სერიული მკვლელის „შავი სია“, ვინ იქნება შემდეგი?!
16 თებერვალს ციმბირის ერთ-ერთ კოლონიაში რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, 47 წლის ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. მსოფლიო საზოგადოებას ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ამ შემთხვევაში საქმე სერიული მკვლელის - ვლადიმირ პუტინის ანგარიშსწორებასთან გვაქვს. უკვე ორი ათეული წელია, რაც პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. რუსეთში და მის საზღვრებს გარეთაც იმატა "ტრაგიკულმა შემთხვევებმა", რომლებიც ბურუსით მოცული საქმეების ვრცელ სიაში იწერება. პუტინი პოლიტიკურ ოპონენტებს ოცდამეერთე საუკუნეშიც იმ მეთოდებით უსწორდება, რომელთაც საბჭოთა კავშირში იყენებდნენ - ოპონენტებს, განსხვავებული აზრის მქონეთ აპატიმრებს, წამლავს, ქუჩაში ცხრილავს ან ჰაერში აფეთქებს. როგორც ამბობენ, საბჭოთა მეთოდებით ანგარიშსწორება პუტინს საგარეო ფრონტზე თავისუფლად მოქმედებისთვის სჭირდება. პუტინის შურისძიების ობიექტების სიიდან გახმაურებულ მკვლელობებზე, ბურუსით მოცულ გარდაცვალებებსა და დადგმულ თვითმკვლელობებზე თსუ-ს პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი თეიმურაზ პაპასქირი გვესაუბრება:
პუტინის მსხვერპლნი
- პუტინის სახით ვისთან გვაქვს საქმე, ალბათ, ყველაზე კარგად სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა, რომელმაც ჯორჯ ბუშის სიტყვები - "მე ჩავხედე მას თვალებში და დავინახე მისი სული" - გადაასხვაფერა: "როდესაც პუტინს თვალებში შევხედე, დავინახე სამი ასო - კა-გე-ბე".
პუტინი, საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტი, არც ისე მაღალი თანამდებობის პირი საბჭოთა პერიოდში, შეგვიძლია ვთქვათ, შემთხვევით აღმოჩნდა ხელისუფლების სათავეში. თუმცა ასეთი შემთხვევითობები ისტორიას ხშირად ახასიათებს, როცა წარმოუდგენელი ხალხი ხვდება დიდი იმპერიების სათავეში. მაგალითად, მე-18 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში საფრანგეთში მეთაური კორსიკელი ნაპოლეონი იქნებოდა, ან საბჭოთა რუსეთის იმპერიის სათავეში აღმოჩნდებოდა ქართველი, რომელსაც რუსული განათლებაც კი არ ჰქონდა, ან ავსტრიელი ჰიტლერი მოვიდოდა კანცლერად გერმანიაში... პუტინი მათ რიგში არც არის დასაყენებელი, არ არის მათი გაქანების, თუმცა ბოლო ორთან ბოროტებაში გაჯიბრების დიდი სურვილი აშკარად აქვს. რაც შეეხება პუტინის მეთოდებს, ჩვენთვის ახალი არ არის და ნავალნი დღეისათვის ბოლოა მათ სიაში, ვინც პუტინმა თავისი მმართველობის პერიოდში მოაკვლევინა. ასეთ პირთა სია ძალიან გრძელია. თავდაპირველად, მისი მსხვერპლები, ძირითადად, ჩეჩნეთის ომის პერიპეტიების მკვლევარი ჟურნალისტები იყვნენ. პირველი მსხვერპლი 2003 წელს სერგეი იუშენკოვი გახდა - რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი. მას ახალი დარეგისტრირებული ჰქონდა მოძრაობა "ლიბერალური რუსეთი" პოლიტიკურ პარტიად, როცა მოსკოვში საკუთარი სახლის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რუსეთის დუმის წევრი, თავის დროზე, დუბროვკის (ნორდ-ოსტი) ტერაქტს იძიებდა, როდესაც ოპერაციის დროს 172 კაცი მოკლეს (რაც სპეცსამსახურების არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო). უნდა გავიხსენოთ რუსეთის ეფ-ეს-ბეს ოპერატიული თანამშრომელი, პოდპოლკოვნიკი და ხელისუფლების ოპოზიციონერი, პუტინის კრიტიკოსი ალექსანდრ ლიტვინენკოც, რომელიც 2006 წელს ლონდონში მოკლეს. ეფ-ეს-ბე-დან წასვლის შემდეგ, ალექსანდრ ლიტვინენკო აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის სპეცსამსახურს, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობდა. მან