდან გაიგო ეს სიტყვები არ ვიცი... ღამით მოაწვება ხოლმე ეს ფიქრები... არა დედიკო, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება მეთქი, ვამშვიდებ. ყოველ ღამე ვპირდები რომ ვიცოცხლებ და ბედნიერებად ვიცხოვრებთ მე, მამიკო და თემო....

GE91BG0000000585211327

საქართველოს ბანკი

GE08TB7545945064300052

თიბისი ბანკი

მიმღები: ნათელა ზაუტაშვილი (დედა)

ევროპიდან თანხის ჩარიცხვა

DE66510500150376860474 Naspa Bank მიმღები Dato Akhaladze