"ადამიანს პანაშვიდზე რომ არ უშვებ, ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ, რისი გეშინია?" - კვირის პალიტრა

"ადამიანს პანაშვიდზე რომ არ უშვებ, ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ, რისი გეშინია?"

კიდევ ერთი ტრაგედია უგმიროდ

ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მცხოვრები სოლომონ (სოსო) ქიმერიძის გარდაცვალების საეჭვო გარემოებების თაობაზე ინფორმაცია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას დეპუტატ გია ცაგარეიშვილისგან მოისმინა. მოგეხსენებათ, სოლომონ ქიმერიძე, რომელიც ჯართის მოპარვის ბრალდებით დაკითხვაზე დაიბარეს, რამდენიმე საათში ოჯახს გარდაცვლილი მიუსვენეს. პოლიციელთა მტკიცებით, ქიმერიძე პოლიციის შენობის მეორე სართულის კიბიდან ჩამოვარდა. 28 თებერვალს ქიმერიძის ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია "მაესტროს" საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აქვს, რაც, მათი აზრით, არ შეიძლება მხოლოდ კიბიდან გადმოვარდნის შედეგი იყოს.

ოჯახი ეჭვობს, რომ სოლომონ ქიმერიძე წამებაში შემოაკვდათ: "სხეულზე მრავალი ტრავმა აქვს, ფეხები - ამოკბეჩილივით, მუცელი - გაჭრილი, ღვიძლი - ჩათქვეფილი, ტანზე ალაგ-ალაგ სისხლჩაქცევები და თავი კი შეკერილი აქვს. როგორც გვითხრეს, თვითმხილველი არავინ ყოფილა და სინამდვილეში რა მოხდა, არ იციან",  - აცხადებდა რამდენიმე დღის წინ ქიმერიძის მეუღლე, დღეს კი კომენტარზე უარს ამბობს. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები გარდაცვლილის ოჯახს აშინებენ. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ქვიშხეთში "ქართული აკადემიის" წევრები და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები ჩავიდნენ. როგორც ნაციონალური სატელევიზიო არხები წარმოაჩენენ, მათ სოფელმა პროტესტი გამოუცხადა, თუმცა იმ ვიდეოფირზე აშკარად ჩანდა, რომ ის ხალხი, ვინც სამძირის სათქმელად მისულებს ჭირისუფლებამდე არ უშვებდა, ქიმერიძის თანასოფლელებს სულაც არ ჰგავდნენ.

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ქვიშხეთიდან დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შემდეგი ჩანაწერი გაავრცელა: "დღეს ვიყავი ქვიშხეთში, საცოდავი, ნაწამები, მოკლული 45 წლის ახალგაზრდის სამძიმარზე. მსგავსი საშინელება არ მინახავს... მთელმა ქვეყანამ უნდა ნახოს ამათი სიმხეცე, ამ უბედური ადამიანის დაშინებული ოჯახი. გადაცმული პოლიციელების მჭიდრო კორდონი. გამხეცებულები შიგ არავის უშვებენ. სამ ქალს წინ ვერ გადაგვეღობნენ. ასეთი გამწარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ! სახალხო დამცველი სასწრაფოდ უნდა გაჩნდეს იქ თავისი ექსპერტით. თუმცა ექსპერტიც კი არაა საჭირო! ასე რომ ყელყელაობდა და ყველას ტალახში გვეპატიჟებოდა, წაბრძანდეს პრეზიდენტი, ყველა მისი ძალოვანი მინისტრი და ნახონ მათი მონა, დაზომბებული, სახეწაშლილი, უგვანი ქვეშევრდომები რას სჩადიან! გამოფხიზლდით, ხალხო! ესენი ყველას კარზე ააყუდებენ მალე სიკვდილის ცელს!"

სახალხო დამცველის აპარატმა ამ ფაქტის თაობაზე განცხადება უკვე გაავრცელა. გთავაზობთ ამონარიდს: "ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები. შესაბამისად, მივმართავთ გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ქიმერიძის, როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას".

