პუტინი ისევ ბირთვული იარაღით იმუქრება -ნატოში მისი ბლეფის აღარ სჯერათ - კვირის პალიტრა

პუტინი ისევ ბირთვული იარაღით იმუქრება -ნატოში მისი ბლეფის აღარ სჯერათ

რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წლისთავზე ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალების საქმე ბევრად უკეთესად მიდის - რუსი ოკუპანტები მთლიანად დაეუფლნენ საბრძოლო ინიციატივას და მრავალტანჯული ავდეევკის დაპყრობის შემდეგ აგრძელებენ მცირე-მცირე შეტევებს ფრონტის არანაკლებ ოთხ-ხუთ მონაკვეთზე. შესაბამისად, წესით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აღარ უნდა გახსენებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით დამუქრება, რაც ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომიდან დაიწყო, როდესაც უკრაინელებმა შედეგიანი კონტრშეტევების შედეგად რუსი ოკუპანტები ხარკოვის მისადგომებიდან და ხერსონიდან, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან გაყარეს.

მაშინ კრემლის "უხუცესი" ბინადარი არცთუ ორაზროვნად დაემუქრა დასავლეთს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებდა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღს, თუკი რუსეთის საოკუპაციო ძალების უკან დახევა და მარცხი კატასტროფულ სახეს მიიღებდა.

არ არის გამორიცხული, მაშინ პუტინის ამ "ბირთვულმა ბლეფმა" ადრესატებამდე მიაღწია და კრემლისთვის სასარგებლოდ იმუშავა - ნატოს წევრმა რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ და აშშ-მა, უსაშველოდ გააჭიანურეს უკრაინის არმიისთვის იმ დაპირებული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დროულად გადაცემა, რომლებსაც გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშათ 2023 წლის გაზაფხულის გენერალური კონტრშეტევის დაწყებისას, თუმცა კონტრშეტევა მხოლოდ ზაფხულში დაიწყო და უშედეგო გამოდგა ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის უკრაინელებისთვის საჭირო რაოდენობის შეიარაღების დაგვიანებით ან სულაც არგადაცემის გამოც.

მაგრამ დღეს, როცა უკრაინელებს ერთმანეთის მიყოლებით ამდენი პრობლემა დაუგროვდა: უშედეგო კონტრშეტევა, აშშ-ის ტრამპისტი რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ 60 მლრდ დოლარიანი სამხედრო დახმარების დაბლოკვა, პრორუსულ აგიტაციაში მოყოლილი პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინაში სასაზღვრო გადასასვლელების ჩახერგვა, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ევროკავშირში უკრაინისთვის სასარგებლო ყველა გადაწყვეტილების ტორპედირება, ფრონტის ხაზზე საარტილერიო ჭურვების კატასტროფული დეფიციტი და ამასთან, როდესაც საბრძოლო ინიციატივა მთლიანად რუსეთის საოკუპაციო ძალების მხარეზეა, ვის და რატომღა ემუქრება პუტინი "ბირთვული ხელკეტით"?

აღმოჩნდა, რომ ამჯერად პუტინის ბირთვული მუქარის ადრესატები ისევ ნატოს წევრი ქვეყნები არიან, ოღონდ ამჯერად არა "აბრამსებისა" თუ "ლეოპარდების" უკრაინელი ტანკისტებისთვის "ჩუქების" გამო, არამედ თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაბედავს და უკრაინაში თავის ჯარისკაცებს გაგზავნის.

და ყოველივე ეს საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მართლაც სენსაციური, სკანდალური განცხადებით დაიწყო: "დღეს არ არსებობს კონსენსუსი, მაგრამ არ გამოვრიცხოთ ისეთი სცენარი, როდესაც ნატოს წევრ ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად ჯარების გაგზავნაც დასჭირდებათ. დღეს ბევრი თქვენგანი, ვინც გამორიცხავს ამის შესაძლებლობას, 2022 წელს ასევე სრულად გამორიცხავდა უკრაინისთვის ტანკების, თვითმფრინავებისა და შორ მანძილზე მფრენი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობასაც. ჩვენ ყველა 6-12 თვით ვაგვიანებთ იმ სამხედრო დახმარების გაგზავნას, რომელიც ასე სჭირდებათ უკრაინაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ რუსეთის უკრაინაში გამარჯვება", - ასეთი ემოციური და პირდაპირი გამოსვლა გამოუვიდა საფრანგეთის პრეზიდენტს თავის კოლეგებთან.

2-p-1709486913.jpg
ერთმანეთზე მიწყობილმა საგარეო და საშინაო პრობლემებმა უკრაინელ არტილერისტებს ფრონტის ხაზზე სახიფათო "ჭურვების შიმშილი" გაუჩინა...

