საიდუმლო და სკანდალური დოკუმენტი: რუსეთ-გერმანიის ომის სცენარი - "რუსული არმია არღვევს თავდაცვის ზღუდეებს და იყენებს "განკითხვის დღის" იარაღს - კვირის პალიტრა

საიდუმლო და სკანდალური დოკუმენტი: რუსეთ-გერმანიის ომის სცენარი - "რუსული არმია არღვევს თავდაცვის ზღუდეებს და იყენებს "განკითხვის დღის" იარაღს

გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ (Bild) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რუსეთის შესაძლო თავდასხმა ოთხი ეტაპით: ჩვენი მთავრობის ომის სცენარი“ (ავტორი - დირკ ხერენი), რომელშიც გადმოცემულია საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და შედეგები, ყველანირი სახის იარაღის გამოყენებით.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, გერმანიის მთავრობამ შეადგინა თეორიული გეგმა, რომელშიც მოცემულია, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია რუსეთის თავდასხმის შემდეგ.

დოკუმენტი 13-გვერდიანია და მისი სახელწოდებაა „სამოქალაქო თავდაცვის რისკების ანალიზი“. მასში აღწერილია ოთხეტაპიანი პროცესი, ომის დაწყების მომენტიდან და ნაჩვენებია საომარი მოქმედებების სავარაუდო შედეგები. „თუ რუსეთი მართლაც განახორციელებს შეტევას გერმანიაზე, ეს იქნება ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ცვლილება“, - ნათქვამია დოკუმენტში. ავტორების აზრით, „თავდასხმა სარწმუნო სცენარად უნდა ჩაითვალოს“.

პირველი ფაზა: "დეზინფორმაციის გავრცელების კამპანია მასმედიით, სოციალური ქსელებით და სხვა საშუალებებით, მოსახლეობის დაბნევის და საზოგადოებაში განხეთქილების გამოწვევის, ხელისუფლებისა და თავისუფალი დემოკრატიისადმი ნდობის შერყევის მიზნით“. პარალელურად ხდება კიბერშეტევები და საბოტაჟის აქტები ელექტროსადგურებზე, კაშხლებზე და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე. „ამ ეტაპის თავისებურებაა ოპერაციების საიდუმლო ხასიათი, ამიტომ ძნელი ხდება რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ან სახელმწიფო ორგანოს დადანაშაულება“.

მეორე ეტაპი: მიმდინარეობს რუსეთის ჯარების კონცენტრაცია ალიანსის საზღვრებთან. ნატო საპასუხოდ სასაზღვრო კონტინგენტს აძლიერებს. ფართოვდება კიბერშეტევებისა და დივერსიების მასშტაბი, რათა ნატოს ჯარების სამხედრო მოქმედება დაბრკოლდეს. რუსებს მწყობრიდან გამოჰყავთ ნატოს ქვეყნების კოსმოსური თანამგზავრები. მოსახლეობაში პანიკისა და შიშის დასათესად შესაძლებელია, დაიბომბოს ატომური რექტორები, ქიმიური საწარმოები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები, გერმანიის ტერიტორიაზე; მოსახლეობა ცდილობს თავშესაფრის პოვნას, ფართოვდება ლტოლვილთა ნაკადი.

მესამე ფაზა: შესაძლებელია, განხორციელდეს წერტილოვანი დარტყმები კონვენციური (ნებადართული) და არაკონვენციური (აკრძალული) იარაღის გამოყენებით, გერმანიის ტერიტორიის სხვადასხვა მხარეს. დასავლური კოსმოსური თანამგზავრების დიდი ნაწილი განადგურებულია, მოშლილია კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის მუშაობა.

მეოთხე ფაზა: რუსეთის არმია არღვევს თავდაცვის ზღუდეებს და გერმანიის ტერიტორიამდე აღწევს. ბრძოლები მიმდინარეობს ხმელეთზე, საჰაერო სივრცეში და საზღვაო აკვატორიაში. სავარაუდოდ, რუსეთი იყენებს ბიოლოგიურ, ქიმიურ და ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს და გარკვეულ ელექტრომაგნიტურ იმპულსს ზღვის დონიდან 50 კილომეტრის სიმაღლეზე, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს ყოველგვარი ელექტრონული მოწყობილობა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო