მაკრონის სენსაციური განცხადება, რომელმაც ევროპა შოკში ჩააგდო - იწინასწარმეტყველა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა მესამე მსოფლიო ომის დაწყება?! - კვირის პალიტრა

მაკრონის სენსაციური განცხადება, რომელმაც ევროპა შოკში ჩააგდო - იწინასწარმეტყველა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა მესამე მსოფლიო ომის დაწყება?!

პარიზში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ სამიტზე, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იმ დონის სენსაციური განცხადება გააკეთა, რომ მისი კოლეგები ორი დღეა სულმოთქმელად ამტკიცებენ...რომ ეს არ მოხდება!

და მაინც ასეთი რა თქვა „ბებერი ევროპის“ ამ სახელმწიფოს ლიდერმა, რომ მთელი ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსი ასე ააფორიაქა?

"დღეს არ არსებობს კონსესუსი, მაგრამ არ გამოვრიცხოთ ისეთი სცენარი, როდესაც ნატოს წევრ ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად ჯარების გაგზავნაც დასჭირდებათ. დღეს ბევრნი თქვენგანნი, ვინც სრულიად გამორიცხავს ამის შესაძლებლობას, 2022 წელს ასევე სრულად გამორიცხავდით უკრაინისთვის ტანკების, თვითმფრინავებისა და შორ მანძილზე მფრენი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობასაც, ჩვენ ყველა 6-12 თვით ვაგვიანებთ იმ სამხედრო დახმარების გაგზავნას, რომელიც ასე სჭირდებათ უკრაინაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება", -ასეთი ემოციური და პირდაპირი გამოსვლა გამოუვიდა საფრანგეთის პრეზიდენტს თავის კოლეგებთან...

მაკრონი პრინციპში მწარე სიმართლეს ამბობს, რომელთა აღიარება „ბებერი ევროპის“ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს-ყველას იმედი ჰქონდა, რომ გაგრძელდებოდა ომის დასაწყისში ჩამოყალიბებული პრინციპით მოქმედება-სისხლი უკრაინული(ანუ ფრონტის ხაზზე რუს ოკუპანტებს ებრძვის უკრაინელების ცოცხალი ძალა), ხოლო იარაღი ძირითადად ამერიკული(უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების უდიდესი ნაწილი აშშ-დანაა მიღებული)!

მაგრამ, ომის მესამე წლის დასაწყისში რაღაც-რაღაცეები მკვეთრად იცვლება - ტრამპისტმა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მოახერხეს უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების პროცესის ხუთი თვით დაბლოკვა(რაც ეტყობა გაგრძელდება კიდეც), ხოლო უკრაინის დამცველებსაც, დიდი მსხვერპლის შემდეგ ნელ-ნელა ეწრიტებათ „საომარი სისხლი“-ფრონტის ხაზზე როტაციები არ ხორციელდება და არც დიდი მობილიზაციაა დაწყებული...

უკრაინის დამცველების რიგებში ისევე,როგორც რამდენიმე ასეული ქართველი, სხვა ეროვნების მეომრებიც იბრძვიან, თუმცა ყველა ისინი საკუთარი სურვილით არიან ჩასულნი უკრაინაში და არა თავიანთი სახელმწიფოების მიერ გაგზავნილნი.

უკრაინაში საკუთარი არმიის დანაყოფების ოფიციალურად გადასროლა ნიშნავს,რომ ეს ქვეყანა ღიად ერთვება ომში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან,მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი კრემლი ამ ნამდვილ დიდ ომს კვლავ შენიღბულად -„სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს...

წარმოიდგინეთ, როდესაც იგივე გერმანიის კანცლერი შოლცი არაფრისდიდებით არ აწვდის უკრაინას 500 კმ-ზე შორს მფრენ ფრთოსან „ტაურუსებს“ იმის შიშით, რომ ერთ „მშვენიერ“ დღეს გამწარებულმა უკრაინელებმა ისინი მოსკოვში,კრემლისკენ არ მიმართონ და ამით გერმანია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების წინაშე არ დადგეს, განა ბუნდესვერის ჯარისკაცებს გააგზავნის უკრაინის ფრონტზე?!

ასე არიან სხვა ქვეყნებიც და იგივეს აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომ ნატო უკრაინაში ჯარებს არ გააგზავნის და მაინც-პრეზიდენტმა მაკრონმა პირველმა ღიად გააჟღერა ის, რაც კულუარებში ევროპელ ლიდერებს შეიძლება არაერთხელ განუხილიათ - რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს რუსეთთან ომი ზუსტად უკრაინის მიწაზე უკრაინელი ჯარისკაცების შესრულებით, რათა რუსეთმა ძირითადი სამხედრო-ეკონომიკური რესურსები იქ მიახარჯოს და ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ გადავიდეს ევროპის ქალაქებზე...

მაგრამ ამისთვის უკრაინის არმიას ბევრად მეტი და დროული სამხედრო დახმარება სჭირდება და არა იმით თავის მოწონება, ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში ამდენი უკრაინელი სამხედრო მოვამზადეთო - ნატოს წევრი არცერთი ქვეყნის არმიის ოფიცერს არ გააჩნია ის რეალური საბრძოლო გამოცდილება, რომელიც უკრაინელ მებრძოლებს დაუგროვდათ რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ორწლიან ომში და დღეს უკრაინის არმიას იქით შეუძლია გადაამზადოს ის ნატო, რომელმაც ბოლო ორი ათეული წელი გაანიავა ერაყსა და ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდების დახვეწაში, სანამ რუსეთი ძალას იკრებდა და მეზობლების ტერიტორიების დაპყრობას იწყებდა...

მაკრონი კი შეიძლება დღეს ცოტა დასაცინად აიგდეს მისმა ევროპელმა კოლეგებმა, მაგრამ ისე არ მოუვიდეთ, რომ საფრანგეთის დღევანდელი პრეზიდენტის სიტყვები უახლოეს მომავალში გამართლდეს...

უკრაინელმა სამხედროებმა საკმაოდ კარგად აითვისეს დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე შეიარაღებაც - ფრანგული თვითმავალი საარტილერი დანადგარები „ცეზარები“, გერმანული „ლეოპარდები“, ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები თუ ამერიკული „პეტრიოტები“, თუმცა თუკი დასავლეთი დაეხმარებოდა თავისი სამხედრო მფრინავებით(თადარიგში გასული ოფიცრებით, რომლებიც ამის სურვლის გამოთქვამდნენ) იმ F-16-ების ეკიპაჟების დასკომპლექტებლად, რომელთა მიწოდებასაც ზაფხულისთვის აპირებენ, ეს კარგი იქნებოდა, რადგან იმ დროისთვის ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე გადამზადებული მხოლოდ 8-12 უკრაინელი სამხედრო მფრინავი თუ იქნება...