ასევე დაადანაშაულა რუსეთის უსაფრთხოების სამსახური 1999 წელს რუსეთის ქალაქებში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებების სერიის მოწყობაში, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ლიტვინენკო პირველი არ არის, ვინც პუტინის ბრძანებით რადიოაქტიური ნივთიერებით (პოლონიუმით) მოწამლეს. მანამდე იყო "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი იური შჩეკოჩიხინი, რომელიც კრიმინალსა და კორუფციაზე წერდა. ის, სავარაუდოდ, თალიუმით მოწამლეს. მსხვერპლი იმით იყო სახიფათო, რომ ისიც ჩეჩნეთის ომის ამბებს იძიებდა, კონკრეტულად, 1999 წელს მრავალსართულიანი კორპუსების აფეთქების საქმეს რუსეთში "ნოვაია გაზეტასათვის" (კვლევებმა დაადასტურა, რომ აფეთქებები არა ჩეჩნების, არამედ ეფ-ეს-ბეს მოწყობილი იყო). 2003 წლის ივლისში მას იდუმალი ავადმყოფობა შეეყარა და გარდაიცვალა. ბინების აფეთქებები კრემლმა გამოიყენა 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყებად, როდესაც პუტინი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო და სჭირდებოდა იმის ჩვენება, რომ ის იყო "ძლიერი ხელი", რომელიც დაამყარებდა წესრიგს და ა.შ., მას პოპულარობა სჭირდებოდა და ამას ჩეჩნეთის მეორე ომით მიაღწია. რა თქმა უნდა, მას არ აწყობდა ნებისმიერი გამოძიება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სინამდვილეში პუტინმა მოაწყო აფეთქებები. ის პროპაგანდირებდა, თითქოს ჩეჩნები "არ ისვენებდნენ", აწყობდნენ ტერაქტებს და ცდილობდა ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციებით გაემართლებინა ომის დაწყება ჩეჩნეთში. დაიწყო კიდეც ომი და სხვათა შორის, მაშინ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ხელისუფლება ძალზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მდგომარეობა გამოასწორა მხოლოდ 11 სექტემბრის ტერაქტმა ნიუ-იორკში - ტერორიზმთან ბრძოლა გახდა მსოფლიოს მთავარი ამოცანა და ამაში რუსეთი ჩაეწერა, როგორც ჩეჩენი ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო.
„საჩუქარი პუტინისთვის“ და მსხვერპლები „ნოვაია გაზეტადან“
გახმაურებული იყო 2006 წლის 7 ოქტომბერს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, რომელიც პუტინის დაბადების დღეს თავისი ბინის ლიფტში მოკლეს. "საჩუქარი პუტინისთვის", - ასე შეფასდა ჟურნალისტის მკვლელობა. პოლიტკოვსკაია აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს, არც მწვავე განცხადებებს ერიდებოდა და აკრიტიკებდა გავლენიან პირებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინსაც. ჩეჩნეთის ომზე მუშაობდნენ ასევე ჟურნალისტი ნატალია ესტემიროვა (ჩეჩნეთში ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებს იძიებდა. ესტემიროვა გაიტაცეს, რამდენჯერმე ესროლეს, მათ შორის თავშიც და ცხედარი ტყეში დააგდეს - ნ.ფ.), და ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი, რომელიც სასამართლოებში წარმოადგენდა ჩეჩენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის არმიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო უჩიოდნენ (მარკელოვი ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა კრემლის მახლობლად მოკლა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვასთან ერთად. ისინი, ყველანი, 2009 წელს მოკლეს –- ნ.ფ.). ასე რომ, პუტინის ბრძანებით მარტო "ნოვაია გაზეტას" 5 ჟურნალისტია მოკლული. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ მედიას ოფიციალურად არ წარმოადგენდა, მაგრამ "ნოვაია გაზეტასთან" თანამშრომლობდა. შეიძლება ითქვას, მსხვერპლთა სიის პირველი ნაწილი, ძირითადად, ჩეჩნეთის ომზე მუშაობდა.

