ქართული დაზვერვის უნიკალური ისტორია:"სანტექნიკოს-ჩეკისტი" - ვინ იყო ალექსანდრე ბესტავაშვილი, რომლის გადაბირებას გენერალი ინაური ცდილობდა - კვირის პალიტრა

ქართული დაზვერვის უნიკალური ისტორია:"სანტექნიკოს-ჩეკისტი" - ვინ იყო ალექსანდრე ბესტავაშვილი, რომლის გადაბირებას გენერალი ინაური ცდილობდა

ყველა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურს მუშაობის საკუთარი, ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული ხელწერა აქვს. დაზვერვის ისტორიაში გავრცელებულია ამგვარი შეხედულება: ამერიკელები ცდილობენ ოპერატიული დაინტერესების ქვეყანაში მინისტრი გადაიბირონ, დიდ ბრიტანეთის დაზვერვა ასეთი „ამპარტავანი“ არ არის და მინისტრის თანაშემწე–მდივნის გადაბირებითაც კმაყოფილდება, აი საბჭოთა/რუსეთის დაზვერვა კი „ნადირობს“ მინისტრებზეც, მის თანაშემწე–მდივნებზეც და მინისტრის კაბინეტის დამლაგებლებზეცო.

ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა დაზვერვის ყველაზე სუსტი წერტილი და „აქილევსის ქუსლი“ ოპერატიულ–აგენტურული გზებით მოპოვებული ათეულ ათასობით ინფორმაციის დროული და ხარისხიანი ანალიზი იყო. საბჭოთა კა–გე–ბე/გე–ერ–უს ყველგან უნდა ჰყოლოდა აგენტები, მათგან მიღებული ინფორმაციის ფასეულობა კი უკვე მეორეხარისხოვანი საქმე იყო. „საბჭოური მენტალიტეტი“ ამ სფეროშიც ბატონობდა: მთავარი აგენტურის რაოდენობა იყო, თანაც სპეცსამსახურის ხელმძღვანელებს თავად უნდა ჰყოლოდათ „პირად კავშირზე“ მათ მიერვე „გადმობირებული“ აგენტები. ეს „მაღალი პროფესიონალიზმის“ ნიშნად ითვლებოდა და სულ ზემოთ–ზემოთ, „ცენტრში“, მოხსენება–მოხსენებაზე იგზავნებოდა, იქიდან კი სახელმწიფო ჯილდოებითა და ვადამდელი სამხედრო წოდებებით ასაჩუქრებდნენ. ამჟამად რუსეთის სპეცსამსახურები აგრძელებენ საბჭოთა ტრადიციებს.

დღე არ გავა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის გამოვლენის შესახებ ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს. თებერვლის ბოლოს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში წუყენა ბულგარეთის მოქალაქეს, 38 წლის ტიხომირ ივანჩევს, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა. 2023 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ბულგარეთის ხუთი მოქალაქე, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ინგლისში. ესენი არიან: ორლინ ივანოვი (45 წლის ); ბისერ ჯამბაზოვი (41 წლის); კატრინ ივანოვა (31 წლის); ივან სტოიანოვი (31 წლის ) და ქალბატონი ვანია გაბეროვა (29 წლის). მათ ბრალი ედებათ რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. კერძოდ, სხვადასხვა ობიექტებზე და პირებზე თვალთვალში (როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე) და ინფორმაციის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემაში. ექვსივე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სრულიად „მშვიდობიანი“ პროფესიის ( მძღოლი, კოსმეტოლოგი, მღებავი და ა.შ.) იყო და ერთი შეხედვით მათ რა ზიანი უნდა მიეყენებინათ დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის? პასუხის გაცემას ნუ ვიჩქარებთ.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისში იმართება. ფორუმი ყოველთვის წარმომადგენლობითია: ასზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, მინისტრი, ბიზნესმენი და ცნობილი მეცნიერი, მოკლედ, ნამდვილი "კლონდაიკია" სპეცსამსახურებისთვის. აგენტურის გადაბირება, ფარული მიყურადებისა და გადაღების აპარატურის დამონტაჟება ან უკვე მოქმედ აგენტთან შეხვედრა - ეს დავოსის ეკონომიკური ფორუმის აუცილებელი ატრიბუტებია. 2020 წლის დავოსის ფორუმის დაწყების წინ ერთ-ერთმა შვეიცარულმა გაზეთმა ძალზე საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2019 წლის აგვისტოში შვეიცარიის ფედერალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დავოსში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც თავი სანტექნიკოსებად გაასაღეს. რაოდენ დიდი იყო შვეიცარიის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელების გაოცება, როდესაც "სანტექნიკოსებს" დიპლომატიური პასპორტები აღმოაჩნდათ. ეჭვებს აძლიერებდა ის გარემოებაც, რომ რუსეთის მოქალაქეები დავოსში ოცი დღით დარჩენას აპირებდნენ. თუ გავითვალისწინებთ დავოსში ცხოვრების სიძვირეს, მაშინ რუსი "სანტექნიკოსები" ან მილიონრები იყვნენ, ან სახელმწიფოს (ანუ სპეცსამსახურების) ფულს ხარჯავდნენ. რუსეთის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს და მათ უპრობლემოდ დატოვეს შვეიცარია. რუსი "სანტექნიკოს-დიპლომატების" მიზანი შესაძლოა, ყოფილიყო ფარული მისაყურადებელი და ვიდეოსათვალთვალო აპარატურის წინასწარ, ფორუმის დაწყებამდე დამონტაჟება დავოსის სხვდასხვა სასტუმროში. საინტერესოა, თუ რატომ ირჩევენ სპეცსამსახურები საფარად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან, სანტექნიკოსის პროფესიას? პასუხი მარტივია: "სანტექნიკოსად" გადაცმულ ჯაშუშებს ადვილად შეუძლიათ ნებისმიერ ოფისსა და კაბინეტში შესვლა, იქ კი ფარული მიყურადებისა და გადაღების აპარატურის დამონტაჟება.