გვესაბრება "ქართული აკადემიის" წევრი, ბიოლოგიიის მეცნიერებათა დოქტორი თემურ ნანეიშვილი: "მე გასული წლების შავ-ბნელ 30-იან წლებს არ მოვსწრებივარ, მაგრამ ბევრი რამ გადმოცემით გამიგია და წამიკითხავს, ჰოდა, ის, რაც ქვიშხეთში იმ საწყალი ადამიანის ოჯახში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა 30-იანი წლების სისასტიკე. ასეთი აშკარა ტერორი ადამიანებისა შეიძლება მაშინაც კი არ იყო. იმჟამად ე. წ. "ტროიკები" ფორმალურად მაინც ასამართლებდნენ ადამიანებს და მერე ხვრეტდნენ, ახლა გაუსამართლებლად ხოცავენ. მომავალი არჩვენების წინ შიშის ატმოსფეროს კიდევ უფრო აძლიერებენ, უკან კი არ იხევენ, შეტევაზე გადადიან. ოჯახი, მთელი სოფელი დააშინეს, რათა ხმა არ ამოიღონ და სიმართლე არ ეძებონ. სამოქალაქოტანსაცმლიანი პოლიციელები, რომელთა ნაწილს ქვიშხეთელები არც იცნობენ, სამძიმარზე ყველა მიმსვლელს აკონტროლებენ. გაიძახიან, ოჯახის ახლობლები ვართო, თუმცა ოჯახის შესახებ ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობენ.

ზოგიერთი ჟურნალისტი ამბობს, რომ ვითომ გამოგვყარეს ქვიშხეთიდან. ამისთანა რამ არავის უკადრებია, მაგრამ ჭირისუფლისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად მხოლოდ ქალებმა მოახერხეს შესვლა. რასაც ისინი ჰყვებიან, საშინელებაა. ექსპერტიზაც არ სჭირდება იმას, რაც იმ ახალგაზრდა კაცს დამართეს. ჩვენ იქ ჩავედით უსამართლობის გასაპროტესტებლად და ოჯახისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად. რიგით ოჯახის ახლობელს როგორ ფიქრობთ, აზრად მოუვიდოდა და ნანა კაკაბაძეს აკადარებდა, ხომ არაფერი შეგაქვსო? აშკარა, რომ ოჯახსა და მთელ სოფელზე დიდი ზეწოლაა, იქ სულ ორიოდე კაცი იყო იმსოფლელი და აშკარად ჩვენ თანაგვიგრძნობდნენ. ოჯახი მძევლად ჰყავთ, პოლიციის ხალხი ჭირისუფლებთანაც ზის და მათ ყველა სიტყვას აკონტროლებს. შვილი და ცოლი პანიკაში არიან. ოჯახის წევრები თავდაპირველად დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდნენ, ახლა კი ხმას აღარ იღებენ. მეორე სართულიდან ჩამოვარდნილი ადამიანი შეუძლებელია ასე დაშავებულიყო.

სახალხო დამცველი ჩავიდეს და ნახოს, რა ხდება იქ. ვიმეორებ, ამას ექსპერტიზაც არ სჭირდება. პოლიციის ქცევა თვალნათლივ აჩვენებს ყველაფერს. ადამიანს პანაშვიდზე რომ არ უშვებ, ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ, რისი გეშინია? მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ იცი, დანაშაული გაქვს ჩადენილი და არ გინდა ამ დანაშაულის მსხვერპლი ხალხმა ნახოს. კიდევ ერთიც, ჩვენ არავისთვის შეგვიტყობინებია, რომ სამძიმარზე მივდიოდით, მაგრამ იქ უკვე დაგვხვდნენ "პირველი არხის", "რუსთავის 2"-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოკამერებიანი თანამშრომლები. საიდან გაიგეს, რომ მივდიოდით? სავარაუდოდ, ჩვენი სატელეფონო საუბრებიდან, გამოდის, ყველას გვისმენენ".

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)

P.S. ბოდიშს ვიხდით ამ დამთრგუნველი ფოტოს გამოქვეყნებისთვის, მაგრამ ალბათ მაინც საჭიროა, რათა უფრო თვალნათელი იყოს მავანთა სიცრუე.