მაგნიტსკი, ნემცოვი, ბიკოვი, ბერეზოვსკი, ხანგოშვილი...
2009 წელს მოსკოვის ციხის საკანში გარდაიცვალა სერგეი მაგნიტსკი, 37 წლის რუსი ადვოკატი. ის რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური მაქინაციების, კორუფციის საკითხების გამოაშკარავების გამო დააპატიმრეს და მოკლეს - მას პანკრეატიტი ჰქონდა და შეგნებულად არ უმკურნალეს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კი სასტიკადაც სცემეს (მაგნიტსკი მუშაობდა ბრიტანელ-ამერიკელ ბიზნესმენ უილიამ ბრაუდერთან, იძიებდა საგადასახადო თაღლითობის მსხვილ საქმეს - ნ.ფ.). დასავლეთმა სწორედ მის გამო შექმნა ე.წ. მაგნიტსკის სია, რომელშიც შედიან ის რუსი ოფიციალური პირები, ვისაც ბრალი ედება ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში.
პუტინის შემდეგი სამიზნე გახდა რუსეთში ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი. პუტინს მიაჩნია, რომ არავინ არ უნდა გახდეს ზედმეტად პოპულარული ქვეყანაში და, შესაბამისად, როგორც შეიმჩნევა, რომ ერთიან ოპოზიციას ეყოლება ვიღაც ლიდერი, ის მაშინვე უნდა "აორთქლდეს". საპრეზიდენტო არჩევნებზე ნემცოვი სავარაუდო კანდიდატი იყო, ის ბორის ელცინის მემკვიდრედაც მოიაზრებოდა და აუცილებლად უნდა განადგურებულიყო. რუსული ოპოზიციის 55 წლის ლიდერი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ჩაცხრილეს (ნემცოვი 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლიდანვე, რუსეთის მთავრობაში ცენტრალური ფიგურა იყო. 2012 წლიდან ნემცოვი რუსეთის„"რესპუბლიკურ პარტიას - ხალხთა თავისუფლების პარტიას" ედგა სათავეში. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსი ოპოზიციონერი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მოკლეს - ის აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა - ნ.ფ.).
არის კიდევ რამდენიმე ფიგურა, რომლებიც პუტინის ბრძანებით გამოასალმეს სიცოცხლეს, მაგალითად, 2019 წელს მოკლეს დიმიტრი ბიკოვი, მწერალი, კრიტიკოსი, რომელსაც პუტინის მამხილებელი კრიტიკული სტატიები ჰქონდა. ბიკოვი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა და რამდენიმედღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც იმხანად ამბობდნენ, ის "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ერთი წლის შემდეგ, 2020 წელს, იმავე "ნოვიჩოკით" მოწამლეს ალექსეი ნავალნი, რომელიც ასევე თვითმფრინავში გახდა ცუდად, გონება დაკარგა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - კომაში მყოფი ოპოზიციონერი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს და ისიც დაადგინეს, თუ რით იყო მოწამლული.
