საშიში ზონები საქართველოში - საექსპერიმენტო ნაგებობა, რომელმაც ქვეყანას ბუნებრივი კატასტროფები თავიდან უნდა ააცილოს - კვირის პალიტრა

საშიში ზონები საქართველოში - საექსპერიმენტო ნაგებობა, რომელმაც ქვეყანას ბუნებრივი კატასტროფები თავიდან უნდა ააცილოს

"კლიმატის ცვლილებებმა ბუნებრივი­ კატასტროფები გაახშირა, ამიტომაც მთავ­რობის­ წინაშე დადგება საკითხი პრიორიტეტი მიანიჭოს სტეფანწმინდას, ყვარელს, თელავსა და ომალოს. იუნესკოს დაფინა­ნ­სებით შევიმუშავეთ პროექტი, განსაკუთ­რებით სენსიტიური ან მოწყვლადი ტერიტორია დავაფიქსირეთ სტეფანწმინდაში, სადაც გასულ წელსაც აქტიური სტიქიური­ პროცესები იყო. საუბარია კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონზეც", - ამბობს­ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარ­დაშვილი და ირწმუნება, რომ საჭიროა­ სტრატეგიული გეგმების დამუშავება,­ სასწრაფო პრევენციული ღონისძიებების გატარება.

- კლიმატის ცვლილებებმა ბუნებრივი კატასტროფები გაახშირა. ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც პრობლემურია. ჩვენ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსტიტუციო სტატუსის ორგანიზაციამ ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრმა იუნესკოში წარვადგინეთ პროექტი "ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები", რომლის მიზანია საქა­რთველოში ბუნებრივი კატასტროფების სტრატეგიული გეგმის დახვეწისთვის, მოსახლეობისა და ადგილობრივი მთავრობების­ ეკოლოგიური­ განათლების ამაღლება. ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ. საქმეში ჩართული იყვნენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულოები და დავსახეთ პრევენციისთვის სტრატეგიული გეგმა. წავედით ყაზბეგში, ვინაიდან განსაკუთრებით სენსიტიური, მოწყვლადი ტერიტორია დავაფიქ­სირეთ სწორედ სტეფანწმინდაში, სადაც გასულ წელსაც აქტიური იყო ეროზიულ-ღვარცო­ფული და ზვავების აქტიური მუშაობა. საბედნიეროდ, ნაკადებმა ვერ მიაღწია სტეფანწმინდის დასახლებულ პუნქტს, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურაა განვითარებული. მთავრობის წინაშე დადგება საკითხი, რათა პრიორიტეტული მიმართულება მიენიჭოს ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიცაა სტეფანწმინდა, ყვარელი, თელავი, ახმეტის რაიონში­ კი ომალო. ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით მივედით დასკვნამდე, რომ საჭიროა ამ რეგიონებში პრიორიტე­ტუ­ლი, სტრატეგიული გეგმების შედგენა, სასწრაფო პრევენციული ღონისძიებების გატარება,­ რათა პროცესებს მსხვერპლი არ მოჰ­ყვეს. კონკრეტულად იგულისხმება საინჟინრო-ეკოლოგიური ღონისძიებები, იქნება ნაპირდამცავი ჯებირები, ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობები თუ თოვლის, ზვავის საწინააღმდეგო კონსტრუქციები და ა.შ, ნაგებობები, რომლებიც ინოვაციურად მუშავდება. მდინარე მლეთის წყალშემკრებ აუზში­ ავაშენეთ ღვარცოფსაწინააღმდეგო­ საექსპე­რიმენტო ნაგებობა, რომელმაც მლეთის­ წმ. გიორგის ეკლესია დაიცვა. 40 წელზე მეტია,­ რაც დუშეთის რაიონში მდ. მლეთის­ ხევს ვიკვლევთ. თუ ადრე მლეთის ხევის კალაპოტში ოთხ წელიწადში ერთხელ იყო კატასტროფული ღვარცოფები, ახლა წელი­წადში ოთხჯერ არის. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენმა აშენებულმა ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობამ - 500 კუბამდე ღვარცოფული მასა შეაკავა. მას შემდეგ მდინარეში ავაშენეთ კონსტრუქცია და ქვედა ბიეში ნაგებობამ არაგვისკენ გაატარა წყლის ხარჯი, ნატანების მცირე დიამეტრის ფრაქციებთან ერთად. ეს უკვე საშიში აღარ არის დასაცავი­ ობიექტისთვის. ახლა დავაკვირდებით, თუ ღვარცოფის სამ-ოთხჯერ გავლის შემთხვევაში კარგად იმუშავებს, მთავრობას მივცემთ რეკომენდაციას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ააშენონ ასეთი ტრამპლინის ტიპის ინოვაციური ნაგებობები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის დახმარებით­ გუდაურში ავაშენეთ ზვავის საწინააღმდეგო­ საცდელი ნაგებობა, რომლის წყალობითაც­ საქართველოს სამხედრო გზა დაცულია თოვლისა და ზვავების დამანგრეველი მოქმედებებისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ტერიტო­რიების­ მუდმივი კონტროლიც, სადაც ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების და თოვლის ზვავების გააქტიურებაა მოსალოდნელი. სიტუაცია სერიოზულია და მხოლოდ­ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები საკმარისი არ იქნება. საჭიროა სისტემური მეთვალყურეობა და დეტალური კადასტრის შედგენა, რათა ვიცოდეთ, სად რა მდგომარეობაა. უფრო დეტალურად, მეცნიერულად უნდა შევისწავლოთ საქართველოს­ ყველა კუთხე. ზოგიერთი სოფელი საშინელ მდგომარეობაშია, ისეთ ადგილასაა, სადაც შეიძლება ხვალ დიდი უბედურება მოხდეს.

