აფხაზეთის მიმართ მოსკოვიდან პრეტენზიები იზრდება
თებერვალი აფხაზებისთვის არცთუ კარგად დაიწყო, რადგან რუსეთიდან მუქარანარევი საყვედურები გახშირდა. აფხაზებთან პრეტენზია მოსკოვს ბევრი აქვს, თუმცა ბოლო 10 დღეში ერთბაშად სამი დიდი პრეტენზია გაისმა, რასაც კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგების მუქარანარევი გაფრთხილებაც მოჰყვა, რომ "კვაზიდამოუკიდებლობის დემონსტრირება აფხაზებს კარგს არაფერს მოუტანს, უნდა ახსოვდეთ, რომ მათი უსაფრთხოებაც და ფინანსური არსებობაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული".
რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აფხაზეთში ჩასვლა უსაფრთხო არ არის. კრემლის უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთში პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პირი, რომელიც რუსი ტურისტის გაუპატიურების, დაყაჩაღებისა და სასტიკად ცემის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მას 9 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა მხოლოდ 4,5 წელი გაატარა ციხეში.
რუსეთი ასევე განაწყენებულია ორ საკითხზე: ერთი შეეხება ბიჭვინთის აგარაკების უკვე რატიფიცირებულ შეთანხმებას, რომელიც სოხუმში სეპარატისტულმა რეჟიმმა გასული წლის 27 დეკემბერს პროტესტის მიუხედავად სახელდახელოდ შუაღამისას გააფორმა, თუმცა დოკუმენტში ჩაიწერა, რომ "სახელმწიფო აგარაკის" მესამე პირზე გასხვისება აკრძალულია. სწორედ ეს აკრძალვა აღმოჩნდა მოსკოვის გაბრაზების მიზეზი და დე ფაქტო საგარეო უწყებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. სოხუმის რეჟიმი ნოტას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა ინფორმაცია ჯერ ადგილობრივმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ გაავრცელა, შემდეგ ეს ე.წ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაადასტურეს. პარალელურად დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის კაცად წოდებული ინალ არძინბა "გაურკვეველი მიზნებით" სასწრაფოდ გაემგზავრა მოსკოვში.
კიდევ ერთი და ასევე დიდი უკმაყოფილება "როსგვარდიასთან" დაგეგმილი შეთანხმების ჩაშლას უკავშირდება. 8 თებერვალს აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა დე ფაქტო შს სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომლის თანახმადაც, "როსგვარდიას" საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთში წესრიგის აღდგენის უფლება ენიჭება. პროექტს აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. 9 თებერვალს გაიმართა საპროტესტო აქცია, განცხადებები გააკეთეს ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს დე ფაქტო შსს-ს ხელმძღვანელს მოწოდებით, რომ "ფიქრადაც არ დაუშვან" რუსეთის ფედერაციასთან ასეთი დოკუმენტის ხელმოწერის სურვილი, რადგან შეთანხმებით შესაძლებელი ხდება აფხაზეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა და ეს "სუვერენიტეტის დაყოფას ნიშნავს".
არასამთავრობო ორგანიზაციები პირობას დებდნენ, რომ არ შეჩერდებოდნენ "მინისტრ" რობერტ კიუტის გადადგომის მოთხოვნაზე და დაიგეგმა მომდევნო მიტინგიც. ბოლოს ე.წ. შს მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ "თანამშრომლობის ეს ხელშეკრულება ხელმოწერას არ ექვემდებარება". ეს თემა სოხუმში დაიხურა, თუმცა მოსკოვში ამ ფაქტს აფხაზების დემარში უწოდეს და კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგების მუქარაც გაისმა. კერძოდ, ბორის შმელიოვმა განაცხადა, რომ "აფხაზების უარი არის დემარში, კვაზი დამოუკიდებლობის დემონსტრირება და ლოკალური ნაციონალიზმი, რომელიც აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანს". შმელიოვმა აფხაზებს შეახსენა, რომ "აფხაზეთი თავის არსებობას რუსეთს უნდა უმადლოდეს" და დასძინა, რომ ამიერიდან რუსეთი აფხაზეთის შიდა პროცესებში "მკვეთრად უნდა ჩაერიოს".
"აფხაზების აზრით, საქართველო მტერია, რუსეთი კი პრობლემა"
შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აქამდე რუსეთი ასეთი რადიკალური არ იყო აფხაზების მიმართ, მაგრამ ახლა უკრაინაში მიზანს ვერ აღწევს და ის მაინც უნდა აჩვენოს, რომ აფხაზეთში ყველაფერს აკონტროლებს.