რასაკვირველია, პუტინის სიაში უნდა ვახსენოთ ცნობილი რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი (2013 წლის 23 მარტს ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, ქალაქ ასკოტთან მდებარე საკუთარ მამულში, აბაზანაში ყელზე მარყუჟით იპოვეს - ნ.ფ.). ოფიციალურად, 67 წლის ოლიგარქის სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობაა დასახელებული. ვინაიდან ინგლისის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, ჭირს საუბარი მკვლელობაზე, თუმცა ბევრი ეჭვობს, რომ თვითმკვლელობა ინსცენირებული იყო. ეს ის ბერეზოვსკია, რომელმაც მოიყვანა პუტინი ხელისუფლებაში და იყო მისი ერთ-ერთი მთავარი პროტექტორი ელცინის რეჟიმის დროს. დროთა განმავლობაში მის კრიტიკოსად და მოწინააღმდეგედ იქცა, ძირითადად, იმის გამო, რომ ძალაუფლება ვერ გაიყვეს. საბოლოოდ, ბერეზოვსკი იქცა მის ოპონენტად, წავიდა ემიგრაციაში და ინგლისში დაასრულა სიცოცხლე (რუსეთში ბერეზოვსკიზე ძებნა იყო გამოცხადებული, სადაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე - ნ.ფ.).
2019 წლის აგვისტოში ბერლინში საქართველოს მოქალაქე და ჩეჩნეთის ომის მონაწილე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა. იმას, რომ პუტინია მკვლელობის დამკვეთი, ისიც ადასტურებს, რომ ის ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს, რაც ინტერვიუშიც კი თქვა. ადვილი მისახვედრია, რატომ გაიმეტა პუტინმა ხანგოშვილი - ის ჩეჩნეთის ორივე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იყო პიროვნება, რომელიც, მისი აზრით, უნდა დასჯილიყო.
„ჰაერში აწეული" პირადი მზარეული და შეუმდგარი მკვლელობა
გასული წლის აგვისტოში რუსეთის ქალაქ ტვერში "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი და "ვაგნერის" დამფუძნებელი დმიტრი უტკინი ისხდნენ. ეჭვგარეშეა, პრიგოჟინი სიკვდილით პუტინის ბრძანებით დასაჯეს. ევგენი პრიგოჟინის (რომელმაც მოსკოვზე შეტევა წამოიწყო) "ჰაერში აწევით" პუტინმა ყველას უჩვენა, რომ არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს ადამიანი, ვინც მის ძალაუფლებას ემუქრება. პრიგოჟინს აშკარად პირველკაცობის ამბიცია გაუჩნდა, თუმცა ძალზე უცნაური პუტჩი მოაწყო... რატომ გაჩერდა და რატომ ირწმუნა უსაფრთხოების გარანტია, რომელიც მას მისცეს, გაურკვეველია. პრიგოჟინმა შექმნა ძალა, რომელიც სახიფათო იყო რუსეთისთვის. მას ექვემდებარებოდა საჯარისო შენაერთი, რომელსაც ჰყავდა საკუთარი თვითმფრინავებიც კი და რომელსაც შეეძლო საფრთხის შექმნა მოსკოვისთვისაც. ბუნებრივია, ასეთი პირი უნდა მოეშორებინათ. ვიდრე პრიგოჟინი კონტროლდებოდა, პუტინისთვის კარგი ბიჭი იყო, ხოლო როგორც კი უკონტროლო გახდა, მოკლეს.
შეუმდგარი მკვლელობების რიცხვს მიეკუთვნება რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის და მისი შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების ინგლისში მოწამვლა, რომლებიც სიკვდილს მართლაც შემთხვევით გადაურჩნენ. პუტინი, რომელიც თვითონ იყო აგენტი და რეზიდენტი სხვა ქვეყნებში, ვერ იტანს იმ ხალხს, ვინც, მისი გაგებით, უღალატა სამშობლოს და მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა. აქედან გამომდინარე, სკრიპალი, პუტინის აზრით, აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ის თავად შეიწყალა და გაცვლასაც დათანხმდა. ინგლისის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდშიც ხშირად ნადირობდნენ ყოფილ აგენტებზე და ეს პუტინმაც გააგრძელა. ის მსხვერპლს ყველგან ვერ სწვდება, მაგალითად, აშშ-სთან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება, რომ ერთმანეთის აგენტებს ერთმანეთის ტერიტორიაზე არ დაესხმებოდნენ (ანუ ვინც მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდოდა), ინგლისთან ასეთი შეთანხმება არ არსებობდა.
