ქართული "მოჯადოებული წრე" - მელიასა და "ყოფილების თამაშები", აბნეული გვარამია, გახარიას რაუნდები და ხაზარაძის მთავარი პრობლემა
ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი, მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში შედის, რადგან ამით ორივე კარგად ინარჩუნებს სტატუსსაც და მდგომარეობასაც და, ალბათ, არც არის გასაკვირი, ამ ბალანსის დარღვევისთვის რომ არაფერს აკეთებენ. თუმცა მეორე საკითხია ქვეყნის ინტერესები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის 60%-ზე მეტს, რასაც ბოლო პერიოდის გამოკითხვები აჩვენებს, არც ერთი უნდა და არც მეორე. ამიტომაც სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ რა უნდა გააკეთონ "ნაცმოძრაობის" გარეთ მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა და რატომ ვერ ახერხებენ ამ წრის გარღვევას? გვესაუბრება პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე:
- ამდენი ხანია ოპოზიცია ვერ ახერხებს თქმას, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს, როგორ აპირებს გამარჯვებას და ა.შ. თუ ამას ვერ ახერხებს, ვერ იქნება ამომრჩევლის თვალში ასეთი ოპოზიცია სანდო და გონიერი. პატიოსნებაზე აღარ არის ლაპარაკი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, ძალიან საჭირო და აუცილებელია, გონიერებაზე მეტი პრეტენზია გვქონდეს. ეს პრობლემაა საქართველოში - პოლიტიკოსები დიდად გონიერ ადამიანებად არ მიგვაჩნია და ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის.
- "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" გარდა, თქვენი აზრით, სხვა პარტიებს წარმატებისთვის რომელს რისი გაკეთება და რა მესიჯის გაშვება სჭირდება? "ნაციონალებიდან" წამოსულებით დავიწყოთ - მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის ერთიანობა ან მელიას გარეშე დანარჩენი სამი, რომელი კომბინაცია უფრო მომგებიანი იქნება და რაც მთავარია, რა უნდა გააკეთონ ერთად ან ცალ-ცალკე?
- გვარამია, მგონი, ძალიან აბნეულია და ამიტომ არა მგონია, შედეგი მნიშვნელოვანი ჰქონდეს. ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მაშინ, როცა მკაფიოდ ემხრობოდა და ეხმარებოდა სააკაშვილს. დღეს აცხადებს, მიშასთან საერთო არაფერი მაქვსო, და აბა, ხმა ვინ უნდა მისცეს? ან რატომ უნდა მისცენ ხმა გინდ გვარამიას, გინდა იმ დანარჩენ ფიგურებს, ვინც ჩამოთვალეთ, რისი მომტანები არიან ისინი კონკრეტული ადამიანებისთვის? მთელ კამპანიას აწარმოებენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომ ადამიანებს ჩამოუყალიბონ აზრი, რატომ უნდა მისცენ მას ხმა. იმ პენსიებსაც ხომ იმიტომ ჰპირდებიან, რომ იმედი აქვთ ამის გამო ხმას მისცემენ - ანუ ჰპირდები, რომ ფულს გაანაწილებ პენსიონერების სასარგებლოდ, მაგრამ საიდან აიღებ ამისთვის ფულს? სხვა საბიუჯეტო მიმართულებებზე იქნება ფული? განათლება, ჯარი, პოლიცია და ა.შ, ძალიან ბევრი რამეა, ხომ? ამაზე არ ლაპარაკობენ. ამდენად, მათი დაპირება დამაჯერებელი არ არის. მიშას გამოშვების გარდა, სხვა მესიჯი არაფერი აქვთ. ადრე დასავლეთზე ორიენტაცია მაინც ჰქონდათ, გაიძახოდნენ, ეს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდისო, ახლა კი დაინახეს, რომ ამ ხელისუფლებას რუსეთისკენ სვლას ევროპელებიც არ საყვედურობენ და ამიტომ საზოგადოებისთვის ძალიან გაუგებარია, ამათ საიდან მოიტანეს ხელისუფლების რუსეთისკენ სვლა. აქედან გამომდინარე, ისევ ვაწყდებით იმას, რაზეც დავიწყეთ საუბარი - უაზრო პოლიტიკური განცხადებები აქვთ და ეს არის პრობლემა. ძალიან მინდა გვყავდეს ჭკვიანი პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ კი არ ილანძღებიან, არამედ მისდევენ ბზეჟინსკის შეგონებას, რომ პოლიტიკა ჭადრაკის დაფაა, ჩვენთან კი ჭადრაკს პოლიტიკაში თითქმის არავინ თამაშობს. ერთადერთი მოქმედ ხელისუფლებას ხანდახან აქვს ასეთი ფრაგმენტები. პრინციპში, წმინდა პოლიტიკურ გათვლებზე თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ფრაგმენტები ოპოზიციასაც აქვს, რომ დარბოდნენ ბრიუსელში და იხვეწებოდნენ, არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსიო, სწორედ ასეთ გათვლას მიეკუთვნება. ჯერ კიდევ ბოლშევიკებს ჰქონდათ პრინციპი, "რაც უარესი, მით უკეთესი" - ანუ რაც უარესად იქნება ქვეყანა, მით უკეთესია ჩვენთვისო, ამ პრინციპით მოქმედებდნენ, მაგრამ თვითონ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამ პრინციპს დაარქვეს საბოტაჟი და ხალხი დახვრიტეს. იგივე პრინციპი, რაც უარესი, მით უკეთესი, აქვს და ჰქონდა "ნაცმოძრაობას" ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე".
