სახიფათო მტრობა: მაკრონი შოლცის წინააღმდეგ - რატომ დასცინა პარიზმა ბერლინს და ვინ გააგზავნის ჯარებს უკრაინაში?!
ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში, ბელგია) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „შოლცი და მაკრონი ერთმანეთს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გამო მტრობენ“ (ავტორები - ჯეიმს ანჟელოსი და ჯოშუა პოზნერი), რომელშიც განხილულია საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის არსებული უთანხმოება, უკრაინისადმი დახმარების გამო.
გთავაზობთ პუბლიკაცის მცირე შემოკლებით:
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან გერმანიის პოლიტიკა ნაკარნახევი იყო ერთი სახელმძღვანელო პრინციპით: ნებისმიერ ფასად თავიდან აეცილებინა კონფრონტაცია რუსეთთან.
მაგრამ პარიზში გამართული ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თავისი გერმანელი მეზობლის დასანახად, საჯაროდ უკუაგდო გერმანული ფრთხილი სტილი და ჟურნალისტების წინაშე მრავლობითში განაცხადა: - „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გარანტიას ვიძლევით, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ამ ომის მოგებას“. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, - რას ნიშნავს გარანტია, განა უკრაინაში ჯარს გაგზავნითო? - პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.
„გაბედული“ მაკრონი“ და „ფრთხილი“ შოლცი?
ემანუელ მაკრონის განცხადება მკვეთრად კონსტრასტული იყო გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გამონათქვამებთან მიმართებით, რომელმაც პარიზში გამგზავრებამდე სრულიად საწინააღმდეგო არგუმენტით ისარგებლა და ევროპელი ლიდერები რუსეთის მკაცრი რეაგირების საფრთხეზე გააფრთხილა - იმ შემთხვევაში, თუ ბერლინი უკრაინას გერმანული წარმოების შორი რადიუსით მოქმედების რაკეტებს - „ტაურუსებს“ მიაწვდის.
„ერთი რამ აუცილებლად ნათლად უნდა გავაცნობიეროთ: ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ის, რომ ამ სისტემამ [რუსეთის] რომელიმე წერტილს ან ადგილს მიაღწიოს. მე ძალიან მიკვირს, რომ გარკვეულ ადამიანებს ეს არ აღელვებთ და საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ომში ჩათრეულნი აღმოვჩნდებით“, - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს ბერლინში.
გერმანია მარტო არ არის თავის ფრთხილ მოქმედებაში, რათა არ გამოავლინოს ზედმეტი პროვოკაციულობა მოსკოვთან მიმართებით. ომის დაწყებისთანავე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ცდილობდა, გადაებიჯებინა მსგავსი ზღვარისთვის, როცა უკრაინას თავდაცვისათვის იარაღს აწოდებდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც თავი შეიკავა - არ მისცა უკრაინას ისეთი რაკეტები, რომელთა გამოყენება კიევის მიერ ვაშინგტონს მოსკოვთან ომისაკენ უბიძგებდა.
პარიზის სამიტის შემდეგ ნატოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ემანუელ მაკრონის კომენტარებისაგან დისტანცირება არჩიეს და დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ მათ უკრაინაში ჯარების გაგზავნის გეგმები არ აქვთ.
გერმანელების სიფრთხილე რუსეთთან შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებით, გასაგებია - ამას ბევრად განაპირობებს წარსულის გამოცდილება. რუსეთი („რუსლანდ“) დიდი ხნით დარჩა გერმანელთა მახსოვრობაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისტორიული ბრალის ელემენტიც არის, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გაჩაღების გამო.
გავიხსენოთ, რომ ოლაფ შოლცმა თავის დროზე გადადო გადაწყვეტილების მიღება, უკრაინისათვის ტანკების - „ლეოპარდების“ მიწოდების თაობაზე - ნაწილობრივ იმ მიზეზითაც, რომ გერმანიაში ძლიერია პაციფისტური განწყობა.
ფრანგებს ნაკლებად აღელვებთ მსგავსი მომენტები და, ალბათ, ამიტომაც ემანუელ მაკრონი თავს შედარებით უფრო კომფორტულად გრძნობს, როცა ლაპარაკობს დასავლური ჯარების სავარაუდო გაგზავნაზე უკრაინაში - თუნდაც ეს განცხადება შეუსრულებელი იყოს.
თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა კატეგორიულად უარყო რაიმე მსგავსი გეგმები და ხაზი გაუსვა: „ევროპული ქვეყნების ან ნატოს წევრი სახელმწიფოების სახმელეთო ჯარების ადგილი უკრაინაში არ არის“, - დაწერა კანცლერმა „იქს“(X) ქსელში.
პარიზ-ბერლინის „ხორკლიანი“ ურთიერთობა
უკრაინისადმი დახმარების საკითხში ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შორის ადრე არსებული საკმაოდ პრობლემური ურთიერთობა დღეს თითქმის ღია მტრობაშია გადაზრდილი.
გერმანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მართალია, ემანუელ მაკრონი უკრაინის სასარგებლოდ აკეთებს განცხადებებს, მაგრამ, პრაქტიკულად, ძალიან ცოტას აკეთებს კიევის დასახმარებლად, ბერლინთან შედარებით.