განეიტრალებული ნავალნი და "ნოვიჩოკის" პრეტენდენტი პირადი პატიმრები
პუტინმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააპატიმრა, ზედიზედ უზარდა პატიმრობის ვადები და საბოლოოდ მაინც მოაკვლევინა. პუტინს ეს არც დაუმალავს - სამ დღეში დააჯილდოვა მკვლელობის შემსრულებელი. ნავალნის მთავარი "დანაშაული" ის იყო, რომ მან გამოააშკარავა ის უზარმაზარი კორუფციული ელემენტი, რომელიც არის რუსეთის ხელისუფლებაში, ასევე, რა ქონება აქვს თავად პუტინს - მოახერხა და გადაიღო მისი რეზიდენციები, გადაიღო დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მთელ მსოფლიოს მოედო. პუტინმა რუსეთში კი აკრძალა ისინი, მაგრამ ბევრმა ნახა. ნავალნის პოპულარობა რუსეთში დღითი დღე იზრდებოდა და ის პუტინისთვის სერიოზული პრობლემა გახდა. ერთი რამ, რაც არ უყვარს რუსეთის მოსახლეობას, ის არის, ქურდობა-ძარცვაში თუ დაიჭერენ ხელისუფალს. იციან, რომ ქურდობენ და ნავალნის მასალებშიც იყო მტკიცებულებები. ძალიან ძნელია განსაზღვრო რუსეთში პოლიტიკოსის პოპულარობა, რადგან შეუძლებელია რეალური სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება, მაგრამ ნავალნი ძალზე პოპულარული იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რაც პუტინს პრობლემას უქმნიდა. რუსეთში ახალგაზრდა თაობა პოლიტიკით მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის (ყველგან ასეა მსოფლიოში), მაგრამ წლები გადის, ეს ხალხი თანდათან იზრდება და პოლიტიკითაც ინტერესდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პუტინისთვის ნავალნი მართლაც თავსატეხად იქცა, მით უმეტეს, მას კრეატიული იდეები ჰქონდა, ისეთი, როგორიც იყო თუნდაც "ჭკვიანი ხმის მიცემა" და სხვა. 2019 წელს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ პუტინს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და, როგორც აღმოჩნდა, ნავალნის გარჯამ და იდეებმა ნაყოფი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნავალნი გაციმბირებული და იზოლირებული იყო, ის არც მსოფლიო პოლიტიკის მკეთებელი ხალხის თვალსაწიერიდან ჩამოდიოდა, რეალურად, მსოფლიომ ის პუტინის მთავარ ოპონენტად ჩათვალა. ამას დაემატა ისიც, რომ რუსეთის მოსახლეობისთვისაც არ იყო უცნობი ფიგურა - რაც დრო გადის და უარესი ხდება ცხოვრება, ხელისუფლების კრიტიკოსი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. პოლიტიკური ვითარების ცვლილების შემთხვევაში, ნავალნი პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი იქნებოდა. ვინაიდან მისი ეშინოდათ, საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციის უფლება არ მისცეს. პუტინი მიჩვეულია, რომ არც ერთი მისი მოწინააღმდეგე 20%-საც ვერ აგროვებს, ნავალნის კი შეეძლო 20%-ზე მეტი ხმის აღება და ზუსტად ეს აფრთხობდა პუტინს.
ნავალნის შემდეგ ისმის კითხვა, ვინ იქნება შემდეგი და ხალხს შემთხვევით არ ახსენდება კარამურზა და იაშინი - ისინი პუტინის პირადი პატიმრები არიან. ვლადიმირ კარამურზა ცნობილი ჟურნალისტი და პუტინის კრიტიკოსია. მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. კარამურზა ადრე ორჯერ მოწამლეს და შემთხვევით გადარჩა. კარამურზა თანამშრომლობდა "ბელინგქეთთან" (ბრიტანული საგამოძიებო კვლევითი ჯგუფი) და ბევრ პრობლემას უქმნიდა პუტინს, მას ყველა საკითხზე აკრიტიკებდა - იქნებოდა ჩეჩნეთის ომი თუ კორუფცია... ბოლოს მან უკრაინას დაუჭირა მხარი. მას ყველაზე დიდი სასჯელი - 25 წელი მისცეს და სადღაც ციმბირში იხდის სასჯელს. დიდია როგორც კარამურზას, ასევე ილია იაშინის მოკვლის საფრთხე. იაშინი 2017 წელს მოსკოვში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, რაც დიდი დარტყმა იყო პუტინისთვის, რადგან არჩევნებში ოპოზიციიდან ბევრი მაჟორიტარი გავიდა.
რით დაასრულებს სტალინის "ფეიკნიმუში"
განსხვავება, რომელიც ეპოქებს შორის არსებობს, პუტინს არ აძლევს საშუალებას, რომ მთლად ისე მოიქცეს, როგორც მისი კერპი სტალინი. ალბათ, ის დიდი სიამოვნებით გაატარებდა ისეთივე რეპრესიებს, როგორიც 30-იან წლებში გაატარა სტალინმა, მაგრამ დღეს 21-ე საუკუნე და ინფორმაციის გადაცემის გაცილებით მეტი საშუალებაა. პუტინს ინფორმაციის გადაცემის საშუალებები კონტროლზე ჰყავს აყვანილი, მაგრამ მაინც პრობლემური საკითხია და ფართო მასშტაბით ამის გაკეთება უჭირს. რასაკვირველია, მას სტალინის მეთოდები მოსწონს. სტალინი მისთვის საბჭოეთის ძლევამოსილების სიმბოლოა. ის ხომ მისი აპოლოგეტია და როდის იყო ეს სახელმწიფო ყველაზე ძლიერი? რა თქმა უნდა, სტალინის პერიოდში. მას ეს ძლევამოსილების მომენტი იზიდავს და სურს რუსეთი გახადოს ისეთივე ძლევამოსილი, როგორიც სტალინის დროს იყო. გასაგებია, რომ არ გამოუვა, დღეს მხოლოდ სამხედრო ტექნოლოგიებით ვერ გადაწყვეტს ვერაფერს (ამ მხრივ მაშინ სსრკ მოწინავეც იყო მთელ რიგ დარგებში), რაშიც, როგორც რუსეთ-უკრაინის ომმა გვიჩვენა, რუსეთი დასავლეთს ჩამორჩა.
ამ დღეებში პანიკა ატყდა, რუსეთს შეუძლია კოსმოსში გაიყვანოს ბირთვული ქობინებიო. მოდი, ვთქვათ, ამის საშუალება ადრეც არსებობდა, აშშ-ს ამის შესაძლებლობა კარგა ხანია აქვს და არსებობს ხელშეკრულებაც, რომელიც ამას კრძალავს. საფრთხე ის არის, რომ ამ დარტყმით შეიძლება GPშ-ის სისტემა მოსპოს, მეტი რეალური საფრთხე არ არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელ რიგ სფეროებში რუსეთს საკუთარი ტექნოლოგიები არც გააჩნია.
