პრეზიდენტის სკანდალი, ამერიკულ-ჩინური დილემა, პუტინის „ქართული გეგმები“ და მიშას შიში „კლონებისადმი“ - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის სკანდალი, ამერიკულ-ჩინური დილემა, პუტინის „ქართული გეგმები“ და მიშას შიში „კლონებისადმი“

მთავრობაში პირველი საკადრო გადა­­ადგილებები ვნახეთ - ჯანდაცვის მინისტრი­ გადადგა. ყველაზე საინტერესო­ ამ ისტორიაში იყო პრემიერ ირაკლი კობა­ხიძის განცხადება - დიახ, უკმაყოფილო ვიყავი მისი მუშაობით და ამიტ­ომაც დავემშვიდობეო. არადა, მანამდე საქართველოში (ყველა ხელისუფლების დროს), ტრადიცია იყო დამკვიდრებული­, რომ საზოგადოებისთვის არ ეთქვათ, თუ ვინ რატომ წავიდა თანამდებობიდან. ოფიციალური ვერსია ასეთი იყო - ერთ დღეს გაიღვიძებდა ადამიანი და "აღმოაჩ­ენდა": აღარ უნდა მინისტრობა. კარგია, თუ დამკვიდრდება ტრადიცია, როდესაც ქვეყნის პირველი პირები აუხსნიან მოსა­ხლეობას, თუ რატომ გადადგა ესა თუ ის მინისტრი. ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია არჩილ თალაკვაძე. ვნახოთ... ჯანდაცვის სისტემაში ზღვა პრობლემაა და სწრაფად გამოსწორება სჭირდება.

გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება პატრიარქზე და ამაზე­ მმართველი გუნდისა და საპატრიარქოს რეაქცია.

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქზე

პრეზიდენტს, რომელიც ვიზიტით ლონდონში იმყოფებოდა, ერთ-ერთ ღონისძიებაზე კითხვა დაუსვეს საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ.

კითხვა ასეთი იყო: "ზოგიერთი საქართველოს ეკლესიას ხედავს როგორც რუსეთის რბილ ძალას, რომ რუსეთი უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს საქართველოს ეკლესიაში. პატრიარქი არის მოხუცი და არსებობს შიში, რომ როდესაც გარდაიცვლება, და ღმერთმა ნუ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია იყოს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაში".

საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით ძალიან კომპლექსური სიტუაციაა.

სალომე ზურაბიშვილი: "ამის ერთ-ერთი­ ძირითადი მიზეზია პატრიარქის სის­უსტე, იმ პატრიარქისა, რომელმაც ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინა­რ­ჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებე­ლი­­­ ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალ­იან ახლოს არის ხელისუფლებასთან და მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედია, ეკლესიაც მიჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. ვინაიდანაც მე გახლავართ ოპტიმ­ისტი და მჯერა საქართველოს მედეგობის, ამიტომ იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესიაც შეძლებს აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი". სწორედ ამ განცხადების გამო დაადანაშაულა "ოცნებამ" პატრიარქზე შეტე­ვაში. საპატრიარქოს წარმომადგენელმა ანდრია ჯაღმაიძემ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტესა და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი და ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.

იმის თქმა, რომ სალომე ზურაბიშვი­ლმა სპეციალურად მიიტანა იერიში პატრიარქზე, ალბათ, არ შეიძლება. უბრალოდ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ზოგჯერ მოზომილ და დიპლომატიურ განცხადებებს არ აკეთებს სენსიტიურ თემებზე. ზოგადად, კარგი იქნება, ერმაც და ბერმაც კარგად აწონ-დაწონოს­ ხოლმე, როდესაც პატრიარქზე განცხადებებს აკეთებენ. პირველ რიგში, უწმინდესის ბიოგრაფია უნდა იცოდნენ და ის, თუ რა გააკეთა ილია მეორემ ეკლესიისა და ქვეყნისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პატრიარქი და სასულიერო პირები გავეშებული რუს-ოსების წინაშე მყოფი მოსახლეობისთვის ლამის ერთადერთი ნუგეში იყვნენ - არც ეს უნდა დაივიწყოს ვინმემ. ჩვენ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ უწმინდესს.

ჩინეთი თუ ამერიკა?

სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ძალიან სერიოზულ თემებზე დისკუსიები დადის პრიმიტიულ, ბავშვურ დონეზე (ყველას ეხება - ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც). მაგალითად, საქართველომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, პარალელურად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, ეს თემა განსახილველია, თუმცა საქართველოში ყველაფერი იმ დონეზე დავიდა (ექსპერტებიც სცოდავენ), რომ თითქოს ქართველებმა ან ჩინეთი უნდა ავირჩიოთ, ან ამერიკა.

სინამდვილეში ქართველები უნდა ვეცა­დოთ, რაც შეიძლება მეტი ძლიერი მოკავშირე გვყავდეს, რომლებიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ ისეთი საფრთხის განეიტრალებას, როგორიც პუტინის­ რუსეთია. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მონობის მემორანდუმი არ არის. რა თქმა უნდა, ძლიერი ქვეყნები უპირველესად თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და შენ უნდა ეცადო, მაქსიმალურად დაცული იყოს შენი ინტერესებიც თუ უსაფრთხოებაც.

ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოთამაშეა და მისი გავლენა კიდევ უფრო იზრდება პლანეტაზე მიმდინარე შეშლილი­ პროცესების გამო. რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი­ მეთოდები, თუ როგორ მოიპოვოს­ ამა თუ იმ ქვეყანაზე გავლენა.­ მაგალითად, აფრიკაში ის სარგებლობს­ იქაური­ დიქტატორული რეჟიმების სიხარბით, აძლევს კრედიტებს ისეთი პირობებით, რომლებსაც ისინი აპრიორი ვერ დააბრუნებენ. შესაბამისად, ვალში პეკინი ხელში იგდებს სტრატეგიულ ობიექტებს. თუმცა, როდესაც იცი ჩინური მეთოდების­ შესახებ, შეგიძლია მოიქ­ცე ისე, რომ ამ ხაფანგში თავი არ გაყო. შენ უნდა გქონდეს შენი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებას და იდეაში პეკინის დახმარებით რუსული საფრთხის განეიტრალებას.

ამერიკას ლომის წილი უძევს იმაში, რომ საქართველო 90-იანი წლების კოლა­ფსიდან გამოვიდა და მეტ-ნაკლებად შედგა როგორც სახელმწიფო. რა თქმა უნდა, თბილისის მიზანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვისა და უსაფრთხოების გაძლიერებით. რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა აშშ საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციით იყოს წარმოდგენილი და უვიზო რეჟიმიც შემოიღოს.

თქმა იმისა, რომ თურმე არ შეიძლება, ერთი მხრივ, ჩინეთის პარტნიორი იყო და მეორე მხრივ კი ამერიკის, პოლიტიკური­ სიბეცეა. ბალანსის პოლიტიკა და დიპლო­მატია ქართველებს არ გვესწავლება - ერთსაც შეგიძლია გაუწიო ანგარიში და მეორესაც და შენი ქვეყნის ტერიტორიაზე­ ორი სუპერსახელმწიფოს ინტერესები დააბალანსო, თან ისე, რომ შენი ინტერეს­ები არ შეილახოს, საკვანძო საკითხებზე კი პეკინი და ვაშინგტონი თავად მოილაპარაკებენ.

მეტი ძლიერი მოკავშირე საქართველოს - აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი. არ დაგვავიწყდეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მძევლად აყვანილი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

სასხვათაშორისოდ - საქართველომ ახლახან სომხეთთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა, მანამდე აზერბაიჯანთან გვაქვს გაფორმებული. ვიკამათოთ იმაზე, ქართველებმა ბაქო უნდა ავირჩიოთ თუ ერევანი?!

პუტინი და ქართული არჩევნები

გასულ კვირას ზოგიერთმა ჩვენმა ექსპერტმა "აღმოაჩინა" - თურმე არის საფრთხე, რომ კრემლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს. გეგონება, აქამდე განზე იყო გამდგარი.

