ფრინველი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - კვირის პალიტრა

ფრინველი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს

ალბათ, თქვენც გაგიგონიათ ხალხში გავრცელებული გამოთქმა: თუ თქვენს ფანჯარაზე წივწივა მოაკაკუნებს, ესე იგი, ბედნიერება და კარგი ამბები გელითო. ჩვენი სტუმარი ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი ამ მოხდენილ პატარა "მახარობელზე" გვესაუბრება.

ნიკა პაპოშვილი:

- სულაც არ მიკვირს, რომ ეს ცრურწმენა ხალხში გავრცელდა: წივწივა ძალიან სასიამოვნო ჩიტია. მისი ბუმბული ფერადი და ლამაზია, ხოლო ხმა - სასიამოვნოდ მოსასმენი. შესაბამისად, ადამიანებმაც ისურვეს დაჯერება, რომ ვისაც წივწივა კარზე მიუკაკუნებს, ბედნიერება ელოდება. რაც შეეხება დაზუსტებულ მეცნიერულ მონაცემებს, წივწივა ბეღურასნაირთა რიგის წარმომადგენელია. როგორც ყველა პატარა ფრინველი, ისიც აქტიურ ცხოვრებას მისდევს - ხმაურიანი და მოუსვენარი ჩიტია, რითაც ძალიან ჰგავს თავის "ნათესავებს". წივწივას ცხოვრება ხანმოკლეა, რადგან ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ ის ჩვენს ქვეყანაში მაინც საკმაო რაოდენობით ბინადრობს. საქართველოში ძირითადად სამი სახეობა გვხვდება: დიდი წივწივა, წიწკანა, რომელსაც ლურჯ წივწივასაც უწოდებენ, და შავი წივწივა, რომელიც წიწვოვან ტყეებში ბინადრობს. ამ სამი სახეობის ნახვა თბილისის შემოგარენშიც შეიძლება. ისინი ჩვენს სკვერებსა და პარკებში ბლომად არიან, დილით ადრე თუ დააკვირდებით, წივწივების თავისებურ "სიმღერას" აუცილებლად გაიგონებთ.

- შედარებით იშვიათი სახეობები რომელია?

- ასეთია მაგალითად, ჭაობის წივწივა, რომელიც მე მხოლოდ ბორჯომის შემოგარენში მყავს ნანახი, თუმცა მცირე რაოდენობით აჭარაშიც ბინადრობს. ჩრდილოეთის ქვეყნებში გვხვდება ქოჩორა წივწივა, რომელსაც თანამოძმეებისგან განსხვავებით, ქოჩორი ამშვენებს. ის საქართველოში მხოლოდ რამდენჯერმე ნახეს. აქვე უნდა დავასახელოთ ხმელთაშუა ზღვის წივწივაც. სამივე ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში იშვიათი სანახავია და ფრინველების მოყვარულებს კი არა, ზოგიერთ სპეციალისტსაც არ გვინახავს.

საქართველოში ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული დიდი წივწივა, მეც სწორედ ამ სახეობაზე გესაუბრებით, რადგან ყველა სახეობის ცხოვრების ნირი ერთმანეთს ჰგავს. დიდი წივწივა მრავალრიცხოვანი სახეობაა და ბევრნაირ ჰაბიტატს მოიცავს. დედამიწაზე ის მხოლოდ ცივ ადგილებში არ გვხვდება, სადაც მიწა მთელი წლის განმავლობაში ყინულითაა დაფარული. ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ამერიკაში... - ეს ფრინველები თითქმის ყველგან ცხოვრობენ, რადგან წივწივა ადვილად ეგუება გარემოს და შეუძლია ყველანაირ პირობებს შეეჩვიოს. სხვა ფრინველების მსგავსად, წივწივა ბუდეს ბუჩქებზე ან ხეებზე იკეთებს, მაგრამ არც ადამიანის აგებულ შენობებს იწუნებს. მისი საკვები ბუნებაში ადვილად მოიპოვება. საზოგადოდ, დიდი წივწივა თბილ ქვეყნებში არ მიფრინავს, ის მობუდარი ფრინველია და მხოლოდ მცირე დისტანციაზე თუ გადაინაცვლებს, ისიც ამინდის ცვლილების გამო.არც საქართველოში მობინადრე წივწივები არ მიფრინავენ შემოდგომით თბილ ქვეყნებში, მათ ეს ჩვევა არა აქვთ და ზამთარშიც კი მშობლიური ადგილების ერთგული რჩებიან. ეს ყველაფერი ეხება არა მარტო დიდ წივწივას: როგორც ვთქვით, მისი ცხოვრების წესი სხვა სახეობების ცხოვრების წესს ძალიან ჰგავს.

- როდის არის წივწივა ყველაზე აქტიური?

