"მომღერლის ერთმა განცხადებამ შესაძლოა, მთელი ამერიკის ბედიც შეცვალოს" - მიწისძვრის ტოლფასი სეისმური აქტივობა კონცერტებზე და რომანები ცნობილ მამაკაცებთან: ტეილორ სვიფტის ფენომენი
ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელმაც 34 წლის ასაკში უკვე მოახერხა და, უამრავ ჯილდოსთან ერთად, ათეულობით გრემი აიღო, მთელ მსოფლიოს აკვირვებს. იგი უკვე დასახელდა ყველაზე გავლენიან ქალბატონად, Billboard-მა კი ის „ათწლეულის ქალად“ დაასახელა.
ჯერ ვერავინ ამოხსნა ტეილორ სვიფტის ფენომენი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის ამერიკული ოცნებისა და ამერიკული კულტურის განსახიერებაა და სწორედ ამით მოიგო მთელი ამერიკისა და მსოფლიოს უმეტესი ნაწილის გული. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ მომღერლის ერთმა განცხადებამ შესაძლოა, მთელი ამერიკის ბედიც შეცვალოს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომღერალმა მხარი ღიად დაუჭირა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს, მან მსმენელს მოუწოდა, წასულიყვნენ არჩევნებზე და ხმა დაეფიქსირებინათ. ამის შემდეგ იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჯო ბაიდენი ტეილორ სვიფტს გაურიგდა და ხმები მოიზიდა.
ახლა კი აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც შესაძლოა, ისევ ჩაერთოს არჩევნებში, ტეილორ სვიფტს მოუწოდა, აღარ დაუჭიროს მხარი ჯო ბაიდენს, რადგან "ბაიდენს ტეილორისთვის არაფერი გაუკეთებია და არასდროს გააკეთებს".
საინტერესოა, როგორ მოიპოვა ახალგაზრდა მომღერალმა ხალხის სიყვარული და, ზოგადად, რამ შექმნა ტეილორ სვიფტის ფენომენი?
ბავშვობა
ტეილორ სვიფტი პენსილვანიის შტატში, უესტ-რედინგში 1989 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. გოგონას მშობლები სკოტ კინგსლი სვიფტი და ანდრეა ფინლი საინვესტიციო სფეროში მუშაობდნენ.
გოგონას მუსიკა ბავშვობიდან იტაცებდა და ბერკსის აკადემიის ახალგაზრდულ თეატრში, მუსიკალურ დადგმებში მონაწილეობდა, ნიუ-იორკში კი ვოკალსა და სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა. თავდაპირველად ის ქანთრის სტილის მუსიკით იყო გატაცებული, თუმცა ხმის ჩამწერ სტუდიებს ეს მიმდინარეობა დიდად ვერ ხიბლავდა. ქალაქ უაიომინგში კი, სადაც ის კერძო სკოლაში სწავლობდა, გიტარაზე დაკვრაც შეისწავლა და მუსიკის ჩაწერა დაიწყო. ტეილორი 12 წლის იყო, როცა თავის დაწერილ მუსიკაზე ტექსტებსაც ქმნიდა. მუსიკის სიყვარულითა და წარმატების მიღწევის სურვილით, მან პირველი კონტრაქტი RCA Records-ის სტუდიასთან გააფორმა, თუმცა 14 წლის ასაკში, უკმაყოფილების გამო, კონტრაქტი გაწყვიტა.
ერთხელაც, როცა ტეილორი ნეშვილის ერთ-ერთ კაფეში მღეროდა და სიმღერით გადმოსცემდა თავის იმედგაცრუებას, იქვე სკოტ ბორჩეტი იმყოფებოდა. სწორედ იმ პერიოდში დააარსა ბორჩეტმა ხმის ჩამწერი სტუდია Big Machine Records, მიიწვია ტეილორი და აქედან დაიწყო გოგონას კარიერული წინსვლა.
2006 წლის ოქტომბერში ტეილორმა თავისი სადებიუტო ალბომი გამოსცა და ნეშვილში საუკეთესო დამწყები ვოკალისტის ჯილდოც მიიღო.
სულ რაღაც 2 წლის შემდეგ, 2008 წელს კი მუსიკოსის მეორე ალბომმა Fearless „გრემის“ დაჯილდოებაზე რამდენიმე კატეგორიაში: „წლის ალბომი“ და „საუკეთესო ქანთრი-ალბომი“ გაიმარჯვა. ამ წარმატების შემდეგ ტეილორის ვარსკვლავიც გაბრწყინდა და შემდგომ წლებში მან უფრო დიდ წარმატებასაც მიაღწია.
2010 წელს სვიფტმა კიდევ ერთი ალბომი გამოუშვა, რამაც კრიტიკოსთა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერის ტექსტსა და მელოდიას თავად ტეილორი წერდა.
2012 წელს მან კიდევ ერთი წარმატებული ალბომი გამოსცა, 1 წელში კი მსოფლიო ტურნე მოაწყო. მუსიკოსმა კონცერტები ჩაატარა ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ევროპასა და აზიაში, საბოლოო ჯამში კი, ტურნემ მას 150 მლნ. დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.
2016 წელს, გრემის 58-ე დაჯილდოებაზე, ტეილორ სვიფტი 8 ნომინაციაში დასახელდა და სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის - „წლის ალბომი“. ამით კი სვიფტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ამ ნომინაციაში ორჯერ გაიმარჯვა.
ამ წლების განმავლობაში მომღერალმა უამრავ წარმატებას მიაღწია და საინტერესო სიმღერებიც შექმნა, 2023 წელი კი მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რადგან სვიფტმა მსოფლიო ტურნე მოაწყო და მილიონობით გულშემატკივარს შეხვდა.
