დარტყმა სანკტ-პეტერბურგზე... ოდესის მორიგი დაბომბვის სანაცვლოდ - როგორ შეუძლიათ უკრაინულ დრონებს რუსული ქალაქებისთვის „ძილის გატეხვა“...
იგრძენით იგივე, რასაც ჩვენ ხშირად ვგრძნობთ, ანუ განიცადეთ შუა ღამეს თქვენს ქალაქზე საჰაერო დარტყმების მთელი „სიამოვნება“!- ეტყობა სწორედ ეს ამოქმედებდათ უკრაინელებს, როდესაც 2 მარტს, დილაუთენია კამიკაძე-დრონი გაუგზავნეს „საჩუქრად“ სანკტ-პეტერბურგს, რუსეთის ისტორიულ ქალაქს, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა მერამდენედ დაარტყეს ოდესას, უკრაინელებისთვის არანაკლებ ისტორიული მნიშვნელობის ქალაქს...
ქალაქებში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული „შაჰიდ/გერანებისა“ თუ სანკტ-პეტერბურგში უკრაინული „თახვების“ შეჯახებას არავითარი სამხედრო მნიშვნელობა არ გააჩნია და ამით მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება, მაგრამ ეს „სახიფათო თამაში“ ხომ რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს და არა იმ უკრაინელებმა, რომლებსაც თავისი სამშობლოს თითოეული გოჯის დაცვა კბილებით უწევთ?!
მეორე მხრივ, სამხედრო თვალსაზრისით პირიქით, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან არანაკლებ 850 კმ-ით დაცილებულ სანკტ-პეტერბურგს უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა ისე მიაღწია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცეში 5 სთ-ზე მეტი დროის ფრენის მიუხედავად ის, ასე ნაქებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ვერ ჩამოაგდო...
სანკტ-პეტერბურგში ერთი რომელიღაც ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამოშლა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა უკრაინული კამიკაძე-დრონის „თახვის“ მთავარი სამიზნე, იქვე ერთ კმ-ში ნავთობბაზაა განთავსებული და ეტყობა მისი ეფექტური აალება იყო ჩაფიქრებული, უბრალოდ კამიკაძე-დრონს სამიზნე აერია, შეიძლება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებითაც, როდესაც GPS-სიგნალის სპეციალურად ჩანაცვლება ხდება GPS spoofing-ის ცრუ სიგნალით, მაგალითად მოსკოვში, კრემლის წინ GPS-ს ნავიგატორი გიჩვენებს, რომ თურმე აეროპორტ შერემეტიევოში იმყოფები...
უკრაინის საპასუხო სვლები, რომ რუსეთის მოსახლეობამაც თავის თავზე განიცადოს იგივე, რითაც ორ წელზე მეტია იტანჯებიან უკრაინული ქალაქების მაცხოვრებლები, რა თქმა უნდა, იმ მასშტაბების ვერაა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული კამიკაძე-დრონები თითქმის ყოველ ღამეს უტევენ, მაგრამ ეს ბევრად უფრო ძლიერ რუს აგრესორებთან ბრძოლის შედარებით ეფექტიანი და ამასთანავე ეფექტური გზაა...
საფრენი კამიკაძე-დრონების ბევრად უფრო დიდი მასშტაბით გამოყენება, უკრაინულ მხარეს ამ უთანასწორო ომში ერთგვარ უპირატესობას მიანიჭებდა...
მაგალითად, ასეთი ვარიანტი-უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან პირდაპირი ხაზით სულ რაღაც 175 კმ-ითაა დაცილებული რუსეთის ქალაქ ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო-საჰაერო ბაზა, რომლის აეროდრომიდან აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები ყოველდღე ბომბავენ პლანირებადი მართვადი საავიაციო ბომბებით იმავე ხარკოვს, ჩუგუევსა თუ იზიუმს...
