როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას - მითი და სინამდვილე
ჩვილობის პერიოდიდან არსებობს მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც ბავშვი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც წონის, ისე სიმაღლის ნორმას. რომელ ასაკში რა სიმაღლისა და წონის უნდა იყოს მოზარდი, ან როდის წყვეტს ზრდას, ამ და სხვა საკითხებზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი და პედიატრი ნინო ხელაძე გვესაუბრება.
- მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ყველა მონაცემი ჰქონდეს ჩაწერილი, რათა თუ შეიქმნა წონის ან სიმაღლის დეფიციტი, მალევე მიმართოს ექიმს მიზეზების დასადგენად. ეს ეხება არა მარტო ჩვილებს, არამედ სკოლის ასაკისა და მოზარდებსაც. ხშირად სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გაიპაროს ზრდის ჰორმონის დეფიციტი. თუ ბავშვი ჯანმრთელია, იკვებება კარგად, სძინავს იმდენი, რამდენიც უნდა ეძინოს მის ასაკში, არის ფიზიკურად დატვირთული, აქვს ნაკლები სტრესი, წელიწადში განსაზღვრული სანტიმეტრებით უნდა იზრდებოდეს. მაგალითად, თუ 8-დან 9 წლამდე ბავშვი გაიზარდა 5-6 სანტიმეტრით, ესე იგი, მას რაიმე სერიოზული პრობლემა არა აქვს. ხანდახან მშობლები გვეუბნებიან, იცით, ექიმო, 2 წელია ბავშვს ერთი და იგივე შარვალი აცვიაო. ასეთ დეტალებზე ყურადღება უნდა გაამახვილონ და თუ პედიატრი მიიჩნევს საჭიროდ, ბავშვს ენდოკრინოლოგთან გაგზავნის.
- რა ხდება გარდატეხის ასაკში?
- ენდოკრინულად გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ახლა ძალზე გაახალგაზრდავდა, განსაკუთრებით გოგონებში, და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. 8 წლამდე გოგონას და 9 წლამდე ვაჟს მეორადი სასქესო ნიშნები, მათ შორის გათმიანება თუ მკერდის ზრდა არ უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი, რასაც ყურადღებას აქცევენ, არის სპეციფიკური, მოზრდილი ადამიანის ოფლის სუნიც. 8 წლამდე გოგონებში და 9 წლამდე ვაჟებში ეს ცვლილებები არ არის ნორმა. გოგონებში ევროპული სტანდარტით მომწიფება უნდა იწყებოდეს 10,5-11 წლიდან, ვაჟებში - 11,5-12 წლიდან. ეს ჩვენი რასისა და გენეტიკური მონაცემებისთვის მისაღები ასაკია. სინამდვილეში მოზარდები ძალიან სწრაფად იზრდებიან, აქვთ როგორც მეტაბოლური, ასევე ენდოკრინული, ნუტრიციული პრებლემები და ხშირად მათი კვება აღარ ემორჩილება მშობლის კონტროლს. შეიძლება ამ დროს მათ აკლდეთ, მაგალითად, კალციუმი, ცილა, ვიტამინები. არსებობს ე.წ. ცუდი მჭამელი ბავშვიც და თუ დააკვირდებით, ხშირად არ არის გამხდარი, პირიქით, ჭარბი წონა აქვს, იმიტომ, რომ უამრავ ცომეულს ჭამს.
- როდის მთავრდება სიმაღლეში ზრდა?
- სიმაღლეში ზრდა მთავრდება, როცა გაილევა გარდატეხის ასაკი. როცა გოგონას უკვე 2 წელია რეგულარული ციკლი აქვს, ფაქტობრივად, მისი ზრდა დასრულებულია. ვაჟის მშობლისთვის ეს ცოტა ძნელად შესამჩნევია, მათაც როდესაც თმა, წვერი და ა.შ. აქვთ, ზრდა თითქმის დასრულებულია. ის, რომ მამაკაცი 25 წლამდე იზრდება, მითია. თუ მშობელს ბავშვის სიმაღლე არ მოსწონს, სანამ გარდატეხის ასაკი დაიწყება, სასურველია მანამდე მიმართოს ექიმს და ჩაიტარონ კვლევები.