როგორც ირკვევა, არც ქართველი "ჩეკისტი-სანტექნიკოსები" ყოფილან გულხელდაკრეფილი და შესაძლოა, ლონდონშიც კი ასრულებდნენ კა-გე-ბეს დავალებებს. ინგლისში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ლონდონში სანტექნიკური სამუშაოების პატარა ფირმა ჰქონდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოპერატიული დამუშავების ობიექტი გახდა და მის გადაბირებას თავად მთავარი ქართველი "ჩეკისტი" - ალექსი ინაური გეგმავდა. ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ აუცილებელია იმ ადამიანს მოვუსმინოთ, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესებში.

გადამდგარი პოდპოლკოვნიკი ვლადიმერ ლუტიძე, რომელიც თითქმის ორმოცი წელი იყო საქართველოს სსრ სუკ-ის კონტრდაზვერვის განყოფლების თანამშრომელი, ავტორია მცირე მოცულობის მემუარული ხასიათის წიგნისა: "კონტრდაზვერვის ოფიცრის მოგონებები", რომელიც თბილისში 2002 წელს დაიბეჭდა. როგორც ირკვევა, ვ. ლუტიძე არაერთგზის იყო მივლინებული საზღვარგარეთ ქართველი სპორტსმენებისა და ხელოვნების მუშაკების დელეგაციების შემადგენლობაში. მიზანი ორი იყო: კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა (ანუ დელეგაციის წევრებზე მეთვალყურეობა, რათა არავინ დარჩენილიყო "კაპიტალისტურ ქვეყანაში") და, პარალელურად, ქართველ ემიგრანტ-საბჭოთა აგენტებთან ოპერატიული კავშირის დამყარება ან აღდგენა.

ვ. ლუტიძე მოგვითხრობს ერთ ეპიზოდზე, როდესაც თავად საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარე ალექსი ინაური იყო ჩართული ქართველი ემიგრანტის გადაბირების ოპერაციაში. ქართველი ემიგრანტი ალექსანდრე ბესტი ცხოვრობდა ინგლისში, მუშაობდა სანტექნიკოსად (საკუთარი მცირე ფირმაც ჰქონდა) და მას ხშირად იძახებდნენ დიდი ბრიტანეთის სამთავრობო სტრუქტურებში, ინგლისის არისტოკრატიულ ოჯახებში და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში სანტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად. საბჭოთა დაზვერვას ეს ფაქტი არ გამოეპარა და გადაწყდა ა. ბესტის ოპერატიული დამუშავება. გაირკვა, რომ ა. ბესტი (ალექსანდრე ბესტავაშვილი) ალექსი ინაურის ბავშვობის მეგობარი ყოფილა და საქმეში უკვე "მძიმე არტილერია" ჩაერთო. საჭირო გახდა მათი "შემთხვევითი" შეხვედრის ორგანიზება.

picture1-1709277254.jpg

ალექსი ინაური და ლეონიდ ბრეჟნევი.