უკვე ჩამოგდებულ პლანირებად საავიაციო ბომბებთან ბრძოლა რთული და არაეფექტიანია, შედარებით მომგებიანი მათი მატარებელი რუსული საფრონტო ბომბდამშენების დაზიანება/ჩამოგდება თავად რუსულ ცაში, მაგრამ ეს მოითხოვს „პეტრიოტის“ შორსმფრენ საზენიტო რაკეტებს, რომელთა დიდ დეფიციტს განიცდიან უკრაინელი მეზენიტეები...
რჩება მესამე გზა- საჰაერო დარტყმების მიყენება უშუალოდ ვორონეჟის ბალტიმორის საჰაერო ბაზაზე, რისი მცდელობაც აქამდეც არაერთხელ ყოფილა, მაგრამ რუსეთის საჰაერო თავდაცვას ამ სტრატეგიული მნიშვნელობის აეროდრომისკენ მისაფრენი მარშრუტები ჰაერში „გამოთოფილი“ აქვს-მოწყობილია ნაწილობრივ ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ზღუდეები-„ბუკების“, „ტორების“,პანცირებისა“ და „იგლების“ საშუალებით, რაც ნაკლებ საშუალებას უტოვებს უკრიანულ კამიკაძე-დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს მათ გადასალახავად.
მაგრამ არსობობს სიტუაცია, როდესაც რაოდენობა ხარისხში გადადის ანუ იმავე ბალტიმორის აეროდრომზე შესატევად ათიოდე ძვირადღირებული ფრთოსანი რაკეტის ნაცვლად ჯობს ასიოდე იაფასიანი კამიკაძე-დრონის ან სულაც კიდევ უფრო იაფი სამიზნე-დრონის გამოყენება.
ასიდან ასივე დრონის ჩამოგდება თეორიულადაც კი შეუძლებელია და რამდენიმე მათგანი მაინც გაიჭრება სამიზნისკენ...
ყველა დრონიც რომ ჩამოაგდონ, უკრაინული მხარე მაინც დიდ მოგებაში დარჩება- ერთი საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ როგორც წესი ორი ან უფრო მეტი საზენიტო რაკეტა გამოიყენება, ხოლო ნებისმიერი მართვადი საზენიტო რაკეტა, ბევრად მეტი ღირს ნახევრადკუსტარულ დრონზე, მით უმეტეს თუკი ეს იქნება სამიზნე-დრონი-ფანერისგან დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც წინასწარდაპროგრამებული მარშრუტით მიფრინავს და არც საბრძოლო ქობინი გააჩნია, თუმცა რუსმა მეზენიტეებმა ეს ხომ არ იციან და მასაც სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ...
ასობით ასეთი სამიზნე-დრონის ერთდროული გაშვება დიდი სტაციონალური სამიზნის-აეროდრომის, ნავთობბაზის ან სულაც რომელიმე ქალაქის მიმართულებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვას დიდი რაოდენობით გაახარჯვინებს ძვირადღირებულ საზენიტო რაკეტებს, ოღონდ ამისთვის სამიზნე-დრონები ღამით და ისიც ორ კმ-ზე მაღლა უნდა მიფრინავდნენ, რათა რუსი მეზენიტეები საზენიტო ტყვიამფრქვევევბით ვერ მისწვდნენ-იაფასიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიებით ან თუნდაც მცირეკალიბრიანი ქვემეხების ჭურვებით ამ სამიზნე-დრონების ჩამოგდების შესაძლებლობა ჩანაფიქრს აზრს დაუკარგავს.
უკრაინას სრული უფლება აქვს განახორციელოს შურისმაძებელი ან სულაც დაგეგმილი საჰაერო დარტყმები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, ოღონდ არ უნდა დაემსგავსოს პუტინის დამნაშავე არმიას და მიზანმიმართულად არ ამოიღოს სამიზნეში რუსული ქალაქები და სოფლები, ხოლო თუკი რუსი მეზენიტეების მიერ გაშვებული რაკეტებით დაზიანებული და ჩამოგდებული უკრაინული დრონები მაინც დაეცემა საცხოვრებელ კორპუსებს, ამაზე პასუხი რუსეთის მოსახლეობამ თავად რუსულ საჰაერო თავდაცვას მოჰკითხოს...