კილის გერმანული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მონაცემებს აგროვებს თითოეული ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილზე უკრაინისადმი გაწეულ სამხედრო დახმარებში, ამ მხრივ საფრანგეთს აშკარად აუტსაიდერად თვლის, გერმანიასთან შედარებით: პარიზის წვლილი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 640 მილიონ ევროს შეადგენს, გერმანიისა კი - 17,7 მილიარდ ევროს.
აი, სწორედ ამიტომ სარგებლობს ოლაფ შოლცი ყოველი შანსით, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლა მოახდინოს, განსაკუთრებით კი -საფრანგეთზე, უკრაინაში მეტი იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის მიზნით.
თავის მხრივ, ფრანგი ოფიციალური პირები უარყოფენ გერმანიის საყვედურებს და აცხადებენ, რომ კიევს მისთვის სასარგებლო შეაიარაღებას უგზავნიან და ხაზს უსვამენ: „რასაც ვაწვდით უკრაინას, სწრაფად ვაძლევთ და გერმანელებივით ფრთხილად არ ვიქცევით და არ ვყოყმანობთ“. ფრანგების აზრით, ამის ნათელი მაგალითია გერმანელების ყოყმანი უკრაინისათვის რაკეტა „ტაურუსის“ მიწოდების თაობაზე. ფრანგებმა ივალდებულეს, აგრეთვე, ფრთოსანი რაკეტების - SCALP-ების მიცემა ივლისისათვის - ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთი აწვდის Storm Shadows-ის მარკის რაკეტებს. ეს ორივე იარაღი „ტაურუსს“ ჰგავს, თუმცა ითვლება, რომ გერმანული „ტაურუსი“ უფრო მეტად შორს მიფრინავს და დიდი სიმძლავრის ქობინა აქვს ანუ მისი გამოყენება შეიძლება ისეთი ობიექტების გასანადგურებლად, როგორსაც, ვთქვათ, ქერჩის ხიდი წარმოადგენს.
უკრაინელი ლიდერები ევედრებიან გერმანიას, „ტაურუსის“ მიწოდების მიზნით, განსაკუთრებით ახლა, როცა კიევს საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვს, ამერიკის კონგრესი (წარმომადგენელთა პალატა) კი თავს იკავებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებისაგან. ბევრი უკრაინელი სამხედრო თვლის, რომ მათ რომ იარაღი საკმარისი ჰქონოდათ, ავდეევკას რუსეთს არ დაუთმობდნენ.
უკრაინელებს დიდი სურვილი აქვთ, რომ რაკეტა „ტაურუსებით“ რუსეთის ობიექტები და მომარაგების კომუნიკაციები გაანადგურონ, ფრონტის ხაზის მიღმა, ღრმა ზურგში, მაგრამ გერმანელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ „ტაურუსების“ მართვა ძალიან რთულია და თუ ამ რაკეტებს უკრაინას მიაწვდიან, მაშინ მათი დისლოკაციის ადგილებზე უნდა გაგზავნონ ბუნდესვერის ქვედანაყოფებიც, რაკეტების დასაპროგრამებლად.
თუმცა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გუსტავ კრესელი ამბობს, სრულიად შესაძლებელია, რომ „ტაურუსის“ დაპროგრამება და მისი მართვის წესები გერმანელებმა უკრაინელებსაც ასწავლონ და მაშინ საჭირო აღარ გახდება გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნა.
რატომ დასცინის გერმანიას საფრანგეთი
ემანუელ მაკრონმა ოლაფ შოლცს მწარედ მიანიშნა გერმანიის ისტორიულ გაუბედაობაზე, როცა საქმე ეხება უკრაინაში იარაღის გაგზავნას. „ბევრი ის ადამიანი, რომლიც დღეს ამბობს, არასოდეს, არასოდესო, იყვნენ ისინი, რომლებიც ორი წლის წინათაც აცხადებდნენ: „არასოდეს ტანკები, არასოდეს თვითმფრინავები, არასოდეს რაკეტები“. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ ამ მაგიდასთან მსხდომები ამბობდნენ, რომ უკრაინას საძილე ტომრებს და ჩაფხუტებს მივცემთო“. ფრანგ პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა ფართოდ გახმაურებული ფაქტი - რომლის გამოც გერმანიას დასცინოდნენ - როცა ბერლინმა კიევს 5 ათასი მუზარადი (ჩაფხუტი) გაუგზავნა.
რაც შეეხება „ტაურუსებს“, ოლაფ შოლცი ურყევია. ერთ-ერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან ის არის, რომ ამერიკელებმა კიევს უფრო ბევრი ATACMS-ი მიაწოდონ. ალბათ, მოგვიანებით, გერმანიაც შეიძლება დათანხმდეს - ბერლინი ხომ ახლა ვაშინგტონს მხოლოდ ერთი ნაბიჯით ჩამორჩება! სხვათა შორის, ბერლინი ადრეც უარს ამბობდა „ლეოპარდების“ მიცემაზე, ვიდრე ამერიკამ „აბრამსები“ არ გაგზავნა.