მაკრონი მწარე სიმართლეს ამბობს, რომლის აღიარება "ბებერი ევროპის" ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს - ყველას იმედი ჰქონდა, რომ გაგრძელდებოდა ომის დასაწყისში ჩამოყალიბებული პრინციპით მოქმედება - სისხლი უკრაინული (ანუ ფრონტის ხაზზე რუს ოკუპანტებს ებრძვის უკრაინელების ცოცხალი ძალა), ხოლო იარაღი დასავლური, ძირითადად, ამერიკული (უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების უდიდესი ნაწილი აშშ-დანაა მიღებული)!

მაგრამ ომის მესამე წლის დასაწყისში რაღაც-რაღაცები მკვეთრად იცვლება - ტრამპისტმა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მოახერხეს უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების ხუთი თვით დაბლოკვა (რაც, ეტყობა, გაგრძელდება კიდეც), ხოლო უკრაინის დამცველებსაც დიდი მსხვერპლის შემდეგ ნელ-ნელა ეწრიტებათ "საომარი სისხლი" - ფრონტის ხაზზე როტაციები არ ხდება და არც დიდი მობილიზაციაა დაწყებული.

უკრაინის დამცველების რიგებში როგორც რამდენიმე ასეული ქართველი, ასევე სხვა ეროვნების მეომრებიც იბრძვიან, თუმცა ისინი საკუთარი სურვილით არიან ჩასული უკრაინაში.

უკრაინაში საკუთარი არმიის დანაყოფების ოფიციალურად გადასროლა ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა აშკარად ერთვება ომში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი კრემლი ამ ნამდვილ დიდ ომს კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს.

წარმოიდგინეთ, როდესაც გერმანიის კანცლერი შოლცი არაფრით არ აწვდის უკრაინას 500 კმ-ზე შორს მფრენ ფრთოსან რაკეტა "ტაურუსებს" იმის შიშით, რომ ერთ "მშვენიერ დღეს" გამწარებულმა უკრაინელებმა ისინი მოსკოვში, კრემლისკენ არ მიმართონ და ამით გერმანია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების წინაშე არ დადგეს, განა ბუნდესვერის ჯარისკაცებს გაგზავნის უკრაინის ფრონტზე?

ასე არიან სხვა ქვეყნებიც და იმავეს აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომ ნატო უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის და მაინც - პირველმა პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ თქვა ის, რაც კულუარებში ევროპელ ლიდერებს შეიძლება არაერთხელ განუხილავთ - რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს რუსეთთან ომი ზუსტად უკრაინის მიწაზე უკრაინელი ჯარისკაცების ხელით, რათა რუსეთმა მთავარი სამხედრო-ეკონომიკური რესურსები იქ მიახარჯოს და ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ გადავიდეს ევროპის ქალაქებში.

მაგრამ ამისთვის უკრაინის არმიას ბევრად მეტი და დროული სამხედრო დახმარება სჭირდება და არა იმით თავის მოწონება, ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში ამდენი უკრაინელი სამხედრო მოვამზადეთო. ნატოს წევრი არც ერთი ქვეყნის არმიის ოფიცერს არ გააჩნია ის საბრძოლო გამოცდილება, რომელიც უკრაინელ მებრძოლებს დაუგროვდათ რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ორწლიან ომში და დღეს უკრაინის არმიას იქით შეუძლია გადაამზადოს ის ნატო, რომელმაც ბოლო ორი ათეული წელია გაანიავა ერაყსა და ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდების დახვეწაში, სანამ რუსეთი ძალას იკრებდა და მეზობლების ტერიტორიების დაპყრობას იწყებდა.

შეიძლება მაკრონს ცოტა დასცინეს კიდეც ევროპელმა კოლეგებმა, მაგრამ ისე არ მოუვიდეთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ნათქვამი უახლოეს მომავალში გამართლდეს.

უკრაინელმა სამხედროებმა კარგად აითვისეს დასავლური თანამედროვე შეიარაღებაც - ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები "ცეზარები", გერმანული "ლეოპარდები", ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები თუ ამერიკული "პეტრიოტები", თუმცა თუკი დასავლეთი დაეხმარებოდა სამხედრო მფრინავებით (თადარიგში გასული ოფიცრებით, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამდნენ) იმ F-16-ების ეკიპაჟების დასკომპლექტებლად, რომელთა მიწოდებასაც ზაფხულისთვის აპირებენ, კარგი იქნებოდა, რადგან იმ დროისთვის ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე გადამზადებული მხოლოდ 8-12 უკრაინელი სამხედრო მფრინავი თუ იქნება.

ასე რომ, ნატოს წევრი ევროპელი ან ამერიკელი ქვეითების ავტომატური შაშხანებით ბრძოლა უკრაინის ტრამალებში გათხრილ სანგრებში ძალიან რთული წარმოსადგენია (თუმცა შეუძლებელი არაფერია) და პუტინის მორიგი "ბირთვული ბლეფის" გარეშეც ნატოს წევრი ქვეყნები თავიანთ ჯარისკაცებს არ გაგზავნიან უკრაინაში.