შესაძლებელია თუ არა უკანონო მიშენებების დარეგისტრირება - კვირის პალიტრა

შესაძლებელია თუ არა უკანონო მიშენებების დარეგისტრირება

თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს:tea.khurtsilava@gmail.com - ამ ფოსტაზე და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი გვანცა გურგენიძე.

- გამარჯობა, ბანკიდან აღებული სესხით ბინის ყიდვა მინდა. გთხოვთ გამარკვიოთ, რა რისკებს შეიცავს ასეთი გარიგება, რას უნდა მივაქციო ყურადღება? ვთქვათ ამდენწლიანი სესხის დროს მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი და შეფერხდა გადახდა, ბანკი ამ ვითარებას გაითვალისწინებს, თუ შეიძლება დავკარგო ბინაც და იმ წლებში გადახდილი ფულიც? გამოუვალ სიტუაციაში იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებას შევძლებ?

- ამ შემთხვევაში უნდა გავმიჯნოთ იპოთეკური სესხი და სესხი უზრუნველყოფით. ვინაიდან თქვენს შემთხვევაში სესხის აღების მიზანს წარმოადგენს მსგავსი სესხისათვის შესაფერისი მიზანი, სახეზე გვაქვს იპოთეკური სესხი. მსგავსი ტიპის სესხი მეტი სტაბილურობითა და ნაკლები საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება. სამწუხაროდ, წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრა, გაგიწევთ თუ არა რაიმე ტიპის შეღავათს ბანკი სესხის გადახდის დაყოვნების შემთხვევაში. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ჯარიმა და ა.შ. რაც შეეხება დატვირთული ქონების გასხვისებას, უმრავლეს შემთხვევაში ეს შესაძლებელია. თუმცა კონკრეტული რჩევების გაცემა რთულია ხელშეკრულების პირობების გაცნობის გარეშე. გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ რამდენიმე ბანკთან, სთხოვოთ მათ თავიანთი სტანდარტული ხელშეკრულებების გადმოცემა და ამ ხელშეკრულებების შეფასება სთხოვოთ იურისტს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგექმნებათ ზუსტი წარმოდგენა მომავალში განვითარებულ მოვლენებზე.

- ვიყიდე ძველ კორპუსში ბინა. ამ კორპუსის ბინადრებს საერთო სარგებლობაში აქვთ სათავსი, საშრობის ტერიტორია. ბინის მეპატრონემ მომცა გასაღები და ამიხსნა, რომ ეს ფართობი მე და ჩემს მეზობელს საერთო გვექნებოდა, ნახევარი ჩემია და ნახევარი მისი, შემეძლო ამ ნახევრის დამოუკიდებლად გატიხვრა და მოწყობა. ახლა მეზობელი მეუბნება, რომ მისი ოთახის მომიჯნავეა და მას სურს მთლიანად ამ ფართობის შეერთება. ჩემთან შეუთანხმებლად გამოცვალა საკეტი და შიგნით არ მიშვებს. მეუბნება, რომ სადარბაზოში დარჩენილ სხვა ადგილზე შემიძლია ჩემით მოვიწყო სათავსი. როგორ დავიბრუნო კუთვნილი ფართობი?

- პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რა ტიპის უფლება გაქვთ დასახელებულ ფართობზე. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემთხვევებში კიბის უჯრედები და დერეფნები წარმოადგენს მობინადრეთა საერთო საკუთრებას, აღნიშნული არ მოიცავს დასახელებულ სივრცეში რაიმე მშენებლობის უფლებას, ფართობის ბინასთან შეერთებასა და სხვა მსგავს შესაძლებლობებს. თუმცა დასახელებულის უფლება იმდენადვე არ აქვს თქვენს მეზობელს, რამდენადაც თქვენ.