რუსეთის ისტორიაში მრავლად ნახავთ როგორც გარეშე პირების, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდათ სამეფო კართან (მაგალითად, ალექსანდრე II-ის მკვლელობა), ისე შიდა ძალების (პავლე I) მკვლელობების მაგალითებს. რუსეთში სასახლის კარის გადატრიალებაც უამრავი ყოფილა, განსაკუთრებით მე-18 საუკუნეში. თუმცა დღეს 21-ე საუკუნე კი არის, მაგრამ რუსეთის მაშინდელი სამეფო კარი და პუტინის დღევანდელი საპრეზიდენტო გარემოცვა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთში ძალიან ბევრი რამ მოლოდინის რეჟიმშია გადასული. რუსეთში კატაკლიზმები, ძირითადად, მაშინ ხდებოდა, როდესაც ქვეყანა სამხედრო მარცხს განიცდიდა: 1. მე-19 საუკუნის შუახანებიდან მარცხი ყირიმის ომში, ნიკოლოზ I-ის სიკვდილი და რეფორმები რუსეთში, რომელთა გატარებას ალექსანდრე II იწყებს; 2. მარცხი იაპონიასთან 1905 წელს, რასაც ასევე მოჰყვა დიდი შიდაარეულობა, ქვეყნის იძულებითი დემოკრატიზაცია, დუმისთვის ძალაუფლების გადაცემა ორი წლით; 3. მარცხი პირველ მსოფლიო ომში - ჯერ მარცხი არც იყო გაფორმებული, როცა ქვეყანაში თებერვლის რევოლუცია, შემდეგ ოქტომბრის გადატრიალება მოხდა, საბოლოოდ, მარცხი გაფორმდა და რუსეთის იმპერია დაიშალა; 4. მარცხი ავღანეთში და სსრკ-მ ორ წელიწადში არსებობა შეწყვიტა, რაშიც ამ ომმა დიდი როლი ითამაშა.
„პუტინის გაუაზრებელი პოლიტიკა შლის რუსეთს“
დღეს რუსეთში ბევრი ელოდება მარცხს უკრაინაში. ეს იქნება ათვლის წერტილი რუსეთის დაშლისთვის. რუკას თუ გადავხედავთ, თათრეთს, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანი რეგიონია, ერთი სული აქვს გავიდეს რუსეთის შემადგენლობიდან, ამას მოჰყვება ბაშკირეთი, ბუნებრივია, ჩრდილოეთ კავკასიაც და ეს პროცესი როგორც კი წავა, რუსეთის შიდა პრობლემებს დაემატება გარე პრობლემები, იაპონიასთან, ჩინეთთთან... პუტინის ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან ჩინეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად გამოიყენა. ხუმრობები წავიდა, პუტინმა თვითონ გვითხრა, რა უნდა გავაკეთოთ, ისტორიული უფლებები გვაქვს ამურისპირეთსა და შორეულ აღმოსავლეთზე, შესაბამისად, ჩვენი ტერიტორია უნდა დავიბრუნოთო. პუტინმა თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით ის გამოიწვია, რომ დღეს ჩვენ სერიოზულად ვლაპარაკობთ რუსეთის დაშლაზე. ეს პროცესი დაწყებული და გარდაუვალია, ყველა იმპერია, ადრე თუ გვიან, იშლება და პუტინმა ყველანაირად შეუწყო ამას ხელი, მისმა არასწორმა პოლიტიკამ ჩამოშალა რუსეთი.
კავკასიაც არ დაგვავიწყდეს. როცა პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, იმის ნაცვლად, საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა დაემყარებინა, უარი ეთქვა აფხაზეთისა და ცხინვალის მხარდაჭერაზე, ეთქვა, ეს საქართველოს ტერიტორიააო, სეპარატისტების უფრო დიდი მასშტაბით დახმარება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ნატოში ან ევროკავშირში გაწევრების სურვილი დიდი იქნებოდა, რუსეთთან ურთიერთობა თუ მოწესრიგდებოდა? თავის დროზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება ბაზების შესახებ (3 ბაზის დატოვების შესახებ) და რუსეთის ხელისუფლებას რომ ტვინი ჰქონოდა, ამას გამოიყენებდა, უარს იტყოდა საქართველოს დანაწევრებაზე და გაიჩენდა დიდ მოკავშირეს კავკასიაში. რუსეთმა თავისივე პოლიტიკით განაპირობა ის, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის ლამის 90%-ს სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება. რუსეთის შიში რომ არ იყოს, ალბათ, ასივე პროცენტს ენდომებოდა დასავლეთი.
