მარგარიტა სიმონიანმა ბუნდესვერი საქვეყნოდ "შეარცხვინა" - რუსი პროპაგანდისტი ნატოს "უსმენს"?
თუ ვინ არის მარგარიტა სიმონიანი რუსეთისთვის, ამას დიდი ახსნა არ სჭირდება-პირადად პუტინთან დაახლოებული რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე აგრესიული პროპაგანდისტი, რომელიც იმ ყველაფერზეა ხელისმომწერი, რაზეც დამოუკიდებელი ჟურნალისტი არასდროს წავა...
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სწორედ მარგარიტა სიმონიანის პირით აჟღერებენ ხოლმე რუსეთის სპეცსამსახურები რაიმე ისეთ მნიშვნელოვან საიდუმლო და სკანდალურ ინფორმაციას, რომელმაც რუსეთის ინტერესებზე უნდა იმუშავოს მთელს მსოფლიოში.
ასე იყო ბრიტანეთში რუსი ექს-მზვერავ პოლკოვნიკ სკრიპალის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის უარყოფის მცდელობისას, როდესაც სწორედ მარგარიტა სიმონიანმა აიღო ექსკლუზიური ინტერვიუ ბოშიროვ-პეტროვთან, სკრიპალის მოწამვლის ოპერაციის უშუალო მონაწილეებთან და ასე ხდება დღესაც, როდესაც ისევ მარგარიტა სიმონიანი აჟღერებს ერთ-ერთ დიდ საიდუმლოებას, რომელიც ნატოს და კერძოდ გერმანიის ბუნდესვერს დიდ სკანდალში ხვევს...
რამდენიმე დღის წინ მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა გერმანიის ბუნდესვერის რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედროს 40 წთ-იანი სატელეფონო საუბარი, რომლის მოპოვება მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს შეეძლოთ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, თუმცა სიმონიანმა არც დამალა, რომ ეს ჩანაწერი მას "სამხრეებიანმა ამხანაგებმა" გადასცეს.
მაინც რა ისმის ამ სატელეფონო ჩანაწერებში ისეთი, რომ თვით გერმანიის კანცლერმა შოლცმაც კი ბუნდესვერში შიდა გამოძიების ჩატარება ბრძანა, მას შემდეგ რაც დადასტურდა ჩანაწერის ავთენტურობა?
ჯგუფური სატელეფონო საუბარი გაიმართა ბუნდესვერის ოთხ მაღალჩინოსან ოფიცერს შორის (მათგან ერთ-ერთი სინგაპურში იმყოფებოდა და შეიძლება სწორედ იმ სასტუმროს ოთახშიც იყო დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა)-ისინი პროფესიონალურ დონეზე მსჯელობენ იმის შესახებ, რომ რა მოქმედებები უნდა გაატაროს ბუნდესვერმა, თუკი კანცლერი შოლცი ამდენი ჭოჭმანის შემდეგ მაინც დართავს ნებას „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების უკრაინის არმიისთვის მიწოდებაზე, რამდენად ზუსტად ხვდებიან "ტაურუსები" სამიზნეს, რამდენი "ტაურუსი“ დასჭირდება ყირიმის ხიდის დანგრევას, რომელი ტიპის თვითმფრინავებიდან უნდა იქნეს გაშვებული ეს „ტაურუსები“,რამდენი ხანი დასჭირდება უკრაინელი სპეციალისტების გადამზადებას "ტაურუსების" ექსპლუატაციისთვის...

რაიმე განსაკუთრებულად საიდუმლო ამ სატელეფონო საუბარში არ ყოფილა და ეს უფრო თანამშრომლურ-მეგობრულ მუსაიფს წააგავს, ვიდრე კონკრეტული საბრძოლო ამოცანის დაგეგმვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მაინც მიიღო სასარგებლო ინფორმცია ამ სატელეფონო ჩანაწერის "გადაჭერით“, მათ შორის "ტაურუსების“ ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებობებსა და მათ სიზუსტეზე...
მაგრამ მთავარი პრობლემა სულ სხვა რამეშია-რუსეთის სპეცსამსხურებს შეუძლიათ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო უწყებების და სავარაუდოდ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ფარული მიყურადება, რაც დაუშვებელია...
წესით, რუსეთის სპეცსამსახურებს ეს ჩანაწერი მარგარიტა სიმონიანისთვის კი არ გაენდოთ, არამედ ცხრაკლიტულის ქვეშ შეენახათ, რომ დასავლეთის კონტდაზვერვას არ გაეგო რუსეთის დაზვერვის მიერ ამ და სხვა კონკრეტული საიდუმლო ოპერაციების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ, თუმცა...
უცილობლად, ეს თავად პუტინის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა-მარგარიტა სიმონიანი იმიტომ "აამღერს", რომ ამით კრემლს არანაკლებ ორი თევზის დაჭერა სურდა ამღვრეულ წყალში...
პირველი - პუტინმა შოლცი ასეთი სახით გააფრთხილა, რომ ყველაფერი იცის „ტაურუსების“ თემასთან დაკავშირებით და არ ურჩევს მათ უკრაინისთვის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულად გერმანიის წინააღმდეგ კრემლი საპასუხო მოქმედებებს განახორციელებს...
მეორე - ფარული მოსმენის გასაჯაროებით რუსეთის სპეცსამსახურებმა დარტყმა მიაყენეს ბუნდესვერის და მთლიანად ნატოს იმიჯს - ვინ იცის, იქნებ ჩვენც გვისმენს რუსული "გე-ერ-უ"- ეს კითხვა დღეს არა მარტო გერმანელ, არამედ ალიანსის სხვა ქვეყნების ოფიცრებსაც მოსვენებას არ აძლევს...
"ტაურუსების" უკრაინისთვის გადაცემის მთელი ეპოპეა კი კიდევ უფრო მძფრდება. დასავლეთის სამხედრო ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ გერმანია ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას და როგორც კი ბაიდენი უკრაინელებს 300 კმ-ზე მფრენ ბალისტიკურ რაკეტებს გაუგზავნის, შოლციც "ტაურუსების" კიევისთვის გადაცემას დათანხმდება, როგორც ეს ტანკების შემთხვევაში მოხდა,როდესაც "აბრამსების" უკრაინისთვის მიწოდებაზე ვაშინგტონის თანხმობისთანავე ბერლინმა უკრაინაში თავის "ლეოპარდ 2"-ები გააგზავნა.
თუმცა "ტაურუსის" მთავარი პრობლემა, რომელიც ამასთანავე მისი მთავარი უპირატესობაცაა, იმაშია, რომ ის 500 კმ-ზე შორს მიფრინავს და უკრაინის ტერიტორიიდან გაშვების შემდეგ სწვდება მოსკოვში კრემლს, განსხვავებით 300 კმ-მდე მფრენი ამერიკული ბალისტიკური, გერმანული და ფრანგული ფრთოსანი რაკეტებისგან...