- რუსეთს სურს მიწის პრივატიზაცია, აფხაზები ეწინააღმდეგებიან და დღეს მამა ღმერთი ვერ იყიდის მიწას აფხაზეთში. რუსეთს სურს უძრავი ქონების შეძენა, აფხაზები უარზე არიან და დღეს მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს აქვს უძრავი ქონების ყიდვის უფლება. ვინაიდან რუსეთმა ეს თემები ვერ დაძრა, გადაწყვიტა დაექუცმაცებინა. ჯერ ბიჭვინთა წაიღო, ვითომ არენდით, მაგრამ ხელშეკრულებაში ისეთი პირობები ჩადეს, რომ 49 წლის შემდეგ ის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში გადავა, თუმცა იქაურმა ოპოზიციამ მესამე პირზე გადაცემა რომ ამოიღო შეთანხმებიდან, ამაზე გაბრაზდნენ და საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს აფხაზებს. ახლა უძრავ ქონებას მიადგებიან "აპარტ-ოტელების კანონის" მიღებით, რომლის მიხედვითაც, რუსეთი თავად ააშენებს ბინებს, რათა ისევ რუსებს მიჰყიდოს და ამას დიდი ხმაური მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭვინთის საკითხი მაინც გაათრიეს, ეს ახალი კანონი გამოწვევა იქნება აფხაზთა სამოქალაქო სექტორისათვის და ამიტომ რუსეთი ცდილობს სამოქალაქო სექტორი გააჩუმოს და ე.წ. პარლამენტს მიაღებინოს რუსული კანონი "უცხოელი აგენტების შესახებ". კრემლმა იცის, რომ შეიძლება დაიწყოს აქციები, ამიტომ მოინდომა აფხაზეთში "როსგვარდიის" შეყვანა თავისი ინტერესების დასაცავად. აქამდე მოსკოვი აფხაზებთან ასეთი რადიკალური არ იყო, მაგრამ ახლა აშკარად გააქტიურდა დაშინების, შანტაჟის ფორმით. ემუქრება აფხაზებს, რომ ტურისტების ნაკადს შეამცირებს. იცის, რომ ეს დარტყმა იქნება ისედაც სუსტი აფხაზური ეკონომიკისათვის. მას შეუძლია საზღვრები დაკეტოს და აფხაზებს ეს აშფოთებთ.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში უკმაყოფილება დიდია, ამას საჯაროდ არავინ ამბობს. აფხაზებს რუსეთი მეგობრად აღარ მიაჩნიათ. აფხაზებისთვის საქართველო მტერია, რუსეთი კი - პრობლემა. იციან, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, რომ სხვაგვარად არც დაიცავს აფხაზეთს. ამიტომ ურჩევნიათ უკმაყოფილების ადრესატად შუალედური რგოლი იპოვონ და იპოვეს კიდეც დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლებისა და დე ფაქტო პარლამენტის სახით და მათზე ტეხენ ჯოხს. რუსეთი აფხაზების მოგუდვას აქტიურად გააგრძელებს. შემდეგი ნაბიჯი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება იქნება. მიწის საკუთრება აფხაზეთში საკრალური თემა იყო და რუსებმა მაინც შეძლეს აგარაკების ცხვირწინ აცლა, სამოქალაქო სექტორის დადუმებას კი საზოგადოება დიდად არც შეეწინააღმდეგება. "როსგვარდიის" თემაც დაბრუნდება. დე ფაქტო მინისტრმა ჩახლართულად თქვა, ამის ხელმოწერა შეუძლებელიაო. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება რუსებმა რაღაც შეცვალონ ხელშეკრულებაში და მერე უკვე "შესაძლებელი იქნება" ხელმოწერა. რუსეთს შანტაჟის ბერკეტი ბევრი აქვს - ერთხანს ტურისტების შესვლას დაბლოკავს, ბიუჯეტს, დახმარებებს შეუჩერებს და აფხაზებს ასე, ნელ-ნელა დაათმობინებს ყველაფერს.
"აფხაზებს ჰგონიათ, თუ თბილისში ჩამოვლენ, ქართველები ქუჩაში სცემენ"
"აფხაზეთში დიდი პროპაგანდაა, რომ ახალგაზრდებმა რუსეთის იქით ხსნა არ ეძებონ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც დაეხმარა აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში", - ამბობს ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას" თანადამფუძნებელი მიხეილ კვატაშიძე.
- რაც "ამრა" დავაფუძნეთ, აფხაზ ახალგაზრდებთან ურთიერთობაც დავიწყეთ. "ამრას" თანადამფუძნებელია აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა. თბილისში მისი გადმოსვლის შემდეგ ის აფხაზეთში "სახელმწიფოს მტრად" გამოაცხადეს და იქ ჩასვლაც აუკრძალეს. ამის მიუხედავად სოცქსელებით აფხაზებთან ურთიერთობა მაინც გვაქვს. მაგალითად, როდესაც "ტიკ-ტოკზე" სტრიმს ვრთავთ, 500 კაცი მაინც შემოდის და მიდის გაცხოველებული კამათი. ვცდილობთ აფხაზებს ალტერნატივა დავანახოთ, ვეპატიჟებით თბილისში. იშვიათად, მაგრამ ერთი-ორი ჩამოდის, ხედავენ, რომ არავინ გამოეკიდება მოსაკლავად. აფხაზეთში კი პროპაგანდაა, რომ თბილისში აფხაზები სძულთ, თუ ჩახვალთ, ქუჩაში გცემენ, ელგებეტეებს მიგაგდებენ. ეს მუშაობს და ახალგაზრდებში ქართველების მიმართ დიდი აგრესია და უნდობლობაა. ჩვენ ვცდილობთ, აგრესია გავანეიტრალოთ.