„პუტინს იმედგაცრუება ელის“
პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა მიხვდა, რომ პუტინთან საუბარი შეუძლებელია. ჯერ კიდევ 2008 წელს, ივნისში, გამოქვეყნდა სააკაშვილის ინტერვიუ (აგვისტოს ომამდე), რომელშიც ნათქვამი იყო, საქართველო მხოლოდ დასაწყისია, ხვალ იქნება უკრაინა, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთიო (რუსეთის თავდასხმაზეა საუბარი). მაშინ მას არ დაუჯერეს. შემდგომ იყო აგვისტოს ომი, ყირიმი, დონბასი, 2022-ში კი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას დენაციფიკაციის მოტივით. დღეს მსოფლიოში თუ რომელიმეა ნაცისტური სახელმწიფო, ეს პირველ რიგში, რუსეთია. უკრაინაში პუტინმა უკვე წაიტეხა კისერი. როგორც არ უნდა მიმდინარეობდეს ომი, მისი მიზნების მიღწევა შეუძლებელია. კიევს ის ვერასდროს აიღებს, ეს ამბავი დასრულებულია. მაქსიმუმი, რისი იმედიც დღეს პუტინს შეიძლება ჰქონდეს, ის არის, რომ როგორმე შეინარჩუნოს დაპყრობილი ტერიტორია და მაქსიმალურად დაიცვას ყირიმი - ეს არის მისი მთავარი ამოცანა. ამიტომ არის პუტინის იმედი აშშ-Iს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, რის შემდეგაც ომს მოიგებს და დამყარდება მშვიდობა იმ პირობებით, როგორიც მას სურს. ვფიქრობ, მას იმედგაცრუება ელის. ჯერ ერთი, ტრამპს არავინ მისცემს იმის საშუალებას, ის პოლიტიკა გაატაროს, რაც პუტინს სურს. მეორეც, თვითონ პუტინმა ტელეგრამარხზე განაცხადა, ტრამპს ისევ ბაიდენი მირჩევნია, ტრამპი არაპროგნოზირებადიაო. შეიძლება პუტინმა ამერიკის არჩევნებზე ირიბი ზეგავლენის მიზნით გააკეთა ეს განცხადება, რათა ამით დაეხმაროს ტრამპს. რესპუბლიკელები კი ქმნიან პრობლემას უკრაინის დაფინანსებისთვის, მაგრამ მათი უმრავლესობა სინამდვილეში ძალზე ანტირუსულადაა განწყობილი. რაც შეეხება ტრამპის ფაქტორს, აქ ხაზი უნდა გაესვას მის მეტად უცნაურ დამოკიდებულებას რუსეთთან, რომელიც არ აიხსნება მხოლოდ იმით, რომ ტრამპს სურს რუსეთის გამოყენება ჩინეთის წინააღმდეგ. ეს ლოგიკური სურვილია, უბრალოდ, არარეალისტური, რადგან სანამ რუსეთი არ დამარცხდება, ის ჩინეთს საფრთხედ არ აღიქვამს. რუსეთს ჩინელების შიში არა აქვს, არადა, უნდა ჰქონდეს. რატომ არ მიაჩნია რუსეთს ჩინეთი საფრთხედ, გაუგებარია, მას ჩინეთი ესაზღვრება და არა აშშ. ტრამპის პრორუსული დამოკიდებულება ცოტა უცნაურია, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მის საქმიანობას გადავხედავთ, იმ 4 წლის განმავლობაში რა გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ? არც არაფერი - გახდა ტრამპი პრეზიდენტი და უკრაინას 2017 წელს ის შეიარაღება გადასცა, რომელსაც თავის დროზე ობამა არ აძლევდა. ამასთან, არა მგონია, მან ირანის მოკავშირე რუსეთი დაინდოს. უბრალოდ, ტრამპი არაპროგნოზირებადია, რას გააკეთებს, კაცმა არ იცის, თანაც, როგორც ჩანს, მაინცდამაინც დემოკრატიული განწყობები არა აქვს.