ა. ბესტავაშვილის პირველ მოგზაურობას საქართველოში ვ. ლუტიძე ამგვარად გადმოსცემს (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.): "მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ბესტავაშვილი საქართველოში არ დაბრუნდა. იგი ცხოვრობდა ინგლისში, მუშაობდა სანტექნიკოსად. ასეთი სპეციალობა მას აძლევდა საშუალებას, ყოფილიყო მიწვეული სანტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად ინგლისის სამთავრობო ხელისუფლების ორგანიზაციებში და, აგრეთვე, ინგლისის მაღალი ელიტური საზოგადოების ოჯახებშიც. ბესტავაშვილის მიმართ საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურს გარკვეული დაინტერესება ჰქონდა... მისი საქართველოში ჩამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენილა. თავის თბილისელ ახლობლებთან საუბარში უხსენებია, რომ მისი ბავშვობის მეგობარი ალექსი გენერალი გამხდარაო. როდესაც გენერალ ინაურს მოხსენდა მისი ბავშვობის პერიოდის კავშირზე იმჟამად უცხოელთან, მან მოისურვა შეხვედრა ბესტავაშვილთან. ამ შეხვედრის ორგანიზება მე დამევალა. ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა. მათ მოიგონეს ბავშვობა, ომის წლები და დაშორდნენ, როგორც ბავშვობის მეგობრები. დაშორებისას გენერალმა ინაურმა ბესტავაშვილს სამახსოვროდ სიმბოლურად აჩუქა ქართული ხმალი".

picture2-1709277254.jpg

ალექსანდრე ბესტავაშვილი მეუღლესთან ერთად

კარგად ჩანს, რომ ვ. ლუტიძე "ჩეკისტურად" ცდილობს კვალის არევას. ჯერ კიდევ 2001 წლის 3 აგვისტოს "დილის გაზეთში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ალექსანდრე ბესტავაშვილთან (ავტორი: მანანა სალაძე), სადაც თავად ა. ბესტავაშვილის მონათხრობიდან ირკვევა, რომ ის 1907 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ატენში. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, სამი წელი კი თბილისის უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე. მოულოდნელად მან 1929 წელს მიატოვა სწავლა და ფარულად თურქეთში სამ მეგობართან ერთად გადავიდა. იქიდან კი საფრანგეთში, ქართული ემიგრაციის ცენტრში, ჩავიდნენ. ინტერვიუში ა. ბესტავაშვილი აცხადებს: "ცოტაოდენი ფრანგული ვიცოდი . . მაშინ 3-4 წლით ვაპირებდი საზღვარგარეთ დარჩენას, რომ მერე ჩემი ცოდნა სამშობლოსთვის მომეხმარებინა." ასე, რომ ა. ბესტავაშვილმა საქართველო ჯერ კიდევ 1929 წელს დატოვა და არა მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც ამას ვ. ლუტიძე წერს.

გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს უკვე ასე მარტივი არ იყო საბჭოთა კავშირის დატოვება (თანაც ფარულად, სახელმწიფო ორგანოების ნებართვის გარეშე) და სამი-ოთხი წლის შემდეგ უკან დაბრუნება. თუმცა ა. ბესტავაშვილის მონათხრობის შემდეგ ბევრი სხვა საინტერესო ფაქტიც ირკვევა. 1930 წლის ოქტომბრიდან ის აქტიურად ებმება ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, კონტაქტი აქვს, როგორც ნოე ჟორდანიას მომხრეებთან, ასევე - "თეთრი გიორგისა" და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან. მას აუცილებლად ექნებოდა შეხვედრები სპირიდონ კედიას ნათესავთან, ქართველ ემიგრანტ და საბჭოთა აგენტ გიორგი გეგელიასთან, რომელიც ლავრენტი ბერიას დავალებით ჯერ კიდევ 1925 წელს ვითომდა "სასწავლებლად" გააგზავნეს საფრანგეთში ს. კედიას გარემოცვაში დამკვიდრების მიზნით. ა. ბესტავაშვილს ურთიერთობა ექნებოდა, აგრეთვე, მეორე საბჭოთა აგენტ შალვა ბერიშვილთან, რომელიც ნოე ჟორდანიას დიდი ნდობით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, ა. ბესტავაშვილის კონტაქტები ქართული ემიგრაციის ლიდერებთან დააინტერესებდა საბჭოთა სპეცსამსახურებს და "ახალგაზრდა გორელის" ბიოგრაფიასაც დაწვრილებით შეისწავლიდნენ (თუ თავიდანვე მათი დავალებით არ მოქმედებდა). ის საბჭოთა საგარეო დაზვერვის პარიზის რეზიდენტურის "ოპერატიული დამუშავების ობიექტი" და გადაბირების კანდიდატიც იქნებოდა. ასე რომ, ა. ბესტავაშვილის პირადი საქმე ჯერ კიდევ 1930-იან წლებიდან უნდა ყოფილიყო საბჭოთა უშიშროების ოპერატიულ არქივებში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ა. ბესტავაშვილი ჯერ ბელგიაში, ხოლო შემდეგ ინგლისში ცხოვრობდა. ა. ბესტავაშვილი ინტერვიუში იხსენებს: "...1940-დან 48-მდე, რაკი მოგზაურობის უფლება არ მქონდა, საფუძვლიანად გავეცანი ლონდონს. ომის დამთავრების შემდეგ . .. გათბობის გაყვანილობის საკუთარი ფირმა ჩამოვაყალიბე. მაშინ გადავწყვიტე ჩემი გრძელი ქართული გვარის ცოტა შემოკლება და "ბესტი" დავირქვი".