- ვყიდი ბინას, მყიდველს უნდა ჩემი ბინა დატვირთოს იპოთეკით, აიღოს სესხი, რადგან არ ყოფნის თანხა. რა უნდა გავითვალისწინო, რომ არ მოვტყუვდე

- მსგავსი პროცესი ხორციელდება თავად ბანკში, მათვე აქვთ სტანდარტული ხელშეკრულებები და ბანკის თანამშრომელი გაგაცნობთ პირობებს და შედეგებს. მეტი ინფორმირებულობისათვის, გირჩევთ, იმ კონკრეტულ ბანკს, რომელთან თანამშრომლობაც სურს მყიდველს, გამოართვათ ხელშეკრულება და კონსულტაცია გაიაროთ იურისტთან.

- შემიძლია თუ არა ოფიციალურად დავირეგისტრირო კორპუსში არსებული სარდაფი, რომელსაც წლებია ვიყენებ და რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო?

- შესაძლებელია. ვინაიდან სარდაფი წარმოადგენს საერთო სარგებლობის სივრცეს, მისი კონკრეტულად თქვენთვის დაკანონებისათვის დაგჭირდებათ საერთო კრების ოქმი, რომლის მისაღებადაც უნდა მიმართოთ თავმჯდომარეს. 100-პროცენტიანი თანხმობის შემთხვევაში მოხდება კრების ოქმის ნოტარიულად დამოწმება, რომლითაც შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სწორედ საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს საბოლოოდ თქვენთვის შესაბამისი ფართობის საკუთრების უფლებას.

- კანონიერად მაქვს შეძენილი იარაღი, რომელიც გავიფორმე შენახვის უფლებით, ამ იარაღის გაყიდვა შემიძლია თუ არა? ასევე მაინტერესებს გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღის ტარება რითი ისჯება?

- დიახ, იარაღის გასხვისება შესაძლებელია და აღნიშნულისათვის უნდა მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, კერძოდ, იარაღის ერთი პირიდან მეორეზე გასხვისება ფორმდება მომსახურების სააგენტოში. დასახელებულისათვის დაგჭირდებათ ადგილზე განცხადების შევსება, უფლების გადამცემისა და მიმღების პირადობის მოწმობები, გამსხვისებლის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, მიმღების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (მზადდება ადგილზე), კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას იარაღის ტარებისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამასთან, დასახელებულისათვის არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გაქვთ თუ არა დასახელებული იარაღის შენახვის უფლება, ვინაიდან შენახვის უფლება არ მოიცავს ტარების უფლებას.

- მეუღლესთან გაშორებული ვარ რამდენიმე წელია, მან შეირთო სხვა ქალი ცოლად და ახლა გავიგე, რომ ბინა ჩუქებით გააფორმა ცოლზე. ახლა მე და ჩემი ორი შვილი ვითხოვთ წილს და მინდა სასამართლოში საჩივრის შეტანა. როგორ მოვიქცე? არც მე და არც ჩემი შვილები ამჟამად იქ ჩაწერილი არ ვართ.

- მოცემულ შემთხვევაში, უკეთესი იქნება დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, არის თუ არა დასახელებული ბინა თქვენი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი. კერძოდ, რეგისტრირებული ქორწინების არსებობისას მეუღლეთა მიერ მხოლოდ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კითხვიდან ასევე არ ჩანს, როდის მოხდა პირებს შორის განქორწინება და რა პირობებით.

- კერძო კომპანიაში დავიწყე მუშაობა, დადებული მაქვს ერთწლიანი ხელშეკრულება, მაგრამ არის გაუსაძლისი სამუშაო პირობები. მინდა იქიდან წამოსვლა, როცა ხელშეკრულება არსებობს შეიძლება მიჩივლოს? ჯარიმა დამეკისრება?

- მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია თქვენსა და დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულების გაცნობა, რომელშიც მითითებული იქნება მხარეების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ თუ სამუშაო ადგილას ირღვევა თქვენი შრომის უფლება, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციას. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ინსპექციას უფლება აქვს სამუშაო ადგილებზე შეამოწმოს კანონმდებლობით დადგენილი შრომითი პირობების დაცვა და დარღვევის შემთხვევაში მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

- ძალიან ახლობელმა ადამიანმა მთხოვა თავდებობა ბანკში და გავყევი. მოვაწერე ხელშეკრულებას ისე ხელი, რომ არ ვიცოდი, ეს რა რისკებს შეიცავდა. ახლა გავიგე, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და თუ ის არ გადაიხდის ფულს, შეიძლება ამ ვალის გადახდა მე მომთხოვონ. მას ამჟამად არა აქვს სამსახური და შეიძლება შეექმნას გადახდაზე პრობლემა, შემიძლია თუ არა ახლა ბანკს მოვთხოვო ამ დოკუმენტის გაუქმება, რას მირჩევთ?

- ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს თქვენი, როგორც თავდების უფლება-მოვალეობები, ასევე როგორც წესი, განსაზღვრულია თავდებობის ვადა, ამ ვადის ცვლილების შემთხვევები და ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა. შესაბამისად, თქვენს კითხვაზე პასუხს მიიღებთ მხოლოდ ხელშეკრულებიდან. შესაძლებელია ხელშეკრულების იურისტთან ერთად განხილვა და შესაბამისი გზების მოძებნა.

- მაქვს ეჭვი, რომ მამაჩემმა ბანკში ჩადო ბინა. როგორ უნდა გავარკვიო, მართლა ბანკშია თუ არა ჩადებული და რა თანხა აქვს გამოტანილი?

- არის თუ არა უძრავი ქონება დატვირთული, შემოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გადამოწმებით. კერძოდ, შეგიძლიათ ეწვიოთ ელექტრონულ გვერდს www.napr.gov.ge, სადაც თქვენთვის საინტერესო ბინის საკადასტრო კოდის მეშვეობით მოიძიებთ ინფორმაციას. რაც შეეხება ინფორმაციას თქვენი მამის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დასახელებული წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს და მისი გაცნობის უფლება არა გაქვთ.

- ვიყიდე ბინა, მეპატრონეს არ უთქვამს, რომ ბინაში თანამესაკუთრედ ეწერა მისი არასრულწლოვანი შვილი, რეესტრში რომ მივედი, ვერ მოხერხდა გადაფორმება, რა უნდა გავაკეთო, რომ შევძლო ამ ბინის შეძენა?

- თუ ქონებაზე თანასაკუთრება ეკუთვნის არასრულწლოვანს, აღნიშნულის გასხვისებისათვის აუცილებელია სასამართლოს ნებართვა. კერძოდ, არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა (ძირითადად, მშობელმა) უნდა მიმართოს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვოს ნებართვა ქონების გასხვისების თაობაზე. მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე პირი მოახერხებს ქონების გასხვისებას, თქვენ კი გადაფორმებას.

- ჩემს ძმას აუღია ბანკიდან კრედიტი, რომელსაც არ იხდის. ჩვენი ბინა არ არის ჩადებული, მაგრამ ბანკიდან ურეკავენ დედაჩემს და ემუქრებიან, რომ დაუყადაღებენ ბინას, რა შემიძლია ბანკის წარმომადგენლების წინააღმდეგ მოვიმოქმედო?

- მსგავსი ტიპის ინფორმაციის ოჯახის წევრისთვის გაცნობა წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. დარღვევის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით. განცხადების განხილვის შემდეგ, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სამსახური დაადგენს დარღვევას ბანკის მიმართ. გირჩევთ, განცხადებას დაურთოთ ინფორმაცია, როდის დაგირეკათ ბანკის წარმომადგენელმა, კონკრეტული დღისა და საათის მითითებით. რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად რეალურია ბანკის მუქარა, დასახელებულის შესაფასებლად აუცილებელია თქვენი ძმის მიერ დადებული ხელშეკრულების შეფასება და იურისტთან კონსულტაციის გავლა.

იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული მიშენება განხორციელდა 2007 წლის 1-ლ იანვრამდე, შესაძლებელია აღნიშნულის დარეგისტრირება, ე.წ. ლეგალიზება. ამ საკითხთან დაკავშირებით, წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ "უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე"“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის #153 დადგენილებაში. ასევე, წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალი მოცემულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე tas.ge/?p=services&menuItemId=7103).