სკანდალები
წარმატებული მომღერალი, რომელიც ყველასათვის საყვარელი ამერიკელი გოგონაა, უეცრად სკანდალში გაეხვა. გაუგებრობა სვიფტს 2009 წელს MTV Video Music Awards-ზე რეპერ კანიე უესტთან მოუვიდა. ტეილორის კლიპი You Belong With Me "ქალთა საუკეთესო ვიდეოს" ნომინაციის გამარჯვებული გახდა. როცა მომღერალი სცენაზე სამადლობელ სიტყვას ამბობდა, კანიე ავიდა სცენაზე, სვიფტს წაართვა მიკროფონი და განაცხადა, რომ ბიონსეს Single Ladies ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ვიდეოა.
კანიე უესტს დარბაზი დაატოვებინეს და შემდეგ მან "ტვიტერის" პირად გვერდზე ბოდიშიც მოუხადა ტეილორს. ამ საქციელის გამო, რეპერმა კრიტიკა არა მარტო ტეილორის ფანებისგან, არამედ - სხვა ცნობილი ადამიანებისგანაც დაიმსახურა. ამბავს გამოეხმაურა ლედი გაგა და თავად ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც.
ვარსკვლავებს შორის ახალი კონფლიქტი 2015 წელს გაღვივდა, როცა კანიემ MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე მედიასთან განაცხადა, რომ იქ ტეილორი მხოლოდ რეიტინგისთვის მიიწვიეს.
2016 წელს ტეილორ სვიფტმა რეპერს უჩივლა, რადგან მან კლიპში ტეილორის ცვილის ფიგურა გამოიყენა. მოგვიანებით კანიე უესტის ყოფილმა ცოლმა, კიმ კარდაშიანმა მომღერლების საუბრების ნაწყვეტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამაზე თანხმობა ადრე თავად ტეილორმა განაცხადა. ინტერნეტსივრცეში ტეილორ სვიფტის მიმართ დიდი ზეწოლა დაიწყო, მომღერალს ტყუილში ადანაშაულებდნენ. ამ ყველაფრის პასუხად, ტეილორმა ახალი ალბომი - Reputation გამოუშვა და საზოგადოების დამოკიდებულებაც შეცვალა.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალები უკავშირდება მომღერალ კეტი პერისაც, რომელმაც ტურის მსვლელობისას სვიფტის სამი მოცეკვავე გადაიბირა. კიდევ ერთი სკანდალი მომღერლის მეგობარს, კარლი კლოსს უკავშირდება. როგორც წერდნენ, მოდელმა სვიფტის სახლში წვეულება ისე გამართა, რომ ამის შესახებ ტეილორმა არაფერი იცოდა.
აღსანიშნავია, რომ სცენაზე ტეილორ სვიფტის ყველა გამოსვლა განსხვავებული და განსაკუთრებულია, შოუ, რომელსაც მომღერალი თავის გუნდთან ერთად დგამს, საოცარი და ორიგინალურია. მომღერალი ყველა სიმღერაში უამრავ ენერგიას დებს და სწორედ ასე დაიმსახურა მსმენელის დიდი სიყვარულიც.
2023 წელს იგი გამოცემა Time-მა "წლის ადამიანად" დაასახელა.
"ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვარ", - ამბობს ტეილორი გამოცემასთან.
"შოუს შემდეგ გამუდმებით საწოლში ვარ, მხოლოდ საჭმლისთვის ვდგები, ოღონდ საწოლში მიმაქვს და იქ ვჭამ. შოუების შემდეგ ძლივს ვლაპარაკობ, ფეხები საშინლად მტკივა", - ამბობს მომღერალი.
სეისმოლოგების თქმით, ტეილორ სვიფტის კონცერტებმა აშშ-ის ქალაქ სიეტლში 2.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური სეისმური აქტივობა გამოიწვია.
2024 წელს მომღერალმა კიდევ მიიღო "გრემი" და მსოფლიოში პირველი ქალი მომღერალია, რომელსაც საუკეთესო ალბომისთვის 4-ჯერ აქვს "გრემი" აღებული.
პირადი ცხოვრება
გოგონა ქერა თმითა და თხელი ნაკვთებით ძალიან მალე გახდა ამერიკელთა რჩეული. წარმატებული კარიერის მიღმა, საინტერესოა ტეილორის პირადი ცხოვრებაც. უცხოური მედიის ცნობით, მას რამდენიმე ცნობილ მამაკაცთან ჰქონდა რომანი.
რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ტეილორს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ჯგუფ Jonas Brothers-ის ვოკალისტ ჯო ჯონასთან.
ტაბლოიდების ცნობით, სამი თვის განმავლობაში მას ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ჯეიკ ჯილენჰოლთანაც.
ასევე, წერდნენ მომღერლისა და კონორ კენედის, ამერიკის პრეზიდენტის შვილიშვილს რომანის შესახებ. ამერიკელ მომღერალს ურთიერთობა ჰქონდა One Direction-ის ვოკალისტ ჰარი სტაილსთანაც.
2015 წელს მომღერალი დიჯეი კელვინ ჰარისსაც ხვდებოდა.
მოგვიანებით მომღერლის ყურადღება ბრიტანელმა მსახიობმა ჯონ ელვინმა მიიპყრო. 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2022 წელს, მათი ნიშნობაც შედგა, 2023 წელს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ.
მოგვიანებით, პაპარაცებმა მომღერალი ფეხბურთელ ტრევის კელსისთან ერთად დააფიქსირეს. ამბობდნენ, რომ ტეილორმა უკვე გაიცნო ფეხბურთელის მშობლებიც.