- ყვარლის რაიონიც სენსიტიურ­ ტერიტორიად დაასახელეთ, რა შეიძლება იქ მოხდეს?

- მდინარე დურუჯის კალაპოტი ქალა­ქის თავზე 10 თუ 12 მეტრით მაღლაა. თუ იქ დროულად არ გაგრძელდა დამბის რეაბილიტაცია, შეიძლება ღვარცოფულმა მასამ კალაპოტიდან ქალაქისკენ გადაინაცვლოს.

სენსიტიური ტერიტორიაა თელავიც. იქ აშენებულია სამი ღვარცოფსარეგულაციო ბარაჟი და სამივე ეფექტურად მუშაობს ნატანდატვირთულ ნაკადებზე, მაგრამ არსებობს სარისკო ზონები - მდინარე თელავის ხევი კალაპოტურ ეროზიას განიცდის. ამასთან, დავაფიქსირეთ კიდევ 8 უბანი, სადაც მოსალოდნელია მთის ფერდობე­ბის ჩამოშვავება. მდინარის კალაპოტის მარჯვენა­ ფერდზე დიდი მოცულობის მასის ჩამოცურების შემთხვევაში შესაძლებელია მდინარის კალაპოტის გადაკეტვა ბუნებრივი ზღუდარით. იქ დაგუბებულმა მდინარემ კი თუ ბარაჟი გაარღვია, ღვარცოფი პირდაპირ საუბნო გზაზე გადავა და მოსახლეობა­ საფრთხის პირისპირ აღმოჩნდება. თელავის ხევი მდინარე ალაზანში ჩადის და არ არის გამორიცხული, ღვარცოფი იქაც ჩაიტანოს.

ჩვენ ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოშიც ვიყავით. შეხვედრა გაიმართა ოჟიოს საჯარო სკოლის დარბაზში. ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მოსახლეობა. ადგილობრივ მთავრობას­თან ერთად საზოგადოებას წარვუდგინეთ­ პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ომალოში, კერძოდ, ჯვარბოსელში, მშრალი­ ხევის რეგულირებას. ჩვენი პროექტის განხორციელების შემდეგ ამ სოფელში ოჯა­ხური სამთო ტურიზმის განვითარება­ სრულიად უსაფრთხო გახდა. რა გავაკეთეთ? პირველად სამხრეთ კავკასიაში ავაშენეთ ბეტონის კალაპოტური ეროზიული პროცესების მარეგულირებელი ბარაჟები, რომლებიც ღვარცოფული პროცესების წარმოშობას ხელს შეუშლის. ეს იყო კომპლექსური პროექტი. ჩვენ ჩავატარეთ როგორც საინჟინრო-ეკოლოგიური ღონისძიებები, კალაპოტის მულჩირება, ასევე გავაშენეთ ტყის კორომებიც. ვფიქრობ, ასეთი პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოშიც, ცენტრალური მდინარეების, ეროზიულ-ღვარცოფული ტიპის შენაკადებზე, სადაც მოსალოდნელია ეროზიულ-ღვარცოფული პროცესები.

განაგრძე კითხვა:როგორ შევაკავოთ სტიქია