- რუსეთის მიმართ დამოკიდებულება როგორი აქვთ?
- ადრე კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის, მაგრამ ბოლო დროს პროპაგანდა გაძლიერდა, აფხაზებს ეუბნებიან, შეხედეთ ჩეჩნეთს, დაღესტანს, ინგუშეთს, რუსეთის შემადგენლობაშია სამივე და არც ერთს არ დაუკარგავს თავისი ენა, კულტურა და იდენტობაო. ასე ნელ-ნელა მუშაობენ, რომ წლების შემდეგ აფხაზები რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დათანხმდნენ. რუსებისთვის უცხოა აფხაზების გაძალიანება, თუნდაც ის დიდი პროტესტი, რაც ბიჭვინთის აგარაკების გამო იყო. რუსებს სურთ საბოლოოდ გადატეხონ აფხაზთა წინააღმდეგობა, რათა მარტივად გაატარონ საკუთარი ინტერესები. ამიტომაც გაახშირეს პრეტენზიები. სწორედ ამას უკავშირდება ტურისტებისთვის გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ჩასვლა საშიშია. თუ აფხაზები გონს არ მოეგებიან, მსგავსი "გაფრთხილებები" კიდევ გაგრძელდება.
აფხაზეთში სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის მიიღეს კანონი და ქალაქში შორტებითა და საცურაო კოსტიუმებით გამოსვლა ჯარიმდება. რუსი ტურისტები იმისთვის სჭირდებათ, რომ ფართობებს აქირავებენ, რაც მათი მთავარი შემოსავლის წყაროა, მაგრამ თან ფული სჭირდებათ და თან რუსები აღიზიანებთ. როცა ერთ აფხაზს ვკითხე, რატომ არ ყიდით მიწას-მეთქი, მიპასუხა, წარმოიდგინე, ჩემი სახლის გვერდით რუსმა რომ იყიდოს სახლი, დილით რომ აივანზე შორტებით გამოვა, წელზევით შიშველი, ამას ჩემი ოჯახის ქალებმა როგორ უნდა შეხედონო... ყოველ წელს რუსი ტურისტების დაყაჩაღების, დაჭრის, გატაცების უამრავი შემთხვევაა. მაგალითად, ოჯახის თვალწინ მოკლეს მამაკაცი. ასევე ორ რუს ტურისტს რესტორანში ფეხები დაუხვრიტეს. უამრავი ვიდეოა ინტერნეტში, როგორ ართმევენ რუს ტურისტებს ფულს აფხაზი მილიციელები, გზაზე აჩერებენ ინსპექტორები და ჯარიმის გადახდას ითხოვენ. ასე რომ, აფხაზეთში ერთხელ ჩასული ტურისტის 90% იქ მეორედ აღარ ბრუნდება. ეს გამოიყენა კრემლმა, თითქოს სახიფათო ახლა გახდა აფხაზეთი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შეაშინონ, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, ტურისტები არ გეყოლებათო.
- "როსგვარდიასთან" ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებამაც გამოიწვია პროტესტი...
- "როსგვარდიის" კანონზე ჩვენ თბილისიდან ავტეხეთ ინფორმაციული ბუმი და ამას აფხაზეთში დიდი ხმაური მოჰყვა. ხელშეკრულებაში წერია, რომ თუკი აფხაზეთში საპროტესტო აქცია იქნება, "როსგვარდიას" შეუძლია დაშალოს. ადრე თუ გვიან, კრემლი მოახერხებს მიწის პრივატიზაციისა და ბინების მშენებლობის კანონების მიღებას. ააშენებენ და "როსგვარდია" რუსების ქონების დასაცავად სჭირდებათ.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით აფხაზებს ისევ მიაჩნიათ, რომ რუსეთი მოკავშირეა?
- აფხაზი საზოგადოება გაორებულია. ერთი მხრივ, სურთ დამოუკიდებლები იყვნენ, მეორე მხრივ, შიშობენ, რომ რუსეთის გარეშე ვერაფერს იზამენ. მათთვის რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც დაეხმარა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთმა აღიარა მათი "დამოუკიდებლობა" და ამიტომ მთავარი პარტნიორია. რასაც რუსეთი დღეს ითხოვს, არ მოსწონთ, მაგრამ საჯაროდ არაფერს ამბობენ, მით უმეტეს, ჩვენთან, ქართველებთან. უმეტესად ტელეგრამჯგუფებიდან ვიგებთ მათ განწყობებს. ახლახან ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფის წევრმა ძველი გრავიურის ფოტო დადო, შერვაშიძეს აკავებენ რუსები, და ტექსტი მიუწერა, მალე მოვა დრო, როდესაც პატიოსანი აფხაზი იძულებული გახდება ქვეყნიდან გაიქცეს, ან თბილისში მოგვიწევს დამალვა, ან სტამბოლშიო. თუმცა ასეთი რამ იშვიათად იწერება.
ეკატერინე ბასილაია