- გაზაფხულზე, როდესაც წყვილს ქმნის. პირველ ბუდობას წივწივა მარტში იწყებს და შესაძლოა წელიწადში 2-3 ბუდობაც მოასწროს. წელიწადის თბილ სეზონზე ამ ფრინველს საკვები საკმაოდ აქვს, მაგრამ ზამთარში მისი საზრდო იკლებს, რის გამოც კენკრასა და მცენარეთა ნარჩენებს ეტანება. წივწივა ხშირად იბუდებს ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს. დიდი რაოდენობით გვხვდება როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში, სადაც მის ბუდეებს სახლების ღრიჭოებსა და ფუღუროებშიც ნახავთ. მაგალითად, ჩემს სოფელში წივწივას ბუდე შესასვლელ კართანაა და სულ ვცდილობთ არ შევაწუხოთ. ასე რომ, ადამიანის საცხოვრებელი ბინა და ეზო-მიდამო წივწივას ძალიან მოსწონს. ამ ფრინველებს ყველაზე ხშირად ევროპულ დასახლებებში შეხვდებით, სადაც ფრინველებზე განსაკუთრებით ზრუნავენ: იმის გამო, რომ ზამთარში მათი საკვები იკლებს, ევროპის ქვეყნებში სპეციალურად მოწყობილ საკვებურებს დგამენ ქუჩებში, სადაც ადამიანები ხილს, მზესუმზირას, მარცვლეულს ყრიან და ასე ცდილობენ დაეხმარონ ფრთოსნებს ზამთრის გადატანაში.

didi-wivwiva-wyvili-2-1709483462.jpg

- ცნობილია, რომ წივწივა დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მწერებს და ამის გამო სასარგებლო ფრინველების რიცხვს მიეკუთვნება.

- დიახ, ერთი წივწივა თავის წონაზე სამჯერ მეტ მავნე მწერს ანადგურებს. ის მართლაც სასარგებლო ფრინველია, ბუნებაში მავნე მწერების რაოდენობას აწესრიგებს. თუმცა ორნითოლოგები ფრინველებს ასე არ ვყოფთ: ეკოსისტემისთვის ყველა ფრინველი საჭირო და სასარგებლოა.

- რა უწყობს ხელს, რომ წივწივა ყველგან დიდი რაოდენობით გვხვდება?

- ის, რომ საკმაო რაოდენობით კვერცხს დებს. საერთოდ, მცირე ზომის ფრინველებისთვის 8-10 კვერცხის გამოჩეკა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ახალგაზრდა ფრინველებს წინ დიდი გამოცდა ელით: მათ პირველი ზამთრის გადატანა ყველაზე მეტად უჭირთ - ზოგიერთი დაავადებებისგან იღუპება ან მტაცებელი ფრინველებისა და ძუძუმწოვრების მსხვერპლი ხდებიან. წივწივას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის კვერნები, მელიები, ასევე, კატები და ძაღლები... მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში მრავლად არიან და გადაშენების საფრთხეც არ ემუქრებათ. დაავადებებისა და სხვა მიზეზების გამო მათი რიცხოვნობა პერიოდულად იზრდება ან მცირდება, მაგრამ ამას საგანგაშო ხასიათი არა აქვს.

- ყველაზე დიდ საფრთხეს წივწივას რა უქმნის?

- ყველაზე მეტად მიუსაფარი კატები და ძაღლები ემტერებიან. ამერიკასა და ევროპაში ფრინველებს გაცილებით ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, რადგან იქ ქუჩაში ძაღლსა და კატას იშვიათად ნახავთ, ხოლო საქართველოში ბევრი მიუსაფარი ცხოველია და წივწივებისა და სხვა ბეღურასნაირთა სიკვდილიანობაც მაღალია. მიუსაფარი ცხოველები მათთვის გადაულახავი პრობლემაა, რომელსაც ჩვენ, ადამიანები ვქმნით. სწორედ ჩვენ ვტოვებთ ქუჩაში ცხოველებს, რომლებიც მერე უკონტროლოდ მრავლდებიან და ისეთ უწყინარ ლამაზ ფრინველებზე ნადირობენ, როგორიც წივწივაა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები ძალიან მიყვარს და ძაღლი ყოველთვის მყავდა, ქუჩის ცხოველების სიმრავლის მომხრე არა ვარ. ეს პრობლემა როგორმე უნდა მოვაგვაროთ. როცა ქუჩაში გაგდებული უმწეო ცხოველი მასზე უფრო უმწეო ჩიტებზე ნადირობს და ამით ბუნებას აზიანებს, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და როგორმე ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ.

- წივწივას მოშინაურება თუ არის შესაძლებელი?

- საერთოდ, ნებისმიერი ფრინველის მოშინაურება შეიძლება: ბარტყი რომ გამოიჩეკება, ვისაც პირველად დაინახავს, ვინც მოუვლის და დაუყვავებს, ის არის მისთვის დედაც და მამაც. წივწივასაც ნებისმიერი ადამიანი მოიშინაურებს, რომელიც მასზე დაბადებიდან იზრუნებს. როცა ფრენას ისწავლის, ცხადია, გაფრინდება, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება გამზრდელთან. უბრალოდ, ტყვეობაში, გალიაში ნამყოფი ფრინველი ველურ ბუნებას ვეღარ ეგუება, ამიტომ მე ფრინველების დატყვევების მომხრეც არა ვარ, თუნდაც ხიდან ჩამოვარდნილი ბარტყისა, რადგან ხშირ შემთხვევაში ბარტყი სულაც არ არის მშობლებისგან მიტოვებული: შეიძლება ის დედამ სპეციალურად ჩამოაგდო, რათა ბუნებაში ყოფნასა და გადარჩენისთვის ბრძოლას შეეჩვიოს, ან ფრენას სწავლობდეს და თვითონ ჩამოვარდეს. მას მშობელი აუცილებლად მიაკითხავს, ამიტომ უმჯობესია, ავიყვანოთ და უხიფათო ადგილას, ხის ტოტზე, გალავანზე ან მაღალ ბუჩქზე დავსვათ, რომ მტაცებლებმა ვერ იპოვონ. მშობლები მას აუცილებლად მიაკითხავენ, რადგან წივწივა და სხვა ბეღურასნაირები შთამომავლობაზე ყოველთვის ზრუნავენ.

ხათუნა ჩიგოგიძე