picture3-1709277255.jpg

ალექსანდრე ბესტავაშვილი და გელა ჩარკვიანი. ლონდონი.

ჟურნალისტის პირდაპირ კითხვაზე: "პირველად 1963 წელს ჩახვედით საქართველოში. როგორ მოახერხეთ ეს იმ პერიოდში? მოგეხსენებათ, ქართველი ემიგრანტი კი არა, "ჩიტი ვერ გადააფრინდებოდა" საბჭოთა კავშირის საზღვრებს..."

ა. ბესტავაშვილი პასუხობს: "ამის გამო ბევრი აქაური ქართველი ეჭვის თვალითაც მიყურებდა. გამგზავრების წინ არც ერთმა არ მომხედა და ჩემი მცირეწლოვანი შვილები ჩვენს ერთ ინგლისელ მეგობარს დავუტოვეთ. სამი თვე ვებრძოლე საელჩოს, ბოლოს ათი დღის ვიზა მომცეს, ოღონდ მითხრეს: გორში სასტუმრო არ არის და პირდაპირ თბილისში უნდა წახვიდეო. ცოლიც თან გამომყვა - შენი იქ დატოვება თუ დააპირეს, მე ინგლისის მოქალაქე ვარ და ჩემთან ერთად ისე იოლად ვერ მოგკიდებენ ხელსო.. . შემდეგ წელს მთელი ოჯახით ჩავედი საქართველოში, რათა შვილებსაც ენახა მამის სამშობლო. მაშინ გორში მთელი ექვსი კვირა გავატარეთ".

ჩემი აზრით, ა. ბესტავაშვილის საქართველოში სტუმრობა სინამდვილეში სუკ-ის ინიცირებული და ორგანიზებული იქნებოდა, რათა მასთან კონტაქტი დაემყარებინათ (ან აღედგინათ). ა. ინაურთან „შემთხვევითი“ შეხვედრაც წინასწარ დაგეგმილი იქნებოდა. ასრულებდა თუ არა ინაურის დავალებებს ქართველი "სანტექნიკოსი ბესტი"? ვფიქრობ, რომ ა. ინაურის მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლიდა და ქართველი "სანტექნიკოსი ბესტი" საბჭოთა უშიშროების დავალებებს წარმატებით შეასრულებდა (რაც ამჟამად გამქრალ საქართველოს სსრ სუკ-ის არქივებში სათანადოდ იქნებოდა დოკუმენტირებული). წინააღმდეგ შემთხვევაში ა. ბესტს საბჭოთა ვიზას აღარ მისცემდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ა. ბესტავაშვილი არა ერთხელ იყო ჩამოსული საქართველოში და ჟურნალისტებიც ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა ალექსი ინაურთან შეხვედრებისა და საუბრების შესახებ ა. ბესტავაშვილს სიტყვაც არ დასცდენია, არც ჟურნალისტებს „მოუკლავთ თავი“ კითხვების დასმით. რეალური მოვლენების და ფაქტების შელამაზებას ყოველთვის საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს და ამით ისტორიას ვამახინჯებთ. ალექსანდრე ბესტავაშვილი 2016 წელს 109 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. ქართველ „ჩეკისტებს“ კი სამუდამო სასუფეველში მიაქვთ ის უძვირფასესი განძი, რასაც მოგონებები (თუნდაც სუბიექტური) ჰქვია და ასე იკარგება საქართველოს უახლესი ისტორია.