ოპტიმისტები ამბობენ, რომ თითქოს დღეს მოსკოვს საქართველოსთვის არ სცალია, რაც ბავშვური გულუბრყვილობაა. შეგახსენებთ, რომ კრემლმა საქართველოსთვის მაშინ მოიცალა, როდესაც რუსეთი დაშლის რეალური საფრთხის წინაშე­ იდგა (90-იანი წლები) და აფხაზეთისა და ცხინვალის მოვლენები (რომელთაც უნდა ვუწოდოთ რუსეთ-საქართველოს ომის პირველი ფაზა) ამის დადასტურებაა. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და რუსეთის ჩარე­ვა-არჩარევას. პუტინის მიზანი ის კი არ არის, არჩევნებში რაღაც პროცენტები დასვას, პოზიცია-ოპოზიციის ბალანსი გადაანაწილოს, არამედ ის, რომ საქართველოში დაიწყოს ისეთი პროცესები, რაც ისე დაასუსტებს ჩვენს ქვეყანას, რომ ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია კი არა, რუსეთის იქით გზა არ გვქონდეს.

კრემლი საქართველოში მოქმედებს ერთი პრინციპით - ნებისმიერი მეთოდით სამოქალაქო დაპირისპირების გამო­წვევა და შემდეგ მღვრიე წყალში თევზის ჭერა. არჩევნები ამისთვის ყველაზე კარგი საბაბია. მოსკოვი, ალბათ, არაერთ ვარიანტს ამუშავებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რეალური სცენარი ასეთია - არჩევნების დღის ბოლოს რუსული კიბერჯარები შეუტევენ ცესკოს, რათა შედეგების გამოქვეყნებას პრობლემები შეუქმნას. ბუნებრივია, ოპოზიციის ნაწილი ატეხს განგაშს, არიქა, არჩევნებს აყალბებენო. შეეცდებიან ხალხის ქუჩაში გამოყვანას, შემდეგ კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავისი გავლენისა თუ პირდაპირი­ აგენტების მეშვეობით შეეცდება დაძა­ბული სიტუაცია ქაოსსა და არეულობაში გადაზარდოს.

ჰიპერაქტიური სააკაშვილი

სააკაშვილი "ვივა მედის" კლინიკიდან განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს და მოსახლეობას აყვედრის, რომ თურმე მან სასწორზე დადო სიცოცხლე და 2021 წელს "ქვეყნის გადასარჩენად" საქართველოში ჩამოვიდა. პარალელურად, მოუწოდა­ ყოფილ თანამებრძოლებს, არ შექმნან "ნაცმო­ძრაობის" კლონები. იგულისხმებიან, პირველ რიგში, გვარამია და შემდეგ მელია.

გვარამიასა და მელიას შორის განსხვავებაა. კერძოდ, როდესაც მელია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე იყო, ცდილობდა­ პარტია "თავის ჭკუაზე მოეყვანა" და მთლად­ სააკაშვილის დაკრულზე არ ეცეკვა. სხვათა შორის, სწორედ მელიამ აუკრძალა 2021 წელს მომიტინგეებს იმ ციხესთან მისვლა, სადაც ახალდაპატიმრებული სააკაშვილი იჯდა. სწორედ ამიტომ მელიას "ნაცმოძ­რაობიდან" ჩამოშორების კეზერაშვილისეული ოპერაცია მიშას მდუმარე თანხმობით ჩატარდა.

გვარამიასთვის პირიქით - ამოსავალი­ და ჩასავალი წერტილიც მიშა იყო - მისთვის ჯერ სააკაშვილი არსებობდა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. "ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი" სწორედ გვარამიას დამკვიდრებული ტერმინია. თუმცა დღეს დადგა დრო და მომენტი, როდესაც მიშას მთავარი რუპორი სააკაშვილს უქმნის კონკურენტ პარტიას. იმ "წვრილმანზე" აღარ შევჩერდებით, რომ "მთავარი­ არხიდან" უბოდიშოდ უშვებენ მიშას სპეცწარმომადგენელ სოფო ჯაფარიძეს. ის, რომ უკვე თავად გვარამიასთვის ფაქტორი აღარ არის, სააკაშვილისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს და, ალბათ, კარგად უნდა დაფიქრდეს ამაზე, სანამ მორიგი რევოლუციისკენ მოუწოდებს მომხრეებს. კარგად გააანალიზოს, რა შეცდომები დაუშვა, თორემ ასე შესაძლოა ხაბეიშვილიც კი გაექცეს.

გიორგი კვიტაშვილი