- ხშირად მშობლები ექიმის რეკომენდაციის გარეშე აძლევენ ბავშვებს ვიტამინებს.
- მშობლები მარკეტინგის ტყვეობაში ექცევიან, ყიდულობენ საკვებ დანამატებს, რაც არ არის უსაფრთხო. შეიძლება ისეთ ნივთიერებებს შეიცავდეს, ან ისეთი დოზით, რაც არ არის სასარგებლო. თუ საჭიროა ვიტამინების კომპლექსის დანიშვნა, აუცილებელია პედიატრის რეკომენდაცია, ინდივიდუალურად, კონკრეტულ ბავშვზე გათვლით. ერთადერთი, რაც შეიძლება მიიღონ, თანაც მინიმალური პროფილაქტიკური დოზით, ეს არის D ვიტამინი.
თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს, მხოლოდ სიმაღლეზე კი არა, სხვა რამეზეც აისახება. მაგალითად, როცა ამჩნევთ, რომ ძილიანობს, არ აქტიურობს, მალე იღლება, ხშირად უჩივის შეკრულობას, თმის ცვენას - ეს ნიშნები ყურადღებამისაქცევია.
- სიმაღლისა და წონის შეფარდებაც საინტერესოა?
- ეს არის ძალიან ფართო დიაპაზონი. მხოლოდ ასაკი და სქესი კი არა, გენეტიკური პოტენციალიც მნიშვნელოვანია. თითოეული ბავშვისთვის ადგენენ სპეციალურ ცხრილს და გამოითვლიან მშობლებიდან გამომდინარე ბავშვის სავარაუდო სიმაღლეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ზრდის დინამიკაა. წლიდან წლამდე გაიზარდა თუ არა იმდენი, რამდენიც ეკუთვნოდა.
- ხშირად ყოფილა, საშუალო ტანის მშობლებისთვის შვილს გაუსწრია სიმაღლეში...
- თუ ბავშვი ჯანსაღად იკვებება, ფიზიკურად დატვირთულია, კარგად სძინავს, მაშინ თავისი გენეტიკური პოტენციალის მაქსიმუმს მიაღწევს... გარდატეხის ასაკია ერთ-ერთი, რითაც ხასიათდება სიმაღლეში სწრაფი ზრდა. სქესობრივი მომწიფების დროს, ბავშვი 10-15 სანტიმეტრითაც შეიძლება გაიზარდოს.
- არის რაიმე ფაქტორი, რაც აჩქარებს სქესობრივ მომწიფებას?
- ჭარბი წონა, ასევე ქიმიური დამბინძურებლები, არაჯანსაღი კვება, არასაბავშვო კოსმეტიკის გამოყენება... ზოგ მშობელს არა აქვს საშუალება, ბავშვი ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოს და არც სპორტის რომელიმე სახეობაზე ატაროს. ამ პრობლემას სახელმწიფოებრივ დონეზე ხელშეწყობა სჭირდება, რადგან ჭარბი წონა დღეს, ნიშნავს მომავალში, 10-20 წელიწადში, არაჯანმრთელ ინდივიდს. როცა ევროპის ქვეყნებში გათვალეს ჯანმრთელობის ძალიან დიდი კრიზისი მომავალში, მასთან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯები, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე შეცვალეს ბევრი რამ. მაგალითად, ინგლისმა დაიწყო სარეკლამო კამპანია, რათა ბავშვებმა გაზიანი სასმელის ნაცვლად მიიღონ რძე. ამ კამპანიის წყალობით 11%-ით შეამცირეს ჭარბწონიანობის პრობლემა.
- რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ზრდას. მაგალითად, სტაფილო?.
- არსებობს ბებიების გადმოცემული რეცეპტები, რომლებიც მითოლოგიის ნაწილია, თუმცა როგორც სტაფილო, ასევე ჭარხალი და რძეც, რომელიც ამ პოპულარული მითების ნაწილია, ჯანსაღი პროდუქტია და სასურველია ბავშვის რაციონში საკმაო რაოდენობით შედიოდეს. პრობლემურია არასაკმარისად რძის პროდუქტების მიღება. მოზარდს სქესობრივი მომწიფების პერიოდში სჭირდება დღეში 3 ულუფა რძის პროდუქტი, მაგრამ ამდენს ხანდახან კვირის განმავლობაშიც არ იღებენ.