ახლანდელ ვითარებას "ქართული ოცნება" შესანიშნავად იყენებს. მოსახლეობას არ უნდა "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში. სხვა რა ალტერნატივაა? მხოლოდ "ქართული ოცნება" და ყველა არჩევნები სწორედ ამ რეჟიმით მიდის. ასე რომ, გამოიყენებს თუ არა ოპოზიცია რაიმეს, ამაზე პასუხია - მან უკვე დაკარგა ის, რაც უნდა გამოეყენებინა.
- რა დაკარგა?
- რა და, ნაცარი უნდა წაეყარათ თავზე, ეთქვათ, რომ წარსულში რაც გააკეთეს, აღარ იზამენ და მოსახლეობისთვის ბოდიში მოეხადათ. ოპოზიციას ბოდიში თავის წარსულზე არც ერთხელ არ მოუხდია, ნაცარი თავზე კი არ დაიყარა, ნაცრის შეყრა დაუწყო ამომრჩეველს და შედეგმაც არ დააყოვნა - 11 წელია გადიან არჩევნებზე და ვერც ერთხელ ვერ მოიგეს. მათ იმიჯი უნდა შეეცვალათ, სახეები, სახელები და რადგან არ შეცვალეს, შესაბამისად, არც ამომრჩეველი ცვლის თავის დამოკიდებულებას. მოცემულობები უცვლელია და ვინ იგებს ამით ან ახლა ვინ მოიგებს? ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არა.
- ეს მაინც "ნაცმოძრაობას" ეხება ხომ? ჩვენ იმ მესამე კატეგორიაზე ვლაპარაკობთ, ვინც ის ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი უნდა მიიმხროს, რომელიც არც "ოცნებას" აძლევს ხმას და არც "ნაცმოძრაობას". ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის დასარღვევად დანარჩენმა ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს? თუნდაც გახარიამ, ის ხომ არ ჯდება იმ კატეგორიაში, რომელზეც ახლა საუბრობდით?
- კი, ამ თვალსაზრისით გახარია ახალია, მაგრამ მან ძალიან დიდი რაუნდი გამოტოვა. როდესაც "ოცნებიდან" წამოვიდა. ძალიან ახლოს იყოს იმასთან, რაზეც ახლა სულ ლაპარაკობენ, ვგულისხმობ ე.წ. მესამე ძალას, მაგრამ მერე გაჩუმდა, რაღაც გაუგებარი ვიზიტები გააკეთა ოპოზიციურ ტელევიზიებში, რამაც საშუალება მისცა სახელისუფლებო და მასთან აფილირებულ პარტიებს, ეთქვათ, ეგ "ნაციონალების" ფიგურააო, და შერჩა ეს იარლიყი. ამიტომ ახლა ცოტა ძნელია იმის თქმა, რა შედეგი ექნება გახარიას. ძნელია თქმა იმიტომაც, რომ არ არის გამორიცხული, მაინც გახარიაზე აიღონ ორიენტაცია იმათ, ვინც ორივე პოლუსს იწუნებს. თუკი ასეთი საკმარისი რაოდენობით გაჩნდა, მაშინ გახარია უკეთეს პოზიციაში იქნება.
- რა უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი მიიმხროს? თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს ხალხი მისკენ ისე წავიდეს, გახარიამ არაფერი შეცვალოს?
- მგონი, დასჭირდება შეცვლა, რადგან მხოლოდ იმის თქმა, არც ერთი არ მინდაო, არ კმარა. ამას უკვე რამდენი წელია, ამბობს და ერთი და იმავეს გამეორება მომაბეზრებელი ხდება. ამიტომ ახლა სასურველია, თქვას, რომ არც ერთი მიმართულებით არ მიდის. მხოლოდ ის კი არა, ვის არ გაჰყვება ან გაჰყვება, არამედ საით წაიყვანს ქვეყანას. თუ ეს ითქვა, მაშინ ეს სრულფასოვანი პოლიტიკური განაცხადი იქნება.
- რა შთაბეჭდილებას ტოვებს "ლელო" დღეს ამ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლისთვის და რა უნდა შეცვალოს?
- "ლელოს" დიდი და მძიმე პრობლემა აქვს, მისი ლიდერის ბანკირობა. გასაგებია, რომ ბანკირობაში ცუდი არაფერია, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან მოსახლეობას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტორის მიმართ. ამ პერიოდში კი "ლელომ" არაფერი გააკეთა ამ მძიმე პრობლემის, თუ შეიძლება ითქვას, შესამსუბუქებლად ან ჩამოსახსნელად, დრო კი გადის. თუ დროს გააცდენ და არ გააკეთებ გასაკეთებელს, ეს ძალიან წამგებიანია ხოლმე. ამიტომ მგონია, რომ "ლელოსაც", გახარიასი არ იყოს, დრო აქვს გაცდენილი.